საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ღია წერილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისადმი
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი "სპორტალ.გე"-ს და მის მკითხველებს ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე საკუთარ შეხედულებას უზიარებს. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.

- დადგა ნანატრი დღე, როგორც იქნა გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ ხორვატია, ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი მსოფლიოში, უდიდეს სიხარულს განიცდის გულშემატკივარი, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.

ამ გაჭირვებულ ყოფაში, მართლაც დიდი შვების და სიხარულის მომგვრელია ეს გამარჯვება. შეუძლებელია, არ მოგწონდეს ამდენი გულწრფელად აჟიტირებული და გახარებული თანამემამულე, ნაკრების ფეხბურთელები, მათი გულწრფელი სიამაყე, რომ ამ მძიმე ყოფაში მყოფ გულშემატკივარს ასეთი სიხარული მიანიჭეს.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია ცალკე აღნიშვნის ღირსია და, როგორც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თქვა სატელევიზიო გადაცემაში - "საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვინც მისით არ ამაყობდეს". მეც ჩემი მხრიდან, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი, დავამატებდი - იშვიათად მინახავს ასეთი შრომისმოყვარე, თავდადებული, ბრძოლისუნარიანი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი.

მოკლედ, ეს ერთი შეხედვით სასიამოვნო განცდაა, მაგრამ ცოტა განსხვავებულ შეხედულებებზე გიამბოთ. შეხედულებებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა არსებობდეს დღევანდელ "წარმატებულ გარემოში".

პირველი, რაც მინდა ვთქვა, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა და ამ სფეროს სპეციალისტმა, თამაშები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ხორვატიასთან და ისრაელთან, პატრიოტული მოტივების გარეშე, იყო ძალიან ცუდი ხარისხის. საერთოდ ეროვნული ნაკრების უკანასკნელი შეხვედრები, წაუგებელ მატჩებსაც თუ ჩავთვლით, ჩემს საფეხბურთო გემოვნებასთან და ფილოსოფიასთან შეუთავსებელია. გუნდს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ თავდაცვაზე და არ ძალუძს გააზრებული და კომბინაციური შეტევების წარმართვა, შედეგიანობა კი, დამოკიდებულია მხოლოდ მოწინააღმდეგის შეცდომასა და გამართლებაზე, საფებურთო პერსპექტივა არ გააჩნია. საუბედუროდ, ჩვენთან დამკვიდრდა, თუ დაამკვიდრეს აზრი, რომ მთავარია კონკრეტული მატჩის შედეგი და ამით ვწყვეტთ ყოველგვარ ანალიზს და მსჯელობას, ეს არის უდიდესი შეცდომა, რადგან შედეგს ხარისხის გარეშე დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში მომავალი არ გააჩნია.

გაჩნდება კითხვა, ძალუძს კი, ჩვენს ნაკრებს აღნიშნული კონტინგენტით გააზრებული და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში? ალბათ, ამაზე ღირს კამათი და მსჯელობა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

პირფერობას არ დავიწყებ ზოგიერთი ჩემი კოლეგის მსგავსად, რომლებიც პირში ეფერებიან და ხოტბას ასხამენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას, თითქოს, თვალშისაცემია ნაკრების პროგრესი, აგრეთვე, ეს გაიგივებულია ფეხბურთის ფედერაციის წარმატებასთან, მაგრამ თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, ასეთივე დამოკიდებულება იყო წინა მწვრთნელების თუ ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართაც, რაც ნიშნავს რეალობის შესაბამისად მოქცევას და საზოგადოებაში ძალადობრივად იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოს ფეხბურთზე აზრის გამოთქმა მხოლოდ შეზღუდულ კონტინგენტს შეუძლია და მათი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კი, წარმოადგენს განსხვავებული აზრის იგნორირებას, პირდაპირ კავშირშია ფეხბურთის განვითარებასთან.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ხელშემწყობი სპორტული მედიაა. ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

დავუბრუნდეთ ეროვნულ ნაკრებს. ჩემი აზრით, ნაკრების სათამაშო სისტემა და სტილი იგივეა, რასაც თამაშობდა თემურის გაწვრთნილი გუნდი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგაში. თავისთავად, როცა მწვრთნელს აქვს თავისი პრინციპები და შეხედულებები, რომელსაც მკაცრად მისდევს, ურიგო არ არის, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი გარკვეულ ეტაპზე შედეგის მომტანია. პარალელის გავლება შეიძლება ოტო რეჰაგელის გაწვრთნილ საბერძნეთის ნაკრებთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონობის მოპოვება შეძლო მკაცრად თავდაცვითი სისტემის წყალობით, მაგრამ მას შემდეგ გაცილებით საინტერესო მოვლენები განვითარდა მსოფლიო ფეხბურთში. თითქმის ყველა დიდმა საფეხბურთო სპეციალისტმა ეს სისტემა მონათლა, როგორც ანტიფეხბურთი და დაიწყო სწრაფი ზომების მიღება შემტევი ფეხბურთის გასავითარებლად, რაც განხორციელდა კიდეც და წლიდან წლამდე ჩვენ ვამჩნევთ, როგორ ვითარდება გუნდების შეტევითი პოტენციალი; ის ქვეყნებიც კი, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ შეტევითი პოტენციალით, დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ჩამორჩნენ ფეხბურთის განვითარების ტემპებს. ეს ყველაფერი ხორციელდება უპირველეს ყოვლისა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში.

შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებ ევროპაში ფეხბურთის განვითარების ტენდენციებს, მაქვს ხშირი კონსულტაციები წამყვან საფეხბურთო კლუბების სპეციალისტებთან, რომლებიც თავიანთ სამწვრთნელო პროცესში დიდ ყურადღებას უთმობენ ტექნიკისა და შემტევი პოტენციალის განვითარებას.

მიმაჩნია, რომ საქართველოში სასწრაფოდ დასაწყებია ძირეული ცვლილებები, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთის განვითარების სწრაფ ტემპებს, თუ არ გატარდა კარდინალური ცვლილებები, ჩვენსა და დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს შორის ჩამორჩენა მეტად მტკივნეული იქნება.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ რა ტენდეციებია ქართულ ფეხბურთში, შეიძლება კი, დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება? არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში ცვლილებებების განხორციელება შეუძლებელია.

მინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩერო ქართული ფეხბურთის მოკლე ანალიზზე, რომელიც მოიცავს წინა საუკუნიდან დღემდე განვლილ ქართული ფეხბურთის გზას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული ფეხბურთი გასული საუკუნეში მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. ქართული კლუბები გამოირჩეოდნენ ტექნიკური და შემტევი სტილით, სწორედ ეს სათამაშო სტილი იყო ხშირ შემთხვევაში წარმატებების მომტანი, ხოლო ქართველი ფეხბურთელები კავკასიელ ბრაზილიელებად ინათლებოდნენ მათი განსხვავებული სტილის გამო. რამ განაპირობა ასეთი სტილის დამკვიდრება საქართველოში? უპირველეს ყოვლისა, ეს სტილი გამომდინარეობდა ქართული ხასიათიდან და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელობაშიც ეს ხასიათში არსებობს. სწორედ ნიჭი და ხასიათი განაპირობებდა შემტევ სტილზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაშს.

11 წლის ასაკში მიმიწვიეს ჩვენს ასაკში უძლიერეს გუნდში და დღემდე შემომრჩა ის შთაბეჭდილებები, როგორი გაკვირვებული შევცქეროდი ჩემს თანატოლებს და ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელებს ასე ტექნიკურად შეეძლოთ ბურთის ფლობა, გააზრებული თამაში. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი მწვრთნელის დამსახურება იყო - ის არა მარტო ტექნიკურ და გააზრებულ თამაშს გვასწავლიდა, არამედ ჩვენ ინტელექტუალურ განათლებაზე, პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზეც ზრუნავდა. სწორედ ბავშობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა განსაზღვრეს ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია. ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები და კიროვისბაღელი გულშემატკივრები, რომლებიც დაგვყვებოდნენ სხვადასხვა შეკრებებზე, სადაც მიმდინარეობდა მწვავე დისკუსიები ფეხბურთზე, თამაშის გარჩევები; რჩევები, რომლებსაც ვიღებდით არამარტო საფეხბურთო საკითხებზე, მეტად სასარგებლო იყო ჩვენთვის.

დღეს, ამგვარ საფეხბურთო ცოდნას და ღრმა ანალიზს ჩვენ ვისმენთ ევროპული საფეხბურთო ქვეყნების ტელესტუდიებიდან.

სათამაშო სტილზე მოგახსენებდით. შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს საკითხი ნაკლებად ცნობილია, რომ იმ პერიოდში ჩვენი გუნდი 18-წლამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით კლუბებს შორის და გამარჯვების მიზეზი უმთავრესად ჩვენს სათამაშო სტილში იყო. თითქმის ყველა ფეხბურთელი, დაწყებული მარჯვენა მცველიდან, დამთავრებული თავდამსხმელებით, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული. ამ გუნდიდან ერთეულებმა შევძელით დიდი ფხბურთის თამაში, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თუ განვიხილავთ მდგომარეობას, ქვეყანაში რომ ყოფილიყო სათამაშო სისტემის ერთიანი ხედვა, არა თუ ჩვენი გუნდიდან, არამედ ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი შეძლებდა დიდი ფეხბურთის თამაშს.

რატომ გავაკეთე ასეთი შესავალი, იმიტომ, რომ იმ სტილმა, რასაც ჩვენი გუნდი თამაშობდა, კი არ დაიხვეწა და განვითარდა არამედ პირიქით, დროთა განმავლობაში განაციდა რეგრესი და მივიღეთ საპირისპირო უარყოფითი შედეგი.

უმთავრესი მიზეზი ჩვენი საფეხბურთო უკუსვლისა არის საფეხბურთო და სამწვრთნელო სკოლის არარსებობა, ერთიანი სისტემის უქონლობა, აგრეთვე არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ჩინოვნიკების უხეში ჩარევა საფეხბურთო საკითხებში და, ხშირ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ფეხბურთის საზიანოდ. მაგალითისთვის შეგახსენებთ, ახლო წარსულის არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება იმ საფეხბურთო სკოლების თუ სამწვრთნელო პროცესების, საფეხბურთო ტენდეციების შესახებ, რომლებიც არსებობდა საქართველოში გასულ საუკუნეში და თანამედროვე საფებურთო სპეციალისტები ვხელმძღვანელობთ მხოლოდ გულშემატკივართა ზეპირი გადმოცემებით. ერთადერთი დოკუმენტი, რაც შემოგვრჩა და, სადაც ასახულია ფიქრი, ანალიზი, აგრეთვე, ავტორის იდეოლოგიური და ფილოსოფიური ხედვა ქართულ ფეხბურთზე და მის მომავალზე, გახლავთ ბატონი ანდრო ჟორდანიას პატარა, გაცრეცილი წიგნი "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე".

ვინც კი გაცნობია ამ წიგნს, დამეთანხმება, რომ ფეხბურთის ეს ბუმბერაზი სპეციალისტი, ჯერ კიდევ მაშინ ნათლად ხედავდა ფეხბურთის განვითარების სწორ გზებს საქართველოში, თუ რაზე და როგორ უნდა გამახვილებულიყო ყურადღება. მისი საფეხბურთო გემოვნება დამყარებული იყო ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთზე და მის უფრო დახვეწაში. მისი ხედვით, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ნიჭიერ, ტექნიკურ ფეხბურთელებზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ანდრო ჯერ კიდევ 50 წლის წინ ქადაგებდა და ავითარებდა იმ სათამაშო შეხედულებებსა და საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ "ბარსელონას" თუ ესპანეთის ნაკრების შესრულებით.

იმის მაგივრად, რომ ჟორრდანიასთვის შეექმნათ ყველა პირობა, რომ განეხორციელებინა თავისი შეხედულებები და შეექმნა ძლიერი საფეხბურთო სამწვრთნელო სკოლა, საერთოდ აუკრძალეს მწვრთნელობა, სდევნიდნენ და ამას სჩადიოდნენ ის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, რომლთა იდეური გამგრძელებლები დღესაც არიან ჩვენს საფეხბურთო სისტემაში.

აგრეთვე, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, თუ როგორ განადგურდა "დინამოს" საუკეთესო თამაშების მატჩების ფირები და თანამედროვეობას შემორჩა მხოლოდ თამაშების მწირი რაოდენობა. მაშინ ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი იყო; ავად თუ კარგად, არსებობდა საბჭოთა საფეხბურთო სისტემა და ჩვენც ძალაუნებურად ამ სისტემის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ამ სისტემაშიც ჩვენ გვეკავა გამორჩეული ადგილი, გამომდინარე ჩვენი საფეხბურთო სტილიდან, რითაც ვაღწევდით წარმატებებს.

ორიოდე სიტყვით შევეხები გულშემატკივრის როლს ფეხბურთის განვითარებაში. "ბარსელონა" და "რეალი" მარტო ძლიერი მწვრთნელებით და ფეხბურთელებით კი არა, თავიანთი გულშემატკივრებითაც გამორჩეულები არიან. ძნელად თუ აუხსნი მათ, რომ მთავარი მათთვის შედეგია და ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რას გიპასუხებს მათი ძირითადი ნაწილი. თუ გავიხსენებთ ჩვენს წარსულს, ასეთივე მოთხოვნა იყო ჩვენი გულშემატკივრისგან, მათთვის არ იყო მთავარი შედეგი.

იმდროინდელი ფეხბურთელები და გულშემატკივრები მაშინდელი ფეხბურთის სადავეებთან იდგნენ. შეძლებდა კი, იმ პერიოდში ჩვენი ფეხბურთი მეტი წარმატების მიღწევას? პოტენციალი, რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელ თვისებებს და ზემოჩამოთვლილ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ერთ გუნდზე და მას ეთმობოდა დიდი ყურადღება. ის ფეხბურთელები, ვინც "დინამოში" ვერ ხვდებოდნენ, კარგავდნენ მოტივაციას და იკარგებოდნენ, ხოლო ასეთ პირობებში, ქვეყანაში ფეხბურთის გლობალური განვითარება თითქმის შეუძლებელი იყო.

90-იანი წლების დასწყისში იწყება ფეხბურთის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც მოსდევს ქაოსი როგორც ქვეყანაში, ისე ფეხბურთშიც. ასეთ პირობებშიც არის მწირი წარმატებები, როგორც ცალკეული გუნდების, ისე ერთეული ფეხბურთელების დონეზე. ჯერ კიდევ ამ პერიოდში ნაკრებმა მოახერხა საკუთარი სახის შენარჩუნება, სადაც კიდევ შეიმჩნეოდა ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ხასიათი, რომელიც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აიწია პოლიტიკურმა გრადუსმა, კვლავ ხდება არაკომპეტენტური პირების მხრიდან უხეში ჩარევა ფეხბურთში და მივიღეთ კიდევ უფრო ღრმა კრიზისის ფორმა. დიახ, დღეს ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია, მაგრამ ხელისუფლების და ფედერაციის ჩინოვნიკები სხვადასხვა პიარკამპანიებით ცდილობენ დაგვიმტკიცონ საპირისპირო, თითქოს ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დგას და ვითარდება.

თუ ღრმად გავაანალიზებთ და კარგად დავფიქრდებით შექმნილ ვითარებაზე, მივხვდებით, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარების გასაღები ჩვენს ფესვებში დევს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სათამაშო სტილს, ტექნიკურს, კომბინაციურს, შეტევაზე ორიენტირებულს. ამ საფეხბურთო იდეოლოგიაზე დაყრდნობით უნდა გავაძლიეროთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და აკადემიები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაში მდგომარეობას დღეს ესპანური ფეხბურთის სიძლიერე? პირველ რიგში, ეს გახლავთ მისი საფეხბურთო სკოლების თუ აკადემიების სიძლიერე. ეს წარმატება ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობის ნაყოფია. მათ დაამკვიდრეს სტილი, რომლისთვისაც არ უღალატიათ, იმის მიუხედავად, აღწევდნენ თუ არა წარმატებებს ამა თუ იმ შეჯიბრებებში. ცდილობდნენ თავიანთი საფეხბურთო სტილის დახვეწას და განვითარებას, რაც გამოიხატებოდა უფრო მეტად ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთში, ამის თვითმხილველი დღეს მთელი მსოფლიოა.

ხელეწიფება კი, დღევანდელ ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ჩაუდგეს ცვლილებებს და ფეხბურთის განვითარების შესაძლებლობას? სამწუხაროდ არა, რადგან პიროვნებას, რომელიც დაინიშნა ფედერაციის პრეზიდენტად, არ გააჩნია ეს შესაძლებლობა და აღიარებს, რომ არ ესმის ფეხბურთი, ხოლო მის გარშემო მყოფი ჩინოვნიკების ერთი ნაწილი საერთოდ სდუმს და არანაირ ინიციატივას არ იჩენს, მეორე ნაწილისთვის კი, ოღონდ ფედერაციაში იყოს და, მეორეხარისხოვანია ყოველივე ახალი, ძირითადად ხელმძღვანელობის და ხელისუფლების ქებით არიან დაკავებულნი. ერთადერთი ნაკრების მწვრთნელია, ვინც ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. რა თქმა უნდა, არიან მწვრთნელებიც და ფედერაციის თანამშრომლებიც, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ მოვალეობას, მაგრამ ისინი ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენენ არსებულ სიტუაციაზე.

თემური ქეცბაიას თემა ცალკე განსახილველია, ხელისუფლებამ იგი უფრო საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად ჩამოიყვანა, ვიდრე - ფეხბურთში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, სფფ-მ, კი როგორც, ხელისუფლების ერთ-ერთმა ფილიალმა მხოლოდ ხელშეკრულება გააფორმა მასთან. ამიტომ ვამბობ, რომ ქეცბაიას მარტო არ ძალუძს ფეხბურთში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, იგი მხოლოდ ერთ გუნდზეა კონცეტრირებული.

რაც შეეეხება ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილს, იგი ჩემთვის უცხოა. საფეხბურთო იდეოლოგიის და ფილოსოფიის, ასევე შეხედულების და სტილის შეცვლა ერთ დღეში არ ხდება, მაგრამ ჩემი აზრით იმ კონტინგენტითაც კი, რომელიც ჩვენ გვყავს, შესაძლებელია ცვლილებების დაწყება, რა თქმა უნდა შედეგი თავიდანვე ვერ მიიღწევა, მაგრამ მიზანმიმართული მუშაობით აუცილებლად მივალთ წარმატებამდე. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ გუნდს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ამ ცვლილების ინიციატორი უნდა იყოს არჩეული ფეხბურთის ფედერაცია დაკომპლექტებული პროფესიონალების თანამოაზრეთა პასუხისმგებლობის მქონე გუნდით.

ეს გახლავთ ჩემეული ხედვა მოკლედ მიმოხილული ჩვენი ფეხბურთის შესახებ. ვიცი, გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც არ მოეწონებათ ამ წერილის შინაარსი, თითქოს მე შვეიცარიიდან ვმოძღვრავ და ჭკუას ვარიგებ საზოგადოებას და თუ რამით დახმარება შემიძლია, ჩამოვიდე საქართველოში და ვაჩვენო, რა შემიძლია.

მათ გასაგონად და საპასუხოდ ვიტყოდი - როდესაც კარიერა დავასრულე, 2007 წელს, არ დავმალავ და გეგმებიც განსხვავებული მქონდა, სხვა გზით ვფიქრობდი კარიერის გაგრძელებას, სამწვრთნელოს ვგულისხმობ. მაგრამ საქრთველოში ყოფნისას დავინახე უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდის უპერსპექტივობა იმ პირობებში, რა პირობებშიც მათ უწევთ თამაში და ვარჯიში, აგრეთვე, იმ პერიოდს დაემთხვა ფეხბურთის ფედერაციის ყოვლად სამარცხვინო არჩევნები, ყველაფერმა ამან გადამაწყვეტინა, რომ თანამოაზრეებთან გაერთიანებით დამეწყო ზრუნვა სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან საზოგადოება იყო შეურაცხობილი.

ამის შემდგომ დავაფუძნეთ კავშირი "ჩვენი ფეხბურთი" და მასში გაერთიანდა უამრავი ადამიანი, როგორც ფეხბურთის სპეციალისტი, აგრეთვე, უბრალო გულშემატკივრებიც და დავიწყეთ პრობლემებზე ხმამაღალი ლაპარაკი, სიტუაციიდან გამოსვლის გზების ძიება. უპირველესი მოთხოვნაც, რაც ჩვენ დავაყენეთ, იყო ფეხბურთის ფედერაციის თავისუფალი არჩევნები, რომელიც იქნებოდა მშვენიერი არეალი სხვადასხვა შეხედულებების თუ აზრების წარმოჩენისა, სადაც გაიმარჯვებდა უძლიერესი და მოხდებოდა საფეხბურთო საზოგადოების გაერთიანება კონკრეტული იდეის გარშემო, რომელიც გამოიყვანდა ჩვენს ფეხბურთს კრიზისიდან, მაგრამ საპასუხოდ ჩვენ დავეჯახეთ დიდ კედელს, აღმართულს ხელისუფლების მხრიდან.

ასეთ პირობებში, როდესაც შენს ირგვლივ იზღუდება სივრცე, როცა ადამიანები ერიდებიან შენთან საჯარო კონტაქტს და მხოლოდ პირად საუბრებში ადასტურებან ჩვენი აზრების სამართლიანობას, გამოსავალი რჩება - გაერიდო ამ ყველაფერს ან ასეთი გარემოს თანამონაწილე უნდა გახდე.

მე ვალდებულად მივიჩნიე თავი, დამეფიქსირებინა ჩემი განსხვავებული პოზიცია. ზოგადად განსხვავებულის არსებობა კი არ უშლის, არამედ ავითარებს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს და, რაც მთავარია, ქვეყანას. ამიტომაც, მივიჩნევ, რომ ჩვენ ყალბ ერთსულოვან სივრცეში უნდა ვაღიაროთ და დავამკვიდროთ განსხვავებული, უნდა გვქონდეს მის მიმართ პატივისცემა, მარტივია, შეიძლება არ იზიარებდე, მაგრამ აღიარებდე და პატივს სცემდე.

მაგალითისთვის, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება არა მარტო შენობებში და გზებშია, არამედ - ადამიანთა შეგნებაში. უმთავრესი პიროვნული თავისუფლება, მისი უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა, განსხვავებული აზრის, პოზიციის აღიარება და პატივისცემაა. ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა, ვართ კი, ჩვენ პიროვნულად თავისუფლები, ვიცავთ ჩვენს უფლებებს, პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს და პოზიციას? სამწუხაროდ, არც ფეხბურთში და არც სხვა სფეროში ეს არ ჩანს.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას დავაფიქსირე ჩემი ზემოხსენებული აზრი ჩვენი ნაკრების შესახებ, წარმოიდგინეთ და ვერ გაბედა, რომ დაეწერა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რეალობას, გასაკვირი არ უნდა იყოს. ამიტომ იმ გზას, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ტაძართან ნამდვილად ვერ მიგვიყვანს.

პატივისცემით, მიხეილ ყაველაშვილი

(შვეიცარია)

didadu
ყაველ, მართალი კაცი ხარ. ქეცბაია რა სტილს აირჩევს, 100 პროცენტით თვითონ უნდა გადაწყვიტოს. დანარჩენი, ანუ რაც მთავარია, ყაველამ სწორედ თქვა. ტყუილში ცხოვრება მარტო ტყუილ წარმატებას მოიტანს, ანუ _ წარუმატებლობას. ჩვენს საფეხბურთო გადაცემებს უყურეთ და თუ კრიტიკული ანალიზის უნარი გაქვთ, მიხვდებით რო "ჭ" კლასში ვართ. ერთმანეთს ვატყუებთ, თუ საკუთარ თავს? დაფინანსებული კამსამოლ-გულშემატკივრების ღვარძლიანი კომენტარები გულთან ახლოს არ მიიტანო, ყაველ.
nia
სამწუხაროა, რომ საქართველოში ქართული ბევრს გვავიწყდება, თორემ გაიხსენებდით, რომ ერთი კარგი ქართული ანდაზა არსებობს: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ასეა, უმრავლესობა კომენტარებისა. სტატია ეტყობა ერთი თვალის გადავლებით წაიკითხეს, შეიძლება არც წაიკითხეს და უბრალოდ თვალი გადაავლეს. მის შინააარს კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩაწვდა. იმ ადამიანების გასაგებად მინდა ვთქვა, რომლებიც ყაველაშვილისა და ქეცბაიას შორის ურთიერთობის გამწვავებაზე ფიქრობენ. ფრთხილად, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! მიშა ქეცბაიას ისე მწვავედ სულას არ აკრიტიკებს, როგორც ამის წარმოჩენა სურს მავანს, პირიქით! მართალია ისიც, რომ ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ და თუ კრიტიკა მისაღებია – უნდა მივიღოთ, თუ არა და დასაბუთებულად ვუპასუხოთ და არა ლანძღვა–გინებისა და განქიქების დონეზე. ობიექტურები უნდა ვიყოთ. გუდა თუ თავიდან არ ჩაიტენა, ფეხზე ვერ დადგება. ასეა, თუ ბავშვთა ფეხბურთს სათანადო ყურადღება არ დაეთმობა, „დიდ ფეხბურთში“ შედეგი ყოველთვის ალალ–ბედზე იქნება დამოკიდებული. “sport-fun”-ს, როგორ გეტყობა, რომ ფეხბურთი არ გიყვარს. იგი, უპირველესად სანახაობრივად უნდა გხიბლავდეს და გიტაცებდეს, ამიტომაა ის „დიდი ფეხბურთი“ – ზოგჯერ შენმა გუნდმა შეიძლება წააგოს კიდეც, მაგრამ მომხიბლავი თამაშის შემთხვევაში შენ მაინც მისი გულშემატკივარი რჩები. შედეგიან თამაშებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაგახსენებთ რამდენიმე წლის წინათ საქართველოსა და იტალიის ნაკრებების თამაშს იტალიაში, მსაჯმა 2:0 რომ წაგვაგებინა, მაგრამ ქართველები ისე თამაშობდნენ, რომ! . . . აი ასეთი ქართული ფეხბურთი მომენატრა. . . ცალკე თემაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფეხბურთის მატჩების კომენტატორების საკითხიც. ვიტყოდი, რომ დღეს კარგი კომენტატორი ნამდვილად არ გვყავს. სამწუხაროა!
guja kakhadze
სტატიისთვის მადლობას ვუხდი ჟურნალისტს და რესპოდენტს. თუ ქართული ფეხბურთი გტკივა შედეგებით აღფრთოვანდი, მაგრამ უარყოფითის გამომზეურებაც გაბედე. საიტზე აზრები.გე დევს სტატია: რატომ არის მკვდარი ქართული ფეხბურთი. იქ ბევრად უფრო მწვავედ არის განხილული ქართული ფეხბურთის პრობლემები.
uzlevi
ტაძრისკენ მიმავალი გზა რესტორანზე გადის, საიდანაც გამოსვლა არ გვინდა.
sport-fun
რასაც მიშა ლაპარაკობს სულაც არაა ახალი და გასაგიჟებელი, იგივე საუბრებს მოისმენთ ყოველ ორშაბათს დიმასთან თუ მინაშვილთან, არ გვყავს მწვრთნელები ბავშვებისთვის, არ გვივარგა მოედნები, ცუდია ინფრასტრუქტურა, ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიან. ვიცით ეს უკვე და ამოვიდა ყელში. როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს ისაა მთავარი. ეს გზა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანსო ამბობს, მართალია განა ტყუილია, მარა რომელი მიგვიყვანს ისა გვითხარით ბატონო მიშა. ესპანეთს და ბარსენლონას ნუ ვედრებით, ფეხბურთში შედეგია მთავარი და ამ შედეგს სვარკა ფეხბურთით მივაღწევთ თუ ფინტებით და მაკრატელა დარტყმებით, ქართველი ქომაგი ყველა ვარიანტში გახარებული იქნება. ისე აიქსიც ვეღარ თამაშობს ძველებურად, ეტყობა ტექნიკაზე აღარ ავარჯიშებენ...
otari
საგოლ ამ კაცს კარგად საუბრობს ძაან !!! ამ საიტზე არდეც დაიწერეა ერთი ძაან სერიოზული სტატია სადაც საუბრი იყო რომ მწვრთნელები არ ახალისებენ ბავშვებს რომ რამდენიმე ადამიანი მოატყუონ და სულ პასებით - ევროპულად ათAმაშებენ - ამის გაომ კი ტექნიკური ფეხბურთEლები სანთლითაა უკვე საძებნი კიდევ კაი ვიღAცას შერჩა კრიტიკის უნარი იმის მაგივრად გვიხაროდეს ზოგი აქ ილანძრება
gachiana
ნუგზარ გეტანხმები 100% ხარ. ისევე როგორც მიშა.აქ კომენტარები დაიწერა თითქოს მიშა თემურს რამეს უწუნებდეს.თავში წერია კიდეც ბევრი საქებარი სიტყვები თემურის მიმართ.მაგრამ ჩვენ ნაკლზე ჩვენ თუ არ ვილაპარაკეთ გერმანელი და ჰოლანდიელი საერთოდ არ მიგვითითებს ამაზე. ამ თემაზე შესაძლებელია უსასრულო დისკუსია და კომენტარებში ვერ დატევ ყველაფერს.მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ საქართველოს ნაკრები მაგონებს სხვადასხვა პრეპარატებით და ხერხით დაყენებული კულტურისტის გაბერილ კუნთებს რომელიც დროებითია და ძალიან მალე დაიფუშება.ჩვენ გვჭირდება საძირკველის კარგად ჩაყრა.ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი ბავშვთა ფეხბურთში.11 ცელი ვთამაშობდი და რაც ჩემ დროს იყო იგივეა ეხლაც. ბავშვი მსაჯის ფულს რატო უნდა იხდიდეს. ან მშობელი რატო უნდა ერეოდეს ბავშვის და გუნდის განვიტარებაში... მოკლედ უსასრულო თემაა ღმერთმა ქნას ყველაფერი ისე შეიცვალოს რომ გერმანია და ჰოლანდია ჩვენგან სწავლობდეს.გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს :)
dato
საოცრები ვართ ეს ქართველები.... წარმოიდგინეთ რა კონტინგენტით ათააშებს თემურა ნაკრებს და რა შედეგი აქვს...და ეხლა სტილს უწუნებენ....მინდა მიშას შევახსენო ის პერიოდი...მოლდოვასთან,ლიტვასთან და კიდევ რავიცი რამდენ მესამეხარისხოვან ნაკრებთან შემტევი სტილით რომ ვთამაშობდით და ვაგებდით, ალბათ ის პერიოდი მოენატრა???ის რომ, რესურსი დღეს ნაკლებადაა ქართულ ფეღბურთში და ამას ბავშვთა ფეღბურთის განვითარებით რომ გამოსწორდება ეს ვთქვათ თორემ, დღეს ქეცბას ნაკრები თავის პოტენციალიდან გამომდიმარე მაქსიმუმს რომ აჩვენებს ეს აუცილებლად დასანახია!!!
Giorgipirweli
ფეხბურთის ნორმალურმა, ქართველმა გულშემატკივარმა არველაძეებზე, განსაკუთრებით შოთაზე და აჩიზე ცუდი როგორ უნდა თქვას, არ მესმის... რაც შეეხება ქეცბაიას რესურსს: დიახ, სადაც მუშაობდა, არსად რესურსი არ ქონდა! შენ რა გინდოდა, ანორთოსისით წერდერისთვის და ინტერისთვის შეეტია??? რა ანგარიშით დამთავრდებოდა ასეთი თამაში, ხო ვერ მეტყვი?
guja kakhadze
ვისაც ინფრასტრუქტურა წარუმატებლობის მიზეზად მოაქვს ვუპასუხებ:სირბილის სწავლა პარკებში, კუს თბაზე და თბილისის ზღვაზეც შეიძლება.90 წუთს რომ ვერ უძლებენ, ეს ინფრასტრუქტურის ბრალი ნამდვილად არ არის.ამის გარეშე კი მაყურებელი ეროვნულ სტადიონს არ გაავსებს.
irakli
ტოლიკ რომელი ფეხბურთელებით უნდა ითამაშო შემტევი ფეხბურთი, ცოტა დაუკვირდი რას ლაპარაკობ რაა, ტვინი გაანძრიეთ
rain
nugzar tolika რომელ პირობების უქონლობაზე მელაპარაკებით კარგით რა მართლადამართლა,მომინდომეს 1 დგეში ბრაზილიის ნაკრებად გადაქცევა.მარტო პირობებზე და ინფრასტრუქტურაზე რო იყოს დამოკიდებული კარგი ფეხბურთის თამაში მსოფლიო ჩემპიონატს მარტო ამერიკის,კატარის საუდის არაბეთის და ა.შ. ნაკრებები უნდა იგებდნენ,კიდევ კარგი ეს ასე არაა.გაჩანაგებული იყო 90-იან წლებში ბულგარეთი და ხორვატია მაგრამ რაც გააკეთეს 94-ში და 98-ში ამ ქვეყნების ნაკრებებმა იმედია კარგად იცით.ჩვენი ფეხბურთის მთავარი და განუკურნებელი პრობლემა თავად ფეხბურთელებშია,13-18წლამდე ასაკის ქართველი 'ფეხბურთელების' 90% რატომღაც ჰგონია რომ თავისუფლად შეუძლია სიგარეტი მოწიოს,გაიჩხიროს,24 საათი კლუბებში ეგდოს და მაინც კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს,ამ აზროვნების შედეგებს კი ვხედავთ ყველანი.ყველაფრის მწვრთნელზე და ინფრასტრუქტურაზე დაბრალება არ შეიძლება,გაიგეთ რაა.საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები 24 საათი გართობის მეტს არაფერს რო არ აკეთებენ და სულ კლუბებში ყრიან ეგეც ქეცბაიას და სიჭინავას დააბრალეთ ბარემ
nugzar
100%-ით მართალია მიშა. სანამ განსხვავებული აზრის მშვიდად მოსმენას და შეურაცხყოფის გარეშე ურთიერთობას არ ვისწავლით, არც ფეხბურთში ეშველება საქართველოს არც პოლიტიკაში და ცხოვრების დონეც დაბალი იქნება. ქვეყანა სადაც 80%-ს მონური ფსიქოლოგია აქვს, (სწორედ ასეთები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს). ეს ადამიანი საუბრობს ტენდენციებზე, რა მიმართულებით მივდივართ და რა უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. საცოდაობაა, რომ დანიის და უკრაინის მეორე დივიზიონის გუნდებში უკეთესი პირობები და განვითარების უკეთესი საშუალებები აქვთ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. თუ უკეთესის მოთხოვნილება არ გვექნება, წარმატებას ვერასდროს მივაღწევთ და ხორვატისნაირი გუნდებთან ერთეული გამარჯვებებით,ქეციანებივით გულის ფხანით დავიკმაყოფილებთ თავს. მაშინ როდესაც, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში ასეთი ამბები ჩვეულებრივი რამ იქნება. მიშანაირ სიმართლისმთქმელ ხალხს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. სიჭინავას აშენებული ფეხბურთის რა ვთქვი.
nugzar
100%-ით მართალია მიშა. სანამ განსხვავებული აზრის მშვიდად მოსმენას და შეურაცხყოფის გარეშე ურთიერთობას არ ვისწავლით, არც ფეხბურთში ეშველება საქართველოს არც პოლიტიკაში და ცხოვრების დონეც დაბალი იქნება. ქვეყანა სადაც 80%-ს მონური ფსიქოლოგია აქვს, (სწორედ ასეთები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს). ეს ადამიანი საუბრობს ტენდენციებზე, რა მიმართულებით მივდივართ და რა უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. საცოდაობაა, რომ დანიის და უკრაინის მეორე დივიზიონის გუნდებში უკეთესი პირობები და განვითარების უკეთესი საშუალებები აქვთ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. თუ უკეთესის მოთხოვნილება არ გვექნება, წარმატებას ვერასდროს მივაღწევთ და ხორვატისნაირი გუნდებთან ერთეული გამარჯვებებით,ქეციანებივით გულის ფხანით დავიკმაყოფილებთ თავს. მაშინ როდესაც, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში ასეთი ამბები ჩვეულებრივი რამ იქნება. მიშანაირ სიმართლისმთქმელ ხალხს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. სიჭინავას აშენებული ფეხბურთის რა ვთქვი.
tolika
მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელადაც ვარგოდა და კაცადაც ვარგა. არველაძეების ნაირად ხელისუფლებას, რომ არ უძვრება ერთ ადგილას, იმიტომ არ ვარგა? რას წერს არასწორს, რა ახლანდელი ნაკრების ტაქტიკა მოგწონთ თუ თამაში? ხორვატიას რომ მოვუგეთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა. ისრაელმა მოგვსვა იქ, სადაც ჩვენი ადგილია და ძალიან ბევრს ნუ გევიბრიქებით. ქართული ბრიქი გვერდზე გადავდოთ და საქმეს რეალურად შევხედოთ, როგორ მოვიქცეთ ხვალ, რომ ფეხბურთის განვითარებას არ ჩამოვრჩეთ. ანდა რესურსი არ არის და იმიტომ ირჩევს ქეცბაია ასეთ ტაქტიკასო, რა სადაც მუშაობდა, არსად რესურსი არ ქონდა? ეს ყველაფერი ზღაპარია და თავის მართლება. როცა გყავს სასტავში ამისულაშვილი, კალაძე, ხუბუტია, სალუქვაძე, ხიზანიშვილი და ასათიანს ნახევარდაცვაში არ ათამაშებ, მაშინ როცა არც ბურთის დამჭერი გკავს, არც კაცის მომტყუებელი და არც პასის მიმცემი, რა უნდა თქვას კაცმა.
kaxa11111111111
ეს კაცი არც ფეხბურთელად ვარგოდა არც ასე ვარგა
ლაშა შამათავა
ამ წერილის მერე გამიჩნდა სურვილი შევუერთდე ორგანიზაციას "ჩვენი ფეხბურთი". ვინმემ ხომ არ იცით, როგორ გავაკეთო ეს?
Tornike
ბიჭებო, მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ სიტუაციას - ბევრ რამეში ვეთანხმები ყაველაშვილს, ბევრ რამეში -არა. თუმცა დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - თუ თემურს დატოვებენ ნაკრების მწვრთნელად კიდევ რამდენიმე წელი და მისცემენ ნორმალური მუშაობის საშუალებას (არ ჩაერევიან მის საქმიანობაში), და ამასობაში ჩვენი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელებიც დაღვინდებიან, თემური მაშინვე დაიწყებს შემტევი ტაქტიკის ჩამოყალიბებას ამ ახალი რესურსით. სწორედ ისეთის, მიხეილ ყაველაშვილი რომ უჭერს მხარს. თემურიც ხომ ზოგადად შემტევი ფეხბურთის მომხრეა და მისი ამჟამინდელი დაცვის ტაქტიკა იძულებითია მწირი რესურსის გამო...
panda18
ძალიან კარგია რასაც ამბობთ ბატონო მიხეილ,მაგრამ ეს უფრო კეთილ სურვილებს გავს და არანაირი ინიციატივა მასში არ ჩანს.კარგია შემტევი ფეხბურთი,ბარსელონასავით და ესპანეთის ნაკრებივით თამაში, მაგრამ ამისთვის რესურსი უნდა არსებობდეს. დღეს კი ვინ გვყავს ჩვენ შეტევაში? 5-10 წლის შემდეგ კი, როდესაც იმედია ჩვენი ფეხბურთელები:ყენია,ანანიძე,მჭედლიძე, ძალამიძე, არაბული,ჭანტურია,ოქრიაშვილი კარგ ფორმაში იქნებიან მაშინ კი ნამდვილად გვექნება უფლება მწვრთნელს შემტევი ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ. ისე კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ქვეყნის განვითარების დონე და ადამიანთა შეგნება კი არა ნიჭია საჭირო, რაც კოტ დივუარის,განის და თუნდაც ბრაზილიის მაგალითზეც მტკიცდება.
zuxusha
აფერუმ, მიხეილ! თითქოს ცემს გულში ზიხარ და ჩემი ენით ლაპარაკობ! ყოჩაღ, რედაქციას, განსხვავებულ აზრს გზა რომ დაუთმო!
guja kakhadze
უნდა დამეწერა, რესურსი არ არის და ვინ ვათამაშოო.
daviti
ანდრო ჟორდანიას წიგნი მეც წამიკითხავს და მართლა 50 წლით ადრე დაინახა იმ ადამიანმა ფეხბურთის განვითარების გზა. ნიჭს კლავენ, უფულო ფეხბურთელი არავის უნდა არც პატარა და არც დიდი. არაა ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული. 100%-ით ვეთანხმები მიშას. ქეცბაიაც მართლა საპიაროდ ჩამოიყვანეს. თემურის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვახატავ, თავს იკლავდა თამაშის დროს და ახლაც იგივეს ითხოვს სხვებისაგან. რეფორმა თუ არ მოხდა და დღესვე თუ ჩავრგეთ ნერგი, ისე ვერაფერს მივაღწევთ
guja kakhadze
ქეცბაიას ხშირად უთქვავს: კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი მომწონს, მაგრამ რესუტსი არის და ვინ ვათამაშოო.
Giorgipirweli
კარგი ფეხბურთელი იყავი, მიხეილ, მაგრამ არა მგონია მწვრთნელობა, ქართული ფეხბურთი და საერთოდ ფეხბურთი, ქეცბაიაზე კარგად გესმოდეს.
ფეოლა
ნათქვამია "ურემი რომ გადატრიალდება გზა მერე გამოჩნდებაო".... მწარედ ცდება ის ვისაც გონია რომ მიხეილ ყაველაშვილს თანამდებობა ხიბლავს. რა ნახეთ ერთი მიშას სიტყვებში არასწორი? "ნოღაიდელიო" ზემოთ "შეამკეს" მიშა უმალვე...დღეს გახდა "ნოღაიდელი" და "ნოდარჩიკას გაპრეზიდენტებას" რომ აპროტესტებდა მაშინ "გმირი" იყო? დიახაც! დღესვე თუ არ დაიწყო ის ცვლილებები რაზეც მიშა წერს - სულ ასე "აიწონა-დაიწონასავით" ვიქნებით... სულ მცირე 10 წელია საჭირო რომ პოზიტიური ცვლილებების შემთხვევაში, რომ შედეგს მივაღწიოთ.... ყველაზე საცოდაობა ისაა რომ იმ დონეზეა გულშემატკვივარის (ალბათ უფრო "ბალეშჩიკის" ვიდრე გულშემატკივარის) შინაგანი გემოვნება დასული რომ თანახმაა ანანიძეს დარი რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს საქართველოში... (ვინმემ ანანიძეს არმოწონებად არ გაიგოს ჩემი ნათქვამი...პირიქით) საქმეც იმაშია რომ ერთი კი არა 7 ანანიძე, ყენია, ჭანტურია და სხვანი და სხვანი უნდა გვყავდეს წესით... მაგრამ ნიჭი სწორედ თუ არ განავითარე რაც არ უნდა მომადლებული არ უნდა ჰქონდეს დიდს ვერაფერს ვერ მიაღწევს...
guja kakhadze
ვინს აქ შემოდის ფეხბურთი ტკივა. ყველას აზრს პატივს ვცემ.ქართული ფეხბურთის ფენომენი იკარგება და ამიტომ გვეხვეწება ეს კაცი, ვინც საქართველოში ვართ სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ეს , ყველაზე მეტი სიხარულის მომტანი სპორტის სახეობა.
leli
ჩვენი უბედურება ის არის,რომ მწარე სიმართლეს რომ ვინმე გვეტყვის გველის კბენასავით გვხვდება გულზე....განსხვავებული აზრის მიღებას თუ არ შევძლებთ დავიღუპებით,ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება.ქეცბაია ზალიან მაგარი ადამიანია და თუ ხელი არ შეუშალეს წარმატებებიც იქნებააა......
rain
ბიჭო რატო ავიწყდება ამ ხალხს ყოველთვის რო თავს ზემოთ ძალა არ არის ვერ ვხვდები რაა,ინიესტა და ხავი დაიბადნენ იმისთვის რომ ფეხბურთი ეთამაშათ,მათ ღვთისგან აქვთ მომადლებული ეს ნიჭი,არსებობს ბევრი ისეთი რაღაცა რასაც ვერ გასწავლის ვერცერთი მწვრთნელი,ან გაქვს ან არა.ინძაგის რა ასწავლა ვინმემ როგორ უნდა გაიხსნას?თუ ესეთი მაგარი ტრენერები არსებობენ რატომ არიან მაშინ ინძაგისნაირი ფეხბურთელები ერთეულები მთელ მსოფლიოში?ჩაწერეთ იუთუბის ძებნაში madin mohammad და ნახეთ 6 წლის ბავშვი რეებს აკეთებს,რა ასწავლა ვინმემ ფინტები და ტექნიკა?ჩვენ ბრაზილიის ნაკრები ვერ გავხდებით ვერასოდეს,ქეცბაია კი ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს,რომელ შემტევ ფეხბურთზეა ლაპარაკი ნაკრებში კაცის მომტყუებელი ფეხბურთელი გვყავს ანანიძე და ყენია მარტო,ანანიძე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,ლევანმა ვერა და ვერ მოირჩინა ტრავმა,შეგიძლიათ ამათ გარდა სხვა კარგი ქართველი დრიბლიორი დამისახელოთ?ჩვენი ნაკრების შემადგენლობას თუ გადახედავთ საუკეთესოები მცველები არიან,ამიტომაც აირჩია ქეცბაიამ დაცვითი სტილი,ბარსასნაირად თუ გინდათ თამაში მაშინ ხავი ინიესტა და მესი ქართველები უნდა იყვნენ...
mentalitet
ეჰ.. რა გინდა შვილო? ნაკრების მწვრთნელობა თუ ფედერაციის პრეზიდენტობა? ქართული ტექნიკური ფეხბურთი ამ ეტაპზე ნაადრევია ჩვენთვის(!), მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება! თანაც მალე. ყაველაშვილი დაწყნარდეს და მოისვენოს
lipo
მე ერთი ვიცი რო რასაც ეს კაცი ამბობს სიმართლესთან შორს არააა და სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო..იქნებ ეხლა მაინც დავიწყოთ ბავშვების სწორად აღზრდა და სწორ ფეხბურთად არ ჩავტვალოთ ერთი შეხებით თამაში ..მე ფეხბურთი მომტყუებლების გამო მიყვარს და არა რობოტების გამო ..ასე რომ მიშა ნოღაიდელი კი არაა ჩემი აზრით ბევრ რამეში ცამდე მართალია..ოგონდ ყაველა და არა მეორე მისჰა :):):)
Shota
ფეხბურთშიც გვყოლია ნოღაიდელი!!!??? სამწუხაროა!!!
ramo
ათრაკებს და უხარია. სუფთა სიტყვების ბრახა ბრუხია. ხოლო გამოსავალი თურმე მისი არჩევა.
Gurjistan
ნუ იქნებით ესეთი კატეგორიულები! ეს კაცი ძირეულ ცვლილებებზე ლაპარაკობს და არა იმაზე, როგორ ვასწავლოთ ხიზანიშვილს პასის მიცემა ან კალაძეს შეტევაში თამაში..
sport-fun
მე ფედარაციის ქომაგი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ყაველაშვილის აზრი მგონი მაინც მცდარია. განა სასაცილო არ არის იმ ქვეყნის ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, რომლის 100მდე ლეგიონერიდან უქმეებზე გოლი მხოლოდ 1ს ან 2ს გააქვს? ისიც აზერბაიჯანში და რუსეთში? ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი ჯერ 19 წლისაც არაა და სპარტაკის ძირითადშიც იშვიათად თამაშობს, მეორეს გამოჯანმრთელებაზე მთელი ქვეყანა ლოცულობს. ხოდა ითამაშე ესპანეთივით და ნუხარ დაცვაში 11 კაცით... რა საბერძნეთივით რო ვითამაშოთ და ევროპაზე გავიდეთ წინააღმდეგი თუნდაც 1 კაცი იქნება?
malkhazi
...თქვენ მოისმინეთ, შვეიცარიაში გადახვეწილი, ქართულ ფეხბურთზე უგზოუკვლოდ შეყვარებული და მისი ბედის ამადგარი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის... ბოდვები....ყაველ სირცხვილია რა...რეალობის შეგრძნება სად დაკარგე შე კარგო ადამიანო????...რისი ერთი ადგილიც გვაქვს ისე აღწევს ესკაცი შედეგს...სხვა გზა არ არის უბრალოდ...და მაგ გზას კიდევ ძალიან ბევრი უნდა...ტაძრამდე რომ მიგვიყვანოს...ასე, რომ ...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს