"ზესტაფონის" 27 წლის მარჯვენაფლანგელი საკლუბო და სანაკრებო უახლოეს მიზნებზე საუბრობს
კახა ალადაშვილი "ზესტაფონს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. 27 წლის მარჯვენაფლანგელი ახალ გუნდს კარგად მოერგო და მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად და სასარგებლოდ მოქმედებს.

საქართველოს ჩემპიონობა და წარმატება ევროტურნირზე - ასეთია ალადაშვილის უახლოესი მიზნები.

- უპირველესად, ფოთის "კოლხეთთან" ჩატარებული მატჩი გავიხსენოთ. რატომ დაკარგა "ზესტაფონმა" გაუთვალისწინებელი ქულები?

- მიზეზების პოვნა ძალიან მიჭირს. ყველაფერი, ალბათ, უიღბლობის ბრალია. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, შესანიშნავად ითამაშა მეტოქე გუნდის მეკარემ... მოედანზე ნაკლებად მოტივირებულები ნამდვილად არ გავსულვართ, მაგრამ მაინც გვეგონა, რომ ამ მატჩს ადვილად მოვიგებდით. წინა ტურში ხომ ზუგდიდის "ბაია" 6:1 გავანადგურეთ.

- ბოლო შეხვედრის შედეგი ხასიათს ძალიან გაგიფუჭებდათ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ლიდერებად ვრჩებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ აღარ დაგვემართება. მომავალი მატჩიც აუტსაიდერთან გვაქვს და მასთან გამარჯვებისთვის დიდი მობილიზება დაგვჭირდება. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო სამტრედიაში ვერ ვითამაშებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები მიზანს უჩემოდაც მიაღწევენ. "კოლხეთთან" მატჩით ძალიან სასარგებლო გაკვეთილი მივიღეთ და ასეთ უსიამოვნებაში მეორედ მოხვედრას აღარ ვაპირებთ.

- უკვე რამდენიმე თვეა, რაც "ზესტაფონის" ფეხბურთელი ხარ და როგორ ფიქრობ, საქართველოში დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღე?

- საზღვარგარეთ აუწყობელ კარიერას სამშობლოში დაბრუნება მერჩივნა და შემიძლია ვთქვა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. "ზესტაფონში" თბილად მიმიღეს და უცებ გავშინაურდი. თავს კომფორტულად ვგრძნობ როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.

- უცხოეთში რატომ ვერ აგეწყო კარიერა?

- ბევრი ფაქტორის გამო, მაგრამ ამის მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ვეძებ. ნაადრევად მომივიდა ისეთ ძლიერ კლუბში წასვლა, როგორიც კიევის "დინამოა". იქ ცოტა გვიან რომ გადავსულიყავი, დარწმუნებული ვარ, "დინამოში" დამკვიდრებას შევძლებდი. რაც იყო, იყო, გამოუცდელი ვიყავი და არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ახლა კი ყველაფერს უკეთ ვაანალიზებ და ვფიქრობ, სწორ გზას ვირჩევ ხოლმე.

- ესპანურ შეკრებაზე კიეველებთან მატჩში, ალბათ, განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშე.

- ასეა, მაგრამ ჩემზე არანაკლებ მონდომებულები იყვნენ "ზესტაფონის" სხვა წევრები. საერთოდ, კიევის "დინამო" ტესტმატჩებსაც სრული სერიოზულობით ეკიდება და მისი მწვრთნელები შედეგს ასეთ დროსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან კი ფრეც მისაღები შედეგია. მართალია, მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში დავმარცხდით, მაგრამ მთავარი მაინც ძირითად დროში დაფიქსირებული შედეგია.

კიევის "დინამოში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ძალიან თბილად შემხვდნენ. კიევში ხომ წლები გავატარე და იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. როგორც იცით, ესპანეთში ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ, მათ შორის სამი - ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასულ გუნდებთან. ეს იმიტომ, რომ ევროთასებზე ძლიერ გუნდებთან თამაშისთვის მზად ვყოფილიყავით და სახელიანი მეტოქის წინაშე არავითარი კომპლექსი არ გვქონოდა. პრაღის "სპარტასთან" განცდილ მარცხს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ყველა მატჩში ღირსეულ შედეგს მივაღწიეთ, რამაც საკუთარი ძალების რწმენა გაგვიძლიერა.

- კიდევ რამდენი ხანი შეიძლება გიხილოთ "ზესტაფონის" მაისურით?

- კლუბთან კონტრაქტი ერთს პლუს ერთი სისტემით მაქვს გაფორმებული და წასვლაზე საერთოდ არ მიფიქრია. ძალიან მინდა საქართველოს ჩემპიონობა და ამ ტიტულის მოსაგებად მე და ჩემი თანაგუნდელები ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, შემდეგ კი ევროთასები იწყება და იქაც შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. შარშან ევროტურნირზე "ზესტაფონმა" დიდი გამოცდილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში წარმატების გაცილებით მეტი შანსი გვექნება.

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია. მე და შოთა გრიგალაშვილს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ეს ბედნიერება უკვე გამოცდილი გვაქვს, "დინამო" ჯგუფში გია გეგუჩაძემ გაიყვანია და რაკი იქ ერთხელ უკვე გვითამაშია, რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივეს გამეორება "ზესტაფონთან" ერთად?!

- ეყოფა თუ არა "ზესტაფონს" ძალები ერთდროულად ჩემპიონობისა და თასისთვის ბრძოლაში?

- აუცილებლად ეყოფა, რადგან გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, თითო პოზიციაზე მწვრთნელს ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი ჰყავს და გადაღლილობის პრობლემა ნამდვილად არ შეგვექმნება. ნამდვილად შეგვწევს დუბლის შესრულების ძალა და ორივე ფრონტზე ტიტულისთვის ვიბრძვით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორივეგან ძლიერი კონკურენტები გვყავს და გამარჯვება იოლი არ იქნება. "დინამოცა" და "ოლიმპიც" სერიოზული მეტოქეები არიან და საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ყველას ვაჯობებთ.

- თამაში მარჯვენა მცველად გირჩევნია თუ ნახევარდაცვის ამავე ფლანგზე?

- ბოლო წლებში უფრო მცველად ჩამოვყალიბდი და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ყველა მატჩი სწორედ ამ პოზიციაზე ჩავატარე. მეც ასე მირჩევნია. ნახევარმცველად გატარებულმა პერიოდმა კი შეტევაში ნაყოფიერად თამაში მასწავლა და იერიშებში ახლაც ხშირად ვერთვები.

- საქართველოში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდი. რა სხვაობა დაინახე ჩვენი ჩემპიონატის მაშინდელ და ამჟამინდელ დონეებს შორის?

- უმნიშვნელოდ, მაგრამ ჩემპიონატის დონე მაინც ამაღლებული მგონია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონობისთვის უფრო მეტი გუნდი იბრძვის და ქულების მოპოვება უმაღლესი ლიგის ნებისმიერ ბინადართან ჭირს. ჩვენი მთავარი პრობლემა მაღალი დონის მოედნების დეფიციტია. თუ ეს მოგვარდა, ქართულ ფეხბურთს ეშველება.

- ბოლოს სანაკრებო თემასაც შევეხოთ. წლების წინ ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრი იყავი, მაგრამ დიდი ხანია, იქ აღარ გითამაშია.

- ყველაფერი საფრანგეთთან ჩატარებულმა მატჩმა შეცვალა. ანრის, მალუდასა და აბიდალის წინააღმდეგ მომიწია თამაშმა და რა დასამალია, ეს კარგად ვერ გამომივიდა. თუმცა ის მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, ანუ 2006 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება აღარ მომცემია. ამის იმედი არ დამიკარგავს და შევეცდები, დაუღალავი შრომით ნაკრების მაისურა დავიბრუნო. ეს ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საფეხბურთო ოცნებაა.

გუშინ საღამოს შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ ალადაშვილი ხორვატიასა და ისრაელთან ჩასატარებელი შეხვედრებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა