ალიაქოთი ბაქოში: ცხადაძემ და კომპანია მსაჯმა არ დაინდო
რუსული პრემიერლიგის მე-4 ტურის ორშაბათის მატჩში "ანჟი" "ტომს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ, რომელმაც კარი "მშრალად" შეინახა. სხვათა შორის, ნუკრის გარჯა "ჩემპიონატმაც" სათანადოდ დააფასა, მას 6,5 ბალი დაუწერა, რომელიც საუკეთესო იყო ორივე გუნდში.

აღსანიშნავია, რომ რევიშვილმა ჩემპიონატის ოთხივე მატჩი ითამაშა შეუცვლელად და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. აი, ირაკლი კლიმიაშვილის დებიუტს "ანჟიში" ჯერაც ველით, ის არც "ანჟის" დუბლებში ჩანს, სადაც რეგულარულად თამაშობს გიორგი ილურიძე.

გუშინდელ ლეგიონის მიმოხილვაში შედარებით დაბალი კოეფიციენტის ჩემპიონატებში მოთამაშე ჩვენებურები ვერ მოხვდნენ, ჩვენ მხოლოდ იმათი სია შემოგთავაზეთ, ვინც ამ ტურში გოლით გამოიჩინეს თავი. უეფას კოეფიციენტთა პრინციპს არც ახლა დავარღვევთ და დარჩენილთა შორის ყველაზე რეიტინგული ტურნირით - მოლდოვის ნაციონალური ჩემპიონატით დავიწყებთ. რიგით მე-20 ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა, ჩემპიონობისთვის კი ორი გუნდი იბრძვის, "დაჩია" და "შერიფი".

ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ კიშინიოვის დერბი იყო, რომელშიც "დაჩიამ" "ზიმბრუს" "უმასპინძლა" (თამაში "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართა და 1,5 ათასი ადამიანი დაესწრო). შეხვედრის ბედი 64-ე წუთზე გადაწყდა, როცა ლევან კორღალიძემ უნაკლოდ შეასრულა პენალტი - 1:0. ეს 30 წლის ქართველის მე-12 გოლია ჩემპიონატში. გამარჯვებულთა რიგებში მამუკა ლომიძე სათადარიგო იყო, ისევე როგორც რეზერვში დარჩა დაჩიელი ვასილ ღუჭაშვილი. "ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს", - განაცხადა მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა.

მოიგო "შერიფმაც", ასე რომ, "დაჩია" კვლავ სამი ქულით უსწრებს ჩემპიონს, რომელმაც შინ რიბნიცას "ისკრა-სტალი" დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა, სტუმართა ნახევარმცველი სანდრო შუღლაძე კი 32-ე წუთზე გამოცვალეს.

გიორგი ტუხაშვილის "ნისტრუმ" შინ 1:0 მოუგო "აკადემიას", ქართველი 70-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოადგილოსანი "გაგაუზია" შინ 1:3 დამარცხდა "რაპიდთან", მასპინძელთა მცველმა ვასილ ტუღუღშმა შეუცვლელად ითამაშა.

ლატვიური ვირსლიგის მე-20 გათამაშება ორი ტურია, რაც დაიწყო. 9-გუნდიანი ჩემპიონატი კარგად დაიწყო თამაზ პერტიას "დაუგავამ", რომელიც ქულათა მაქსიმუმით ერთ-ერთი ლიდერია. "დაუგავამ" "ოლიმპსს" 2:0 მოუგო და ორივე გოლი მამუკა ღონღაძემ გაიტანა. ღონღაძემ თამაშის ბედი ბოლოსკენ გადაწყვიტა, ჯერ (87ე- წთ) "მაკრატელათი" გახსნა ანგარიში, ბოლო წუთზე კი ბოლოს კი კონტრშეტევაზე მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ხოლო ბიძინა ცინცაძე და ჯემალ ჯალიაშვილი სათადარიგოები იყვნენ. სტუმართა სასტარტოში ოთხი ქართველი იყო: გიორგი ჩხიკვიშვილი, თომა ტაბატაძე (81-ე წუთზე შეცვალეს), პაატა ბალაძე და კოტე ზარნაძე.

სხვა ჩემპიონატებს, სადაც ჩვენებურები ასპარეზობენ, ჩვენს უმაღლეს ლიგაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს. საინტერესო მოვლენები დატრიალდა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში, სადაც კახა ცხადაძის "ინტერმა" ყველანაირად დაჩაგრა ლიდერი "ნეფთჩი", მაგრამ მიკორძოებულ მსაჯობას ვეღარ გაუმკლავდა - 1:1. თავად განსაჯეთ - პირველ ტაიმში წაქცეულ კახა მჟავანაძეს ფეხი ამოარტყა მეტოქემ და ყვითელი ბარათი მხოლოდ ქართველმა მიიღო. მეორეში იმავე მჟავანაძემ მუხლით მოიგერია ბურთი და მსაჯმა პენალტი დადო, თან მჟავანაძე გააძევა. ასე გაათანაბრა "ნეფთჩიმ" ბოლო წუთებზე, "ინტერის" გოლში კი ასისტენტობა დავით ოდიკაძემ იკისრა. ამ თამაშში ჩემპიონთა კარში გიორგი ლომაია იდგა, 90 წუთი ითამაშა ვალერი აბრამიძემაც, ოდიკაძე მეორე ტაიმში შეცვალეს. "ინტერი" 42 ქულით მე-5 ადგილზეა.

ნუგზარ კვირტიას აზალ-მა 1:0 მოუგო "ბაქის", ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი 45 ქულით მე-4 ადგილზეა. "ყარაბახი" და "ხაზარი" კი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გიორგი ადამია კი, რატომღაც, სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე გამოვიდა. "ყარაბახი" 49 ქულით მე-3 ადგილზეა. როგორც ჩანს, ამ ჩემპიონატში ქართველებს აზერბაიჯანის ჩემპიონი აღარ გვეყოლება. ქვედა 6-ეულში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ.

ესტონურ მეისტრილიგაში ტალინის "ფლორამ" 6:0 გაანადგურა ლასნამაეს "აიაქსი". სწორედ ამ მატჩით დაუბრუნდა მანამდე დასჯილი ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორას" ძირითად გუნდს და გუნდის მე-2 გოლი 50-ე წუთზე გაიტანა.

სომხეთის პირველობაზე მე-4 ტურში თავი "კოლხეთის" ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი კრასოვსკიმ გამოიჩინა. გიორგიმ 29-ე და 36-ე წუთებზე გაიტანა და "ულისს" სტუმრად მოაგებინა "შირაკზე" - 3:1. გიორგის 4 თამაშში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე