თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ხინჩეგაშვილმა (55) და მარსაგიშვილმა (84) ვერცხლის მედლები მოიპოვეს

გუშინ დორტმუნდში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ორი ვერცხლი მოიპოვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) და დავით მარსაგიშვილმა (84), თუმცა სწორედ ამ უკანასკნელის ფინალის გამო ეს ტურნირი დიდხანს დარჩება ჩვენი მღელვარების საგნად.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვერცხლის მედალი (ვიდეო)

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა (ვიდეო)

სპორტის ამ სახეობაში უნამუსობა აღარ გვიკვირს, მაგრამ რაც აქ მოხდა, იშვიათია - რუსთა ფალავან ანზორ ურიშევს იმდენად დაუმსახურებელი ქულა მისცეს, რუსულ საჭიდაო ფორუმებზე იქაურებმაც კი აღიარეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარსაგიშვილს გამარჯვება წაართვეს, როგორც ორი წლის წინ - ბერძენ-რომაელ მანუჩარ ცხადაიას (66). ასე შეინარჩუნა რუსთა ყაბარდოელმა ათლეტმა ურიშევმა შარშან მოპოვებული ტიტული, ჩვენ კი გაგვიჩნდა კითხვა - სანამდე შეიძლება მივიდეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდმოხელეთა უნამუსობა? არ გაგვიკვირდება, მსგავსი რამეებისთვის ჭიდაობა საერთოდ რომ ამოიღონ ოლიმპიადის პროგრამიდან, რაზეც წლების წინ კულუარებში მართლაც ლაპარაკობდნენ.

ცხადია, მომხდარი ძალიან ცუდია, მაგრამ შედეგების ვიწრო ჭრილს თუ თავს დავანებეთ და ჩემპიონატს უფრო გლობალურად განვიხილავთ, ბოლო წლების პესიმიზმი, რომელმაც ლამის წაგებულის სინდრომამდე მიგვიყვანა, თავისუფლად შეგვიძლია, ოპტიმიზმზე გადავცვალოთ. ამის საბაბს ახალი თაობის გამოსვლა გვაძლევს - გერმანიაში ჩვენმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა და სამივე ახალგაზრდების მონაგარია. ამ ორი ვერცხლის გარდა, გუშინწინ დავით ხუციშვილი (74) ბრინჯაოს დაეუფლა, ამ ტრიოდან კი აწ უკვე ევროპის ვიცე-ჩემპიონები ჯერ ისევ ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებიან და წლეულს იქაც უნდა იჭიდაონ.

როგორც იქნა, FILA-ამ გუშინწინდელი შეხვედრების ნახვის საშუალება გუშინ მოგვცა და რაც ხუციშვილს ვუყურეთ, კიდევ უფრო მოგვეწონა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მართებს, მაგრამ უდაოდ დახვეწილი ფალავანია, დაცვაში შეუდარებელი. იქნებ ჯერ ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სასწაული უნდა მოხდეს, ეს ტრიო ლონდონის ოლიმპიადაზე რომ ვერ მოხვდეს. გვჯერა, იქაც მხოლოდ მონაწილეობისთვის არ წავლენ. მოკლედ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც იჭიდავა და, როგორც ეტყობა, ის გამოცდილება ძალიანაც წაადგა - ამჯერად შეუდარებლად უკეთ გაისარჯა. მან იჭიდავა მისთვის ჩვეულ შემტევ, თვალსასეირო სტილში, ყველა შეხვედრაში ბლომად აგროვა ქულები ანუ შედეგისა და ესთეტიკის შეხამება მოახერხა, რითაც მაყურებელს თვალსასეირო სანახაობა შესთავაზა. 19 წლის გორელი ათლეტი პირველ წრეში ისვენებდა და ამიტომ ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა გამოუვიდა. ამათგან პირველი სამი ძირითად დროში მოიგო, ორი კი ქულათა ძალიან დიდი უპირატესობით. პირდაპირ გაანადგურა მეტოქეები - ალბანელ ფლორიან რეხას ჯამში 14:0 მოუგო ანუ ორივე პერიოდში სუფთად აჯობა, შვეიცარიელი ურს ვილდი კი 4:0; 6:0 დაამარცხა. ამით ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკვე ბევრად ძლიერი მეტოქე ელოდა - აზერბაიჯანელთა მოქმედი ევროპის ჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი.

შეგახსენებთ, რომ მას ზუსტად ტურნირის დაწყების წინა დღეს - 28 მარტს დაუმთავრდა დისკვალიფიკაცია, რაც შარშანვე, კონტინენტის პირველობის მოგების შემდეგ მისცეს აზერბაიჯანში რუსთაგან უნებართვოდ გადასვლის გამო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამჯერად ნახევარფინალამდე უფრო ძნელი გზა ამ ავარელმა გაიარა - სხვებთან ერთად, ახალგაზრდებში თურქი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი აჰმედ პეკერი და ასევე ახალგაზრდებში ევროპის უკრაინელი ვიცე-ჩემპიონი ნიკოლა აივაზიანიც დაამარცხა. მოლოდინისამებრ, ჩვენებურს მასთან გაუჭირდა, თუმცა მძიმე ბრძოლაში მაინც იმარჯვა - 1:1; 2:1.

აი, ფინალში რუსთა ჩეჩენი ევროპის ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. აქ ჩვენებურმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც ფრედ დამთავრდა - 2:2, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით წარმატებად მაინც ჩეჩენს ჩაეთვალა. მეორეში ხინჩეგაშვილი ვერაფერს გახდა და 2:8 დათმო. ამდენად, ქართველი ფალავანი ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა ეს მისთვის მაინც დიდი წარმატებაა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მზარდია და ეჭვიც არ გვეპარება, მთავარი ჯილდოები წინ ელოდება. მათ შორის - ლონდონის ოლიმპიადაზეც. ახლა მისთვის მთავარი საზრუნავი სწორედ სალიცენზიო შეჯიბრება - შემოდგომაზე სტამბოლში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ყოველ წონაში ექვს-ექვსი ლიცენზია გაიცემა.

მისთვის ჩვეულ შემტევ სტილს არც მარსაგიშვილმა უღალატა და ესთეტიკა-შედეგის შეზავებაზე ხინჩეგაშვილთან დაკავშირებით ზემოთქმული მასაც თავისუფლად მიესადაგება. ფინალამდე მან ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა დამაჯერებლად მოიგო - მაკედონიელ დეიან ბოგდანოვთან, თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან, შვეიცარიელ მარკო ლუკას რისენთან და ნახევარფინალში რუმინელ პიოტრ იანულოვთან. ამათგან ყველა ორთაბრძოლაში ორივე თუ არა, ერთი პერიოდი მაინც მოიგო დიდი უპირატესობით - 4,5,6 ქულით. შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა - ამ ოთხ მეტოქეს 25 ქულა აართვა, თავად კი მხოლოდ ორი დაკარგა!

ფინალში ჩვენებურმა პირველ პერიოდში საგრძნობლად დაჯაბნა მეტოქე - 4:1 მოუგო, მეორე კი 0:1 დათმო და დადგა ავბედითი დამატებითი დრო. მარსაგიშვილი იქაც 3:1-ს იგებდა, ცოდვის კალო კი ბოლო 8 წამში დატრიალდა - ურიშევმა ჯერ 1-ქულიანი შესვლა გააკეთა, ზედ ბოლო წამზე კი კიდევ ერთი ქულა მიითვალა. თუმცა ამითაც კი ჩემპიონი ჩვენებური ხდებოდა - ანგარიში გათანაბრდა და 3:3 გახდა, მაგრამ რადგან მარსაგიშვილს სამქულიანი გდება ჰქონდა, პერიოდსაც იგებდა. ყველაფერი თითქოს დღესავით ნათელი იყო - ჩვენი ნაკრების თავკაცი ზაზა თურმანიძე და მარსაგიშვილის პირადი მწვრთნელი დავით ხურცია ლეიბზე შეუვარდნენ შეგირდს, მსაჯი კი ხელის აწევის რიტუალისთვის ამზადებდა ფალავნებს, როცა რუსებმა გააპროტესტეს, სამსაჯო კომისიამაც დააკმაყოფილა მათი პრეტენზია და ურიშევს ბოლო ილეთი 2-ქულიანად გადაუკეთეს, რითაც ანგარიში 4:3 გახდა მის სასარგებლოდ.

ჩვენმა მწვრთნელებმა ბევრი კი იყვირეს, მაგრამ FILA მსგავს შემთხვევებში შეუვალია. ცხადია, მომხდარი ძალზე ცუდია, თუმცა ახლა ამას არაფერი ეშველება და ისევ იმ ხარვეზებზე მივუთითოთ, რამაც მარსაგიშვილი დააღალატა. ესაა სუნთქვა და ფიზიკური მომზადება - მისი მუდმივი მტრები. დამატებით დროში საგრძნობლად დაიღალა და ურიშევს ამიტომ დაუთმო მთელი ინიციატივა. ამ ხარვეზის გამოსწორების გარეშე იქნებ მეტოქეს კი მოუგოს, მაგრამ მსაჯებსა დ FILA-ს მაღალჩინოსნებს ვერ მოერევა. ეს პრობლემა მისთვის არახალია.

გუშინ კიდევ ორმა ჩვენებურმა იასპარეზა - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა კობა კაკალაძემ (66) და ევროპის ექს-ჩემპიონმა დავით მოძმანაშვილმა (120). მათ ორი ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ბოლომდე საბრძოლველად ძალა არ ეყოთ და არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცათ. ამათგან მოძმანაშვილის გამოსვლას გამოვარჩევთ - მეორე წრეში რუსთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ბახტიარ ახმედოვი დაამარცხა.

აი, ამის შემდეგ აზერბაიჯანელ ჯამალედინ მაგომედოვთან წააგო, რომელიც კარგად გვახსოვს თბილისში 2009 წელს გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან - მაშინ 96 კილოგრამში გაიმარჯვა. ის საბოლოოდ მესამეზე კი გავიდა, მაგრამ ვფიქრობთ, მოძმანაშვილს ახმედოვთან გამარჯვების შემდეგ მისი დამარცხებაც მართებდა. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ ჩვენებური მოუმატებს და ამასაც შეძლებს. მთავარია, მან ირწმუნა, რომ დოპინგის გარეშეც შეუძლია შედეგების მოპოვება.

დღეს და ხვალ დორტმუნდში ქალები იჭიდავებენ, 2-3 აპრილს კი ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

55 კგ. 1. ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი), 2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო), 3. მაჰმუდ მაგომედოვი (აზერბაიჯანი), ულადისლაუ ანდრეიეუ (ბელარუსი).

66 კგ. 1. ჯაბრაილ ჰასანოვი (Aზერბაიჯანი), 2. ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი), 3. ადამ ბატიროვი (რუსეთი), საბა არაშ ჯავად ბოლაგი (გერმანია).

84 კგ. 1. ანზორ ურიშევი (რუსეთი), 2. დავით მარსაგიშვილი (საქართველო), 3. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი), გეორგიტა სტეფანი (რუმინეთი).

120 კგ. 1. ფატიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი), 2. ალექსეი შემაროვი (ბელარუსი), 3. ჯამალედინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი), დანიელ ლიგეტი (უნგრეთი).

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!