საქართველოს თასი. განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები
ქართულ ფეხბურთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ლამის არის, ნებისმიერი დონის ტურნირის მნიშვნელობა დააკნინოს; აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გაზეთის ტრადიცულ რუბრიკაზე ("ტურის მიმოხილვა") შეგნებულად ვთქვით უარი, - მართლაც, რა მიმოვიხილოთ და ვინ ავირჩიოთ? თანაც, ერთ-ერთი გარიგებული მატჩთაგანი ("ვიტ ჯორჯია"-"სიონი") ხომ სწორედ გასულ ტურში იყო; და როგორ გგონიათ, მხოლოდ ამ ტურსა და კონკრეტულად ამ შეხვედრაზეა გარკვეული ეჭვები?

თუმცა ჯერ სადა ვართ, - მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური ტემპით ვითარდება, რომ მალე, შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბების საფეხბურთო სკანდალის მომსწრენიც გავხდეთ; თუმცა, მოდი ამ თემაზე და საერთოდაც, ექვსივე საეჭვო მატჩზე (სამი შეხვედრა გუშინწინ გახმაურდა, სამიც გუშინ დაემატა) ხვალ ვისაუბროთ; ახლა კი, ალბათ, დროა, რომ დღევანდელი მატჩებიც ვახსენოთ, - ფაქტია, რომ საქართველოს თასის განმეორებითი მატჩები მართლაც "ჩრდილში" მოექცა. არადა, ქართულ ფეხბურთში "ჩვეულებრივი სიტუაცია" რომ ყოფილიყო, დღევანდელ მატჩებს ბევრად უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობდით...

ზესტაფონი-ტორპედო

2003 წელს თბილისის "დინამომ" საქართველოს თასიც მოიპოვა და ჩემპიონატშიც ოქროს მედლებს დაეუფლა; იმის შემდეგ რვა წელიწადი გავიდა და "დუბლის" შესრულება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ამის შანსი "ზესტაფონს" აქვს: თუ რაიმე მართლაც სასწაული არ მოხდა, გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება (დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ორი მოგებაც ყოფნის); ამას გარდა, "ზესტაფონს" თასის ფინალში გასვლის იმდენივე შანსი აქვს, რამდენიც დღევანდელ მეტოქე "ტორპედოს" და, აქედან გამომდინარე, "დუბლის" შესრულებაც სავსებით რეალურად ხელეწიფება ამ სეზონის, უდავოდ, საუკეთესო გუნდს. მით უფრო, რომ ბევრი სხვა გუნდებისგან განსხვავებით, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩემპიონატსა თუ თასის მატჩებზე ძირითად შემადგენლობაში უმტკივნეულო როტაცია მოახდინოს.

თუმცა, ვეჭვობთ, რომ გია გეგუჩაძის საჩემპიონოდ "მომართული" გუნდი დღევანდელ უპრინციპულეს დაპირისპირებას შედარებით ნაკლებად მოტივირებულად შეხვდეს: ბოლოს და ბოლოს, "იმერული დერბია"; და, ესეც რომ არ იყოს, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" საამსეზონო დაპირისპირებაში, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ხომ უნდა გამოვლინდეს? შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩამდე "ზესტაფონი" და "ტორპედო" ჩემპიონატში ოთხჯერ შეხვდნენ, ერთხელაც თასზე ითამაშეს. ამ ხუთი პაექრობიდან ორი ზესტაფონმა მოიგო, ორი - "ტორპედომ", ერთი შეხვედრაც ფრედ დამთავრდა (ბურთების სხვაობაც იდენტურია - 3:3).

მოკლედ, მართლაც საინტერესო პაექრობა გველოდება, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით უნდა გავიდეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც: როგორც თვითმხილველები ყვებიან, "ზესტაფონს" არცთუ სტუმართმოყვარე დახვედრა ჰქონია პირველ სათასო მატჩში. არადა, იმასაც შეგახსენებეთ, რომ ქუთაისში ჩატარებულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 15000 მაყურებელი დაესწრო!

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი სიხარული სუფევდა 19 აპრილს ქუთაისის სტადიონზე, როცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული გიორგი მეგრელაძის ერთადერთი გოლით "ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. თანაც, უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული "ტორპედო" ახლა საერთაშორისო ასპარეზზეც ფიქრობს დაბრუნებას; ოღონდ, გია გიგატაძის გუნდს ამისათვის, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა რჩება: თასის აღება! ანუ, "ტორპედომ": ჯერ ნახევარფინალის ბარიერი უნდა დაძლიოს, მერე კი ფინალშიც გაიმარჯვოს.

თუმცა, თეორიულად სხვა ვარიანტიც არსებობს: იმისათვის, რომ "ტორპედომ" ევროპის ლიგაზე იასპარეზოს, ჩემპიონატი IV ადგილზე უნდა დაასრულოს, ოღონდ "ზესტაფონი" ჩემპიონი ... ვერ უნდა გახდეს, მაგრამ, თასის ფინალში გაიმარჯვოს; ანუ, მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ტორპედო" თასის გათამაშებას გამოეთიშება. თუმცა, ამდენ ვარაუდს, სჯობს დღევანდელ შეხვედრას დაველოდოთ, ორივე გუნდისთვის უპრინციპულესი რომ უნდა იყოს.

ვიტ ჯორჯია-გაგრა

საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში შარშან პირველად მოხდა, პირველი ლიგის გუნდმა (მარტვილის "მერანი") ნახევარფინალამდე რომ მიაღწია. და აი, წელს იმავე წარმატებას "გაგრამ" მიაღწია: უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა გუნდმა უკვე ორი სენსაცია მოახდინა და მესამე და მთავარ სენსაციამდეც ბევრი აღარაფერი უკლია.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "გაგრამ" თითქმის შეუძლებელი შეძლო და პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "გაგრამ" თასის იმ ეტაპზე თბილისის "დინამოს" აჯობა! თუმცა, პირველი ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი და უმაღლესში აღზევების რეალური კანდიდატი მხოლოდ ამას არ დასჯერდა და პირველ ნახევარფინალურ მატჩში თასის მოქმედი მფლობელი "ვიტ ჯორჯია" მართლაც რომ სოლიდური ანგარიშით, 3:0 დაამარცხა ("დუბლი" აბაიომი ოვონიკოკომ შეასრულა, ერთი გოლიც შალვა კვანტალიანმა გაიტანა). თანაც, "გაგრას" დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი, უკრაინელი ლეგიონერები მიკოლა ნაკონეჩნი და ვლადიმირ ორდინსკი აკლდა, დღეს რომ უკვე გუნდს დაეხმარებიან.

მოკლედ, განმეორებითი მატჩის წინ "გაგრას" მართლაც სოლიდური ჰანდიკაპი აქვს - სამბურთიანი უპირატესობა პატარა ამბავი ნამდვილად არ არის. თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" მსგავსი სხვაობა ადრეც აღმოუფხვრია: შარშან, პირველი მეოთხედინალური მატჩი "ვეტერინარებმა" 0:3 წააგეს "ზესტაფონთან", თუმცა განმეორებითი შეხვედრის ძირითად დროში ძლიერი მეტოქის კარში ასევე სამი გოლი გაიტანეს, ერთიც დამატებითში მიაყოლეს და ჯერ ნახევარფინალში გავიდნენ, შემდეგ კი, კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს თასს.

ისე, "ვიტ ჯორჯიას" თამაშში ამ ბოლო დროს აშკარად პროგრესი იმჩნევა და, ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, გუნდის ძველ-ახალი მწვრთნელის, ზურაბ ბერიძის დამსახურებაა. საერთოდაც, "ვეტერინართა" ბოლოდროინდელ თამაშზე, ალბათ, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ გუნდის ირგვლივ განვითარებულმა ბოლოდროინდელმა ამბებმა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი უკანა პლანზე გადაწია. ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ განწყობაზე იქნებიან დღევანდელ შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები...

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"