ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ვაჟ სამბისტთა ნაკრების მონაგარი ხუთი მედალია - ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაო
საქართველოს ვაჟ სამბისტთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა სოფიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატში. ოლეგ იაძის შეგირდთა მონაგარი ხუთი მედალია - ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაო.

ბულგარეთში ყველაზე კარგად უშანგი კუზანაშვილმა (57) იასპარეზა - ყველა შეხვედრა მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ვიცე-ჩემპიონის ტიტული კახა მამულაშვილმა (74) და მინდია ბოდაველმა (90) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები კი ნიკოლოზ კუციამ (82) და მირიან პავლიაშვილმა (100) ირგუნეს. გუნდის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანა მძიმეწონოსან ვახტანგ ზოიძესაც შეეძლო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

კუზანაშვილი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ მაშინ 52-ში გამოდიოდა, ახალ წონაში კი პირველად იჭიდავა, თუმცა შედეგი კვლავაც უცვლელია - ისევ პირველი ადგილი. ახალ წონაში სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ მარტში გააკეთა, როცა მოსკოვში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი, ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს თასის ეტაპი მოიგო. ამის მიუხედავად, სოფიაში ამგვარ წარმატებას მას გადაჭრით მაინც ვერავინ უწინასწარმეტყველებდა, რადგან ახალ წონაში დამკვიდრებას და ადაპტაციას ყოველთვის დრო სჭირდება, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენებურმა დროს დაასწრო. სოფიაში ჩემპიონობისთვის კუზანაშვილს სამი შეხვედრის მოგება დასჭირდა - ჯერ რუსი ილია ტუხფატულინი დაამარცხა, ნახევარფინალში ბელარუს ივან ანიშკევიჩს მოუგო, ფინალში კი აზერბაიჯანელ ისლამ გასიმოვს აჯობა.

კუზანაშვილმა ეს წარმატება შაბათს მოიპოვა, რაც მალამოსავით მოეცხო გუნდს. საქმე ისაა, რომ ჩემპიონატი პარასკევს დაიწყო და სასტარტო დღესვე იაძის გუნდს ორჯერ მიეცა ოქროს მოპოვების შანსი, მაგრამ ხელი მოეცარა - ბოდაველი და მამულაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდნენ. ამიტომ ჩვენებურთა უხასიათობა გასაგებია, ამ ოქრომ კი გუნება გამოუკეთათ. არადა, პარასკევსაც ფინალში ორივე ისეთი ფალავანი ჭიდაობდა, რომელთაგანაც ერთზე მაინც იგეგმებოდა ჩემპიონობა. ალბათ, მწვრთნელები ამგვარ წარმატებას უფრო ბოდაველისგან ელოდნენ, მაგრამ მამულაშვილმაც ისე დაიწყო შეჯიბრება, ყველაზე ურწმუნოსაც კი იმედს ჩაუსახავდა - ჯერ რუსი ალექსანდრ შაროვი დაამარცხა, რომელსაც მერე უკრაინელი დმიტრო ბაბიჩუკიც ზედ მიაყოლა.

აქ საინტერესოა შემდეგი გარემოება - სამბოში რუსთა გავლენა და ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია, შედეგად კი მათთან მოგება საბოლოო წარმატებასთან ასოცირდება, ხოლო ბაბიჩუკთან მამულაშვილმა ევროპის შარშანდელი პირველობის ფინალში წააგო! ცხადია, ორ უმთავრეს კონკურტენტთან გამარჯვების შემდეგ მამულაშვილის საჩემპიონო შანსები გაიზარდა. სამწუხაროდ, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ვერც წლეულს იყოჩაღა და კვლავაც ვერცხლის მედალს დასჯერდა - ამჯერად ბელარუს სტეფან პოპოვთან დათმო შეხვედრა.

ბოდაველმა ნაცნობ და ქართველ სამბისტ-ძიუდოისტთათვის უხერხულად ქცეულ მეტოქესთან, ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან დამარცხდა. ამ წაგებამდე ბოდაველმა რუს შეიხ-მაგომედ ბაკაევსა და ფრანგ ვალენტინ იურდანს აჯობა.

ნიკოლოზ კუციას ჩვენებურთაგან ყველაზე მეტი - ოთხი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ნახევარფინალამდე მან აზერბაიჯანელი ელმადინ ახმადოვს და მოლდოველ კონსტანტინ ტიპას სძლია, იქ კი ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან, ბელარუს ალექსეი სტეპანკოვთან წააგო.

მირიან პავლიაშვილს იაძე ბევრს კი აკრიტიკებს არაპროფესიული ხასიათისთვის და იქნებ საფუძვლიანადაც, მაგრამ ეს ბიჭი რომ ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი წარმატებულია, ესეც ფაქტია. პირველ წრეში მან ბულგარელი მიროსლავ დებრელიევი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ იაროსლავ რიტკოსთან ხელი იტკინა და წააგო. ამ ტრავმის გამო იყო საშიშროება, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუმინელ იოან ნედელკუსთან ვეღარ ეჭიდავა, თუმცა ეს შიში არ გამართლდა - პავლიაშვილმა იასპარეზა და კიდეც მოიგო.

ზოიძემ პირველ შეხვედრაში ესტონელი დენის სმოლდარევი დაამარცხა, მერე კი ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო - ჯერ ძირითად ბადეში ძიუდოდან ცნობილ ბულგარელ მომავალ ჩემპიონ ივან ილიევთან, მოგვიანებით კი - ბრინჯაოსთვისაც მომავალ მესამე პრიზიორთან, რუს მიხაილ სტარკოვთან.

ჩვენი გუნდიდან სოფიაში უმედლოდ მხოლოდ სამი წარმომადგენელი დარჩა. მათგანაც ორი დებიუტანტია - დიმიტრი მულაძე (52) და ბექა იმერლიშვილი (62), ხოლო დავით სვიმონიშვილი (68) მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია. სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით გუნდურ ჩათვლაზე, რადგან სამბო კვლავაც სპორტის იმ სახეობათა შორისაა, სადაც ოფიციალური საიტი და ინფორმაციების ოპერატიულად მოწოდება თვით ისეთ სოლიდურ შეჯიბრებებზეც კი უცხო ხილია, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა