სენსაციები პირველივე წრიდან დაიწყო...
ეს მართლაც ყველაზე უცნაური უიმბლდონი იყო. სენსაციები და მოულოდნელი შედეგები პირველივე წრიდან დაიწყო. თავიდან უსიამოვნო სენსაცია შესთავაზა თავის თაყვანისმცემლებს მესამე ნომრად განთესილმა ანდრე აგასიმ, რომელმაც ოთხ სეტში წააგო უნიკალურ დუგ ფლეჩთან. ბევრი იტყვის, რომ არ ახსოვს ასეთი ჩოგბურთელი.

შესაძლოა, ასეც იყოს - ფლეჩი არასოდეს ასულა ATP-ის რეიტინგში 108-ე პოზიციაზე ზემოთ, მაგრამ არც ისეთ მოთამაშეს ვიცნობთ ბევრს, რომლებსაც კარიერაში დადებითი ბალანსი ჰქონდეთ ლენდლთან, რაფტერთან, კუერტენთან, იოჰანსონთან და აგასისთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი კურიოზი შემთხვევითობის ბრალია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აგასიმ ფლეჩთან მომდევნო წელს, ვაშინგტონის ტურნირზეც წააგო.

საერთოდ, აგასის 1996 წელს ცუდი პერიოდი ჰქონდა. იმ სეზონში მისი ერთადერთი სერიოზული წარმატება ატლანტის ოლიმპიადის მოგება იყო... თუმცა დღეს ანდრეზე არ გვექნება ლაპარაკი.

არც მის პრინციპულ მეტოქეზე - პიტ სამპრასზე, რომელიც პირიქით, კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. პიტი ზედიზედ სამი წელი იგებდა უიმბლდონს და ბორგის რეკორდს უმიზნებდა - ზედიზედ ხუთჯერ უნდოდა უიმბლდონის მოგება. და არც ჩანდა ჩოგბურთელი, რომელიც მას ამ მიზნის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. ასე იყო მეოთხედფინალამდე.

რიხარდ კრაიჩეკი ადრე არასოდეს ბრწყინავდა უიმბლდონზე. ბრიტანულ ბალახზე მისი უმაღლესი მიღწევა 1993 წელს მეოთხე რაუნდში გასვლა იყო, სადაც მან დიდი წინააღმდეგობა გაუწია აგასის, მაგრამ ერთი სეტიც ვერ მოიგო. მომდევნო ორ წელს ჰოლანდიელმა თავი შეირცხვინა - პირველი წრიდან გამოეთიშა ტურნირს. ამიტომაც სამპრასის წინააღმდეგ მეოთხედფინალში მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

მთავარ ფავორიტთან მატჩში ჰოლანდიელმა მარტივი ტაქტიკა აირჩია - კონცენტრირებული იყო საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე და შეძლებისდაგვარად ბრძოლის გაჩაღებას აპირებდა მეტოქის გეიმებში. ორჯერ მან შეძლო ბრეიკის აღება, კიდევ ერთი სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო. კრაიჩეკი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, ნახევარფინალში არ მოდუნდა, სამ სეტში გაანადგურა ჯეისონ სტოლტენბერგი და ფინალში გავიდა.

თუმცა რიხარდი არ გამხდარა ფინალის ყველაზე მოულოდნელი მონაწილე. არანაკლებ სენაციური იყო იქ მალივეი ვაშინგტონის გასვლა. ამ ამერიკელს მანამდე არასოდეს გაუღწევია "დიდი სლემის" ტურნირებში მეოთხე წრეზე შორს. გარდა ამისა, საჩოგბურთო საზომით უკვე სოლიდურ ასაკში იყო და მისი საუკეთესო წლები, როცა მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა, წარსულს ჩაბარდა. რაც მთავარია, იმ მეორე შავკანიანი ჩოგბურთელი იყო, ვინც უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია. პირველი არტურ ეში გახლდათ - ვაშინგტონამდე 21 წლით ადრე. მაგრამ ეში ლეგენდა იყო, მოკრძალებული აფროამერიკელი ვაშინგტონი კი – ერთი რიგითი ჩოგბურთელი. ამიტომაც მოინათლა მისი ფინალში გასვლა გმირობად.

გარდა იმისა, რომ ფინალში სენსაციური წყვილი მივიღეთ, მთავარი უცნაურობა ჯერ კიდევ წინ იყო. 90-იან წლებში უიმბლდონზე თანდათან იკლო სნობიზმმა და იქაური ტრადიციების უზენაესობამ, მაგრამ ის, რაც ფინალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, უიმბლდონს არასოდეს უნახავს. 24 წლის სტუდენტი მელისა ჯონსონი ტურნირის მსვლელობისას ოფიციანტად მუშაობდა. როგორც კი მოთამაშეები კორტზე გავიდნენ, ისიც მოედანზე შევარდა.

აქ არ განმეორებულა მონიკა სელეშის ისტორია - მელისას ცუდი განზრახვა არ ჰქონია... უბრალოდ, გოგონას ოფიციანტის წინსაფარი ეცვა, მის შიგნით კი არაფერი. ცენტრალური კორტის მაღალი საზოგადოება შოკირებული იყო, არანაკლებ განცვიფრებული ჩანდა მალივეი ვაშინგტონი. მისი სიტყვებით, როგორც კი ის თამაშზე კონცენტრირებას ცდილობდა, თვალწინ მაშინვე სიმპათიური სტრიკერის სხეული წარმოუდგებოდა... ასე რომ, მელისას კორტზე გამოსვლამ ერთ კაცს მაინც გაუფუჭა საქმე.

შედეგად მივიღეთ ძალიან მოკლე ფინალი. რთული სათქმელია, კრაიჩეკის მებრძოლმა ხასიათმა იმოქმედა თუ მისმა უფრო მაღალმა კლასმა, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ საათი და 33 წუთი გაძლო. ჰოლანდიელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი - 6:3, მაგრამ ოდნავ დაკარგა სათამაშო რიტმი მეორე სეტში. რიხარდმა ის პარტია ბოლოსკენ მოიგო, როცა გადამწყვეტ გათამაშებაში მალივეიმ ჰაერიდან მარტივი დარტყმისას შეცდომა დაუშვა - 6:4.

მესამე სეტში ჰოლანდიელმა ორჯერ ზედიზედ აიღო მეტოქის მოწოდება და 4:1 დაწინაურდა. მისი სიტყვებით, სწორედ ამ მომენტში დაიჯერა, რომ ჩემპიონი გახდებოდა. როგორც კი ირწმუნა, მაშინვე "ცივი შხაპი" მიიღო მეტოქისგან - ვაშინგტონმა ბრეიკით უპასუხა რიხარდს. ამის შემდეგ კრაიჩეკი დამშვიდდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3. ის პირველი ჰოლანდიელი გახდა, ვინც უიმბლდონი მოიგო.

რიხარდი ბოლომდე ერთი ტურნირის ჩოგბურთელად დარჩა. 1998 წელს მან უიმბლდონის ნახევარფინალი წააგო გორან ივანიშევიჩთან (რომლის წინააღმდეგაც თამაში არ იცოდა), 2002 წელს კი ერთწლიანი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამისთვის მან ATP-ის პრიზი მიიღო - "წლის დაბრუნება". ვაშინგტონმა იმ ცნობილი ფინალიდან შვიდი თვის თავზე დევისის თასზე ითამაშა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ და მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

ოპტიმალური ფორმის აღდგენის ორწლიანმა მცდელობამ შედეგი არ მოიტანა და 1999 წელს ამერიკელმა კარიერა დაასრულა. დღეს ის წარმატებით მუშაობს სპორტულ მიმომხილველად და ყოველ წელს ამზადებს მასალებს როტერდამის ტურნირისთვის (ABN AMRO World Tennis Tournament), რომლის დირექტორი 2004 წლიდან... რიხარდ კრაიჩეკია.

ბოლოს ჰოლანდიელის იღბლის შესახებ. თავის წიგნში - "სწრაფი ბურთები", რომელიც ექვსი წლის წინ გამოვიდა, კრაიჩეკმა დაწერა იმის შესახებ, რომ იმ ტრიუმფალურ უიმბლდონზე, წესით, არ უნდა ყოფილიყო განთესილებს შორის და ბოლო მომენტში შეცვალა ტრავმირებული ტომას მუსტერი.

ამით რიხარდმა ადრეულ ეტაპზე გორან ივანიშევიჩთან შეხვედრა აიცილა თავიდან. შემდეგ კი მრისხანე ხორვატი მოულოდნელად მეოთხედფინალში სტოლტენბერგთან დამარცხდა, რომელიც ჰოლანდიელისთვის პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კრაიჩეკს ყველაზე რთულ მეტოქესთან - პიტ სამპრასთან მოუწია თამაში, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: კარიერის განმავლობაში რიხარდმა ათჯერ ითამაშა დიადი ამერიკელი წინააღმდეგ და ექვსჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

ასე რომ, იღბალმა ისურვა, რიხარდ კრაიჩეკი გამხდარიყო უიმბლდონის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გათამაშების ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად