გარეთ ბეილი: "1:0 არაფრის გარანტია არ არის, უნდა შევუტიოთ!"
"მილანის" შანსებზე საუბარი ძალიან ძნელია, რადგან პირველ მატჩში "როსონერიმ" თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა გარდა იმისა, რომ ჯენარო გატუზომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ყველას ეჩხუბა, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი ჩემპიონთა ლიგიდან ჯერ არ გავარდნილა. ორი აზრი არ არსებობს: "მილანი" არის გუნდი, რომელსაც "უაით ჰართ ლეინზე" წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ მხოლოდ შეუძლია და "როსონერის" მეოთხედფინალში გასვლის გაცილებით ნაკლები არგუმენტი აქვს, ვიდრე "ტოტენჰემს".

ფაქტია, რომ ინგლისელები ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ითამაშებენ და "მილანს" თავიდანვე მედგრად შეუტევენ, რადგან ჰარი რედნაპი გამოცდილი სპეციალისტია და კარგად ხვდება, რომ მომლოდინე ტაქტიკა მისი გუნდისთვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს. თუ "ტოტენჰემი" ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს, მოვლენების განვითარების სცენარი მარტივი წარმოსადგენია: "უაით ჰართ ლეინის" ტაბლოზე რაც უფრო დიდხანს ეწერება 0:0, მით უფრო დიდი იქნება იმის შანსი, რომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ანერვიულდნენ და ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმაზეც, რომ დღეს "ტოტენჰემს" ანერვიულების მეტი შანსი აქვს, ვიდრე "მილანს", რადგან "როსონერის" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, "ტოტენჰემის" ფავორიტობა კი "ტოტენჰემსვე" აქცევს წნეხის ქვეშ. სწორედ ამიტომ, რედნაპის გუნდს შეტევები და ანგარიშის გახსნა სჭირდება, საუკეთესო შემთხვევაში თამაშის 2:0-ით წაყვანა, თორემ "მილანს" ყოველთვის ხელეწიფება ერთი გოლის გატანა და თუ "როსონერიმ" "ტოტენჰემის" აჭრა მოახერხა, მილანელები ლონდონში თავს ისე იგრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

აქვე იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟიც უნდა ვახსენოთ. უკვე გარკვეულია, რომ სეზონის ბოლოს სერია A ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილს დაკარგავს და მას ბუნდესლიგას გადაულოცავს - რაც არ უნდა მოხდეს, იტალიის ჩემპიონატი ვეღარ მოახერხებს უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში მესამე ადგილის შენარჩუნებას. "მილანი" კი დღეს იტალიური საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენელია და პრესტიჟის დაცვაც პირველ რიგში, სწორედ "როსონერის" ევალება.

მილანელთათვის სამწუხარო ისაა, რომ გატუზო, ვისაც ეს ამბები "მილანში" ყველაზე მეტად აღელვებს, დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. "მილანს" არც ანდრეა პირლო ჰყავს და არც ანტონიო კასანო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში "როსონერის" ფორმით თამაშის უფლება არ აქვს. მასიმილიანო ალეგრისა და "მილანის" ტიფოზების იმედები დღეს იმ ფეხბურთელებზეა დამყარებული, რომლებსაც იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი არ ანაღვლებთ და პრინციპში, არც არიან ვალდებულები, რომ ანაღვლებდეთ - ვგულისხმობთ რობინიოს, რომელიც ფლეიმეიქერის პოზიციაზე ითამაშებს და ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალეშანდრე პატოს წყვილს თავდასხმაში.

"მილანის" პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინო ნახევარდაცვაშია: არც პირლო, არც გატუზო, არც ვან ბომელი, არც ამბროზინი და არც კევინ-პრინს ბოატენგი, რომელიც შაბათს, "იუვენტუსთან" მატჩში დაშავდა. გამოდის, რომ ალეგრიმ რობინიოს უკან, კლარენს ზეედორფი, მატიო ფლამინი და ახალგაზრდა გერმანელი ალექსანდერ მერკელი უნდა ათამაშოს. არის კიდევ ერთი ვარიანტი: მერკელი სკამზე, ტიაგო სილვა საყრდენად და მის ნაცვლად, დაცვაში მარიო იეპესი.

იტალიურ პრესაში მთელი კვირის განმავლობაში მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ გატუზო მაინც ჩავიდოდა ლონდონში და თანაგუნდელების გვერდით იქნებოდა. შესაბამისად ალაპარაკდნენ მოსალოდნელ სკანდალზეც, მაგრამ გატუზომ განაცხადა, რომ ლონდონში გამგზავრებას არ აპირებს.

"ბავშვი ხომ არ ვარ, ცეცხლზე ნავთის დასხმა ჩემი სტილი არ არის. როცა პირველი მატჩის დროს ნერვები ვერ მოვთოკე, ვიცოდი, რომ დისკვალიფიკაციას მომისჯიდნენ და რაკი ასე მოხდა, იმასაც კარგად ვხვდები, რომ ლონდონში ყოფნის უფლება არ მაქვს," - უთხრა გატუზომ "გაძეტა დელო სპორტს".

ინგლისელები კი დღევანდელი მატჩისთვის ჩვეულებრივად, პრობლემების გარეშე ემზადებიან. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "ტოტენჰემს" დღეს უკვე მწყობრში ჰყავს მთავარი მარგალიტი გარეთ ბეილი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი ჯაფა დაადგება "მილანის" მარჯვენა მცველ ინაციო აბატეს.

"ჩემი აზრით, "მილანს" ჩვენი უნდა ეშინოდეს, - აცხადებს ბეილი, - თუმცა სიფრთხილე ჩვენც არ გვაწყენდა, რადგან "მილანს" მრავლად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ჩვენ "სან სიროზე" მხოლოდ 1:0 მოვიგეთ და ეს არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ მილანელებს უნდა ახსოვდეთ, რომ საპასუხო მატჩი ჩვენს მოედანზეა, სადაც ნებისმიერი შიშით უნდა ძრწოდეს. ვფიქრობ, "მილანი" წნეხის ქვეშაა მოქცეული, რაც ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. პირადად მე ამ მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში გავიდეს."

"მილანის" ბრაზილიელი გამთამაშებელი რობინიო კი ოპტიმისტურადაა განწყობილი: "ვფიქრობ, "ტოტენჰემი" ზუსტად ისე ითამაშებს, როგორც პირველ შეხვედრაში. ინგლისელები შეეცდებიან, თამაში ფიზიკურ ორთაბრძოლად გადააქციონ, ფლანგებს გააქტიურებენ და კრაუჩისკენ ჩაწოდებების კასკადი წამოვა. მე მჯერა, რომ ლონდონში მოგება შეგვიძლია, მაგრამ ამისათვის ძალიან ყურადღებით ყოფნაა საჭირო. ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა რობინიომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

ტოტენჰემი-მილანი

პირველი მატჩი: 1:0

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-4-1-1): გომეში - ჰატონი, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, პალასიოსი, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი - კრაუჩი.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი - მერკელი, ფლამინი, ზეედორფი - რობინიო - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერი (ბელგია).

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა