რუსთა დაღესტნელი ფალავნები, ოლიმპიური ჩემპიონები მავლეტ ბატიროვი (60) და შირვან მურადოვი (96) სპორტში ბრუნდებიან
გუშინ თავისუფალ ჭიდაობაში ორი ოლიმპიური ჩემპიონის სპორტში დაბრუნებაზე გავრცელდა ინფორმაცია. ლაპარაკია რუსეთის ნაკრების დაღესტნელ ფალავნებზე - მავლეტ ბატიროვსა (60) და შირვანი მურადოვზე (96). მოგეხსენებათ, ამ უქმეებზე მახაჩყალაში მსოფლიოს თასი ტარდება, რომელსაც ეს ვარსკვლავებიც ესწრებიან და იქაურმა ჟურნალისტებმა დრო უქმად არ დაკარგეს. ამათგან უფრო დიდი პაუზა მურადოვს გამოუვიდა და მისით დავიწყოთ.

ეროვნებით ლაკ ოლიმპიურ ჩემპიონს პეკინში გამარჯვების შემდეგ თითქმის არც უჭიდავია და სპორტიდან წასვლის შესახებ ხმებმაც არ დააყოვნა. მით უფრო, მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ მან ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და საკუთარი რაიონის თვითმმართველობითი ორგანოს დეპუტატი გახდა. ახლა ირკვევა, რომ სპორტიდან მისი გაუჩინარების მიზეზი ტრავმები ყოფილა და არა პოლიტიკური საქმიანობა.

"ოლიმპიადის შემდეგ ტრავმებმა გამაწვალა. მუხლზე უკვე მეხუთე ოპერაცია გავიკეთე. როგორც იქნა, ვარჯიში დავიწყე, მაგრამ მყესები ისევ გამიწყდა და კვლავ დამჭირდა ოპერაციის გაკეთება", - თქვა მან. მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც და მურადოვის ტრავმებიც დამთავრდა. მან უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა ჯერ გადაჭრით მაინც ვერ ამბობს, როდის იჭიდავებს ოფიციალურ შეჯიბრებაში.

"რამდენიმე თვეა, ისევ დავიწყე ვარჯიში. ვიმედოვნებ, წლეულს ნამდვილად დავუბრუნდები ლეიბს, მაგრამ რომელ ტურნირზე მოხდება ეს და რომელი შეჯიბრებისთვის ვიქნები მზად, ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით. მთავარია, კონკურენციის დაძლევის დიდი სურვილი მაქვს", - დასძინა მურადოვმა.

სურვილი ერთია, შესაძლებლობა კი - მეორე. თავისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე რამდენად მზადაა ამ კონკურენციის დასაძლევად მურადოვი, დრო გვიჩვენებს, თუმცა ეს არც ისე შეუძლებელი ჩანს. ამ წონაში რუსთა ლიდერად კვლავაც ოსი მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი რჩება, მაგრამ მას უკვე ასაკი ნელ-ნელა ეპარება. მან შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო, წლეულს კი შინაურ ასპარეზზეც დამარცხდა, ივან იარიგინის სახელობის საერთაშორისო ტურნირში. თან ამ ბოლოს ტრავმებიც მოუმრავლდა - ხელი ახლაც სტკივა.

შარშან ამ წონაში ახალი კადრიც გამოჩნდა - იური ბელონოვსკი, მაგრამ იარიგინის ტურნირის მოგების შემდეგ მან ღირებული ვერაფერი ქნა და ლიდერობაც დაკარგა. ამასობაში მურადოვს მრისხანე კონკურენტი თავისსავე ნაკრებში წამოეზარდა - დაღესტანის გუნდის ეროვნებით კუმიკი წევრი შამილ ახმედოვი, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში ჩვენი დავით ხუციშვილის (74) მსგავსად, დუბლი გააკეთა - ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც, წლეულს კი იარიგის ტურნირიც მოიგო და ამ თვის ბოლოს ევროპის პირველობაზეც გამოვა. ის მზარდი და უდავოდ ძლიერი ახალგაზრდაა, მურადოვის სავარაუდო კონკურენტად კი ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი კეტოევიც რჩება. ოღონდ მასაც ტრავმები აწუხებს და თან როგორც იქაურები ამბობენ, არც სათანადოდ ვარჯიშობს.

სათვალავიდან ნურც დაღესტანის ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ავარელ იბრაგიმ საიდოვს ამოვაგდებთ, რომელიც ბოლო წლებში თვით გაცალოვსაც კი სისხლს უშრობს და შარშან რუსეთის ჩემპინატის ფინალიც მოუგო. თუმცა შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში არ გამოვიდა და მსოფლიოზე მაინც გაცალოვი წაიყვანეს, საიდოვი კი საერთოდ ჩაიკარგა კონკურენციაში. ცხადია, მურადოვისთვის ამდენი სიძნელის დაძლევა არ იქნება იოლი, მაგრამ, ახლანდელი კონკურენცია მაინც ცოტა უფრო სუსტი გვგონია, ვიდრე - პეკინის ოლიმპიადის წინ იყო.

რაც შეეხება მურადოვის მეტოქეობას ქართველებთან, ძირითადად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიურ მედალოსან გიორგი გოგშელიძეს ხვდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ის ჩვენებურისთვის ღვთის საჩუქარი იყო.

ჯანმრთელობის მხრივ ბევრად ცუდად ჰქონია საქმე ეროვნებით ავარელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მავლეტ ბატიროვს - მისთვის ნაღვლის ბუშტიც კი ამოუჭრიათ. ამიტომ დღეს ისიც ვერ გაურკვევია, რომელ წონაში იჭიდაოს - დარჩეს 60-ში თუ გადავიდეს 66-ში. საქმე ისაა, რომ 60-ში დარჩენის შემთხვევაში საკმაოდ ბევრის დაკლება მოუწევს, რასაც ექიმები უკრძალავენ - წონის კლება სწორედ ღვიძლსა და ნაღველს აწვება ყველაზე დიდ ტვირთად, 66-ში კი შარშან რუსეთის ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები, მაგრამ წააგო. თან, წლეულს 66-ში იარიგინის ტურნირი მისმა უმცროსმა ძმამ - ადამ ბატიროვმა მოიგო ანუ იქ თუ გადავა, ძმებს ისევ ერთმანეთში მოუწევთ კონკურენცია (ადრე ადამიც 60-ში ჭიდაობდა).

"არ ვნანობ, მაშინ 66-ში რომ გამოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ წარიმართა რეაბილიტაციის პროცესი. ტურნირმა დამანახა, რომ სრულად კიდევ არ ვიყავი გამოჯანმრთელებული. ამიტომ იმ წაგებას წონას ვერ დავაბრალებ. ვგრძნობ, ახლა ბევრად უკეთესად ვარ. ცხადია, არა ისე, როგორც ადრე ვიყავი, მაგრამ ამტანობა და გამძლეობა ბევრად უკეთესია. რუსეთის ჩემპიონატი გადამწყვეტი იქნება, თუმცა, ვფიქრობ, მანამდეც შევძლებ კონკურენტების დამარცხებას ალი ალიევის სახელობის ტურნირსა და სხვა შეჯიბრებებში", - განაცხადა ბატიროვმა. მის არყოფნაში ამ წონაში რუსთაგან ყველაზე მეტად ტუვინი ოპან სატი დაწინაურდა - შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა აქ კიდევაა რამდენიმე სოლიდური ფალავანი.

დაღესტნური საპრიზო სიგიჟე

ცხადია, ოლიმპიურ ჩემპიონებს მომავალ მსოფლიოს თასზეც დაეკითხნენ და მათაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკეს ამ შეჯიბრებაზე, რომელიც პირველია რესპუბლიკისთვის. "მსოფლიოს თასი დიდი ზეიმია ყველა დაღესტნელისთვის - ჩვენთვის ხომ თავისუფალი ჭიდაობა ეროვნული სპორტის სახეობაა, რომელიც ყველას უყვარს. გვჯერა, ის სრული ანშლაგით ჩაივლის და დიდი დღესასწაული იქნება. მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს, ტრიბუნებზე მაქსიმალური დასწრება და აჟიოტაჟი გარანტირებულია", - ასეთი პათოსით უპასუხეს მათ ჟურნალისტთა შეკითხვებს.

ჩემპიონებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ შეჯიბრების მასპინძელი ალი ალიევის სახელობის 5-ათასიანი დარბაზი რესპუბლიკისთვის დიდი შენაძენია. აღნიშნეს აგრეთვე, რომ ამ შეჯიბრებით ახალგაზრდები კარგ მაგალითს მიიღებენ და კიდევ უფრო გაუძლიერდებათ ჭიდაობისადმი ინტერესი. თუმცა მათ კომენტარებში მთავარი ის აზრი იყო, რომ ამ თასის კარგად ჩატარება დაღესტანს გზას უხსნის გაცილებით უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებების - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობისკენ. ვერ გეტყვით, ეს საკითხი რამდენად აქტუალურად განიხილება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ. მით უფრო, მასპინძელთა მონდომება კიდევ უფრო გვაეჭვებს. საორგანიზაციო კომიტეტს რომ სათავეში ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი უდგას, ადრეც დავწერეთ. ის და რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი არსენალი მურთაზალიევი ყოველდღიურად ამოწმებენ სამზადისს და ყველა წვრილმანს უმკაცრესად აკონტროლებენ.

გუშინ ისიც გითხარით, რომ მასპინძლებმა საპრიზო ფონდი გაზარდეს - საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოთხოვნილი მინიმალური რაოდენობა, 150 ათასი დოლარი 166 ათასამდე აიყვანეს, რაც ამ თასის ისტორიაში სარეკორდო თანხა იყო, მაგრამ გუშინ ნაშუადღევს ამ თემაზე ახალი ცნობა გაჩნდა - ამ თანხას სოლიდური რაოდენობა დაამატეს და 240 ათას დოლარამდე გაზარდეს! აი, სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ იქაურები რაღაც დიდისთვის ემზადებიან და იმიტომ ხარჯავენ ამხელა თანხებს. მით უფრო, საჩუქრების მოყვარული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი უკვე მახაჩყალაშია და აქებს და ადიდებს მასპინძლებს.

საპრიზო ფონდის გაზრდის ინიციატივით სიდნეის ოლიმპიადის ჩემპიონი საგიდ მურთაზალიევი გამოსულა, თანხების მოზიდვა კი დაღესტანის ბიზნეს-ელიტამ უზრუნველყო, კონკრეტულად კი მურთაზალიევის და ასევე ცნობილი სპორტსმენების - შამილ უმახანოვისა და გამიდ გამიდოვის სახელობის ფონდებმა (ნეტავ, ასეთ ფონდს და ასეთ თანადგომას საქართველოში თუ მოვესწრებით!), "ელიტბანკმა", შამპანურის ღვინოების ქარხანა "დენებიმ" და კონიაკის ქარხანა "დერბენტიმ".

ცხადია, გაიზარდა ანაზღაურება კონკრეტულ მედალოსნებზეც. თუ ძველი ნიხრით, გამარჯვებული 80 000 დოლარს მიიღებდა, ახლა 100 000 ერგება. ვიცე-ჩემპიონის წილ 50 000-ს დოლარსა და ბრინჯაოს პრიზიორის სარგო 30 000-ს ახლა 10-10 ათასი დოლარი დაემატა. ცხადია, გაიზრდებოდა მომდევნო ადგილებზე გასულთა და მწვრთნელთა ანაზღაურება, თუმცა ამაზე კონკრეტულად არაფერს წერენ.

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს