მონტე კარლოს მასტერსის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა თანამემამულე დევიდ ფერერს ორ სეტში მოუგო
შაბათს მონტე კარლოს მასტერსზე ფინალისტები ირკვეოდნენ. დღის პირველ შეხვედრაში დავიდ ფერერი და იურგენ მელცერი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ სტადიაზე ესპანელის მოხვედრა არავის გაკვირვებია, ავსტრიელი კი ტურნირის მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, როცა მეოთედფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. მელცერს ნახევარფინალში წარმატების იმედიც ჰქონდა, რადგან აქამდე ფერერს ორი შეხვედრა მოუგო, მათ შორის შარშანდელ როლან გაროსზე.

ავსტრიელმა თავის მეტოქეს უკანა ხაზიდან აგრესიული თამაში შესთავაზა, რის გამოც ფერერი ერთი პირობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. უკვე პირველივე გეიმში იურგენმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იჩქარა და შანსი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ფერერმა თავისი შემდეგი გეიმი მაინც წააგო და მელცერს წინ გასვლის საშუალება მისცა. მაგრამ ავსტრიელის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. დავიდმა დარტყმების სიზუსტე გამოასწორა და სეტის მეორე ნაწილში უნებლიე შეცდომა აღარ ჰქონია. მელცერს კი პირიქით, ჩავარდნა დაეწყო და თითქმის ვეღარ იგებდა ქულებს. საბოლოოდ, ფერერმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე პარტიის დასაწყისში იურგენმა თამაში გამოასწორა, ოღონდ მცირე ხნით. რამდენიმე ბრეიკ-პოინტის განიავების შემდეგ ავსტრიელმა ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება და იშვიათად აჩვენებდა გააზრებულ კომბინაციებს. ფერერმა იოლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე და პირველად გავიდა მონტე კარლოს მასტერსის ფინალში.

გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც რაფაელ ნადალი და ენდი მიურეი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს მათი რიგით მე-14 დაპირისპირება იყო.

თებერვალსა და მარტში განცდილი ფიასკოს შემდეგ ენდი კარგად მოემზადა გრუნტის სეზონისთვის. შტეპანეკთან, სიმონთან და ჟილთან წინა ეტაპების მატჩებში ბრიტანელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. გრუნტის მასტერსზე ეს მისი მეორე ამგვარი წარმატება იყო. პირველად სწორედ მონაკოში მოხვდა ამ სტადიაზე და მაშინ ნადალმა შეძლო მისი შეჩერება. ის მატჩი ორ სეტში დასრულდა, თუმცა ენდი ღირსეულად გამოიყურებოდა.

ბრიტანელმა ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა გრუნტის მეფეს. სასტარტო გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ნადალმა ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა და მიურეის ბრეიკი მისცა. თუმცა რაფამ იქვე გამოასწორა შეცდომა და სულ მალე 4:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ მიურეის გარღვევის ჯერი დადგა. მან თითქმის გამორიცხა თავის თამაშში შეცდომები და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, აქედან ერთ-ერთი 15 წუთი გაგრძელდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ენდიმ კონცენტრაცია დაკარგა, რაც ზედიზედ ორი გეიმისა და სეტის წაგებად დაუჯდა - 4:6.

მიურეიმ მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო და პირველისგან განსხვავებით, შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება, თუმცა ეს დიდ ძალისხმევად დაუჯდა. მეოთხე გეიმი მის მოწოდებაზე 19 წუთი გაგრძელდა და ნადალმა ამ დროის განმავლობაში ხუთი ბრეიკ-პოინტი გაანიავა. ამ გამოუყენებელი შანსის შემდეგ რაფას თამაში გაუფერულდა და როცა მიურეიმ ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში (4:1), პარტიის ბედი გადაწყვეტილი იყო.

პირველ ორ სეტს ჩოგბურთელებმა ორსაათნახევარი მოანდომეს და როგორც აღმოჩნდა, მესამე პარტიაში საბრძოლველად მიურეის ძალები აღარ შერჩა. თანაც ისევ შეახსენა თავი მარჯვენა ხელის იდაყვის ტრავმამ. ამას ისიც დაემატა, რომ ნადალმა შეცდომების პროცენტი შეამცირა. საბოლოოდ, მესამე სეტში ბრძოლა არ შედგა - 6:1 და ესპანელმა მონტე კარლოს მასტერსის ზედიზედ მეშვიდედ მოგების შანსი მიიღო. აქამდე არავის არ მოუგია ATP-ის ტურნირი ზედიზედ შვიდჯერ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი დაძაბული გამოვიდა. თუ ფერერი ფორმაშია ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია, რაც ნადალის წინააღმდეგაც არაერთხელ გაუკეთებია.

პირველ სეტში მრავლად იყო ბრეიკ-პოინტები და არც ერთ ჩოგბურთელს არ ჰქონია თავის მოწოდებაზე განსაკუთრებული უპირატესობა. გადამწყვეტი მომენტი გახდა მეექვსე გეიმი რაფას მოწოდებაზე, სადაც მან ბრწყინვალე სტილში 0:40-დან გადაარჩინა გეიმი და განიმტკიცა ლიდერობა - 4:2. ამის მეტი ნადალს აღარ აუნერვიულებია თავისი გულშემატკივრები.

მეორე სეტის მესამე გეიმისთვის რაფაელს ბრეიკის გაკეთების ხუთი შესაძლებლობა ჰქონდა, ფერერს - არც ერთი, რაც ნადალის უპირატესობაზე მეტყველებდა. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი 3:1 გაიჭრა წინ, მაგრამ 2:4-დან ფერერმა მოულოდნელად ინიციატივა იგდო ხელთ და ზედიზედ სამი გეიმი აიღო. თუმც რაფამ არათუ სეტის, არამედ პარტიის ტაი-ბრეიკამდე მიყვანის შანსი არ მისცა თანამემამულეს - 5:5-ზე მორიგი ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი მატჩზე წარმატებით ჩააწოდა - 7:5.

ნადალმა ფერერთან მე-16 შეხვედრაში მეთორმეტედ მოიგო და გუშინდელი ფინალის შემდეგ რამდენიმე რეკორდი დაამყარა: ის გახდა ერთადერთი მოთამაშე ისტორიაში, ვინც ერთი ტურნირი ზედიზედ შვიდჯერ მოიგო, გარდა ამისა, ეს მისი მე-19 გამარჯვებაა მასტერსის სერიის ტურნირებზე, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ.

ATP

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო. გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

1/2 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 7) 6:3, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ენდი მიურეი (ბრიტ, 3) 6:4, 2:6, 6:1.

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:4, 7:5.

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ