ბრაზილიის ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩრდილოეთკორეელებთან მატჩში და მეორე გუნდი გახდა მუნდიალზე, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა - "სელესაომ" მოუგო ნაკრებს, რომელმაც ყველას გაუცრუა იმედები, კოტ დ'ივუარის ნაკრები ერთი უხეში გუნდია, რომელიც ულამაზო ფეხბურთს თამაშობს, რომლის ფეხბურთელებს ხშირად ერთმანეთისა არ ესმით...

G ჯგუფი

20 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 84 455 მაყურებელი

ბრაზილია-კოტ დ'ივუარი 3:1

ბრაზილია (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - ელანო (67. დ. ალვეში), ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო - კაკა - რობინიო (93. რამირესი), ლუიშ ფაბიანო.

კოტ დ'ივუარი (4-3-2-1): ბარი - დემელი, კ. ტურე, ზოკორა, ტიენე - ებუე (72. რომარიკი), ი. ტურე, ტიოტე - დინდანე (54. ჟერვინიო), კალუ (68. კეიტა) - დროგბა.

გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (25), 2:0 ლუიშ ფაბიანო (50), 3:0 ელანო (62), 3:1 დროგბა (79)

გაფრთხილება: ტიენე (31), კეიტა (75), კაკა (85), ტიოტე (86)

გაძევება: კაკა (90)

მატჩი დაიწყო: კოტ დ'ივუარი; დარტყმა: 12-10 (6-4); ჯარიმა: 17-23; კუთხური: 4-3; გაფრთხილება: 1-3; ბურთის ფლობა: 56%-44%.

არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

საინტერესო მომენტები

1' - რობინიომ კინაღამ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, სწრაფი კონტრშეტევა მან თავადვე დაასრულა, თუმცა შორი მანძილიდან გადააცილა ბურთი აფრიკელთა კარს.

20' - ელანომ კუთხური ჩააწოდა, საჯარიმოში ბურთი ჟილბერტო სილვამ მიიღო, მაგრამ მისი დარტყმული კოლო ტურეს მოხვდა.

25' - 1:0, შეტევა კაკამ წამოიწყო, ის გაცდა მეურვეს, რომელმაც უხეიროდ ითამაშა და საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ბურთი ლუიშ ფაბიანოს გადააწოდა, რომელმაც აუღებლად დაურტყა მეკარეს.

50' - 2:0, ლუიშ ფაბიანომ შორეული ჩაწოდება მიიღო, მან ჯერ ერთ მცველს გადაუგდო ბურთი თავზე, შემდეგ - მეორეს და ძლიერი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

55' - დინდანეს ჩაწოდება, დროგბამ ააცილა თავით ახლო მანძილიდან.

62' - კაკას დარტყმული მეკარე ბარიმ მოიგერია.

62' - 3:0, ისევ რობინიოს დაწყებული კომბინაცია, მარცხენა ფლანგზე კაკამ გაილაღა, მის ჩაწოდებულს კი ფეხი ელანომ დაუხვედრა.

79' - 3:1, ჟერვინიომ თითქმის მთელი მოედანი გაირბინა ბურთით, შემდეგ ცენტრში ჩააწოდა, სადაც იაია ტურემ ბრწყინვალე პასით ბრაზილიელთა ორი ცენტრალური მცველი უფუნქციოდ დატოვა, დროგბამ კი ბურთს თავი დაუხვედრა.

88' - კაკამ მეტოქისთვის განზრახ იდაყვის ჩარტყმისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

89' - ტიოტეს სახიფათო დარტყმული ჟულიო სეზარმა კუთხურზე მოიგერია.

ბრაზილიის ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩრდილოეთკორეელებთან მატჩში და მეორე გუნდი გახდა მუნდიალზე, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა - "სელესაომ" მოუგო ნაკრებს, რომელმაც ყველას გაუცრუა იმედები, კოტ დ'ივუარის ნაკრები ერთი უხეში გუნდია, რომელიც ულამაზო ფეხბურთს თამაშობს, რომლის ფეხბურთელებს ხშირად ერთმანეთისა არ ესმით. მოკლედ, აფრიკული ფეხბურთის სრული კრახი სახეზეა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულა, კაკამ, რომელმაც, როგორც იქნა, კარგად ითამაშა, ბოლოს სამი წუთის ინტერვალით მიიღო ორი ყვითელი ბარათი და ახლა ის პორტუგალიის ნაკრებთან თამაშს გამოტოვებს. პორტუგალიასთან, ალბათ, არც ელანო იქნება, რომელიც აფრიკელთა უხეშობის მთავარი მსხვერპლი გახდა...

თამაში ჯერ წვალებას ჰგავდა. ბრაზილიის ნაკრებს ორი გმირი ჰყავდა, ერთი ნაღდი, მეორე კი ყალბი, რეალურად შეტევები მაიკონის საშუალებით და მის იმედად ვითარდებოდა, ხოლო რობინიო თავისთვის ჟონგლიორობდა.

თამაშის მეორე ეტაპი მას შემდეგ დადგა, რაც ლუიშ ფაბიანომ ახლო მანძილიდან ყუმბარისებური დარტყმით ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ მართლაც გაილაღა ბრაზილიის ნაკრებმა და კარგი ფეხბურთი გვიჩვენა, სამაგიეროდ, ისიც კარგად გამოჩნდა, რისი მაქნისია კოტ დ'ივუარის ნაკრები - ანუ ბევრი არაფრის.

თამაშის ხასიათი კიდევ ერთხელ შეიცვალა, როცა ელანომ მესამე გოლი გაიტანა ბარის კარში, ეტყობა ამან აფრიკელთა თავმოყვარეობაზე იმოქმედა და... ისინი მეტოქეთა "ჩეხვაზე" გადავიდნენ. სიტუაციაში მთლად კარგად ვერც ფრანგი მსაჯი არბიტრი გაერკვა, რომელსაც აშკარად მართებდა უფრო მკაცრად განსჯა, რამაც გამოიწვია კიდეც ინციდენტი კაკას მონაწილეობით, როცა კაკამ კეიტას იდაყვი მკერდში მოსცხო, აფრიკელმა კი სახეზე ხელი იტაცა და ისე გააფორმა ყველაფერი, სანამ მსაჯი "რეალის" ვარსკვლავს მეორე ყვითელ ბარათს უჩვენებდა, გუნდებმა რამდენიმე წამით ჩხუბიც კი მოასწრეს (პირველი ჯგუფური ჩხუბი ამ მუნდიალზე).

საუკეთესო ფეხბურთელი

ლუიშ ფაბიანო

ჩვენი და ფიფას გემოვნება ამჯერად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და 88-ე წუთამდე კაკას დასახელებას ვაპირებდით, "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, როგორც იქნა, კარგი თამაში გვაჩვენა, რაც ორ საგოლე პასშიც აისახა, მაგრამ ბოლოს გმირი ლამის ანტიგმირად იქცა - ასე რომ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "სევილიას" ფორვარდი ლუიშ ფაბიანოა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ორივე დარტყმა ბრწყინვალე იყო, მეორე გოლის შემთხვევაში კი მთელი ეპიზოდი ულამაზესი, მაგრამ... წესით, ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ხოლო ფაბიანოს ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, მან ორჯერ ჩამოიღო ბურთი ხელით და არა მკერდით.

მატჩის შემდეგ

ლუიშ ფაბიანო (ბრაზილია): "ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ გოლები არა და არ ჩანდა. ახლა კი თავისუფლად ამოვისუნთქე. ბურთმა ჩემი ხელი მოძებნა და არა პირიქით, ამიტომაც მჯერა, რომ გოლი წესების სრული დაცვით ჩათვალეს. ახლა კიდევ უფრო მეტს გავირჯები, რომ მუნდიალზე კვლავ გავიტანო გოლები".

დუნგა (ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს მსაჯებმა კაკასთან მიმართებაში. მას ეუხეშნენ და კაკა აქეთ დასაჯეს. ვეღარ გავიგე, როგორ ითამაშონ ჩემმა ფეხბურთელებმა, რომ მსაჯებისგან უსაფუძვლო გაფრთხილებები არ მიიღონ".

სვენ გორან ერიქსონი (კოტ დ'ივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველი გოლი ლუიშ ფაბიანომ მართლაც კარგად გაგვიტანა, აი, მეორე კი... მიკვირს, როგორ ვერ დაინახა მსაჯმა ხელით თამაში, თან ეს ხომ ორჯერ მოხდა. წარმოიდგინეთ, ლუიშ ფაბიანო ისედაც ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში და რა ძნელია მისი შეჩერება, როცა ხელით თამაშის უფლებასაც აძლევ".

სახალისო სტატისტიკა

ლუიშ ფაბიანო: კარში 2 დარტყმა და 2 გოლი; მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ; 2 სოლოგარღვევა; 22-დან 15 ზუსტი პასი; გაირბინა 8 843 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ფელიპე მელო (69)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ფელიპე მელო (60)

ყველაზე მეტი ჩაწოდება: ელანო (5)

ყველაზე მეტი გაირბინა: ჟილბერტო სილვა (11 054 მ)

ყველაზე სწრაფი: ფელიპე მელო (30,75 კმ/სთ)

დაბოლოს, მუნდიალზე უკვე გასულია 57 გოლი. ყველაზე მეტჯერ, 8-8 ჯერ თავი ესპანური პრიმერას და ინგლისური პრემიერლიგის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს.

ნიკოლოზ ნეფარიძე

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა