სეოკ-ში ”თბილისი-2015”-ის სამზადისზე პრესკონფერენცია ჩატარდა
გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ”თბილისი-2015” მზადებას მიეძღვნა. 24 მაისს თბილისში სპორტული ობიექტების შესამოწმებლად ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის თავმჯდომარე, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი გვიდო დებონდტი და ”თბილისი-2015” საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის ეოკ-ის გენერალური მდივანი ჯოზეფ ლიბა ჩამოდიან.

გუშინდელი შეხვედრაც მათთვის დასახვედრად მომზადებას ისახავდა მიზნად. ამიტომ მიწვეულები იყვნენ თამაშების პროგრამაში შეტანილი ცხრავე სახეობის და შეჯიბრების მასპინძელი სპორტული ობიექტების ხელმძღვანელები. აგრეთვე, ამ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ჩომახიძე და გენერალური მდივანი არჩილ გეგენავა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა საგანგებოდ სთხოვა ყველას, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ხსენებულ ვიზიტს, რადგან წინასწარ იციან, ბელგიელი დებონდტი საკირკიმალოდ ჩამოვა და არ დაგვზოგავს. საქმე ისაა, რომ ამ ფესტივალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბელგიელი ჩეხების ბანაკში იყო (შეგახსენებთ - მაშინ თბილისის ერთადერთი კონკურენტი იყო ჩეხური ბრნო). ”ამგვარ ღონისძიებებში ყველაფერი, ყველა ნიუანსი განსაზღვრულია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქარტიით. დებონდტი და ლიბა 24 მაისს თბილისში სწორედ იმის შესამოწმებლად ჩამოდიან, როგორ ვითვალისწინებთ ქარტიის მოთხოვნებს და შევძლებთ თუ არა მათ შესრულებას. უნდა ვეცადოთ, ბელგიელს არ მივცეთ უარყოფითი დასკვნის დაწერის საშუალება” - მიმართა ნაცვლიშვილმა სხდომის მონაწილეებს.

მან დამსწრეთ ისიც სთხოვა, რომ ბაზების ტექნიკური სტანდარტების მოსაწესრიგებლად კონსულტაციები თავიანთი სახეობების საერთაშორისო ფედერაციებთან გაიარონ, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ კი რამდენჯერმე სთხოვა ყველა ფედერაციის ხელმძღვანელს, საგანგებოდ მოემზადონ ევროპელი სტუმრების სამასპინძლოდ, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი არაპროფესიული კითხვით, რბილად რომ ვთქვათ, სტუმრებთან არ ჩაიჭრან. ბაზების ხელმძღვანელებს ასევე საგანგებოდ სთხოვეს, სანიტარულ-ჰიგიენურადაც მოაწესრიგონ იქაურობა. ჯერ კიდევ კანდიდატად ყოფნისას ყოფილა შემთხვევები, როცა ბაზებზე მისულ ევროპელ ექსპერტებს იქ ისეთი ანტისანიტარია დახვედრიათ. მაშინ თურმე იმით გადავრჩით, რომ ისინი მეგობართა ჯგუფიდან იყვნენ და ამაზე თვალი დახუჭეს, არ დააფიქსირეს, ბელგიელისგან კი დანდობა არ გვექნება.

ნაცვლიშვილმა ამას წინათ ტრაბზონში მივლინებაზეც ისაუბრა, რომელიც ზაფხულში უმასპინძლებს ანალოგიურ ფესტივალს. თურმე იმათ საორგანიზაციო კომიტეტში 150 კაცი ყოფილა, ჩვენთან კი დაახლოებით 100-კაცამდეა ნავარაუდევი. ითქვა ისიც, რომ თურქეთში ფესტივალის სამასპინძლოდ 157 მილიონი დოლარი ყოფილა გამოყოფილი, ოღონდ ცენტრალური სტადიონის გარდა, სადაც გახსნა-დახურვის ცერემონიალები გაიმართება, ყველაფერი თავიდან აუშენებიათ. სავარაუდოდ, ჩვენთან შედარებით იაფი დაჯდება, რადგან ბაზების უმეტესობა უკვე აშენებულია, თუმცა მათაც სჭირდებათ საერთაშორისო სტანდარტებამდე მისასვლელად გაუმჯობესება.

ბაზების საკითხი გუშინდელი სხდომის ყველაზე მტკივნეული იყო, რამაც ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაც გააშიშვლა - გაირკვა, რომ ქვეყანაში არც ერთი სპორტული ობიექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საამისოდ კიდევ გვარიანი რემონტია საჭირო. უშუალოდ საშეჯიბრო არენა იქნებ კი ჯდება სტანდარტებში, მაგრამ აუცილებლად გადასაჭრელი პრობლემაა სათადარიგო დარბაზები, გასახდელები, სათავსოები და დამხმარე ოთახები. ეს ერთმნიშველოვნად აქტუალურია ძველი თუ ახალაშენებული ბაზების უმეტესობისთვის. მაგალითად, ეროვნული სტადიონისა თუ საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკისთვის”. ეროვნულ სტადიონზე მძლეოსანთა შეჯიბრებაა განზრახული, მაგრამ იქ ძირითადი სარბენი ბილიკების გარდა არაა სავარჯიშო ბილიკები, ოთახები, სადაც სტუმრები თუნდაც ეკიპირებას, ჩანთებს დაალაგებენ.

მოგეხსენებათ, მძლეოსნობის ფედერაცია დიდუბის მანეჟს არემონტებს და ფესტივალისთვის იმის გამოყენებას გეგმავდა თავისი სასტუმროთი, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ სტუმრები ოლიმპიურ სოფელში უნდა დაბინავდნენ, ხოლო ვარჯიშითაც ძირითად არენაზე უნდა ივარჯიშონ. სიგრძე-სიგანე-სიმაღლით საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს ”ოლიმპიკი”, მაგრამ აუზი მოთელვისთვის არც მას აქვს. იქ კი არის ერთი სათადარიგო, მაგრამ ის მეტად პატარაა. ამასთან, სავარჯიშო აუზი ძირითად არენას და გასახდელს დახურული დერეფანით უნდა უკავშირდებოდეს - ესეც საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნაა. ამ კონტექსტში ”ლაგუნა-ვერეც” ახსენეს, სადაც ეს ყველაფერი არის, მაგრამ კოსმეტიკური სამუშაოებისთვის იქაურობას დიდი რემონტი სჭირდება. ამ კონტექსტში ბიძინა ივანაშვილიც ახსენეს, იმას ვთხოვოთ დახმარება, მაინც უნდა გვეთხოვა რაღაცის გაკეთებაო, რასაც მეორე სახუმარო რეპლიკა მოჰყვა - მისთვის უფრო მნიშვნელოვანი სათხოვარი გვქონდა, ეს წვრილმანიაო.

ბაზების უმეტესობაში ტრიბუნებიც პრობლემაა - 1000 კაცს მაინც უნდა იტევდეს. სწორედ ესაა ძირითადი ხელის შემშლელი მიზეზი ძიუდოს აკადემიის და ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტსკოლისთვის, სადაც ხელბურთელთა შეჯიბრების გამართვაა ნავარაუდევი - იქაური ტრიბუნები მეტისმეტად მცირე ტევადობისაა. განსაკუთრებით - სპორტსკოლაში. ძიუდოს აკადემია ვახსენეთ და აქვე ერთი უცნაურობაც - სადღეისო გეგმით, თავად ამ შენობაში ხელბურთელთა ტურნირის ჩატარებაა განზრახული, ძიუდოსი - სპორტის სასახლეში, კალათბურთელთა შეჯიბრებისთვის კი ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეა შეგულებული! ალბათ, ლოგიკური იქნება, კალათბურთი სპორტის სასახლეში დავტოვოთ, ძიუდო - თავის დარბაზში, თუმცა ეს კიდევ არაფერი, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერის ბაღიც პატარაა - კალათბურთში ბიჭებთან ერთად გოგოების ტურნირიც უნდა გაიმართოს ანუ ორი დარბაზია საჭირო. რაოდენობრივად იქ მართლაც არის ორი, მაგრამ ერთი იმდენად მცირეა, ამ შეჯიბრებისთვის არ გამოდგება.

პრესკონფერენციაზე ყველაზე უკეთ მაინც კალათბურთისა და ჩოგბურთის ბაზების მდგომარეობა წარმოჩნდა, თუმცა ჩოგბურთში ახალი კორტების აშენება ”მზიურშიც” იგეგმება. შეხვედრაზე ყველაზე პრობლემურად ველოსპორტის საკითხი იქცა. ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ ტრასები ქალაქში მოეწყობა - ეს ტელერეპორტაჟებისას თბილისის უფასო ტურისტული რეკლამაც გამოვა, რადგან კადრში ქალაქის ხედებიც მოხვდება. ოღონდ პრობლემაა ტრასების სიგრძე და თან ქალაქში გუნდური რბოლა არაა რეკომენდებული. ამ კონტექსტში რუსთავი-თბილისის ტრასაც ახსენეს, თუმცა ამან დიდი ენთუზიაზმი ვერ გამოიწვია. არადა, თბილისთან ერთად რუსთავის რეკლამაც რატომ იქნება ცუდი? ველოტრეკის მოწყობა თბილისის ზღვაზეა განზრახული, სადაც ოლიმპიური სოფლის აშენება იგეგმება, მაგრამ ამ იდეას თავად ფედერაციის ხელმძღვანელობა არ მიესალმა სათანადო პირობების არქონის გამო. სპორტის ერთადერთი სახეობა, სადაც ახალი, სპეციალური ბაზის აშენებას ალტერნატივა არ აქვს, ტანვარჯიშია - ყველა თანხმდება იმაზე, რომ მისთვის ახალი დარბაზის აგების გარდა სხვა საშველი არაა.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა