სამწუხაროდ, ქართველ სპორტსმენთა უდისციპლინობაზე კვლავ გვიწევს წერა - ამჯერად ძიუდოისტ ნოდარ მეტრეველზე

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს წერა ქართველ სპორტსმენთა უდისციპლინობაზე. ამჯერად, ძიუდოზე, კონკრეტულად კი მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველზე.

შეგახსენებთ - ამ უქმეებზე ის გუნდთან ერთად ბაქოში იმყოფებოდა "დიდი პრიზის" ტურნირზე, წილისყრის ოქმებშიც იყო შეყვანილი, მაგრამ არ უჭიდავია. გუშინ ამის მიზეზის ნაწილობრივ დადგენა შევძელით - როგორც ბაქოდან დაბრუნებულმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, სპორტსმენმა დაარღვია მწვრთნელთა სავარჯიშო გეგმა და ამის გამო დაისაჯა.

სამწუხაროდ, ალექსიძემ მწვრთნელთა საქართველოში დაბრუნებამდე არ ისურვა დაკონკრეტება, რაში გამოიხატა ეს დარღვევა. სამაგიეროდ, გვითხრა, რომ მწვრთნელებთან კონსულტაციების შემდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს ფედერაციაც გაატარებს. გუნდი ბაქოში კიდევ ერთი კვირა დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც რვა გუნდი ჩაებმება: აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ესტონეთი, ჩეხეთი და სლოვენია.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ძიუდოს ფედერაციას საკუთარი სპორტსმენების დასჯა უწევს. შორეულ წლებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამ გაზაფხულზე ორი ძიუდოისტი დასაჯეს - ადამ ოქრუაშვილი პოლონეთში, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი ქცევისთვის, ხოლო სოსო ნიჟარაძე ვარჯიშზე ნაკრების კონსულტანტთან, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ჩხუბისთვის, როცა ნიჟარაძემ მის მითითებებს დებოშით უპასუხა.

მოვლენათა ასეთი განვითარება ძალიან ცუდია - ოქრუაშვილი წონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების რეალური კანდიდატი იყო. იგივე ითქმის მეტრეველზე, თუმცა ის შედარებით ახალი გადასულია ამ წონაში, ოღონდ უკვე დაიმსახურა ნაკრების თავკაც პეტერ ზაიზენბახერის სიმპათიები და გუნდის იმედიც გახდა. მწვრთნელები მასაც საგზურის რეალურ პრეტენდენტად განიხილავდნენ და იმათ შორის იყო, ვისაც ზაიზენბახერი მსოფლიოს პირველობისთვის საგანგებო გრაფიკით ამზადებდა. დაგვეთანხმებით, ასეთი აკრძალვები პირდაპირ ურტყამს ნაკრების შედეგებს, თუმცა დისციპლინაც აუცილებელია. მეტრეველსაც თუ აუკრძალეს ჭიდაობა, თუნდაც მცირე ხნით, ეს აუცილებლად დაეტყობა მის მომზადებას მსოფლიოსთვის, რადგან იქამდე არც ისე დიდი დრო დარჩა - აგვისტოში იმართება. აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ მეტრეველი "რეჟიმისტი"არასოდეს ყოფილა და მწვრთნელები ყოველთვის საყვედურობდნენ ამაზე, მაგრამ საქმე დასჯის ასეთ მეთოდამდე არასოდეს მისულა.

კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ უდისციპლინობა და ჩხუბი (თუმცა, ვიმეორებთ - არ ვიცით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩხუბი იყო თუ სხვა მიზეზია) ზოგადად ქართველი სპორტსმენების დამახასიათებელ თვისებად იქცა. მაგალითად, მახაჩყალაში მარტში გამართულ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის ერთბაშად ორმა წევრმა იჩხუბა და მთელმა დარბაზმა დაუსტვინა, დაღესტნელ კომენტატორს კი ანტიქართული აგრესიის გამოვლინების შანსი მისცეს;

მოგვიანებით ბაქოში ისევ "თავისუფალთა", ოღონდ ამჯერად ჭაბუკთა ტურნირზე იჩხუბა ჩვენმა მძიმეწონოსანმა და თავი მოახსნევინა, რითაც ფინალში გასვლის ჩინებული შანსი დაკარგა - იმ პერიოდში უგებდა თურქ მეტოქეს, რომელსაც რეალურადაც აღემატებოდა მომზადებით და სპორტული ფორმით... გვესმის, ამათგან ზოგიერთ შემთხვევაში მეტოქემ ჩვენიანი წმინდა სპორტული აფერისტობით პროვოკაციაზე წამოაგო, მაგრამ აჯობებს, ჩვენმა სპორტსმენებმა გაისიგრძეგანონ, რომ უცხოეთში საკუთარ სამშობლოს წარმოადგენენ. ამასთან, ის პატარ-პატარა ეშმაკობებიც ისწავლონ, რათა უხეშობას აგრესიით კი არა, დაფარული "მუჯლუგუნებით"უპასუხონ. ამ შემთხვევაში არც შეჯიბრებიდან მოხსნიან და რეპუტაციასაც შეინარჩუნებენ. გვინდა - არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, სპორტული ეშმაკობა პაექრობის შემადგენელი ნაწილია და მისი ცოდნაც აუცილებელია.

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში