დღეს რეალს რაული დაემშვიდობება

"მადლობა გუტი" - იტყობინება "რეალის" ოფიციალური საიტი, "სამეფო კლუბი" ფეხბურთელს ემშვიდობება, რომელმაც 24 წელიწადი (!) გაატარა იქ. შაბათს 33 წლის ხოსე მარია გუტიერესმა, უბრალოდ გუტიმ პრესკონფერენცია მოაწყო და თურქულ "ბეშიქთაშში" ვალმოხდილი წავიდა.

კლასი - ასე შეიძლება ყველაზე მოკლედ და ზუსტად გუტის შეფასება. ფეხბურთელი, რომელიც მოედანს რაღაც უხილავი განზომილებით ხედავს, ის ამჩნევს მეტოქის დაცვის უმნიშვნელო ღრიჭოსაც კი და აკეთებს გასაოცარ პასს. ასეთი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან, გუტი ყოველთვის ასწრებს მეტოქეს... საფეხბურთო აზროვნებაში. ის უნივერსალია, თამაში შეუძლია ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე და შეტევაშიც (2000/01 წლების სეზონში მან 14 გოლი გაიტანა). "სამეფო კლუბში" გატარებული კარიერის განმავლობაში ის ბევრს შეუქია, მათ შორის "რეალის" 14-ივე მწვრთნელს (გუტიმ "რეალში" ზუსტად 14 დამრიგებელი გამოიცვალა).

"მე, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა სხვაგან გავაგრძელო და იქ დავასრულო, მაგრამ ჩემი გული აქ დარჩება სამუდამოდ, "რეალთან" - განაცხადა გუტიმ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციის დაწყებამდე გუტი "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა, რომელმაც ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა კლუბისადმი გაწეული ღვაწლისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა. შემდეგ გუტი კლუბის გენერალურ დირექტორ ხორხე ვალდანოსთან ერთად მედიას წარუდგა: "ყველას, ყველას დიდი მადლობა. "რეალი" ჩემი ცხოვრების ნაწილია სამუდამოდ, ეს კლუბი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება და როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მსურს ისევ სახლში დავბრუნდე. დიდი მადლობა კლუბს, სადაც 24 წელი გავატარე და გავიზარდე არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. ცხოვრების ნახევარი აქ მაქვს გატარებული, რადგან ეს ჩემი ოჯახია. მე აქ დაუვიწყარი და ძნელი მომენტები მქონდა, თუმცა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 24 წელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი ვიყავი. "რეალს" განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს, მე ყოველთვის ვგრძნობდი უხილავ თუ ხილულ კავშირს მათთან. ვიცი, რომ "მადრიდიზმოსაც" ვუყვარვარ. თუკი ისინი მომავალშიც მინატრებენ, ესე იგი კარიერა ტყუილად არ გამიტარებია აქ. მე აქ დაუვიწყარი დრო გავატარე, მაგრამ ყველაფერი მთავრდება და ჩემი წასვლის დროც მოვიდა, დროა თავის გამოჩენა უფრო ახალგაზრდებმა შეძლონ. მათ გზა უნდა დავუთმოთ და თავის გამოჩენის შანსი. მინდა, რომ ხალხმა დამიმახსოვროს ჩემი პასების გამო და იმისთვის, რომ ნამდვილი "მადრიდისტა" ვიყავი, ბოლომდე ვიბრძოდი "რეალის" კეთილდღეობისათვის. ყოველთვის მსურდა "რეალში" თამაში და ალბათ რამდენიმე ათეულჯერ ვთქვი უარი საინტერესო წინადადებაზე. კლუბში ყველაზე ახლოს რაულთან და ალვარო ბენიტოსთან ვიყავი, რომლებიც ჩემსავით ადგილობრივი აკადემიის აღზრდილები იყვნენ. გახარებული ვარ, რომ აკადემია გამართულად მუშაობს და ახალი რაულები და გუტები იზრდებიან".

ხორხე ვალდანო: "გუტი უნიკალური ადამიანია "რეალისათვის". ის 24 წელი იყო აქ, 15 - უმაღლეს დონეზე. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სიურპრიზის შემოთავაზება. გუტიმ კლუბს ბევრი ტიტული მოაპოვებინა - "რეალი" ამისთვის მადლიერია". "მარკა" იუწყება, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეივსება "ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზი, მშობლიურ კლუბს ამჯერად კიდევ ერთი ლეგენდა რაულ გონსალესი დაემშვიდობება...

ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი (გუტი) 1976 წელს დაიბადა ესპანეთის დედაქალაქის გარეუბან ტორეხონ დე არდოსში. 1984 წელს გუტიმ მადრიდის "რეალის" კანტერაში დაიწყო თამაში. თავიდან ის თავდამსხმელი იყო. 1995 წლის 2 დეკემბერს მისი დებიუტი შედგა "რეალის" ძირითად გუნდში. "რეალთან" ერთად მან ბევრი ტიტული მოიპოვა, მათ შორის ყველაზე ძვირფასი 3 ტრიუმფია ჩემპიონთა ლიგაში და ლა ლიგის 5 მოგება. ამის გარდა გუტიმ 4-ჯერ შემართა ესპანეთის სუპერ-თასი, ერთხელ კი - ევროპის, ორჯერ ფეხბურთელმა საკონტინენტთაშორისო თასი იზეიმა გუნდთან ერთად.

მაშ ასე, ინებეთ გუტის ხუთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მადრიდულ კარიერაში:

5. გოლი "სან მამესზე": "სან მამესს" ესპანური ფეხბურთის კათედრალს უწოდებენ, აქ ძალიან, ძალიან უჭირთ "ბილბაოს" მეტოქეებს. გულშემატკივარის გაჩუმება შეუძლებელია, მაგრამ გუტიმ ერთხელ ეს მოახერხა: ლამის საკუთარი კარიდან დაიწყო დრიბლინგი და ულამაზესი დარტყმით გადაუგდო ის მეტოქეს.

4. ცაცია "ვილიარეალის" წინააღმდეგ: აქ გუტიმ კარიერაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა, ცაციათი. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოლი იყო, რომ არა ის, რაც მანამდე მოხდა - გუტიმ ბურთი ჰაერში ისე საოცრად დაამუშავა, რომ მეტოქე გუნდის გულშემატკივარი მას ფეხზე წამოუდგა და ოვაციები გაუმართა.

3. "სევილიას" წინააღმდეგ: მაშინ "რეალს" ფაბიო კაპელო წვრთნიდა, გუტიმ 45-წუთიანი შოუ მოაწყო, ისეთი როგორიც მხოლოდ გენიოს ფეხბურთელს შეეფერება. მან თითო სუპერსაგოლე პასი გადააწოდა ვან ნისტელროისა და რობინიოს.

2. ჯადოქრობა "რიასორზე": ეს შარშანდელ სეზონში მოხდა, გუტის პასის აღწერას აზრი არა აქვს, ეს უნდა ნახოთ - მისი ქუსლურით გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა "დეპორტივოს" კარში.

1. დაუვიწყარი: კიდევ უფრო უკეთესი პასი გუტიმ ზინედინ ზიდანს გაუკეთა "სევილიასთან (4:2) მატჩში. ამ საოცარ პასს დღემდე ვერ ივიწყებს "სანტიაგო ბერნაბეუ"...

ლელო

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს