ამირან პაპინაშვილმა (60) ბაქოს "დიდ პრიზზე" გამარჯვებით ძიუდოს ქართველ ქომაგებს მორიგი ტიტული და იმედი გვაჩუქა
ამირან პაპინაშვილმა (60) ძიუდოს ქართველ ქომაგებს მორიგი ტიტული და იმედი გვაჩუქა - ბაქოში "დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო. ამით საკუთარი კოლექცია ხომ გაამდიდრა, ჩვენც კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ჩაგვისახა იმედი, რომ ამ წონით კატეგორიაში საკადრო პრობლემა მოგვარდა.

სულიკო ფეიქრიშვილის დამოძღვრილმა ფალავანმა მთელი შეჯიბრება შესაშური აღმავლობით ჩაატარა - ოთხიდან ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, მესამეში იპონი მიითვალა, იუკოს კი მხოლოდ ფინალში დასჯერდა მონღოლ ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლისთან.

ფინალამდე მონღოლმა ძალიან ძლიერი ჯგუფი გაიარა - მასპინძელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადე და ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, უკრაინელთა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია. აქედანაც ჩანს, ის რა დონის ფალავანია. თანაც, მონღოლეთის ნაკრები ბოლო ხანებში სულ უფრო უმატებს... აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, მასთან შეხვედრაში ჩვენებურს თუ გაუჭირდა, მაგრამ იმდენი კი მოახერხა, დასაწყისშივე იუკო აართვა. გადამწყვეტიც ეს ქულა აღმოჩნდა, რადგან მერე ორივემ მხოლოდ ორ-ორი გაფრთხილება მიიღო. საერთოდ, ამ შეხვედრაში ჩვენებურის ტაქტიკური უპირატესობა იგრძობოდა - მის ჭიდაობას ეტყობოდა, რომ წინასწარ დასახულ გეგმას ზუსტად ასრულებდა.

პაპინაშვილმა ფინალის ტოლფასი ერთი შეხვედრა მესამე წრეშიც მოიგო - მასპინძელ ილგარ მუშკიევთან. მუშკიევი თბილისის მსოფლიოს თასის წლევანდელი გამარჯვებულია, შინ კი მისი შანსები კიდევ უფრო იზრდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენებურმა ძალიან იოლად მოუგო - დასაწყისშივე ვაზარი აართვა, მერე იუკოც დაუმატა, თავად კი მხოლოდ ორი გაფრთხილება დაუთმო. გარედან ისე ჩანს, ამ შეხვედრაში ბრძოლა არც ყოფილა, მანამდე კი ქართველმა კიდევ უფრო იოლად იმარჯვა - ყაზახ აშხატ ტელმანოვის ძლევაც ვაზარით დაიწყო, რასაც მერე იპონი მიაყოლა. მომავალმა ჩემპიონმა ნახევარფინალშიც სუფთა მოგება მიითვალა- ფინელ ვალტერ იოკინენს ორი ვაზარით აჯობა.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაპინაშვილი ამ წონაში ანგარიშგასაწევ მოჭიდავედ ჩამოყალიბდა. თავიდან მას რატომღაც გაუჭირდა დამკვიდრება, თუმცა ეტყობა, ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახა და საბოლოოდ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენებური უკვე ჩამოყალიბდა იმ დონის მოჭიდავედ, რომლისგანაც ყველა ტურნირზე წარმატებას უნდა ველოდოთ. იქნებ ჯერ კიდევ არ იყოს ლაპარაკი წონის ლიდერობაზე, მაგრამ არც ისეა საქმე, საშუალო დონის ფალავნებმა დაამარცხონ. პირიქით - მისი მომგები უკვე სწორედ წონის ლიდერებში თუ გამოჩნდება ვინმე. შედეგად, მთავარი ბრძოლები ზანთარაიას, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, უზბეკ დილშოდ სობიროვის, რუსთა ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანისა და ამ რანგის ფალავნებთან უწევს.

ბაქოს ტურნირი პაპინაშვილის კარიერაში მეორე "დიდი პრიზია" - შემოდგომაზე როტერდამშიც გაიმარჯვა. ბოლო სეზონში მისი პროგრესი აშკარაა, რასაც საქმეში ჩახედულნი ფიზიკური კონდიციების მომატებით ხსნიან. ფიზიკურად ის როტერდამშიც კარგად გამოიყურებოდა და სხვა შეჯიბრებებშიც. მათ შორის - ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზეც, სადაც ურიგოდ არ უჭიდავია, მეხუთეზე დარჩა. სტამბოლში წარმატებული სტარტი მან მეოთხედფინალში შეწყვიტა ზანთარაიასთან წაგებით, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი გალსტიანთან დათმო.

მოგეხსენებათ, ბაქოს ტურნირი სალიცენზიოა და ამ მოგებით პაპინაშვილმა 200 ქულა შეიმატა. რეიტინგში ის აქამდე მეათე ადგილზე იყო 568 ქულით, ახლა კი 768 გაუხდა და მეექვსეზე გადავიდა. აქამდეც არ გვეპარებოდა ეჭვი, რომ მას ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება არ გაუჭირდებოდა, ახლა კი ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა. თუმცა ჯერ მაინც ადრეა ოლიმპიადის მონაწილედ მისი გამოცხადება, რადგან ამ წონაში საგზურის მოპოვების კანდიდატი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანიც გვყავს. მოგეხსენებათ, ის ტრავმის გამო ამჯერად არ ჭიდაობდა, თუმცა მომავალში შანსი აუცილებლად მიეცემა.

პაპინაშვილმა უკვე დაამტკიცა თავისი, ახლა ჯერი შუკვანზეა - მანაც უნდა დაამტკიცოს სტაბილურობით, რომ სტამბოლში ფინალში შემთხვევვით არ გასულა და ლონდონში მოხვედრას იმსახურებს. თუმცა აქ როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს მაინც ჩვენი შიდა კონკურენციის ამბავია, მთავარი კი ისაა, რომ ამ წონაში უკვე გამოიკვეთა სოლიდური მიზნებისთვის მებრძოლი ორი ფლავანი.

გუშინ ბაქოში კიდევ ერთმა ქართველმა იჭიდავა - შალვა ქარდავამ (66), თუმცა მასზე დამაშვიდებელს და სასიამოვნოს ვერაფერს ვიტყვით - პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მონღოლ კიშიგბაიარ ბუუვაიბაატართან და უსახელოდ გავარდა. ჯერჯერობით ეს წონა ჩვენს ნაკრებში ყველაზე სუსტი ჩანს - სავარაუდოდ, აქ ლიცენზიის მოპოვება ძალზე გაგვიჭირდება. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები 73-ში, საგზურის დაუფლების თვალსაზრისით, ბევრად დამაშვიდებელი ვითარება არც მძიმე წონაში გვაქვს და სადღეისოდ დამშვიდების უფლებას არც 81-ი გვაძლევს, მაგრამ ამ წონებში ბევრად რეალური კადრებია, ვიდრე - 66-ში. აქ ლიცენზიის მოსაპოვებლად მწვრთნელებს დიდი ჯაფა დაადგებათ.

დღეს ჩვენებურთაგან ბაქოს ტატამზე 73-ში ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი იჭიდავებენ, 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ტატალაშვილი უძნელეს ჯგუფში მოხვდა. თავიდან ახალგაზრდა და გამოუცდელ აზერბაიჯანელ ნადირ ბაბაევს კი ხვდება, მაგრამ მასთან არიან ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჩაგანბაატარ ხაშბაატარი, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა და კიდევ რამდენიმეც უტიტულო, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი.

პაპოშვილს უფრო გაუმართლა - რუმინელ ადრიან ნიკოლას მერგეს ეჭიდავება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი კანადელი ნიკოლას ტრიტონი ელოდება. მის მხარეს ერთი-ორი მეტ-ნაკლებად საშიში მეტოქე კი მოხვდა, მაგრამ იმათაც ნახევარფინალამდე არ ეჭიდავება ანუ იქ რომც წააგოს, სანუგეშოში მაინც გადავა. ჭრიკიშვილი უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს ხვდება, წიკლაური - თურქ აჰმეტ სარის.

შეჯიბრება ხვალ მთავრდება და ჩვენგან ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე მსხალაძე, კონსტატინე მუკვანი (ორივე - 100) და ნოდარ მეტრეველი (+100) იასპარეზებენ. ლიპარტელიანი გერმანელ კრისტოფ ლამბერტთან იჭიდავებს, მუკვანი ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონ უკრაინელ არტემ ბლოშენკოს შეხვდება, მსხალაძე - რუს აშხაბ კოსტოევს. მეტრეველის პირველი მეტოქე ყაზახი ბეიბიტ ისტიბაევია.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

60 კგ. 1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 2. ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლი (მონღოლეთი), 3. ვალტერ იოკინენი (ფინეთი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა).

66 კგ. 1. როკ დრაკშიჩი (სლოვენია), 2. სუგოი ურიარტე (ესპანეთი), 3. ფრანჩესკო ფარალდო (იტალია), მიხაილ პულიაევი (რუსეთი).

ქალები. 48 კგ. 1. ლიუდმილა ბოგდანოვა (რუსეთი), 2. ურანტსეტსეგ მუნჰბატი (მონღოლეთი), 3. ბირხიტ ენტე (ჰოლანდია), ელენა მორეტი (იტალია).

52 კგ. 1. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი), 2. ცანცან ჰე (ჩინეთი), 3. ლაურა გომესი (ესპანეთი), აინურ სამატი (თურქეთი).

57 კგ. 1. კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი), 2. ჰუი ვანგი (ჩინეთი), 3. საბრინა ფილტმოზერი (ავსტრია), ჰედვიგ კარაკასი (უნგრეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა