ემილიაში ჩასულმა "ნერაძურის" ტიფოზებმა სტვენით გააცილეს ფეხბურთელები მოედნიდან, რამაც ძანეტი გააღიზიანა

"ინტერს" რომ რთული დროება დაუდგა, არახალია. მილანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, რაც გულშემატკივრებმა მტკივნეულად მიიღეს. "პარმასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ემილიაში ჩასულმა "ნერაძურის" ტიფოზებმა სტვენით გააცილეს ფეხბურთელები მოედნიდან, რამაც ხავიერ ძანეტის გაღიზიანება გამოიწვია. მოვუსმინოთ არგენტინელს და შემდეგ განვავრცოთ თემა:

"კარგად იცით, რომ მთელი საფეხბურთო კარიერა "ინტერს" შევწირე და თუ რამეს ვაკეთებდი, მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ბოლო წლებში, ყველაფერი მოვიგეთ რისი მოგებაც შეიძლებოდა და ტიფოზებიც არაერთხელ გავახარეთ. ამიტომ, ცოტა გულდასაწყვეტი იყო, როდესაც "პარმასთან" განცდილი მარცხის შემდეგ ობსტრუქცია მოგვიწყვეს და სტვენით გაგვაცილეს მოედნიდან. კარგად მესმის, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია გულშემატკივრების, მაგრამ მაინც საწყენია. სეზონი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც წარმოგვედგინა, მაგრამ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ბრძოლას და უმჯობესია, შედეგებს მაისის ბოლოს გადავხედოთ. ჩვენი უმთავრესი მიზანი იტალიის თასის მოგებაა და საამისოდ თავს არ დავზოგავთ."

პრესასთან ურთიერთობას ერიდება ლეონარდო, რომელიც მთლად კარგ ხასიათზე ვერ უნდა იყოს. სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ, მილანის ერთი ნახევარი აღმერთებდა, მეორე კი პატივცს სცემდა - დღეს, ერთი ნახევარი მოღალატედ მიიჩნევს, მეორე კი აგინებს. ამ ფონზე, ძნელია დარჩენილ შეხვედრებზე კონცენტრაციის მოხდენა და იმაზე ფიქრი, რომ იტალიის თასი გაქვს მოსაგები. თუმცა, "ინტერის" მიზნები მხოლოდ კოპას მოგებით არ შემოიფარგლება და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას დეიან სტანკოვიჩი:

"ბოლო წლებში, დიდ გამარჯვებებს მივეჩვიეთ და არ შეიძლება, რომ მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დავრჩეთ. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ იტალიის თასზე წარმატებით გამოვიდეთ და ეს ტროფეი მაინც მოვიგოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულ ჩემპიონატზე უმოტივაციოდ ვართ დარჩენილნი - "ლაციო" კუდზე დაგვაჯდა და თუ თამაშს არ გამოვასწორებთ, მესამე ადგილსაც დავკარგავთ. ეგ კი არა, "უდინეზეც" საკმაოდ ახლოა და დროა გონს მოვეგოთ, თორემ შეიძლება სულაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დავრჩეთ. რამ გამოიწვია ასეთი ჩავარდნა? - რა გითხრათ, გასული ორი კვირა მართლაც კატასტროფული იყო და ვცდილობ, გავიგო რატომ მოხდა ასე. ფაქტია, რომ რაღაც მოიშალა მექანიზმში და ყველაზე საჭირო მომენტში პოზიციები დავთმეთ. კიდევ ასჯერ რომ შევხვდეთ "შალკეს", დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ანგარიშით არც ერთხელ არ წავაგებთ. რა მოხდა იმ დღეს და რატომ წავაგეთ ასე კატასტროფულად, წარმოდგენა არ მაქვს."

ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან "ინტერს" შესაძლოა ჟოზე მოურინიო დაუბრუნდეს. სწორედ პორტუგალიელის ხელში მოიგო მილანურმა გრანდმა ის, რასაც გულშემატკივრები ათეულობით წლების განმავლობაში ელოდნენ: ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მაინც ჟოზეს ხილვა სურთ და იმედიც აქვთ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. მით უმეტეს, მოურინიოს მადრიდული მომავალი ბუნდოვანია და ესპანური პრესა ხშირად წერს პორტუგალიელის პირინეიდან აბარგების შესახებ. ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა და მოურინიოს "ინტერში" შესაძლო დაბრუნების შესახებ პრესასთან მასიმო მორატიმ ისაუბრა:

"შედეგებით რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის ყველაფერს ვერ მოვიგებთ. რთული დროება გვიდგას და ეს პერიოდი ერთად უნდა გადავლახოთ. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს, ამაზე საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. პორტუგალიელი მადრიდის "რეალს" უდგას სათავეში და არასდროს უთქვამს, რომ კონტრაქტის დარღვევას და ესპანეთის დატოვებას აპირებს. შესაბამისად, მასთან მოლაპარაკების წამოწყებაზე არც კი მიფიქრია და არც მას გამოუთქვამს ჩემთან დალაპარაკების სურვილი. მოკლედ, ჟოზეს დაბრუნებაზე საუბარი ამ ეტაპზე აზრს მოკლებულია."

დაბოლოს, სანტრასფერო ინფორმაცია "ინტერის" შესახებ. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან მილანური გრანდი "ბოლონიას" მეკარე ემილიანო ვივიანოს გადაიბირებს. შეგახსენებთ, რომ ვივიანო ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად ითვლება აპენინებზე და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც სტაბილურად იძახებენ. მეტიც, დღეს ვივიანო ჯანლუიჯი ბუფონის უპირველეს შემცვლელად მოიაზრება. "ნერაძურის" მესვეურები მას შემდეგ დაფიქრდნენ ახალი კიპერის შეძენაზე, რაც ჟულიო სეზარმა შეცდომებს უმატა და მის გამო გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ამასთან, სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღო ტრავმა და კარგა გვარიანი დროც გაუცდა. ვივიანო გახარებულია იმით, რომ მის მომავალს "ინტერს" უკავშირებენ:

"ჯერჯერობით, "ბოლონიას" მეკარე ვარ და მხოლოდ სეზონის დარჩენილ შეხვედრებზე ვფიქრობ. მეც გავიგე იმის შესახებ, რომ ჩემით "ინტერია" დაინტერესებული და არის შანსი, სწორედ მილანურ გრანდში ამოვყო თავი. მინდა თუ არა "ნერაძურიში" გადასვლა? - ვის არ უნდა? - ჩემი აზრით, "ინტერი" საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და მისი ღირსების დაცვა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დიდ გუნდში გადასვლას გიწინასწარმეტყველებენ. მთავარია კლუბები შეთანხმდნენ და ასეთ შემთხვევაში, ტრანსფერის საწინააღმდეგო არც მე მექნება რამე."

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა