მსოფლიო ჩოგბურთის 52 წლის ლეგენდამ Tennistalk-ს ინტერვიუ მისცა
52 წლის ლეგენდამ ივან ლენდლმა Tennistalk-თვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რატომ არ გადიოდა მრავალი წლის განმავლობაში კორტზე, რას აკეთებდა კარიერის დასრულების შემდეგ და რატომ ვერ შეძლებდა თავისი ხის ჩოგნით რაფაელ ნადალის დამარცხებას.

- რატომ გადაწყვიტეთ 1994 წელს კარიერის დასრულება?

- ბოლო წლებში აქტიური გამოსვლების შემდეგ ზურგის არეში ტკივილს ვგრძნობდი. რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვუთხარი, რომ კიდევ რამდენიმე კვირა ვცდიდი ძალებს და თუ ტკივილი არ გაივლიდა, კარიერას დავასრულებდი. ასეც მოხდა.

- მას შემდეგ ვეტერანთა ტურნირებზე გამოსვლაზეც უარი თქვით...

- დიახ, ეს ასეა. დავარიგე ჩემი ჩოგნები და მრავალი წლით დავივიწყე კორტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაქმოდ ვიყავი. დიდ დროს ვუთმობდი საკუთარ ოჯახს, ჩემს ხუთ ქალიშვილს. გარდა ამისა ბევრს ვთამაშობდი და ვთამაშობ გოლფს. კვირაში ხუთი დღე გორგოლაჭებზე ვსრიალებ - დაახლოებით 20 კილომეტრს გავდივარ.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება?

- ჩემი ქალიშვილები უკვე გაიზარდნენ და აღარ სჭირდებათ ძველებურად დიდი ყურადღება. საკუთარი საჩოგბურთო აკადემია გავხსენი და ბავშვებთან მეცადინეობა დავიწყე. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ექიმთან ვიყავი და ზურგის მდგომარეობა შევამოწმე. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მივხდი, რომ ისევ შემიძლია სიამოვნება მივიღო კორტზე თამაშისგან.

- თქვენი გოგონები ჩოგბურთს თამაშობენ?

- სამი მათგანი გოლფით არის გატაცებული და მათთან ერთად ხშირად ვმოგზაურობ ტურნირებზე. ისინი ნიჭიერები არიან და შეიძლება კარგი პროფესიონალი მოთამაშეები გახდნენ.

- ერთადერთი მამაკაცი ხართ ოჯახში. ალბათ, ლიდერობა თქვენ გეკუთვნით?

- ასე ვთქვათ - ჩემს საქმეებს რაც შეეხება, მხოლოდ მე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისე კი, ქალიშვილებზე უფრო მეტად ჩემი ძაღლები მიჯერებენ (იცინის).

- ტელევიზორში საჩოგბურთო მატჩებს ხშირად უყურებთ?

- არა, იშვიათად. უფრო ფეხბურთისა და ჰოკეის ტრანსლიაციები მაინტერესებს.

- 80-იანი წლებში მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერი იყავით, 270 კვირის განმავლობაში სათავეში ედექით რეიტინგს. შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი ვარსკვლავები თქვენს თაობას?

- ფედერერთან ან ნადალთან შანსი არ მექნებოდა. ვფიქრობ, მათ ერთ სეტსაც ვერ მოვუგებდი. დღევანდელი თაობა გაცილებით ათლეტურია. უფრო სწრაფები და ძლიერები არიან და უფრო მრავალფეროვანი დარტყმების არსენალი გააჩნიათ.

- ალბათ, თავის დროზე თქვენზეც ასე ლაპარაკობდნენ...

- დიახ, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩოგბურთი ძალიან წინ წავიდა. რა თქმა უნდა, ჩოგბურთში არ არსებობს ისეთი ზუსტი შედარებები, როგორც მძლეოსნობაში, სადაც ყველაფერი მეტრებსა და წამებში იზომება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ჩოგბურთი შესამჩნევად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩემი თაობა აჩვენებდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა შორს წავიდა ჩოგბურთი ეკიპირების მხრივ. ხის ჩოგანი, რომელსაც ჩვენ ვხმარობდით, ნადალის პირველივე მოწოდებაზე დაიმსხვრეოდა.

- თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ, სადაც ხშირად იმართება ვეტერანთა ტურნირები. იქ თქვენი ლეგენდარული მეტოქეები თამაშობენ - მაკინროი, კეში... აპირებთ ამ ტურნირებში გამოსვლას?

- ხშირად ეს არ მოხდება. ასეთ ტურნირებზე კვირაში 3-4 მატჩის ჩატარება გიწევს, ჩემთვის ეს მეტისმეტია. ვცდილობ სპორტული ფორმის შენარჩუნებას, თითქმის იდეალური წონა მაქვს - 79 კილოგრამი, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ სოლიდური დასვენება მჭირდება.

- თქვენი დაპირისპირება მაკინროისთან, ბეკერთან, ჩანგთან, ვილანდერთან ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა...

- ვფიქრობ, ბევრი ვისწავლე ჩოგბურთში მათთან კონკურენციის წყალობით. ყოველი წაგების შემდეგ ვეძებდი გზას საკუთარი თამაშის გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ, ისინიც ჩემზე იგივეს იტყვიან.

- ძველი მეტოქეებიდან ვისთან გაქვთ ხშირი ურთიერთობა?

- ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს. ყველაზე ხშირად ჩემს თანამემამულესთან რადეკ შტეპანეკთან მაქვს კონტრაქტი. ის ფლორიდაში ჩემს მეზობლად ცხოვრობს.

- უამრავი ტურნირი გაქვთ მოგებული, მაგრამ უიმბლდონის ფინალი ვერასდროს დაიპყრეთ. მართალია, რომ ამის მიზეზი ბალახზე ალერგია იყო?

- გარკვეულწილად ალერგია ხელს მიშლიდა. წლების განმავლობაში ეს პრობლემა თითქმის გაქრა, მაგრამ გოლფის ტურნირების წინ მაინც მიწევს სპეციალური ნემსების გაკეთება.

- თავის დროზე ჩეხეთიდან ამერიკაში წასვლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

- დიახ, მაშინ ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე კომპრომისს. ამერიკაში გავემგზავრე, მაგრამ დევისის თასზე ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში თამაშს ვაგრძელებდი, გარდა ამისა, ჩემს ოჯახსაც შეეძლო მშვიდად ჩამოსულიყო ჩემთან სტუმრად. აშშ-ში იმის გამო არ წავსულვარ, რომ კომუნიზმს გავექეცი. ამ წყობის მომხრე არ ვარ, მაგრამ წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა, უბრალოდ, ჩოგბურთის თამაში მინდოდა. ჟურნალისტებს კი ეს არ ესმოდათ და პოლიტიკური გამოსვლებისკენ მიბიძგებდნენ. არ ესმოდათ, რა პრობლემები შეიძლებოდა ამას ჩემთვის მოეტანა.

ივან ლენდლი

პროფესიონალი ჩოგბურთელი 1978 წლიდან.

მოიგო 94 ტურნირი ერთეულებში და 6 - წყვილებში.

საუკეთესო შედეგები დიდი სლემის ტურნირებზე:

ავსტრალიის ღიას ჩემპიონი (1989, 1990).

საფრანგეთის ღიას ჩემპიონი (1984, 1986, 1987).

აშშ-ის ღიას ჩემპიონი (1985, 1986, 1987).

უიმბლდონის ფინალისტი (1986, 1987).

მასტერსის თასის ჩემპიონი (1981, 1982, 1985, 1986, 1987).

პირველი ჩოგანი 1983 წლის 28 თებერვლიდან; ტიტულს ინარჩუნებდა (შესვენებებით) 270 კვირის განმავლობაში (მესამე შედეგი პიტ სამპრასის - 286 და ფედერერის შემდეგ - 285).

პროფესიული კარიერა 1994 წელს დაასრულა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა