მილანის შავ-წითელი ნაწილი "როსონერის" მიერ მოპოვებულ ნანატრ სკუდეტოს ზეიმობს როგორც ჩანს, ფიესტა კიდევ დიდხანს გაგრძელდება
მილანის შავ-წითელი ნაწილი "როსონერის" მიერ მოპოვებულ ნანატრ სკუდეტოს ზეიმობს და როგორც ჩანს, ფიესტა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დიდ ხანს, ანუ როგორც მინიმუმ სერია A-ს მომდევნო ტურამდე, როდესაც "მილანი" გადაჭედილ "სან სიროზე" "კალიარის" უმასპინძლებს და თამაშის დაწყებამდე საჩემპიონო თასს აღმართავს. თამაშის შემდეგ კი ალბათ კიდევ ერთხელ გადაინაცვლებს ზეიმი ქალაქის ქუჩებში, სადაც დღემდე არ ცხრება ვნებები. ამასობაში, ფეხბურთელები ოდნავ დამშვიდნენ და პრესასთან კომენტარებიც გააკეთეს - მაგალითად, კლარენს ზეედორფმა ტიტული გულშემატკივრებს მიუძღვნა:

"კარლო ანჩელოტისთან ერთად ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა შემდეგ ჩავარდნის პერიოდი დადგა და ერთ ადგილს ვტკეპნიდით, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ამიტომ, ეს გამარჯვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. ეს ტიტული უფრო თავდაჯერებულებს გაგვხდის, რათა მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო მეტისთვის ვიბრძოლოთ. მინდა გამარჯვება ჩვენ გულშემატკივრებს მივუძღვნა, რომლებმაც ეს ყველაზე მეტად დაიმსახურეს. მთელი სეზონია გვერდში გვიდგანან და გასვლაზე თუ სახლში, ყველანაირად გვამხნევებენ."

ზეედორფმა ისეთი რამ თქვა, რამაც ჟურნალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია - კლარენსმა მომავალ სეზონში მისაღწევ წარმატებებზე ჩამოაგდო სიტყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. არადა, საკმაოდ ინტენსიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი დატოვებს "მილანს" და კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს. როგორც ჩანს, დიდმა გამარჯვებამ ზეს "როსონერისკენ" მიუბრუნა გული და წესით, არც კლუბის მესვეურებს უნდა სურდეთ მასთან განშორება. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის "მილანიდან" შესაძლო აბარგებაზე ხშირად ლაპარაკობენ, ჯენარო გატუზო გახლავთ. ზეედორფის არ იყოს, მასაც სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და აქამდე, მის გახანგრძლივებას მხარეები არ ჩქარობდნენ. და აი, რინომ პირველად ჩამოაგდო ამ თემაზე სიტყვა და შემდეგი განაცხადა:

"არასდროს მითქვამს, რომ "მილანიდან" წასვლის სურვილი მაქვს და ამის თქმას არც ვაპირებ. პირიქით, მინდა, რომ კიდევ ორი წლით გავახანგრძლივო ხელშეკრულება კლუბთან და კარიერა სწორედ "როსონერიში" დავასრულო. ალეგრისთან არავითარი კონფლიქტი არ მქონდა, ეს ჟურნალისტების მონაჩმახია და არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი - მასიმილიანოს უდიდეს პატივს ვცემ, მასთან ერთად სკუდეტო მოვიპოვე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "რომასთან" თამაშის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ქულა საკმარისი იყო გასაპირველებლად და ამან შეხვედრის ხასიათზეც იმოქმედა. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც "ჯალოროსისთან" თამაშით, ისე მთელი სეზონით."

ჟურნალისტებთან გასაუბრება ადრიანო გალიანიმაც მოახერხა, რომელიც უკვე ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ფიქრობს: "სიმბოლურია, რომ ქვეყნის ჩემპიონები დედაქალაქში გავხდით და მილანში გამარჯვებულები დავბრუნდით. საოცარი სეზონია, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე მოგვეცარა ხელი, მაგრამ აშკარაა, რომ ახალ, დიდ გუნდს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება მწვერვალზე. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ზაფხულში აუცილებლად დავიმატებთ რამდენიმე ფეხბურთელს - ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა "სანტოსის" თავდამსხმელი განსო იყოს, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელია და იმ შემთხვევაშიც არ ვიტყვით მასზე უარს, თუ კი ევროკავშირის მოაქალაქეობა ვერ მიიღო. მოკლედ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. ხშირად მესმის კაკას შესაძლო დაბრუნების შესახებ და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ გააქტიურებას. როდესაც რიკარდოს" "რეალში" გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე და ლამის ვტიროდი, მაგრამ მაშინ ფინანსურად რთული პერიოდი გვედგა და ეს გადაწყვეტილებაც ამად მივიღეთ. სილვიო ბერლუსკონის წყალობით, ამოვედით ამ კრიზისიდან და თუ საშუალება გვექნა, კაკას დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა კომენტარი, თუმცა იქამდე ჩემპიონობით გამოწვეული ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს: "საოცარი შეგრძნებაა, ზღაპარში ვარ, რომელიც არ მინდა, რომ დამთრავრდეს. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ჯერ სეზონია ბოლომდე ჩასამთავრებელი და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია სრულყოფილად დავტკბეთ მიღწეულით. ჯერ ერთი, იტალიის თასზე გვაქვს ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ჩასატარებელი და მეორე, სერია A-ს დარჩენილ შეხვედრებში გულშემატკივარს პატივი უნდა ვცეთ და მოსაგებად ვითამაშოთ. კაკას შესაძლო დაბრუნება? - ამის შესახებ კონკრეტული არაფერი ვიცი და მგონია, რომ უბრალო ჭორებთან გვაქვს საქმე. ის, რომ გალიანის უნდა რიკარდოს "მილანის" მაისურით ხილვა, ერთი მხრივ ძალიან ბუნებრივია, რადგან ბრაზილიელი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრ არაფერზე მეტყველებს. ჯერ ისიც არ ვიცით, აპირებს თუ არა "რეალი" მასთან განშორებას და თავად ფეხბურთელს თუ სურს მადრიდის დატოვება. ამიტომ, ამაზე საუბარი ნაადრევი მგონია."

ალეგრიმ სათასო პაექრობაზე ჩამოაგდო სიტყვა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხვალ "მილანი" "პალერმოს" ესტუმრება და შეეცდება, თასის გადამწყვეტ პაექრობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "როსონერიმ" საკუთარ მოედანზე ბევრი ვერაფერი მოუხერხა "პალერმოს" და ის შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩის წინ, უპირატესობას სწორედ სიცილილები ფლობენ, მაგრამ "მილანის" ჩამოწერა რომ არ შეიძლება, ესეც ცხადია. აქვე ვთქვათ, რომ "ინტერი" უკვე გასულია ფინალში და თუ "როსონერიმ" მაინც დაძლია სიცილიური ბარიერი, კიდევ ერთ მადონინას ვიხილავთ.

giorgi
"მილანი" "პალრმოს" მოუგებს თასსსაც აიღებს და იტალიაში დუბლს შეასრულებს. გაისად კი ჩემპიონთა ლიგაში იმედია, წარმატებით ითამაშებს.
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა