სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასზე ხორვატი ივიცა კოსტელიჩი მეტოქეებისთვის მიუღწეველია
დასასრულს მიუახლოვდა სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება. მომავალ კვირას ფინალური ეტაპი გაიმართება, თუმცა მამაკაცებს შორის მთავარი გამარჯვებული უკვე გარკვეულია. შაბათს ნორვეგიის კურორტ კვიტფიელში ხორვატი ივიცა კოსტელიჩი სწრაფდაშვებაში 21-ე ადგილზე გავიდა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გენერალურ კლასიფიკაციაში საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. სეზონის დასრულებამდე ხუთი სტარტით ადრე ხორვატი მიუღწევადი გახდა კონკურენტებისთვის, რადგან უახლოეს მდევარ დიდიე კუშს ის 500 ქულაზე მეტს უგებს.

კოსტელიჩმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და კარიერაში პირველად გაიფორმა მსოფლიოს თასზე გამარჯვება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ივიცა იანვარში, როცა შვიდჯერ მივიდა ფინიშთან პირველი. კოსტელიჩი მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის პირველი ხორვატი ჩემპიონია. მისმა დამ - იანიცამ ქალებში ბროლის გლობუსი სამჯერ მოიგო.

"ეს პრიზი ჩემი ოცნება იყო და მისთვის მრავალი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენს სახეობაში. წარმატებული სპორტსმენების გარემოცვაში ვიზრდებოდი. იანიცამ სეზონი სამჯერ მოიგო და ის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის. ამაყი ვარ, რომ შევძელი ამის გაკეთება. იანვარში ჩემი გამოსვლა უნიკალური იყო - ძალიან ბევრი სტარტი მოვიგე. იმედი მაქვს, სოჭის ოლიმპიადაზე შევძლებ სათანადო კონკურენციის გამოჩენას", - განაცხადა მსოფლიოს თასის ახალმა გამარჯვებულმა.

სწრაფდაშვება ავსტრიელმა მიხაელ ვალჰოფერმა მოიგო, რომელიც ამ სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს. მას შეუძლია მაჟორულ ნოტაზე დაასრულოს დიდ სპორტში გამოსვლა - სწრაფდაშვების ჩათვლაში 14 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და მცირე ბროლის გლობუსის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

საერთო ჩათვლა

1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1324; 2. დიდიე კუში (შვეიცარია) - 806; 3. კარლო იანკა (შვეიც) - 738; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 725; 5. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 723; 6. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 685...

ქალებს შორის გენერალურ კლასიფიკაციაში კი, ალბათ, ბოლო მომენტამდე შეუძლებელი იქნება სეზონის ტრიუმფატორის დასახელება. გასულ უქმეებზე ორი სტარტი გაიმართა ჩეხეთის კურორტ სპინდლერუვში. მსოფლიოს თასის ლიდერი მარია რიში 98 ქულით უგებდა მთავარ კონკურენტ ლინდსი ვონს, მაგრამ ახლა მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 23 ქულას შეადგენს.

გერმანელმა რიშმა ორივე სტარტი ჩააგდო: გიგანტურ სლალომში ჩასათვლელ ზონაში ვერ მოხვდა, სლალომში კი საერთოდ ფინიშამდე ვერ მივიდა. ეს დისციპლინები ამერიკელი ვონისთვის ყოველთვის მოუხერხებლად ითვლებოდა, მაგრამ მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ამჯერად სტაბილური გამოსვლა აჩვენა - გიგანტურ სლალომში მესამე ადგილი დაიკავა (მიმდინარე სეზონში ამ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი - მეოთხე ადგილი ჰქონდა), სლალომში კი მე-16 ადგილი დაიკავა. ვიღაცამ ამ შედეგს, შეიძლება, ჩავარდნა უწოდოს, მაგრამ ეს ასე არ არის - ვონმა ნოემბერის შემდეგ პირველად მიაღწია სლალომის ეტაპზე ფინიშს. რაც მთავარია, მე-16 ადგილმა რიშთან ჩამორჩენის 15 ქულით შემცირების საშუალება მისცა და როგორც გითხარით, ახლა სხვაობა მარიასა და ლინდსის შორის მიზერულ 23 ქულას შეადგენს.

ამასობაში, გაირკვა სეზონის კიდევ ერთი ლაურეატი ქალებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, სლალომში ბროლის მცირე გლობუსი ავსტრიელმა მარლის შილდმა დაისაკუთრა. წელს მას ამ სახეობაში კონკურენტი არ ჰქოლია - შილდმა სეზონში მეექვსე სლალომი მოიგო. მისი დომინირება შაბათის სტარტის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პირველ ცდაზე სერიოზული შეცდომის მიუხედავად, საუკეთესო დრო აჩვენა და მეორე დაშვების დროსაც ყველა კონკურენტი უკან ჩამოიტოვა.

სამთო-სათხილამურო სპორტში 2010-11 წლების სეზონი მომავალ კვირას შვეიცარიის კურორტ ლენზერჰაიდში დასრულდება. იქ ოთხი სტარტია დაგეგმილი - სწრაფდაშვება, სუპერგიგანტი, გიგანტური სლალომი და სპეციალური სლალომი.

სპინდლერუვი (ჩეხეთი)

ქალები. სლალომი

1. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:43.85 (50.02+53.83); 2. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 1:44.78 (50.20+54.58); 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:45.01 (50.74+54.27); 4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 1:45.41 (50.68+54.73); 5. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - 1:45.42 (50.96+54.46); 6. მანუელა მოელგი (იტალია) - 1:45.60 (50.92+54.68).

გიგანტური სლალომი

1. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:15.22 (1:06.62+1:08.60); 2. დენიზე კარბონი (იტა) - 2:16.48 (1:07.31+1:09.17); 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:16.67 (1:07.63+1:09.04); 4. ტინა მაზე (სლოვენ) - 2:16.72 (1:07.26+1:09.46); 5. ფედერიკა ბრინიონე (იტა) - 2:16.74 (1:06.94+1:09.80); 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 2:17.03 (1:07.68+1:09.35).

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 1678; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1655; 3. ტინა მაზე (ნორ) - 1003; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 932; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 876; 6. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 729...

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა