ქართული ლეგიონის მონაგარი გასულ უქმეებზე
აზერბაიჯანული პრემიერლიგის მორიგი ტური პარასკევს იყო, ამიტომ მასზე დიდად აღარ შევჩერდებით, რადგან ადრე მოკლედ გამცნეთ. ყველაზე ქართული გუნდი "ინტერი", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, 41 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ "ნეფთჩის" 11 ქულით ჩამორჩება.

ამ ტურში ერთადერთი ქართული გოლი გავიდა, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლის, გიორგი ადამიას ანგარიშზეა. "ყარაბახის" ფორვარდმა მეორე ეტაპზე მეორე გოლი გაიტანა, სულ კი სეზონში 12 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ის მეორეა და სამი გოლით ჩამორჩება "ნეფთჩის" შემტევ ნასიმოვს.

სომხეთში მე-2 ტური გაიმართა. "იმპულსი" "შირაქს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. წაგებულთა ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე გაგა თიბილაშვილმა გაიტანა, 26 წლის ნახევარმცველმა, რომელიც შარშან "ულისის" ღირსებას იცავდა (23 თამაში, 3 გოლი), პირველად მოირგო დილიჯანური გუნდის მაისურა და დებიუტშივე გოლით გამოირჩა. მასპინძელთა ქართველი მეკარე გელა ძამუნაშვილი სათადარიგო იყო, თიბილაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს. "იმპულსს" ჯერ ქულა არა აქვს.

მეკარე ლევან ბუბუტეიშვილის "განძასარი" "პიუნიკს" ესტუმრა და მოულოდნელად ქულა მოიპოვა - 1:1. სტუმართა კარს ბუბუტეიშვილი იცავდა. "ულისმა" სტუმრად იძალა "ბანანცზე" - 3:1. თამაშის ბოლო გოლი ქართულია - 87-ე წუთზე გიორგი კრასოვსკიმ შეაგდო. მის გარდა "ულისის" სასტარტოში ითამაშა თენგიზ უგრეხელიძემ, მეორე ტაიმში შევიდა შოთა ჯიქია, ხოლო ლევან აკობია სათადარიგო იყო. ეს "ულისის" პირველი მატჩი იყო ჩემპიონატში.

კვიპროსში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და 14 გუნდი სამ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა (2 გავარდა). კუნძულზე სულ ორი ჩვენებური ლეგიონერია და ორივეს გუნდს უმაღლესში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს. ლევან ქებაძის "ეთნიკოსს" "ანორთოსისთან" ქულა მაინც, რომ აეღო, ბ ჯგუფში ითამაშებდა, ახლა კი ჩამოქვეითებისგან თავის დასაღწევად უნდა იბრძოლოს, რადგან 0:2 წააგო. ჩვენებურს არ უთამაშია. "ერმისმა" სტუმრად ბოლოადგილოსანი აპოპი დაამარცხა - 3:1. ლევან მაღრაძემ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა შორის. ახლა "ეთნიკოსი" (33 ქულა) და "ერმისი" (30) 4-გუნდიან ტურნირში ჩაერთვებიან, საიდანაც უკანასკნელი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობება. რეგულარულ სეზონში ორივე ჩვენებურს ერთნაირი სტატისტიკა აქვს - 23 თამაში, 2 გოლი.

დანიის ვიასატდივიზიონის ლიდერ "ორჰუსის" ლიდერი დავით დევდარიანია, რომელმაც სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. "ორჰუსი" 42 ქულით პირველია და, თუ სასწაული არ მოხდა, უმაღლესში გადავა, რადგან იქ ორი გუნდი გადადის, მესამეადგილოსანს კი ქართველის გუნდი 10 ქულით უსწრებს. "ჰობროს" დევდარიანმა 33-ე წუთზე გაუტანა, "ორჰუსმა" ეს მატჩი 2:0 მოიგო.

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში ლიდერი შეიცვალა, ჩემპიონმა "შერიფმა" ისარგებლა "დაჩიას" წაფორხილებით და ქულებით გაუთანაბრდა მას, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით პირველ ადგილზე დამკვიდრდა. "შერიფმა" ქვაქვაზე არ დატოვა "სფინტულ გეორგესგან" - 6:0. ტირასპოლელთა ქართველმა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

და რა შეემთხვა ქართველთა "დაჩიას"? კიშინიოველებმა სტუმრად ორჰეის "მისლამის" ვერ მოუგეს - 0:0. "მისლამისთან" დავით გამეზარდაშვილმაც ითამაშა და ლევან კორღალიძემაც (78-ე წუთზე შეცვალეს). ისე, ლევანი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა.

დავით კაკულიას "ოლიმპიამ" 4:2 მოუგო "გაგაუზიას". "ისკრა-სტალისა" და "ნისტრუს" შეხვედრაში ქართული დუელი ვიხილეთ - მასპინძელთა შემადგენლობაში 77-ე წუთამდე ითამაშა სანდრო შუღლაძემ, სტუმრებში გიორგი ტუხაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, მასპინძლებმა კი ეს თამაში 2:1 მოიგეს. ვასილ ღუჭაშვილის "ზიმბრუმ" 2:1 აჯობა "კოსტულენს". ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, მისი დარტყმული ერთხელ მეკარემ მოიგერია, ერთხელ კი მეტოქე მცველმა ხელით, თუმცა პენალტი არ დანიშნულა. ქართველთა გუნდები დივიზიონში ასე განლაგდნენ: "ისკრა-სტალი" მესამეა, "ოლიმპია" - მე-4, "ზიმბრუ" - მე-6, "ნისტრუ" - მე-11.

ისევ "ფლორა II-ში" ათამაშებენ 20 წლის ზაქარია ბეგლარიშვილს. ქართველი ლეგიონერისთვის შეუფერებლად დაბალი რანგის ლიგაში (ესილიგა) ზაქარიამ მე-2 თამაშში მე-2 გოლი გაიტანა. "ფლორას" რეზერვისტებმა "ტალინა ინფონეტს" 2:1 მოუგეს, გამარჯვების გოლი ბეგლარიშვილმა 82-ე წუთზე გაიტანა.

ისრაელის ლეუმითლიგას გაგა ჩხეტიანის ქფარ საბას "ჰაპოელი" ლიდერობს. ბოლო ტურში ამ გუნდმა სტუმრად 1:0 დაამარცხა ჰერცლიას "მაქაბი". გაგა 55-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა გუნდში სათადარიგო იყო ირაკლი გეფერიძე. ამ ტურში ბნეი ლოდელთა რიგებში არ გამოჩენილან აკაკი მიკუჩაძე და გიორგი გაბიდაური.

საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში "ბასტიამ" შინ 3:0 გაანადგურა "პარიზი". ამირან სანაიამ მასპინძელთა რიგებში 73-ე წუთამდე ითამაშა. "ბასტია" 67 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლატვიაში სეზონი ეროვნული თასის მეოთხედფინალური მატჩებით განახლდა. "სკონტომ" და "დაუგავამ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 0:0. სტუმრებმა ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს. "დაუგავას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ბიძინა ცინცაძე კი სათადარიგო იყო. ლიტვის ა ლიგაში, რომელიც ახლახან დაიწყო, ერთადერთი ჩვენებურია, გოჩა ტვილდიანი, რომელსაც არ უთამაშია მე-2 ტურის მატჩში "კრუოიას" წინააღმდეგ (2:1).

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა