გუშინ ბერძნულ-რომაული ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა
ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა გუშინ ბერძნულ-რომაული ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამაც დაასახელა. სამწუხაროდ, ტრავმებმა მას არც ამჯერად მისცა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების საშუალება, ევროპაზე კი ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ანტონ მამაგეიშვილი (66), მანუჩარ კვირკველია (74), მათე სოფაძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) იჭიდავებენ. კონტინენტის პირველობა 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გერმანულ დორტმუნდში გაიმართება.

ჩვენი ნაკრები დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის და საკონტროლო ორთაბრძოლებიც იქ გაიმართა. საევროპო გუნდის ძირითადი ბირთვი აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ტრავმების გამო ზოგიერთ წონაში საკადრო ცვლილებები იყო მოსალოდნელი და ამ შეხვედრების ჩატარებამდე მწვრთნელები შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობდნენ. დარჩიასთვის ბოლო დანაკლისი და სერიოზული საკადრო დარტყმაც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანწინდელი პრიზიორი (ოღონდ მაშინ 60-ში გამოდიოდა) არჩილ თურმანიძე (66) აღმოჩნდა. ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და მერე საერთაშორისო ტურნირებშიც კარგად გამოვიდა, მაგრამ წინა შეკრებაზე, მინსკში წასვლისას გაცივდა და ბელარუსში, პრაქტიკულად, ვერ ივარჯიშა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუნდში ქვეყნის მესამე პრიზიორმა მამაგეიშვილმა შეცვალა. მოსამზადებელი ეტაპი ურიგოდ თითქოს არც მას გაუვლია - ბულგარეთში მანაც და თურმანიძემაც საერთაშორისო ტურნირში იჭიდავეს და ორივე მესამეზე გავიდა. უბრალოდ, თურმანიძემ მანამდე საქართველოს პირველობაზეც აჯობა შედეგით და თურქეთშიც (სადაც მამაგეიშვილი არ გამოსულა) ნორმალურად იასპარეზა - მეხუთეზე გავიდა, რაც მთელ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ცუდია, თურმანიძე ასეთ საჭირო მომენტში რომ გახდა ავად. ამით ოფიციალურ შეჯიბრებებზე დებიუტიც სასექტემბროდ გადაედო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს (ცხადია, თუ მოიპოვებს იქ წასვლის უფლებას).

თურმანიძე დარჩიას ბოლო დანაკლისია. დეკემბერში კი საქართველოს ჩემპიონატზე ტვინის შერყევა მიიღო და დღემდე ვერ გამომჯობინდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი

მანუჩარ ცხადაია (66); მძიმეწონოსან ჩემპიონ გურამ ფერსელიძეს ექიმებმა გულის გამო დატვირთვები აუკრძალეს; მოგვიანებით ფეხი იტკინა ლაშხმა, მინსკში კი ასევე სამედიცინო გამოკვლევამ წითელი შუქი საქართველოს ჩემპიონ ვლადიმერ გეგეშიძესაც (84) აუნთო... აქ ყურადღება იმათზე შევაჩერეთ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე წასვლის უმთავრესი კანდიდატები იყვნენ და უშუალოდ ამ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში დაშავდნენ, თორემ ლაზარეთში უკვე იყვნენ ფეხმტკივანი ჯაბიძე, კვირკველია, რამაზ ნოზაძე (96) და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანი, რომლებიც მთლად პირველ ნომრებად თუ არ განიხილებოდნენ, კონკურენციის შესაქმნელად და ლიდერთა სასპარინგოდ მნიშვნელოვანი ფონის შექმნა შეეძლოთ.

ჯაბიძემ მაინც მოახერხა გამოჯანმრთელება და ნაკრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. ლაშხმაც მოირჩინა ფეხი და რაკი საქართველოს ჩემპიონია, გუნდშიც დადგა. ფერსელიძე ჯავახიშვილმა შეცვალა, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი შარშან ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე (IX ადგილი). ერთი შეხედვით, ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება მწვრთნელმა 84-ში მიიღო, სადაც ქვეყნის მესამე პრიზიორი სოფაძე მიჰყავს და არა ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე. საქმე ისაა, რომ ჩაკვეტაძე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ემზადება, თუმცა ამ წონაში ქვეყნის პირველობის მედალოსნები სულ ახალგაზრდები გახდნენ. ამდენად, სოფაძე დარჩიას გუნდის ერთადერთი დებიუტანტია, ნაკრებში კი ბაღდათელთა მეორე ფალავანია ჯაბიძის შემდეგ.

მისასალმებელია ამ, ერთი შეხედვით, არც ისე ძლიერი საჭიდაო ცენტრის ასეთი წარმატება, როცა 7 კაციდან 2 იქაურია. არადა, ჯაბიძის გამოჩენამდე ამჟამად ინდოეთის ნაკრების თავკაც ემზარ მახარაძის შემდეგ იქაურებს ეროვნულ გუნდში წარმომადგენელი არ ჰყოლიათ.

დარჩიამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებს გვერდი მხოლოდ 84-ში როდი აუარა - ასე მოიქცა მძიმესა და 66-შიც. ეტყობა, აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს და შანსს აძლევს მათ, თორემ ორივეგან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები ძველი ლიდერები ირაკლი ჭოჭუა (66) და რევაზ ჭელიძე (120) გახდნენ.

გუნდში ცოტა მოულოდნელი იყო კვირკველიას გამოჩენა - მან საქართველოს პირველობაც გამოტოვა და მერე საფრანგეთშიც წააგო საერთაშორისო ტურნირზე. თუმცა სერიოზულად მოეკიდა სამუშაოს და მწვრთნელთა მოწონება ჯერ კიდევ მინსკის შეკრებაზე დაიმსახურა. დორტმუნდში წარმატებით ჭიდაობის შემთხვევაში მას შანსი ეძლევა, ერთბაშად ჩამოირეცხოს პოსტპეკინური პერიოდის ყველა მარცხი.

ვფიქრობთ, გულშემატკივარს ნოზაძის ამბავიც აინტერესებს - ის ვარჯიშობს, ტრავმებიც მოირჩინა და ზაფხულში გასამართი გივი კარტოზიას სახელობის ტურნირისთვის ემზადება.

ბერძენ-რომაელები დუშეთში 30 მარტამდე დარჩებიან, 31-ში კი გერმანიაში გაფრინდებიან. 26-ში დუშეთშივე დაამთავრებენ შეკრებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ისინი გერმანიაში 28-ში, გაემგზავრებიან. გუშინ მოჭიდავეები სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმაც მოინახულა მოადგილეებთან ერთად და ფალავნები მნიშვნელოვანი სტარტის წინ გაამხნევა.

ევროპის ჩემპიონატში ჯერ "თავისუფლები" ჩაებმებიან - 29-30 მარტს იჭიდავებენ. შემადგენლობა ასეთია: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120). ბერძენ-რომაელთა შეჯიბრება 2-3 აპრილს გაიმართება.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა