გუშინ ჭიდაობის ფედერაციაში შეხვედრა მოუწყვეს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებულ `თავისუფალთა~ ნაკრებს...

გუშინ ჭიდაობის ფედერაციაში შეხვედრა მოუწყვეს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებულ `თავისუფალთა~ ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ მათ ბუდაპეშტში ორ-ორი ოქრო-ბრინჯაო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამეზე გავიდნენ. ნუგზარ სხირელის შეგირდთაგან ამ სეზონში ყველაზე დიდ წარმატებას დავით ხუციშვილმა (74) მიაღწია, რომელმაც სამი კვირის წინ მოპოვებულ ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს ოქრო დაუმატა და სეზონი დუბლით დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (55). ეტყობა, ამ უნიჭიერესმა ფალავანმა საბოლოოდ დასძლია შარშანდელი კრიზისი, რაც წონის შეცვლით იყო გამოწვეული. უნგრეთში ჩვენებურთაგან ფინალი მხოლოდ ევროპის წლევანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა ტალახაძემ (50) წააგო, თენგიზ ჩოჩიშვილი (60) და გიორგი საკანდელიძე (120) კი მესამე ადგილებზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ თანატოლთა ევროპის წლევანდელ პირველობაზე ჩოჩიშვილი მეორე იყო, საკანდელიძე კი ჩემპიონი გახდა. როგორც ვხედავთ, ევროპაზეც და მსოფლიოზეც მედლები ამ ხუთეულმა მოიპოვა, რაც მათ სტაბილურობაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ორივე ტურნირი ასევე სტაბილურად ერთმა და იმავე ფალავნებმა ჩააგდეს. მათგან განსაკუთრებით საწყენი დავით მარსაგიშვილის (84) მარცხია, რომელიც ნამდვილად ნიჭიერია და აშკარად მეტი შეუძლია, რაც ივნისში ვახტანგ ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ტურნირის ფინალში გასვლითაც დაამტკიცა.

პრესკონფერენციას სხირელთან და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე დავით ნამგალაური და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი გია გალდავაც ესწრებოდნენ. შეხვედრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ გახსნა, რომელმაც ბიჭებს წარმატება მიულოცა და სამომავლოდაც გამარჯვებები უსურვა. მადლობით დაიწყო თავისი გამოსვლა ვარძელაშვილმაც, რომელიც სპორტსმენებს კუთვნილ პრემიებსაც დაჰპირდა და გამოთქვა იმედი, რომ მათგან რამდენიმე ლონდონის ოლიმპიადაზეც მოხვდება. `გულწრფელად გილოცავთ ამ გამარჯვებას, რომელიც მართლა დიდი სიხარულია მთელი ქვეყნისთვის. ამ დღეებში ყველანი აღტაცებულები ვიყავით თქვენი ასეთი კარგი გამოსვლით. ეს მით უფრო სასიამოვნოა წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. აუცილებლად დაგიფასდებათ შრომა და სეზონის ბოლოს პრემიებს მიიღებთ. ეს შედეგები იმედს გვაძლევს, რომ კარგი მომავალი გვეზრდება და თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ მოხდება, რამდენიმე თქვენგანი კი ლონდონის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს~ - უთხრა მინისტრმა ახალგაზრდა ფალავნებს. მან სხირელის ღვაწლსაც გაუსვა ხაზი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უწოდა, თუმცა მინისტრი მხოლოდ ქებით არ შემოფარგლულა და ამ მართლაც ამაგდარ, ქართული საჭიდაო სკოლის წინაშე ფრიად დამსახურებულ კაცს უმაღლესი სპორტული ჯილდო - სპორტის რაინდის ორდენი გადასცა.

შეგირდების გამოსვლით კმაყოფილია თავად სხირელიც, რომელმაც ასევე მიულოცა მათ წარმატება და გამოთქვა იმედი, რომ ისინი ღირსეულად შეცვლიან ეროვნული ნაკრების ლიდერებს. მწვრთნელი ამჯერად არ შეხებია იმ მტკივნეულ თემას, რასაც მსოფლიოს პირველობაზე წასვლამდე წააწყდა, როცა მწვრთნელთა საბჭომ რამდენიმე საკადრო ცვლილების ნება არ დართო. ამ კონკრეტული შემთხვევის მიღმა იმალება სრულფასოვანი რეზერვის აღზრდის ბევრად დიდი პრობლემა და მას ცალკე წერილში აუცილებლად მივუბრუნდებით, აქ კი ზოგადად ვიტყვით, რომ მწვრთნელი ხელფეხშეკრული არ უნდა იყოს. ბუნებრივია, არც მწვრთნელთა საბჭოა ვალდებული, უსიტყვოდ დაემორჩილოს მას, მაგრამ, როცა ინტერესთა კვეთაა (თუ კონფლიქტი არა), საინტერესოა, ვინ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა - ფედერაციის აღმასკომმა თუ სხვა ვინმემ? უნდა ჩაერიოს თუ არა ვინმე ამ დავაში? აი, აქ უკვე საკანონმდებლო სფეროს მივადექით - მსგავსი სადავო საკითხები ფედერაციის დებულებამ უნდა განსაზღვროს, რომელიც, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ძირითად კანონთან და მართვის დემოკრატიულ პრინციპებს უზრუნველყოფდეს. არ ვამბობთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის წესდება უვარგისია და არც ის ვიცით, ამ შემთხვევაში დაეკითხა თუ არა ვინმე აღმასკომს, მაგრამ ფაქტია - მსოფლიოზე წააგო თორნიკე ხიდეშელმა (100), ანუ ერთმა მათგანმა, ვისი შეცვლაც მწვრთნელს სურდა, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში სხირელის უფლებები შეილახა. თუმცა ესეც ცალკე მსჯელობის თემაა, მინისტრმა კი ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ გაისიდან საკონტროლო შეხვედრების პრაქტიკის დანერგვას აპირებს, ხოლო წესდებებში ვერ ჩაერევა. ჩარევა ნამდვილად არაა სასურველი, მაგრამ ფაქტია - ფედერაციათა წესდებებს გადახედვა ნამდვილად სჭირდება. პრესკონფერენციაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა სხირელის კიდევ ერთ გასაჭირზე, რომ გორში არ არის ნორმალური დარბაზი, მაგრამ, როგორც კულუარებში ამბობენ, ეს პრობლემა უახლოეს ხანებში მოწესრიგდება. ამ ახალგაზრდულ გუნდში სამი გორელია, ხოლო ეროვნული ნაკრების ნახევარს უკვე წლების განმავლობაში იქაურები შეადგენენ. მედლების ლომის წილიც გორელებზე მოდის, ქალაქს კი დღემდე არ ეღირსა ისეთი დარბაზი, როგორსაც იმსახურებს. ახლანდელი ბაზა მოვარჯიშეებს ვერ იტევს და სპორტსმენები ძალზე ცუდ პირობებში ემზადებიან. სხირელს ახალი დარბაზის აშენებას რამდენჯერმე შეჰპირდნენ, მაგრამ დღემდე ამაოდ. არადა, იმსახურებს ეს ქალაქი ერთ ნორმალურ საჭიდაო ბაზას. ახლა ლაპარაკია ახლის აშენებაზე, თუმცა მანამდე ძველის გარემონტებასაც აპირებენ. ისე, გამოსავალი არც რემონტია – ამით შენობა სიგრძე-სიგანეში არ გაიზრდება და თანაც სავარჯიშო პროცესის შეწყვეტას გამოიწვევს, ეს კი არც სხირელს სურს. იმედია, პრობლემა დადებითად გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა