11 აპრილს, მარჩელო ლიპი 64 წლის გახდა და მართალია, ეს საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ იტალიაში საკმაოდ პომპეზურად აღნიშნეს

11 აპრილს, მარჩელო ლიპი 64 წლის გახდა და მართალია, ეს საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ იტალიაში საკმაოდ პომპეზურად აღნიშნეს. მაესტროს საპატივსაცემოდ ფრედერლალჩომ დიდი წვეულება მოაწყო, რომელსაც იტალიური საფეხბურთო საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები. ამ დღეებში, მარჩელო ყურადღების ცენტრშია და ხან ტელევიზიას აძლევს ინტერვიუს, ხან რადიოს და ხანაც გაზეთს. "გაძეტა დელო სპორტის" 11 აპრილის ნომერში კი ლიპიზე გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგი სათაური ჰქონდა - "იტალიას არასდროს დაავიწყდება 2006 წელი".

ასეთი სათაური შემთხვევით არ გახლავთ შერჩეული - მას შემდეგ, რაც "სკუადრა აძურამ" სწორედ ლიპის თავკაცობით საშინელი კრახი განიცადა 2010 წლის მუნდიალზე, მარჩელო ჩრდილში მოექცა. მართალია, კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ გაუტარებიათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფიასკო ვინმე სხვას დაბრალდა - არამედ, ერთი: წარსული დამსახურების გამო და მეორე: ლიპი წამსვლელი გახლდათ და კრიტიკას დიდად არც ჰქონდა აზრი. წავიდა ლიპი და აშკარად ჩრდილში მოექცა - ამიტომ, შეახსენეს, რომ იტალიას 2006 წელი არასდროს დაავიწყდება. თუმცა, რაც არ უნდა დაწეროს "გაძეტა დელო სპორტმა", ფაქტია, რომ ლიპიმ გვარიანად შეილახა რეპუტაცია - მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ჯგუფში ჩატოვა და თანაც, რა ჯგუფში: პარაგვაის, სლოვაკეთის და ახალ ზელანდიის კამპანიაში. თვითონ ლიპიც ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, თუმცა დაბადების დღეზე ვეღარ დაიმალა და გამოჩნდა. ქვემოთ, ლიპის მოსაზრებებს გავეცნოთ იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ბრავო ნაპოლი

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებას ყურადღებით ვადევნებ თვალს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ სამი გუნდი აგრძელებს ბრძოლას და პროგნოზის გაკეთება ერთობ რთულია. მართალია, "მილანი" ფავორიტად მოსჩანს, მაგრამ თავს ვერავინ დადებს, რომ სკუდეტოს აუცილებლად "როსონერი" მოიგებს. დაძაბული მდგომარეობაა გასავარდნ ზონაშიც და ერთადერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი ჯერჯერობით მხოლოდ "ბარია". ცალკე სალაპარაკო თემაა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა და ის კონკურენცია, რომელიც "უდინეზესა" და რომაულ გუნდებს შორის მიმდინარეობს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ოთხეულისთვის ბრძოლას ტურინის "იუვენტუსიც" დაუბრუნდეს.

საგანგებოდ მინდა ვისაუბრო "ნაპოლიზე", გუნდზე, რომელმაც ყველა გააოცა და მათ შორის, მეც. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ სამხრეთელები ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ და ასე სტაბილურად იასპარეზებდნენ. რაც მთავარია, ვითარდება გუნდი და ისეთი პირი უჩანს, რომ პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება. ბრავო "ნაპოლი", სხვას ვერაფერს ვიტყვი.

მასში საკუთარ თავს ვხედავ...

იტალიაში კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობა არასდროს იყო და საბედნიეროდ, არც დღეს არის. მიმდინარე სეზონში, ორი სპეციალისტის მუშაობაა გამოსარჩევი - საუბარია ვალტერ მაძარისა და მასიმილიანო ალეგრიზე. ვალტერი უფრო ემოციური ადამიანია, გრძნობებს აყოლილი და თითქოს გულით მართავს თამაშს, რასაც შედეგი მოაქვს და მთავარიც ეს არის. რაც შეეხება ალეგრის, უფრო ცივსისხლიანია, გონებით მოქმედებს და ტაქტიკურად შესანიშნავად არის განსწავლული. მასში საკუთარ თავს ვხედავ სამწვრთნელო კარიერის საწყის წლებში - მეც ასეთივე მშვიდი ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამასთან, ენთუზიაზმით სავსე.

დასაფასებელია ის, რასაც ედუარდო რეია აკეთებს "ლაციოში". ძალიან დიდი შრომა ჩადო გუნდში და შედეგსაც იმკის. ჩემი აზრით, "ბიანკოჩელესტეს" არ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. ასეთი წარმატებული ასპარეზობა პირველ რიგში სწორედ მწვრთნელის დამსახურებაა. ჯანსაღი ატმოსფერო შექმნა გუნდში, ყველანი ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა და შედეგიც სახეზეა.

პრანდელის მთავარი პრობლემა

ჩეზარე პრანდელი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ნაკრებს დადებითი შედეგი ჰქონდეს და ამას ახერხებს კიდეც. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და წესით, განსაკუთრებული პრობლების გარეშე უნდა მოვიპოვოთ ევროფორუმის საგზური. ეს სწორედ მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც ძალიან საინტერესო სასელექციო სამუშაოს ატარებს. მისი მთავარი პრობლემა სერია ა-ს გრანდებში ლეგიონერთა დიდი რაოდენობაა. უცხოელი ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მოთამაშეების განვითარებას. დააკვირდით, "აძურა" ძირითადად საშუალო კლასის გუნდებიდან კომპლექტდება და ამან შეიძლება ყველაზე საჭირო დროს გაგვიწიოს დათვური სამსახური.

ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება? - ეს შესაძლოა არის კიდეც გამოსავალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი არც კი უნდა გვჭირდებოდეს. კლუბების პრეზიდენტები თვითონ უნდა ხვდებოდნენ იმდენს, რომ იტალიელი ფეხბურთელების ხელშეწყობით არა მარტო თავიანთი გუნდის, არამედ, ქვეყნის საქმესაც აკეთებენ. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით თუ ყველანი ერთად ვიფიქრებთ და ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ, უახლოეს მომავალში ძალიან კარგ შედეგს მოვიმკით.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო