რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მამაკაცთა ჩოგბურთის "ორთავიანი ურჩხული"
რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მამაკაცთა ჩოგბურთის "ორთავიანი ურჩხული". ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ტიტულის მოპოვების ნებისმიერი მსურველი აუცილებლად უნდა გაჯიბრებოდა როჯერს ან რაფას. 2005 წლის როლან გაროსზე ნადალის ტრიუმფიდან მოყოლებული, ამ წყვილმა "დიდი სლემის" 24 ტურნირიდან 21-ში მთავარი პრიზი მოიპოვა - ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა.

ეს დაპირისპირება გულშემატკივართა კმაყოფილებას იწვევს, მან გადაწერა ჩოგბურთის ისტორია, მაგრამ ამავდროულად, გზა გადაუღობა სხვა ჩოგბურთელებს ყველაზე პრესტიჟული ტიტულებისკენ. საკმარისია ამის შესახებ ვკითხოთ მთავარ "დაჩაგრულებს" - ენდი როდიკსა და ენდი მიურეის. ახლა კი ავსტრალიის ღიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, ამ "ურჩხულს" კიდევ ერთი თავი გამოუვიდა.

"ამ ორ ბიჭს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ისინი არავის აძლევენ გამარჯვების საშუალებას", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი მეექვსე ნომერი, ფრანგი ჟილ სიმონი, რომელსაც არასოდეს დაუმარცხებია ფედერერი და ნადალი "დიდი სლემის" ტურნირებზე.

"ისინი ყოველთვის ახერხებენ ჩემს შეჩერებას მაშინაც კი, როცა კარგ ფორმას ავკრეფ და საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებ. "დიდ სლემზე" ნადალთან სამჯერ წავაგე და როჯერთან - ერთხელ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსაწყენია. წინასწარ იცი, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერ შემთხვევაში შანსი არ გაქვს", - განაცხადა სიმონმა, რომელიც ერთადერთი ტოპ-ჩოგბურთელი არ არის, ვინც ამ წყვილისგან დაზარალდა.

მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა ნიკოლაი დავიდენკომ ხუთი შემთხვევიდან ვერცერთხელ ვერ გაიარა "დიდი სლემის" ტურნირებზე ფედერერის ბარიერი. რეიტინგის მეშვიდე ნომერმა ტომაშ ბერდიხმა ხუთიდან მხოლოდ ერთხელ დაამარცხა შვეიცარიელი და ორჯერ წააგო ნადალთან.

შემდეგ მოდის როდიკი. ამერიკელმა ოციდან 18 შეხვედრა დათმო ფედერეთან და ამასთან, შვეიცარიელი ერთხელაც ვერ დაამარცხა "დიდ სლემზე". ბევრი მოთამაშის აზრით, ყველაზე რთულია ერთ ტურნირზე მიყოლებით ორივეს დამარცხება, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი მატჩები, როგორც წესი, ხუთ სეტამდე იწელება. ბერდიხი ძალიან ახლოს იყო ასეთ წარმატებასთან - 2010 წლის უიმბლდონზე მეოთხედფინალში ფედერერი დაამარცხა, ნახევარფინალში - ჯოკოვიჩი, მაგრამ ფინალი დათმო ნადალთან.

"თუ "დიდი სლემის" ტურნირის მოგება გინდა, მსოფლიოს სამ საუკეთესო ჩოგბურთელზე უკეთ ენდა გამოიყურებოდე, - აღნიშნა ბერდიხმა. - უიმბლდონზე მე დავამარცხე როჯერი და ნოვაკი, მაგრამ ფინალში კიდევ ერთი სუპერმოთამაშე მელოდა. მესამე გმირობისთვის ძალა აღარ მეყო. ეს ძალიან რთულია".

სხვებს მიაჩნიათ, რომ ფედერერი და ნადალი მთავარ ტურნირებზე თავიანთი გამოცდილებისა და ადრეულ სტადიებზე მეტოქეთა სისუსტის ხარჯზე გადიან ფონს. გარდა ამისა, ხუთსეტიან მატჩებში მათ უდავო უპირატესობა აქვთ ახალგაზრდა და დამწყები ჩოგბურთელების წინააღმდეგ.

"როჯერის მსგავსი სტატისტიკის მისაღწევად, საჭიროა მუდმივად მოიგო ტურნირის პირველი ხუთი მატჩი, არადა, იქ ყოველთვის სერიოზული მეტოქეები გხვდებიან. ყოფილა შემთხვევები, როცა ფედერერი აგებდა პირველ ორ სეტს, მაგრამ შემდეგ გარდატეხა შეჰქონდა მატჩის მსვლელობაში, - აგრძელებს სიმონი. - არ ვიცი, როგორ შეიძლება რაციონალურად ამის ახსნა. თითქოს, მათ ხუთ სეტში მოგებული თამაში უფრო უხარიათ.

შეიძლება მათ წინააღმდეგ ერთ კონკრეტულ სეტში აჩვენო უნაკლო ჩოგბურთი, მაგრამ ასეთ დონეზე 2-3 საათი თამაში თითქმის შეუძლებელია. წელს ავსტრალიის ღიაზე ფედერერთან შეხვედრისას ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ძალიან კარგად ვმოქმედებდი, უფრო უკეთ შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვუგებდი შვეიცარიელს, მაგრამ მაინც წავაგე".

"ეს ბიჭები ღუპავენ მთელს ტოპ-ათეულს. დღეს თითქოს ყველასთვის სულერთია მათი დომინირება, შეურიგდნენ იმას, რომ არაფერი გამოუვათ. ამიტომაც "დიდი სლემის" ტურნირებზე წინასწარვე ჩამოუშვებენ ხოლმე ხელებს", - ასკვნის სიმონი.

თუმცა ფედერერი ხშირად იმეორებს, რომ მრავლად არიან ისეთი ჩოგბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ "დიდი სლემის" ტურნირის მოგება. შვეიცარიელი იმასაც ამბობს, რომ მეტოქეებმა ისწავლეს ადრეულ სტადიაზე თამაში და ზოგიერთი მათგანი მზად არის ტრიუმფისთვის.

"თუ ჩემზე, მიურეიზე, ნოვაკსა და რაფაზე ვილაპარაკებთ, ჩვენ უკვე დიდი ხანია სათავეში ვუდგავართ პროფესიულ ტურს. ასეთ სიტუაციაში გეჩვენება, რომ ახალი სახეები აღარ ჩნდებიან, არ არსებობენ ღირსეული კონკურენტები... მაგრამ თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით სიტუაციას, მიხვდებით, რომ დღეს ბევრი იმედისმომცემი იუნიორი გამოჩნდა. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ხალხი მათგან ბევრს ოთხოვს", - აღნიშნავს შვეიცარიელი.

როჯერს მიაჩნია, რომ დღეს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის თამასა ძალიან მაღლაა გადებული და მათთვის რთულია რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება: "პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მაშინვე ითხოვენ ნორჩი ტალანტებისგან წინსვლას. ისინი 17 წლის ბიჭისგან პირველ ათეულში მყოფი 4-5 მეტოქის დამარცხებას ელიან. თანამედროვე ჩოგბურთში არსებული ფიზიკური და ნერვული დაძაბულობიდან გამომდინარე, ამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია".

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო განყოფილების შეფი ბრედ დრუიტი მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია აწყობთ გულშემატკივრებს, გარდა ამისა, ყველაფერი წესრიგშია სატელევიზიო უფლებებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ:

"როჯერისა და რაფას დომინირება უკვე დიდი ხანია ძლიერ კონკურენციას განიცდის ნოვაკ ჯოკოვიჩის, ენდი მიურეის, რობინ სიოდერლინგის, ტომაშ ბერდიხისა და სხვების მხრიდან. დღეს ჩვენთან, როგორც არასდროს სოლიდურია ტალანტების მრავალფეროვნება. პროფესიული ტურის მოთამაშეები ასზე მეტ ქვეყანას წარმოადგენენ, ხოლო საუკეთესო ათეულში რვა ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ, რაც ჩვენს სპორტს ნამდვილად ინტერნაციონალურს ხდის".

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა