გელა სანაია ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე, მის მომავალსა და სხვა თემებზე საუბრობს
გელა სანაია უახლოეს პერიოდში უკრაინაში პროფ-სამწვრთნელო ლიცენზიის გასახანგრძლივებლად გაემგზავრება.

ამ თემას ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე, მის მომავალსა და სხვა თემებზე ლაპარაკი მოჰყვა:

- პროლიცენზია უნივერსიტეტის დიპლომივით არ არის, ერთხელ რომ მიიღო და მთელი ცხოვრება გქონდეს. მისი მფლობელები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ვალდებულები ვართ, ცოდნის "რეფრეში", ანუ განახლების კურსები გავიაროთ. ეს უეფას მიერ დაწესებული ნორმაა, რათა მწვრთნელები გავეცნოთ ბოლო ტენდენციებს. ფეხბურთი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მწვრთნელმა მას ფეხი თუ არ აუწყო, სამი წლის წინანდელი ცოდნა ვეღარ გამოადგება.

- ყველგან?

- ფარერებია ამის მაგალითი. ვისაც არ ეზარებოდა, მათ გუნდებსა და ნაკრებებს ყველა უგებდა, ახლა კი ჯგუფში ორი თამაში მოიგეს.

- ყველაზე კარგი მაგალითი მაინც ისლანდიაა. 330-ათასიანმა ქვეყანამ იმდენი მოახერხა, ფეხბურთი განავითარა, ამით ალკოჰოლიზმის სენსაც შეებრძოლა და ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. პლუს, ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანა, რასაც ვერაფერი გადაწონის. ამას დიდი ჭკუა უნდა?

- გეთანხმებით, მაგრამ ისლანდიელებს ველოსიპედი არ გამოუგონებიათ. ყველგან, სადაც ფეხბურთი განვითარდა თუ უმაღლეს დონეზე ავიდა, საგანგებოდ დაწერეს მისი განვითარების პროგრამა.

- ისლანდიელების მწვრთნელმა საინტერესო რამ თქვა: ჩვენ საკუთარ სტილს მივაგენით, გერმანელებისა და ესპანელებისთვის რომ მიგვებაძა, სასაცილოები გავხდებოდითო...

- სწორედ ასეთი მიდგომა მომწონს. წინასწარ აკვიატებული და კოპირებული თეორიები შედეგს ვერ მოიტანს. ყოველთვის უნდა გაითვალისწინო შენი მენტალიტეტი და საკუთარი ააშენო.

ესპანური და გერმანული ფეხბურთი რომ მოწინავეა და მათგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, ამაზე ვინ კამათობს, მაგრამ კოპირება მართლა სასაცილოა.

- საკუთარი სახე ქართულ ფეხბურთსაც ჰქონდა, მაგრამ დაკარგა და ახლა ღამურას დავემსგავსეთ - ხან ესპანური სტილი მოგვწონს, ხან გერმანული... ასე კი საკუთარს უფრო და უფრო ვშორდებით...

- სწორედ ამ სახეს უნდა მივაგნოთ, დღევანდელ ფეხბურთში ჩვენი ადგილი რომ დავიმკვიდროთ. კარგად უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.

ისლანდიურ ფეხბურთში კი მათი გენები და ხასიათი კარგად იგრძნობა.

- და ჩვენ საით მივდივართ?

- ვიცით, საიდან მოვდივართ, მაგრამ არ ვიცით, საით მივდივართ. ახლა სწორედ ამის ძიებაში ვართ. მხოლოდ თვითდაჯერებული იტყვის, რომ პროგრესი გვაქვს. ფაქტია, ბოლო 25 წელიწადში ჩვენი ფეხბურთის დონე საგრძნობლად დაეცა. ეს საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო შეხვედრებში გამოჩნდა და რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

- გვინდა თუ არა, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ფეხბურთი უკვე უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდას აჩენს...

- ჩვენ ამის არც უფლება გვაქვს და, ისტორიიდან გამომდინარე, არც - საფუძველი. ასეთი მიდგომა რომ ჰქონოდათ ისლანდიაში, მაშინ ფეხბურთს აღარ დააფინანსებდნენ და დღეს ნაკრები საერთოდ აღარ ეყოლებოდათ.

რომელი გრანდები იყვნენ? არ გახსოვთ, ათასში ერთხელ თუ მოიგებდნენ?! რა ექნათ, ფეხბურთი უნდა მოეკლათ? იმ პერიოდში ისლანდიელებსაც შერცხვებოდათ საფეხბურთო ნაკრების თუ კლუბების გამო და ბევრი იტყოდა - ჯობია, ისევ ხელბურთს მივხედოთო. მაგრამ მიწის მიყრა გამოსავალი არ არის და ისლანდია იმის მაგალითიც არის, თუ რამხელა შედეგის მიღწევა შეიძლება სწორი მუშაობით.

საქართველოში ვის აუკრძალავ ფეხბურთის სიყვარულს და თამაშს - ბავშვებს, ეზოში ბურთს უდიდესი სიყვარულით რომ აგორებენ თუ რაიონში ხალხს, ვინც კვირიდან კვირამდე თამაშს ელის?!

ეს თბილისშია ეროვნული ჩემპიონატის მიმართ ნაკლები ინტერესი, თორემ რაიონებში ხალხს ფეხბურთი მაინც აინტერესებს. ამას როგორ აკრძალავ და მოსპობ?! ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ და რა გენის მატარებლები ვართ. ეს არის სწორედ გასაცნობიერებელი, როცა დღევანდელ მძიმე ყოფაზე ვწუწუნებთ.

- შარშან ითქვა, რომ საქართველოში საფეხბურთო სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობა იწყებოდა. გასაგებია, რომ რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ ასეთი რთული მოსაფიქრებელია?

- ბუნებრივია, რადგან ეს პროგრამა მხოლოდ საფეხბურთო დონეზე ვერ დაიწერება. მას მეცნიერული ცოდნა სჭირდება. გერმანელები ყველაზე გონივრულად მოიქცნენ. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ამის მიუხედავად, აღიარეს, რომ ფეხბურთის საქმე ცუდად მისდიოდათ - ძველებურად ვარსკვლავებს ვეღარ ვზრდითო.

შემდეგ კი დაწერეს პროგრამა, რომელიც გერმანიაში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოიყენეს და ფეხბურთის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცეს. იგივე მოხდა ბელგიაშიც, ისლანდიაში კი საკუთარი რესურსის მაქსიმუმის გამოყენება გადაწყვიტეს.

ანუ ამ პროგრამის დაწერა შეუძლებელი არ არის. ისეთი დრო დაგვიდგა, ვისაც შეუძლია, მკლავები უნდა დაიკაპიწოს და ქართული ფეხბურთის მომავალზე იმუშაოს.

- თქვენ გჯერათ, რომ ასეთ ნიჰილისტურ გარემოში შედეგის მიღწევა შესაძლებელია?

- ფეხბურთი მწვანილი არ არის, ნაყოფი ორ-სამ თვეში მოგცეს, მას ხანგრძლივი შრომა და გრძელვადიანი პროგრამა სჭირდება, 10-წლიანი მოლოდინი მაინც. ამხელა მოთმინების უნარი თუ გამოვავლინეთ, მაშინ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი განვითარდება. ოღონდ ვიმეორებ - ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. წინსვლა რომ შესაძლებელია, ამაში დარწმუნებული ვარ.

- ყველაფერი ისედაც ნულიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ძველი სისტემა მოიშალა, ახალი არ არსებობს, სტადიონები და ინფრასტრუქტურა განადგურებულია, საკუთარი ბაზა და საფეხბურთო სკოლა კი მხოლოდ ოთხ კლუბს აქვს...

- მშენებლობა საფუძვლიდან იწყება და, ჩემი აზრით, ახალი ქართული ფეხბურთის ათვლის წერტილიც ფეხბურთის მასობრიობა უნდა გახდეს.

- ეს პროცესი დაწყებულია...

- სწორედ ამას ვგულისხმობდი. ფეხბურთი ჯერაც პოპულარულია ჩვენთან, მაგრამ ძველი სიყვარული უნდა დაიბრუნოს, ბავშვებმა ფეხბურთზე ძველებურად უფასოდ უნდა იარონ, რომ გადასახადი, ფორმები და ტრანსპორტირება ოჯახს ტვირთად არ დააწვეს და ასე შემდეგ.

შემდეგი ნაბიჯი იქნება, რა მიმართულებით გავზარდოთ ბავშვები. ათვლის წერტილი ასე წარმომიდგენია, თორემ ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია