"შერატონ მეტეხი პალასში" დღეს საღამოს საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკე ქალთა ევროპის XII ჩემპიონატი

"შერატონ მეტეხი პალასში" დღეს საღამოს საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკე ქალთა ევროპის XII ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი - საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია), რომელშიც 26 ქვეყნის 134 წარმომადგენელი იასპარეზებს, მათ შორის 36 დიდოსტატია (11 ქალბატონს ეს წოდება ვაჟებშიც აქვს მოპოვებული).

საგულისხმოა ისიც, რომ თბილისში მედლებისთვის მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულიდან 6 მოჭადრაკე იბრძოლებს. ფავორიტთა შორის არიან მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2522) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2559), კატერინა ლახნო (უკრაინა, 2530) და პია კრამლინგი (შვედეთი, 2468), კონტინენტის ჩემპიონატების პირველი გამარჯვებული ნატალია ჟუკოვა (2428, მან ეს ტიტული 2000 წლეულს ბათუმში მოიპოვა), ფიდეს ქალთა გრან-პრის გამარჯვებულები - ნანა ძაგნიძე (2557) და ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2506), მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის წევრები - ოცწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) და რუსი ნადეჟდა კოსინცევა (2567). აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში სტუმართაგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი (19) ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ეყოლებათ.

"მაღალი რეიტინგის მქონე და ტიტულიანი მოჭადრაკეების სიმრავლე ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის პრესტიჟულობის დასტურია. ჩვენს დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრის ერთ-ერთი ფაქტორია უპრეცედენტო ფულადი პრიზი - 110 000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 20 000 ევროს მიიღებს. ეს თანხა კი მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონის ფულად ჯილდოს უთანაბრდება. წლევანდელი პირველობისადმი დიდი ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ იგი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალების, ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის იუბილეებს ეძღვნება.

შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა - ორ თვემდე. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისის მერიისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ჩვენი მთავარი სპონსორის თანადგომით, საბედნიეროდ, ყველაფერი მოვასწარით, ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ. ჰოლანდიაში შევიძინეთ თანამედროვე საჭადრაკო კომპიუტერული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ინტერნეტით 26 დაფაზე გამართული ორთაბრძოლები გადაიცემა. ბრძენთა თამაშის მოყვარულთ თერთმეტი დღის განმავლობაში დაუვიწყარი საჭადრაკო ბატალიები ელით", - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

გუშინ ევროპის საჭადრაკო კავშირისა და ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, მსოფლიოს ექსჩემპიონების - ვესელინ ტოპალოვისა (ბულგარეთი) და რუსლან პონომარიოვის (უკრაინა) მენეჯერ სილვიო დანაილოვს შევეხმიანეთ: "ამჟამად ყაზანში ვარ, სადაც მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო - მეოთხედფინალში ვესელინ ტოპალოვი გატა კამსკის ეთამაშება. ვწუხვარ, რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატის გახსნას ვერ ვესწრები. სამაგიეროდ, ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური მდივანი სავა სტოისავლევიჩი გეწვევათ. მე კი შეჯიბრების საზეიმო დახურვამდე აუცილებლად ჩამოვალ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრანდიოზული ასპარეზობა, რომელსაც სათავე ბათუმში დაედო 2000 წელს, საქართველოს დედაქალაქში უმაღლეს დონეზე ჩატარდება. ის გვაიმედებს, რომ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს, შეჯიბრებას მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; საპრიზო ფონდიც რეკორდულია, თანაც საქართველო დიდი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა, სადაც ლეგენდარული დიდოსტატები - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე აღიზარდნენ. ყოველივე ამან განაპირობა ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევანი. ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვართ. ტურნირის მონაწილეებსა და მასპინძლებს მხნეობასა და წარმატებას ვუსურვებ."

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ მედლების მფლობელებს 11 ტური გამოავლენს. პირველი პარტიები ხვალ გაიმართება. 14 მაისი დასვენების დღეა. ტურნირზე ის 14 მოჭადრაკეც გამოვლინდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს დაიმსახურებს.

აქვე გაუწყებთ წინა 11 შეჯიბრების გამარჯვებულთა ვინაობას: 2000 წ. ბათუმი. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა); 2001 წ. ვარშავა. ელმირა სკრიპჩენკო (მოლდოვა); 2002 წ. ვარნა. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი); 2003 წ. სტამბოლი. პია კრამლინგი (შვედეთი); 2004 წ. დრეზდენი. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი); 2005 წ. მოლდოვა. კატერინა ლახნო (უკრაინა); 2006 წ. კუშადასი. ეკატერინა ატალიკი (თურქეთი); 2007 წ. დრეზდენი. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი); 2008 წ. პლოვდივი. კატერინა ლახნო (უკრაინა); 2009 წ. სანკტ-პეტერბურგი. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი); 2010 რიეკა. პია კრამლინგი (შვედეთი); ამ ჩემპიონატებში ჩვენებურთაგან ბრინჯაოს მედლები აქვთ მოპოვებული მაია ჩიბურდანიძეს (2000) და ქეთევან არახამიას (2001), რომელიც ბოლო წლებში შოტლანდიის სპორტულ ღირსებას იცავს. 2006 წელს მეორე ადგილზე ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თეა ლანჩავა-ბოსბოომი გავიდა.

ვაჟა დანელია

kopala
ტურნირში წარმატება მაინც ესურვებინა ქართველი გოგონებისთვის,ეს მიმოხილვა ყველამ ზეპირად იცის ჭადრაკის მოყვარულებმა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე