ინტერვიუ ფრანკ რიბერისთან

ამ დღეებში საფრანგეთში და გერმანიაში ყველა ფრანკ რიბერიზე საუბრობს. როგორც იცით, მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – რიბერის კავშირი ჰქონდა არასრულწლოვან მეძავთან და არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა იცოდა მეძავის ასაკი. შესაბამისად, რიბერი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. იმ დროს, როცა ყველა მასზე საუბრობს, თვითონ რიბერიმ „ბილდის“ კორესპონდენტთან ისაუბრა.

- ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ. ამ სიტუაციაში თავს როგორ გრძნობთ?

- ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა ძალიან ცუდად ხარ. ახლა სწორედ ასეთი ეტაპი მაქვს. ამაზე უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ და ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება. ცუდს აუცილებლად მოსდევს კარგი და კარგს ცუდი. ახლა მთავარია, რომ ეს კრიზისი დავძლიო. ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი უნდა გადავიტანო. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რომლის ცხოვრების თითოეულ დეტალს აკვირდებიან და რომლის შესახებაც აბსოლუტურად ყველაფერს წერენ. კარგი ფეხბურთელები ყოველთვის ასეთ დღეში არიან ხოლმე. ვაღიარებ, რომ ამ წნეხის დარეგულირება ჩემთვის ძალიან ძნელია. ზეწოლა კი მართლაც უდიდესია.

- თუ ბრალს წაგიყენებენ და დადასტურდება, რომ მეძავის ასაკი იცოდით, თავისუფლების სამი წლით აღკვეთა გემუქრებათ. არ გეშინიათ, რომ რომც გაგამართლონ, ეს ამბავი თქვენს კარიერას დაანგრებს?

- არა, კარიერის გამო ნამდვილად არ მეშინია. საერთოდაც არაფრის მეშინია, რადგან განგებ არაფერი გამიკეთებია და დამნაშავე არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ დავიბრუნებ იმ ადამიანების ნდობას, რომლებსაც ახლა ჩემში ეჭვი ეპარებათ. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ფეხბურთს ისე კარგად ვითამაშებ, რომ ყველას ყველაფერი მალე დაავიწყდება. მინდა, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული.

- ახლობლებისგან მხარში დგომას გრძნობთ?

- ჩემი ოჯახი ყველანაირად მხარში მიდგას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, ვაჰიბას გადავუხადო. ამასთან, მთელი „ბაიერნი“ მანუგეშებს და რეკორდმაისტერს ამას არასდროს დავუვიწყებ. „ბაიერნში“ გატარებული პირველი ორი წელიწადი ჩემი ცხოვრების ულამაზესი პერიოდი იყო, ყველა ტაშს მიკრავდა. მიხარია, რომ რთულ პერიოდშიც მხარში ამომიდგნენ. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რაოდენ დიდია შენდამი სიყვარული და პატივისცემა. თამამად ვიტყვი: ასეთ კლუბში არასდროს მითამაშია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კლუბი არსებობდა. მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.

- როგორ გეხმარებათ „ბაიერნი“?

- შესაძლოა, ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 25 ივნისს მიუნხენში ოპერაცია გავიკეთე. ნაცვლად იმისა, რომ რომ გერმანიაში დარჩენა ეიძულებინათ, შვებულებაში გამიშვეს და თან ფიზიოთერაპევტი და ფიტნესმწვრთნელიც გამომაყოლეს. ანუ, თან ვისვენებდი და თან სპეციალურად ვვარჯიშობდი. ხომ შეეძლოთ, რომ ეს არ გაეკეთებინათ და ეთქვათ, მიუნხენში უნდა დარჩეო. „ბაიერნს“ ამისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. იმის თქმა მინდა, რომ მიუნხენში ფეხბურთელების დაფასება ყველაზე უკეთ იციან.

- რამდენად ახერხებთ ახლა ფეხბურთზე კონცენტრირებას?

- სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემთვის ფეხბურთზე კონცენტრირება ძალიან ძნელია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პირადი პრობლემები წარსულს ძალიან მალე ჩაბარდება და მერე მე ვიცი, როგორ უნდა ვივარჯიშო და ვითამაშო. ჩემთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და ფეხბურთზე კონცენტრირებაა.

- ამას წინათ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მაინც გაგაკრიტიკათ. მან თქვა, ერთი წელია, მიუნხენში ვმუშაობ და დიდი რიბერი ჯერ ვერ ვნახეო...

- ვან გაალი სწორს ამბობს, რადგან გასული სეზონი ჩემთვის მართლაც არ იყო საუკეთესო. ყველაფერი ტრავმებმა გააფუჭა, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მაგრად ვმუშაობ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი იდეალურად იყოს. ჩემი მიზანი საუკეთესო ფორმაში ყოფნაა, რადგან მინდა, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო გამოვიდეს. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ – ამაზე ვოცნებობ. დღემდე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ფინალში დისკვალიფიცირებული ვიყავი და „ინტერთან“ წავაგეთ. ახალი სეზონის წინ კი უაღრესად მოტივირებული ვარ. ძალიან მინდა, რომ „ბაიერნის“ ფანები გავახარო.

- ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამ სკანდალის გამო „ბაიერნთან“ ვალში ხართ?

- ეს არასწორი განზოგადებაა. „ბაიერნთან“ ვალში არ ვარ, რადგან მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ გუნდს წარმატებებისთვის მიეღწია. პირადი პრობლემები ყველა ადამიანს ექმნება ხოლმე და მადლობელი ვარ, რომ „ბაიერნი“ მხარში ამომიდგა. იმედი მაქვს, რომ ბუნდესლიგის პირველივე ტურში ვითამაშებ. მომავალი სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს.

გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა