"მთავარია, თითოეულმა სპორტსმენმა, მწვრთნელებთან ერთად, ზუსტად განსაზღვროს ოლიმპიადის საშეჯიბრო დღეებში მზადყოფნის პიკი"
ახლოვდება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიადა - დიადემასავით ადგას თავზე რაც კი სპორტული ღონისძიებები ტარდება ჩვენს პლანეტაზე ოთხწლიან ციკლში.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის ცივილურმა სამყარომ დაარღვია ოლიმპიური ქარტიის უპირველესი პრინციპი და პეკინში გამართულ 29-ე ოლიმპიურ თამაშებს რუსეთ-საქართველოს ომით შეხვდა. მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, ჩვენი სპორტსმენები ღირსეული ნადავლით დაბრუნდნენ სამშობლოში. სამი ოქროს მედალი თანაბრად გაინაწილეს ჩვენმა სახელოვანმა მოჭიდავეებმა: თავისუფალში - რევაზ მინდორაშვილმა, ბერძნულ-რომაულში - მანუჩარ კვირკველიამ და ძიუდოში - ირაკლი ცირეკიძემ. სწორუპოვარმა ნინო სალუქვაძემ, პირველმა საქართველოდან, ბრინჯაოთი შეავსო სამივე სინჯის პირადი ოლიმპიური ნადავლი. გორის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებმა ოთარ თუშიშვილმა და გიორგი გოქშელიძემ ბრინჯაოს მედლები დაძაბულ ბრძოლებში დაიმსახურეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი წარმატება არ გვქონია. უკან ჩამოვიტოვეთ ჩვენზე ყოველმხრივ წელგამართული არაერთი ქვეყანა. სწრაფად გაირბინა დრომ. თითქოს აგერ, სულ ახლახან იყო პეკინის ოლიმპიადა. და აჰა, ლონდონიც. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩემეული მოსაზრებები გამენდო ჩვენი მღელვარე ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოპონენტებიც გამოჩნდნენ. მეც ხომ ქართული სპორტის წიაღიდან ვარ მოსული, მიჭიდავია ოლიმპიურ ხალიჩაზე.

ჭიდაობა ქართული სპორტის ფლაგმანია, ოლიმპიური მედლების სიუხვეც ამას ადასტურებს. არადა, ბოლო წლებში აშკარად უკმაყოფილოა ქომაგი, ხშირად მეც მეკითხებიან, რაშია საქმე?

საქართველოში მწვრთნელების დეფიციტი არასდროს ყოფილა. პირიქით, ჩვენი სახელოვანი სპეციალისტები წარმატებით მუშაობდნენ საზღვარგარეთ და ზოგჯერ იქ სპორტის ამა თუ იმ სახეობის ფუძემდებლადაც გვევლინებოდნენ. ახლა ჩვენც ვიწვევთ უცხოელებს. ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ. მთავარია, გაამართლოს. ლონდონის ოლიმპიადა მათი ნაღვაწის პირუთვნელი შემფასებელი იქნება. სწორედ დრომ და ალბათ რაღაც აუცილებელმა გარემოებამ მოიტანა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თავკაცობს დღეს ავსტრიელი ზაიზენბახერი.

სხვათა შორის, ვკითხე ნაკრების ზოგიერთ წევრს და უკმაყოფილონი არ არიან, მის დავალებებს პირნათლად და ხალისიანად ასრულებენ. ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში, თუკი რაიმე ისევ არ შეიცვლება (უკვე მიჩვეული ვართ ხშირ ექსპერიმენტებს, რაც ჩემი აზრით, უარყოფით გავლენას ახდენს სპორტსმენის ფსიქიკასა და სპორტულ მაჩვენებლებზე) ლონდონში რამდენიმე სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვების შესაძლებლობა გვექნება. ღმერთმა ქნას, რომ ოქროც იყოს.

მომავალ წარმატებებს დღეს ეყრება საფუძველი. ამიტომ ვადევნებთ თვალყურს ყველა გაფაციცებით ჩვენი ჭაბუკებისა და ახალგაზრდების გამოსვლებს საერთაშორისო სარბიელზე. აგერ, ამ დღეებში ჭაბუკი ძიუდოისტები 16 მედლით დაბრუნდნენ ანთალიის საერთაშორისო ტურნირიდან. ფედერაცია და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები კოორდინირებულად მუშაობენ და შედეგიც სასურველია. ნამდვილად გაგვახარეს და იმედი ჩაგვისახეს ახალგაზრდა მოჭიდავეებმაც. რიგის საერთაშორისო ტურნირში ბერძნულ-რომაულ სტილში ჩვენება 2 ოქროს, სამი ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს; "თავისუფლებმა" 2-2 ოქრო-ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველობა.

ამასთან, ვეტერან მოჭიდავეებს სერიოზულად გვაშფოთებს ამ დღეებში მახაჩყალაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასზე ჩვენ ნაკრებში თავჩენილი უდისციპლინობა, რაც, იმედია, მკაცრი მსჯელობის საგანი გახდება ნაკრებშიც და ფედერაციაშიც.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად წლეულს ერთი სალიცენზიო ტურნირი ელოდებათ. 12-18 სექტემბერს ქ.ანკარაში მსოფლიო ჩემპიონატში 1-6 ადგილებზე გასულები მიიღებენ ლონდონის საგზურს. უახლოესი ღონისძიება კი ევროპის ჩემპიონატია ქ.დორტმუნდში, მაგრამ იქ ლიცენზიები არ გათამაშდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი, ასევე სხვა საერთაშორისო ტურნირები და სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი გამოავლენს ნაკრებში ჩვენ მოჭიდავეთა შესაძლებლობებს, რასაც გაისად სალიცენზიო ტურნირებამდე და უშუალოდ ოლიმპიადამდე უფრო სრულყოფენ.

მთავარია, ლიცენზიების მოპოვების გარდა თითოეულმა სპორტსმენმა მწვრთნელებთან ერთად ზუსტად განსაზღვროს ოლიმპიადის საშეჯიბრო დღეებში მზადყოფნის პიკი. ეს მეტად სერიოზული საკითხია. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, როდესაც სპორტსმენი ან ოლიმპიადამდე „გადაიწვება“ - შეჯიბრებამდე ადრე შედის საბრძოლო ფორმაში და აღარ შეუძლია ძალების მობილიზება მიზნის მისაღწევად, ან კიდევ გვიან შედის საბრძოლო ფორმაში და ისე ამთავრებს შეჯიბრებას. რა თქმა უნდა, ამას გამოთვლა-დაგეგმვა უნდა, ჩვენ მწვრთნელებს კი საკმაოდ აქვთ საამისო გამოცდილება, მოჭიდავეებსაც.

ღმერთმა ნუ ქნას, უმედლოდ დავრჩეთ ლონდონში.

გურამ საღარაძე

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა