ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა ბოლო ტურში მომხდარი ორი საკითხი განიხილეს
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა ბოლო ტურში მომხდარი ორი საკითხი განიხილეს:

1. 2011 წლის 1 მაისს "დინამო" - "კოლხეთის" მატჩის დროს "დინამოს" ფეხბურთელ ლევან კაკუბავას გაძევების შესახებ, რომელიც მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა (90+1 წთ).

2. 2011 წლის 4 მაისს "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩის დროს ორივე გუნდის ფეხბურთელების არასპორტული მოქმედების შესახებ. აგრეთვე, ამავე მატჩის შემდეგ "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" გულშემატკივრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლები. 4 მაისის სათასო მატჩის დამსწრე ოფიციალური პირების ოქმების წაკითხვისა და მატჩის ვიდეოჩანაწერზე სადავო მომენტების ნახვის შემდეგ სხდომა მედიისთვის დაიხურა. თუმცა გარეთ მყოფი მედიის წარმომადგენლები ვხედავდით, როგორ კამათობდნენ კლუბების წარმომადგენლები. ისეთი გაწევ-გამოწევა არ ყოფილა, როგორც "ქორთიარდ მერიოტში" ვეტერანების შეხვედრისას, მაგრამ უეჭველი იყო, რომ უსიამოვნო ლაპარაკი მიდიოდა.

საკითხის განხილვა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა კლუბების წარმომადგენელთა მოსაზრებები და პოზიციები მოისმინეს. ამის შემდეგ კლუბების წარმომადგენლებმაც დარბაზი დატოვეს, სადაც მხოლოდ სადისციპლინო კომიტეტის წევრები დარჩნენ გადაწყვეტილების მისაღებად.

დაახლოებით 20-წუთიანი მსჯელობის შემდეგ საბოლოო განაჩენი გამოაცხადეს: პირველი საკითხი მარტივი განსახილველი იყო - ლევან კაკუბავას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 100 ლარი ჯარიმა დააკისრეს.

მეორე საკითხზე კი საკმაოდ მოულოდნელი განაჩენი გამოიტანეს: ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი მერაბ გიგაური, მატჩის შემდეგ მაყურებელთან აპელირებისა და არაეთიკური მოქცევისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 200 ლარით დაისაჯა.

კომიტეტის წევრებმა "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილის მოქმედება არასპორტულ საქციელად მიიჩნიეს. კერძოდ, მან ბურთის მომწოდებელ ბავშვს ხელი ჰკრა - მიგინეიშვილს ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია და 100 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

სანქციებს კლუბებიც ვერ გადაურჩნენ და მოულოდნელი სწორედ ეს იყო: სადისციპლინო კომიტეტის წევრთა აზრით, ორივე გუნდის ფეხბურთელები არასპორტულად იქცეოდნენ, ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ; ამიტომ მიიჩნიეს, რომ სტადიონზე ისედაც დაძაბული ვითარების უფრო მეტად დაძაბვა და მატჩისშემდგომი არეულობები სწორედ მათმა პროვოკაციულმა მქედებებმა გამოიწვია.

"შესაძლოა, ამას უმართავი პროცესები და უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის მონაწილე ორივე საფეხბურთო კლუბი 7-7 ათასი ლარით დაისაჯა" - ვკითხულობთ სხდომის დადგენილებაში.

სადისციპლინო კომიტეტმა ცნობად მიიღო, რომ ზესტაფონის სტადიონისთვის მიყენებულ ზარალს და ქუთაისელი გულშემატკივრებისა და მათი ავტომანქანების დაზიანების საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.

ბოლოს კომიტეტის წევრებმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

- დადგენილებაში წერია, რომ "ქუთაისელი გულშემატკივრებისა და მათი ავტომანქანების დაზიანების საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან,, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო?

ზურაბ პეტრიაშვილი, სადისციპლინო კომიტეტის წევრი: - კლუბის ხელმძღვანელებიც და სამართალდამცავებიც.

თემურ ღაღანიძე, სადისციპლინო კომიტეტის წევრი: - თუ კლუბები ერთმანეთში შეთანხმდებიან, სამართალდამცავების ჩარევა საჭირო არ იქნება.

- რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელები, რაზმაძე და კვახაძე წინა ტურში გაძევებისთვის თქვენ დასაჯეთ, შემდეგ კი ამის საფუძველზე პოლიციაში შევიდა საჩივარი და ისინი წესრიგის დარღვევისთვის კიდევ 100-100 ლარით დააჯარიმეს. ფიფას წესდება გაძევებისთვის სამოქალაქო სასამართლოს განაჩენს არ კრძალავს?

თემურ ღაღანიძე: - ჩემი აზრით, ეს საჭირო არ იყო.

ტატო ლასხიშვილი, სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე: - როგორც ვიცი, ეს ფეხბურთელები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დასაჯეს.

"ზესტაფონის" იურისტი ოთარ გზირიშვილი:

- კლუბის საკმაოდ სოლიდური თანხით დასჯა მოულოდნელია. ჩვენ სტადიონისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. დამტვრეულია 258 სკამი. დაზარალდა "ტორპედოს" გულშემატკივართა სატრანსპორტო საშუალებებიც, მაგრამ ეს მოხდა სტადიონის გარეთ და მასთან "ზესტაფონი" არაფერ შუაშია. მატჩის ოქმშიც არის დაფიქსირებული, რომ სტადიონზე ვითარებას ვაკონტროლებდით და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც სტადიონის ან კლუბის დაჯარიმების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. გადაწყვეტილებას წერილობითი სახით რომ მივიღებთ, მერე გადავწყვეტთ, გავაპროტესტოთ თუ არა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან გარკვეული პროვოკაციული ქმედებებიც იყო.

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- აღარ მინდა ჩავუღრმავდე ამ ეპიზოდებს, რადგან კლუბებს მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ჩვენ შორის ასეთი ინციდენტი აღარ უნდა გამეორდეს.

luxuta
ფეხბურთელები რომლებიც მაყურებლების პროვოცირებას ახდენენ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ, ხოლო სპორტსმენი, რომელიც მომავალ კოლეგას, ბავშვს, ფიზიკურად ეხება უსასტიკეს სასჯელს იმსახურებს.რას აპირებდა ბატონი მიგინეიშვილი იმ ბავსვის მშობელი რომ ყოფილიყო სტადიონზე?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა