"ვესტ ჰემმა" სკოტ პარკერს ახალი კონტრაქტი შესთავაზა: ხუთ წელიწადში 20 მილიონ ფუნტს გადაუხდის...

"ვესტ ჰემმა" სკოტ პარკერს ახალი კონტრაქტი შესთავაზა: ხუთ წელიწადში 20 მილიონ ფუნტს გადაუხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები ამ ფეხბურთელს თავიანთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევენ. გეხსომებათ, "ჩაქუჩების" თავმჯდომარემ და თანამეპატრონემ დევიდ სალივანმა გასული სეზონის მიწურულს განაცხადა, პარკერის გარდა "აპტონ პარკიდან" მთელი გუნდის გაშვება შეიძლებაო და ამ განცხადებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არადა, ფაქტია, "ვესტ ჰემი" გასულ სეზონში გავარდნას დიდწილად ამ მობილური ნახევარმცველის წყალობით გადარჩა.

29 წლის მოთამაშემ პრემიერლიგაში კარგად რომ ითამაშა იქიდანაც ჩანს, რომ მას ყურადღება ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომაც მიაქცია და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ავსტრიაში წაიყვანა, სადაც გაფართოებულ, 30 კაციან შემადგენლობში ავარჯიშა და აკვირდებოდა. სხვა საქმეა, რომ ავსტრიული შეკრების შემდეგ, პარკერი ინგლისში დაბრუნდა - იმ 7 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომლებიც იტალიელმა მწვრთნელმა სამხრეთ აფრიკაში აღარ წაიყვანა, მაგრამ მისით უკვე სხვა კლუბების მწვრთნელები დაინტერესდნენ. ამ მწვრთნელებს შორის იყვნენ "ასტონ ვილასა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცები მარტინ ონილი და ჰარი რედნაპი - ამ უკანასკნელს, როგორც იცით, ამ სეზონში თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაჰყავს. რად უნდა ლაპარაკი, ონილსა და რედნაპს პარკერის შეძენისკენ თავად სალივანის სიტყვებიც უბიძგებდა - "ვესტ ჰემის" თავმჯდომარემ სულ ახლახან, გასულ კვირაში თქვა პარკერი რომ დავიტოვო ფული არ მაქვსო, მაგრამ ბოლო დღეებში ყველაფერი შეიცვალა და დღეს სალივანს იმედი აქვს, რომ მისი ფავორიტი ნახევარმცველი კვირაში 75 ათას ფუნტს დაყაბულდება. აქ, უნდა განვმარტოთ, რომ პარკერს ძველი, ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად "ჩაქუჩებში" სამი წელიწადი აქვს სათამაშო.

სკოტ პარკერმა კარიერა "ჩარლტონ ატლეტიკში" დაიწყო, საიდანაც შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედში" მოხვდა, ხოლო "ნიუკასლიდან", სამი წლის წინ, 7 მილიონ ფუნტად "ვესტ ჰემმა" იყიდა. იმხანად ლონდონელების კლუბს ისლანდიელები ეგეტ მაგნუსონი და ბიორგოლფურ გუდმუნდსონი ფლობდნენ და ფულსაც ხელგაშლილად ახარჯავდნენ. ფეხბურთელებს, მათ რიცხვში, ბუნებრივია პარკერსაც გვარიანი ხელფასები ჰქონდათ და ფეხბურთელის თავდადებაც უსაზღვრო იყო. ნახევარმცველით "ვესტ ჰემის" ფანებიც აღფრთოვანებულები გახლდნენ - ის მათ "წლის ჩაქუჩადაც" კი დაასახელეს. ეს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს გუნდის ახალ მწვრთნელს ავრამ გრანტსაც, რომელმაც "ვესტ ჰემი" ჯანფრანკო ძოლასგან გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.

"ჩვენ მუშაობა კარგ მოთამაშეებთან უნდა გავაგრძელოთ - თქვა გრანტმა - გუნდში გამოცდილი, მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფაქტია, სკოტ პარკერი ერთ-ერთი მათგანია".

ზოგადად, სალივანისა და მისი ბიზნეს პარტნიორის დევიდ გოლდის გეგმა ხარჯის, მათ რიცხვში ხელფასების შემცირება გახლდათ. ამ ორმა ბიზნესმენმა "ვესტ ჰემი" იანვარში თავისი ვალიანად იყიდეს - ლონდონელთა ვალი 100 მილიონ ფუნტს აღემატება - და მკაცრი რეფორმების გატარება განიზრახეს, რასაც, ალბათ, გააკეთებენ კიდეც, თუმცა, როგორც ხედავთ, საკვანძო ფიგურებისთვის მათ ფული არ ენანებათ.

სხვათა შორის, ამ ზაფხულს "ვესტ ჰემმა" სცადა "აპტონ პარკზე" ჯო კოული და ტიერი ანრი ჩაეყვანა - ფაქტია, გოლდისა და სალივანის მხრიდან ეს ფრიად თამამი ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ, თამამი თამამად და წარუმატებელიც გამოდგა. ასევე თამამი გახლდათ ბოლო დროს ნაქები "ნიცას" თავდამსხმელის ლოიკ რემის გადაბირების სურვილიც. "ვესტ ჰემმა" ფრანგულ კლუბს 11 მილიონი ფუნტი (13,12 მილიონი ევრო) შესთავაზა, მაგრამ ფრანგებმა თანხის ორი მესამედის წინასწარ გადახდა სთხოვეს და მოლაპარაკებებსაც აქ დაესვა წერტილი. იყო კიდევ ერთი ვარიანტი: ნორვეგიულ "ვალერენგაში" თამაშობს ფორვარდი მოჰამედ აბდელაიე. ის 24 წლისაა და მხოლოდ და მხოლოდ 2,4 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ლონდონელებმა ვერც აქ ივარგეს - "ვალერენგა" უკვე გარიგებია ბუნდესლიგის კლუბ "ჰოფენჰაიმს".

ახლა კი იმ ფეხბურთელების შესახებ, ვინ ავრამ გრანტმა უკვე იყიდა. ისენი არიან "ასტონ ვილას" ყოფილი ნახევარმცველი, გერმანელი თომას ჰიტცლშპერგერი, "ლიონისგან" ნაყიდი ფრანგი ფრედერიკ პიკიონი, რომელიც, გასულ სეზონში "პორტსმუთში" იყო გაქირავებული და იქაც გრანტის ხელმძღვანელობით თამაშობდა და მქსიკური "პუმასის" გარემარბი პაბლო ბარერა.

დ.დ.
კომენტარის გარეშე!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა