კლოზეს რიგი დაუდგა, კოენტრაუს თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ბუტი კი კარიერას ამთავრებს და ბაიერნს ნოიერის ყიდვას ურჩევს

მიუნხენის „ბაიერნში“ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი და გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა. გაურკვეველია მიროსლავ კლოზეს მომავალი, რომელსაც „ტოტენჰემი“, „იუვენტუსი“ და „ბენფიკა“ ეპატიჟებიან. ამასობაში, ჩვენი პორტუგალიელი კოლეგების ცნობით, მიუნხენური გრანდის შეფებმა „ბენფიკასთან“ ფაბიო კოენტრაუს თაობაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. რეკორდმაისტერში ჟერომ ბოატენგზეც ფიქრობენ და არტურო ვიდალზეც. ჰანს-იორგ ბუტმა კი კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

კლოზეს რიგი დაუდგა: ტოტენჰემი, იუვენტუსი, ბენფიკა

„ლელოს“ მკითხველებისთვის ცნობილია, რომ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს სეზონის ბოლოს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი უმთავრდება და ჯერაც გაურკვეველია, დარჩება თუ არა 32 წლის ფორვარდი რეკორდმაისტერში. „ბაიერნში“ მწვრთნელი იცვლება, ლუის ვან გაალი ზაფხულში წავა და გუნდს იუპ ჰაინკესი მიხედავს, რომელმაც კლოზეს ბედი უნდა გადაწყვიტოს – მიროს მიუნხენში დარჩენა უნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშის გარანტიას ითხოვს. მოგეხსენებათ, ვან გაალი მას სათადარიგოთა სკამს ახეხინებს.

კლოზეს „ბაიერნში“ არ ათამაშებენ, გერმანიის ნაკრებში კი მუდმივად ასპარეზობს. თებერვალში მან იტალიის ნაკრებს გაუტანა გოლი (1:1), ახლა კი, გასულ შაბათს, ყაზახეთს დუბლი შეუსრულა, რის შემდეგაც ბუნდესგუნდის მაისურით 61 გოლი დაუგროვდა და გერდ მიულერის რეკორდამდე მხოლოდ შვიდი გოლიღა აკლია. შესაბამისად, კლოზეს მთხოვნელები გამოუჩნდნენ, რაც ნაკრებში გატანილი გოლების გარდა იმის დამსახურებაცაა, რომ თუ „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მირო ზაფხულში უფასო იქნება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კლოზესთვის ბრძოლაში აქტიურად სამი კლუბი ჩაერთო. პირველი ლისაბონის „ბენფიკაა“ – პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც ახლა მეორე ადგილზეა. მეორეა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი, ინგლისური „ტოტენჰემი“, ხოლო მესამე კრიზისში მყოფი იტალიური გრანდი „იუვენტუსი“, რომელიც დღეისათვის სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა. ცნობილია ისიც, რომ კლოზეთი ორი გერმანული კლუბია დაინტერესებული: ჩემპიონობისთვის გამზადებული დორტმუნდის „ბორუსია“ და „ჰოფენჰაიმი“.

„ბილდის“ ინფორმაციით, თუ „ბაიერნის“ მომავალი მწვრთნელი ჰაინკესი გადაწყვეტს, რომ კლოზე არ სჭირდება, მირო გერმანიას დატოვებს. ცნობილია, რომ თუ „ბაიერნიდან“ წავა, კლოზეს სხვა გერმანულ კლუბში გადასვლას, კარიერის უცხოეთში გაგრძელება ურჩევნია.

კოენტრაუ ბაიერნს მიუახლოვდა

პორტუგალიური სპორტული გაზეთის, Ojogo-ს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საკმაოდ წინ წაიწიეს. ამჯერად, საქმე არა კლოზეს, არამედ „ბენფიკას“ და პორტუგალიის ნაკრების უნიჭიერეს მარცხენა მცველ ფაბიო კოენტრაუს ეხება, რომლის გადაბირება მიუნხენელებს ძალიან უნდათ. 23 წლის კოენტრაუს ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, რის გამოც მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდება. „ბილდის“ ცნობით, „ბენფიკა“ 25 მილიონ ევროს ითხოვს და „ბაიერნიც“ მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს.

ჟერომ ბოატენგი დაცვის ცენტრისთვის?

კოენტრაუ რეკორდმაისტერს ნაღდად ძალიან გააძლიერებდა, მაგრამ მიუნხენური კლუბის უმთავრესი საზრუნავი მომავალი სეზონისთვის მაინც დაცვის ცენტრის გაძლიერებაა. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიუნხენელები ზაფხულში მინიმუმ ერთი ახალი, მაღალი კლასის ცენტრალური უკანახაზელის ყიდვას გეგმავენ. „კიკერი“ წერს, რომ ბავარიელებს გერმანიის ნაკრების მცველ ჟერომ ბოატენგის გადაბირება უნდათ, რომელმაც მიუნხენურ გრანდში ბრაზილიელი ბრენოს ადგილი უნდა დაიკავოს. მართალია, 22 წლის ბოატენგს ნაკრებშიც და „მანჩესტერ სიტიშიც“ უმეტესად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშებენ, მაგრამ თვითონ დაცვის ცენტრში ასპარეზობა ურჩევნია, რასაც არასდროს მალავს. ცნობილია, რომ საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში, მანჩესტერელები ბოატენგს სიამოვნებით დათმობენ. „კიკერი“ იმასაც წერს, რომ ჟერომ ბოატენგის გარდა, „ბაიერნს“ „შალკეს“ პერსპექტიული მცველი ბენედიქტ ჰიოვედესიც აინტერესებს.

ვიდალი: ბაიერნი საინტერესოა!

„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა კი თქვა, ჰაინკესი მიუნხენში ვერცერთ ლევერკუზენელ ფეხბურთელს ვერ წაიყვანსო, მაგრამ დიდი შანსია, რომ მისი სიტყვები არ გამართლდეს. ცნობილია, რომ რეკორდმაისტერს „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი აინტერესებს.

„ბაიერნი“ დიდი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს. გერმანიაში რომ დავბრუნდები, ამ თემით სერიოზულად დავინტერესდები და თუ მიუნხენური კლუბის შეფებს ჩემი ყიდვა მართლაც უნდათ, მათთან მოლაპარაკებებს სიამოვნებით დავთანხმდები,“ - ეს ვიდალის სიტყვებია, რაც მან მშობლიურ სპორტულ გაზეთ „ლა კუარტას“ უთხრა.

ბუტი მიდის და ბაიერნს ნოიერს ურჩევს

მორჩა: „ბაიერნის“ ვეტერანმა მეკარემ, ჰანს-იორგ ბუტმა ზაფხულში კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და ისიც ცნობილია, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, ბუტი რეკორდმაისტერში ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორად იმუშავებს. „მოვიდა დრო, რომ კარიერა დავამთავრო. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ „ბაიერნში“ დავრჩები და ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორის პოსტზე ვიმუშავებ,“ - უთხრა 36 წლის ბუტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ხსენებულ პოსტზე ბუტი ვერნერ კერთს შეცვლის, რომელმაც ამ თანამდებობაზე 17 წელი იმუშავა, ახლა კი პენსიაში მიდის.

ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, გაუგრძელებენ თუ არა მიუნხენელები კონტრაქტს თომას კრაფტს, რომელიც იანვრიდან რეკორდმაისტერის კარს იცავს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. როგორც იცით, მიუნხენური გრანდის შეფები ჯერ კიდევ ფიქრობენ „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერის ყიდვაზე და ამიტომაც აჯანჯლებენ კრაფტთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. „ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნი“ „შალკესთვის“ ფულთან ერთად, კრაფტის შეთავაზებასაც აპირებს. ცნობილია, რომ ბავარიული კლუბის ფანებს ნოიერი გულზე არ ეხატებათ და გუნდში კრაფტის დატოვებას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი რუმენიგე მანუელის ყიდვაზე მაინც სერიოზულად ფიქრობენ. ბუტი „ბაიერნს“ სწორედ ნოიერის ყიდვას ურჩევს - კრაფტი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ უმჯობესია, ნოიერი იყიდოთო...

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა