ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ჩვენი ფალავნები და მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს
გერმანიიდან ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებიც დაბრუნდა, რომელიც იქ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა. მონაგარი ერთი მედალია, თუმცა ოქროსი - ის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა მოიპოვა.

ამით გუნდმა უჩემპიონობის სამწლიანი ხანა დაასრულა - კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ბერძენ-როამელებმა ბოლოს 2007 წელს გაიმარჯვეს, რაც იმხანად ჯერ კიდევ მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (74) და წინა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ნოზაძემ (96) შეძლეს. ჩვენ ფედერაციას, ეროვნულ ნაკრებთა დონეზე ბოლო ევროპული ოქრო თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე გიორგი გოგშელიძემ (96) მოუტანა 2008 წელს.

გუშინ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მედალოსნები, მწვრთნელები და ნაკრებთა ხელმძღვანელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. შეხვედრას მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდნენ. გეწაძე გერმანიაშიც იმყოფებოდა კონტინენტის პირველობაზე და პირველი სიტყვაც მან თქვა.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება. ბოლო წლებში გარკვეული სირთულეები იყო ფედერაციაშიც და გუნდებშიც, რადგან მოდიოდა ახალი თაობა და გვინდოდა, ისინი კარგად შერწყმოდნენ ეროვნულ ნაკრებს. ჩვენი მთავარი მიზანი ოლიმპიადაა და გვინდოდა, მთავარი გუნდები მანამდე შევსებულიყვნენ, ჩანაცვლება კანონზომიერად მომხდარიყო.

დღევანდელი შედეგი გვაძლევს იმის იმედს, რომ მსოფლიოს მომავალ პირველობაზეც კარგად გამოვალთ და ოლიმპიადაზეც. მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ ლიცენზიები თამაშდება. ოლიმპიადამდე კიდევ რჩება დრო საიმისოდ, რომ ამ ბიჭებმაც უფრო გაიმყარონ პოზიციები და სხვა პერსპექტიულმა ფალავნებმაც შეძლონ წარმატებით გამოსვლა.

ჩვენი დევიზი იყო "ლონდონში უკეთ, ვიდრე - პეკინში", რისი განხორციელებაც ძნელი იქნება, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით. წინა მაჩვენებლის გაუარესება არ გვინდა არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად.

ეს შედეგი ბიჭების მაქსიმალურმა მონდომებამ, მწვრთნელთა კორპუსის თავდაუზოგავმა შრომამ და სახელმწიფოს დიდმა დახმარებამ გამოიღო. მინდა, ბატონ მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი არ შეგვეშალოს და მომავალში კიდევ უფრო წარმატებით ვიასპარეზოთ. ეს არა მარტო ჩვენი ფედერაციის, არამედ

მთელი ქართული სპორტის წარმატებაა" - აღნიშნა გეწაძემ.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ამ წარმატებას. სპორტის სხვა სახეობების გასაგონად მინდა აღვნიშნო, რამ განაპირობა ასეთი შედეგი, თუმცა ჯერ იმას გეტყვით, რომ ოლიმპიადის შემდეგ მსგავსი მიღწევა არ გვქონია. წლის დასაწყისში ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო არა დიდი შედეგები, არამედ ეროვნული ნაკრებების ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნებოდა ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლის პერსპექტივა, თუმცა ბიჭებისა და მწვრნელების მონდომებით ასეთ შედეგს მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედლის მოპოვება და ისიც სეზონის დასაწყისში კარგი შედეგია, რაც ფედერაციისა და მწვრთნელთა კორპუსის შეთანხმებულმა მუშაობამ განაპირობა.

სწორედ ეს მინდა განვაცხადო სხვა სპორტული ფედერაციების საყურადღებოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული თანამშრომლობა. გერმანიაში მოპოვებული წარმატება ჭიდაობის ფედერაციის სწორი მენეჯმენტის, მწვრთნელთა კორპუსისადმი სწორი მიდგომის და ამ კორპუსის გამართული მუშაობის შედეგია. სამწუხაროდ, ყველა ფედერაციაში ასე არაა. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა - მაგალითი აიღონ ჭიდაობის ფედერაციისგან, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ფედერაცია და მწვრთნელთა კორპუსი.

გერმანიაში მოპოვებული მედლები ქვეყნის წარმატებაა, მადლობას კი, პირველ რიგში, მედალოსანთა მწვრთნელებს გადავუხდი. ეს ის ხალხია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა სპორტსმენებმა შედეგებს მიაღწიონ.

შარშან ძალიან კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ ახალგაზრდულ გუნდებს და მისასალმებელია, რომ მათ წარმატებული გამოსვლა წლეულსაც გააგრძელებს უკვე ეროვნულ ნაკრებში. სპორტსმენების შრომას სახელმწიფოც დააფასებს და ყველა პირობას შევუქმნით, რათა მომავალშიც მაღალი შედეგები აჩვენონ. სახელმწიფო მათ პრემიებით დააჯილდოებს, რაც ელემენტარული ყურადღება და მათი გარჯის დაფასება იქნება. მით უფრო, ამ ასაკში ეს უფრო მეტად სტიმულია, რათა მეტი იშრომონ და მეტს მიაღწიონ. რევაზ ლაშხი პრემიად 20 ათას დოლარის ექვივალენტს მიიღებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მარსაგიშვილი - 15-15 ათასს, ხოლო დავით ხუციშვილი - 10 ათასი დოლარის შესაბამისს.

ეს მცირე დახმარებაა, რათა ბიჭებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ, მაგრამ გაძლევთ პირობას, შედეგებს თუ გააუმჯობესებთ, უფრო მეტს მიიღებთ. თქვენ გექნებათ ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადისთვის ნაყოფიერად მოემზადოთ. ასევე აღსანიშნავია ხელფასები - ის თქვენი შრომით და თავდადებით გაგიორმაგდებათ, რაც ასევე დამატებითი მოტივაცია იქნება. სახელმწიფო დააფინანსებს ყველა იმ სპორტსმენს, ვინც კარგად იმუშავებს და შედეგს გვაჩვენებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ სპორტსმენებს ამ გამოსვლას და ვუსურვებ წარმატებებს. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ ლონდონის ოლიმპიადიდან უფრო წარმატებით დაბრუნდეთ, ვიდრე - პეკინიდან".

კახა გეწაძემ ისიც აღნიშნა, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად ელოდნენ, რადგან გუნდში მუდამ ჰყავთ კარგი სპორტსმენები, რომლებსაც ოქროს მედლისთვის შეუძლიათ ბრძოლა. მარსაგიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ის შეხვედრა კი არ წააგო, არამედ ოქრო წაგვართვეს. თანაც, იმდენად უნამუსოდ, ამას თვითონაც ვერ მალავდნენო. მისი თქმით, იმ შეხვედრის მსაჯები დაუსჯიათ კიდეც, თუმცა ეს ჩვენთვის ახლა ვერაფერი ნუგეშია. ისე, გასაკვირია - მთავარ მსაჯს რას ერჩოდნენ - მას არაფერი დაუშავებია და საბოლოო შედეგით თვითონაც გაკვირვებული დარჩა, შეხვედრის ბედი კი მსაჯთა მაგიდასთან გადაწყდა. ყველაფრის მიუხედავად, გეწაძემ მაინც განაცხადა, იმდენს მაინც მივაღწიეთ, პირდაპირ ვეღარ გვჩაგრავენო!

ბუნებრივია, ფედერაციის პრეზიდენტმა ყველაზე მეტად ევროპის ჩემპიონი ლაშხი შეაქო და ხაზი გაუსვა მისი ჭიდაობის ლამაზ, ქართულ სტილს. თურმე ჩვენებურის გამოსვლა დარბაზსაც ძალიან მოეწონა და ერთგულადაც ქომაგობდა მას.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად