მოსალოდნელი ტრანსფერი: მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს
ერთი რამ უკვე ცხადია: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირ ნილს პეტერსენს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს, ნაღდად არ არის გადაჭარბებული. „კოტბუსის“ გოლეადორმა უკვე შეუთვალა უარი ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან „ჰოფენჰაიმი“, „ვოლფსბურგი“ და „შალკე“ და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ არჩევანს ორ გუნდს შორის გააკეთებს - პეტერსენი ან „ბაიერნში“ გადავა, ანაც „ჰამბურგში“. ნილსი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომელ გრანდში გადასვლა იქნება უფრო აზრიანი.

პეტერსენის აგენტი ლარს-ვილჰელმ ბაუმგარტენი აცხადებს, რომ ნილსის თაობაზე საერთო ჯამში 14 გუნდიდან დაუკავშირდნენ, საიდანაც 10 ბუნდესლიგის წარმომადგენელია და 22 წლის თავდამსხმელმა გადაწყვიტა, რომ არჩევანი ან „ჰამბურგზე“ უნდა შეაჩეროს, ანაც გერმანიის სუპერგრანდ „ბაიერნზე“. „ჰოფენჰაიმთან“, „ვოლფსბურგთან“ და „შალკესთან“ ერთად, მან უარი „ფრაიბურგსაც“ შეუთვალა. ფაქტია ისიც, რომ პეტერსენის მომავალ კლუბს 2.8 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ მოუწევს, რადგან „კოტბუსთან“ 2014 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ნილსის მაქსიმალური ფასი სწორედ 2.8 მილიონი იქნება. სამაგიეროდ, გაურკვეველია, სად უფრო აწყობს გადასვლა - „ჰამბურგში“ თუ „ბაიერნში“?

პეტერსენმა მეორე ბუნდესლიგაში 24 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირის წოდება გარანტირებული აქვს და ამ მიღწევით მან შარშანდელი შედეგი ორმაგად გააუმჯობესა. თუმცა მეორე ბუნდესლიგა მაინც მეორე ბუნდესლიგაა და ექსპერტები ჯერ კიდევ ეჭვობენ, შეძლებს თუ არა „კოტბუსის“ ფორვარდი იმას, რომ ელიტაშიც ასეთივე შედეგიანი იყოს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ პირველი ბუნდესლიგისთვის უკვე მზადაა. ასეა თუ ისე, ექსპერტები პეტერსენს „ჰამბურგში“ გადასვლას უფრო ურჩევენ, რადგან „ბაიერნისგან“ განსხვავებით, HSV-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების გაცილებით უკეთესი შანსი ექნება. თანაც, „ჰამბურგის“ მწვრთნელი მიხაელ იონინგი ხომ სწორედ ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ნიჭით დაჯილდოვებული სპეციალისტის სახელითაა ცნობილი.

პეტერსენი ტიპური ცენტრფორვარდია, რომელიც მუდმივად საჯარიმოშია. კონტრშეტევების დროს უმეტესად უმაქნისია, რადგან დიდი სისწრაფით არ გამოირჩევა და არც ისეთი ტექნიკურია, რომ მცველი იოლად მოატყუოს. დამთხვევა ნამდვილად არ არის ის, რომ ამ სეზონში არცერთი გოლი არ გაუტანია სისწრაფის ხარჯზე ან საჯარიმოს გარედან. „ერთ მატჩში ბურთთან 100 კონტაქტი არასდროს მქონია, - იცის პეტერსენმა, - სამაგიეროდ, შესანიშნავი საგოლე ალღო მაქვს და ვიცი, როდის სად უნდა გავიხსნა. იმისათვის, რომ გოლები გავიტანო, მჭირდება გუნდი, რომელიც შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ნახევარმცველები, რომლებიც პასებით მომამარაგებენ.“

ამ თვალსაზრისით მას ნაღდად „ბაიერნი“ ურჩევნია, სადაც ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, თომას მიულერი და ბასტიან შვაინშტაიგერი მისთვის პასებს არ დაინანებენ, მაგრამ უღირს რეკორდმაისტერში გადასვლა - გუნდში, სადაც პირველი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი მარიო გომესი თამაშობს? ხელფასის თვალსაზრისით ნამდვილად უღირს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა? „ვიცი, რომ „ბაიერნში“ გადასვლის შემთხვევაში თავიდან სკამზე ჯდომა მომიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეშინია,“ - ამბობს პეტერსენი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, რომელიც „ბაიერნში“ გადავიდა და იმედები ასი პროცენტით გაამართლა, მხოლოდ ერთი იყო: 1984 წელს როლანდ ვოლფარტი მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა (დუისბურგის ფორმით 30 გოლი გაიტანა) და მერე რეკორდმაისტერს მიაშურა, სადაც გოლების გატანა თავიდანვე დაიწყო. მეორე მხრივ, მარიო გომესი სწორედ პეტერსენის სტილის თავდამსხმელია. ის „ბაიერნში“ თავის დროზე უკვე შემდგარი გოლეადორის სახელით გადავიდა და მიუხედავად ამისა, მიუნხენური გრანდისთვის შესაგუებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდა - გომესმა გოლების გატანა მხოლოდ ამ სეზონშიღა დაიწყო.

ნილს პეტერსენი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უარს „ჰამბურგს“ შეუთვლის და „ბაიერნში“ გადასვლას გარისკავს, რადგან მიუნხენურ გრანდში გადაბარგების შანსი სხვა დროს შეიძლება აღარ მიეცეს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა