ეშლი კოული პოლიციის ანკესზე აღარ არის
ეშლი კოული პოლიციის ანკესზე აღარ არის — მოგეხსენებათ, მან "ჩელსის" ბაზაზე პრაქტიკაზე მყოფ სტუდენტს პნევმატური იარაღით ესროლა, რის გამოც მისი საქმე ძიებაში იყო. პოლიციელებმა საქმის შესასწავლად კობჰემის საწვრთნელ ცენტრს მიაკითხეს, სადაც 21 წლის დაზარალებულ ტომ კოუენს ელაპარაკნენ. რამდენადაც ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, გამომძიებლებს თავად 30 წლის კოული არ "გაუწურავთ", მაგრამ ბაზის და კლუბის სხვა თანამშრომლები დაკითხეს.

მაინც რატომ დაანებეს კოულს თავი? ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: კოუენმა აღარ იჩივლა, "ჩელსიმ" კი გამოაცხადა, რომ ფეხბურთელს უკვე ასწავლა ჭკუა.

ჩეხის სამასი

ინგლისის ჩემპიონთა ბანაკიდან კიდევ ერთი ცნობაა: მეკარე პეტრ ჩეხმა ორშაბათს "ბლექპულთან" "ლურჯების" შემადგენლობაში მესამასე შეხვედრა ჩაატარა. 28 წლის ჩეხმა მატჩის შემდეგ განაცხადა: "სანამ "ჩელსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მე კარში ვჭირდები, სიამოვნებით დავრჩები "სტემფორდ ბრიჯზე".

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" "ბლექპულს" 3:1 მოუგო და ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" 9 ქულით ჩამორჩება. ამასთან, "ლურჯებს" "იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტიზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვს, არსენალთან კი თამაშების რაოდენობით ტოლად არის. შემდეგ ტურში, 20 მარტს, "ჩელსი" სწორედ "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

ჯერარდი საოპერაციოა?

"ლივერპულის" მწვრთნელი კენი დალგლიში არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს საზარდულის პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ მოგვარებისთვის, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. თუ მართლა ასე მოხდება, ჯერარდს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

მოგეხსენებათ, სწორედ ამ ტრავმის გამო არ გაემგზავრა მერსისაიდელთა კაპიტანი თავის თანაგუნდელებთან ერთად ბრაგაში ევროლიგის შეხვედრის ჩასატარებლად. საზარდულის ტრავმა ჯერარდს მთელი თვეა სტანჯავს, მაგრამ მის გამო "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრინციპული შეხვედრა არ გამოუტოვებია. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი "ლივერპულმა" 3:1 მოიგო.

ექიმები ამბობენ, რომ თუ "სტივი ჯი" ოპერაციაზე უარს იტყვის მას სამი კვირის გაცდენა მოუწევს. სხვა სიტყვებით, "ლივერპულის" თამაშების გარდა ჯერარდი ვერც 26 მარტს მიიღებს მონაწილეობას ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უელსის წინააღმდეგ.

დალგლიშმა თქვა: "მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, უბრალოდ დაჟინებით აწუხებს საზარდულის ტრავმა. პარასკევს ექიმები ზუსტად იტყვიან როგორ უნდა მოვიქცეთ და მომავალსაც ამის მიხედვით დავგეგმავთ. ჯერარდის ტრავმა მარტო მისთვის კი არ არის ცუდი, გუნდსაც დიდი პრობლემის წინაშე აყენებს. გვესმის, რომ ამაზე უარესი ტრავმებიც არსებობს, მაგრამ რაც არის, სამკურნალოა".

ერიკსენს ლივერპულში არ უნდა

"აიაქსის" დანიელი ვარსკვლავი კრისტიან ერიკსენი ამბობს, რომ "ლივერპულში" არ გადავა. ერთადერთ კლუბად, რომელმაც ის შეიძლება "ამსტერდამ არენადან" გადაიბიროს 19 წლის ნახევარმცველს "ბარსელონა" მიაჩნია.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს ერიკსენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. დაირხა ჭორები, რომ მას "არსენალი" და "ლივერპული" ეპატიჟებოდნენ, ხოლო მერსისაიდელთა მწვრთნელის ასისტენტი სემი ლი მის დასაზვერად რამდენჯერმე ჩაფრინდა კიდეც ჰოლანდიაში. მაგრამ, დანიის ნაკრების ფეხბურთელს "აიაქსთან" 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი და ამბობს, რომ იქაურობას პრემიერლიგის არც ერთი გუნდში არ გაცვლის. ერიკსენმა დანიურ პრესას განუცხადა:

"დღეს "ლივერპულისგან" მართლა რომ მივიღო ოფიციალური მიწვევა, გარწმუნებთ, უარს ვიტყვი. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე "აიაქსზე" შესაფერის კლუბს ვერ ვიშოვნი. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადს ასეც გაგრძელდება, თუმცა არის ერთი გუნდი, რომლის გამო ამსტერდამს მივატოვებდი და ეს "ბარსელონაა".

ო'ჰარა და სამშობლო

"ვულვერჰემპტონის" მწვრთნელი მიკ მაკარტი ამბობს, რომ ყველა ღონეს ხმარობს, რათა ჯეიმი ო"ჰარა ირლანდიის ნაკრებში თამაშზე დაიყოლიოს. ო"ჰარა 24 წლის ნახევარმცველი გახლავთ. სანამ 21 წლისა გახდებოდა ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში იძახებდნენ (ის ლონდონის სიახლოვეს, პატარა ქალაქ დერტფორდშია დაბადებულ-გაზრდილი), მაგრამ თუ ირლანდიელი პაპა-ბებიის გამო ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშს გადაწყვეტს, დაბრკოლება არ შეექმნება. მაკარტიმ, რომლის ხელმძღვანელობითაც ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ფეხბურთელს დუბლინიდან უკვე დაუკავშირდნენ და ირლანდიის ნაკრებში გადასვლა შესთავაზეს.

"ცდას არ ვაკლებ, რომ ო"ჰარა დავიყოლიო — უთხრა მწვრთნელმა "ბირმინგემ მეილს" — მე მას იმდენჯერ გავუმეორე, ირლანდიელების წინადადებას უნდა დათანხმდე, მეთქი, რომ ალბათ ყურები ტკივა. ვცდილობ დავარწმუნო, რომ მას ამ ქვეყნის ნაკრებში ნიჭისა და კარგი ფეხბურთელობის გამო ეძახიან".

ო"ჰარა "ვულვზს" "ტოტენჰემისგან" ჰყავს ნაქირავები. მაკარტი ამბობს ის ნახევარმცველის მუდმივმოქმედი კონტრაქტით დაბევებასაც ცდილობს.

"დარჩება თუ არა ჯეიმი ჩვენთან იმაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ჩვენი გუნდი პრემიერლიგაში. ჩვენ უსაფრთხო ზონაში რომ ვიყოთ, მერწმუნეთ, ო"ჰარასთან სულ მალე გავაფორმებით კონტრაქტს".

ბლექბერნი დანიელს სინჯავს

"ბლექბერნი" "ვოლფსბურგის" მიერ დაწუნებულ დანიელ ნახევარმცველ ტომას კალენბერგს სინჯავს. დანიის ნაკრების ფეხბურთელი ბუნდესლიგის კლუბის ახალმა მწვრთნელმა პიერ ლიტბარსკიმ დაიწუნა. ის ამბობს, რომ კალენბერგს ყურადღების კონცენტრაცია არ შეუძლია.

საიდან მოხვდა კალენბერგი "ბლექბერნში"? ის ამ გუნდის მწვრთნელ სტივ კინის ასისტენტის, იონ იენსენის ხელმძღვანელობით "ბრონდბიუში" თამაშობდა. სწორედ იენსენმა ურჩია "ივუდ პარკის" მესვეურებს თანამემამულე ნახევარმცველის გასინჯვა.

"ვოლფსბურგმა", თავის დროზე, კალენბერგში, რომელსაც დანიის ეროვნულ გუნდში 35 თამაში აქვს ჩატარებული, ფრანგულ "ოსერს" 3,5 მილიონი ევრო გადაუხადა.

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა