მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ ასახელეს ქართული რაგბი და გაისად ამ ტურნირში ზედიზედ მეხუთედ ვითამაშებთ, თუმცა წლევანდელი ტურნირი სხვა კუთხითაც იყო გამორჩეული.

ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი ქართველი რეფერი, რომელმაც მსოფლიო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე იმსაჯა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ის საფრანგეთი-ფიჯის, ახალი ზელანდია-შოტლანდიის და ინგლისი-უელსის თამაშებს მოემსახურა. ტურნირის დასრულების შემდეგ, მას ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯების ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში ესაუბრა და ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე მიიწვია.

ამაშუკელი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ოთხ თამაშს მოემსახურება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვერდითი მსაჯებიც ქართველები ეყოლება. ქართული სამსაჯო ბრიგადის ასეთ დონეზე წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, სამომავლოდ შიდა რაგბის განვითარებას დაეხმარება.

100%-თ შეცვლილი

2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს უწინარესად არგენტინაში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე და იქ მიღებულ გამოცდილებაზე ვკითხეთ:

„სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც არგენტინაში განვიცდიდი. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ვმსაჯობდი ძალიან მაღალი დონის ტურნირზე, რომელშიც მომავალი ვარსკვლავები თამაშობდნენ. არგენტინაში იყო მსოფლიო რაგბის ყველა მაღალჩინოსანი და პასუხისმგებლობასთან ერთად, ვიყავი ამაყი, რადგან სამსაჯო კუთხით ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. ეს ისეთივე შეგრძნება იყო, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, რადგან მაშინაც და ახლაც ჩემი ქვეყნის სახელს ვიცავდი“.

ამაშუკელი, შოთა თევზაძესთან ერთად, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი წლის წინაც მსაჯობდა, როდესაც ტურნირს საქართველომ უმასპინძლა, თუმცა მაშინ ორივე გვერდითი მსაჯი იყო:

„ჩემთვის საყვარელ თამაშთან აქამდე ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ. უამრავ ისეთ დეტალთან მქონდა შეხება, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი. ორი წლის წინ, საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯი ვიყავი და იმ დროისთვის ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა რომ შევადარო 2 წლის წინანდელი და ახლანდელი ჩემი თავი, უზარმაზარი სხვაობაა. ამ პერიოდში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ალბათ, კიდევ 2 წელიწადში იგივეს ვიტყვი“.

„არგენტინაში გატარებულმა დღეებმა, როგორც ადამიანს და როგორც მსაჯს, ბევრი რამ შემძინა. უამრავ ნიუანსს და დეტალს ჩავუღრმავდი და რაგბი სულ სხვა კუთხით დავინახე. წესებისა და ჟესტიკულაციის გარდა, დიდი ყურადღება ექცეოდა თამაშის გრძნობას. მსაჯი თამაშს იმისთვის ემსახურება, რომ მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილოს. არგენტინაში მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. იქ წასვლამდე და მას შემდეგ ნიკა ამაშუკელს თუ შევადარებთ, 100%-თ შეცვლილი ვარ, როგორც მსაჯი და როგორც ადამიანი. იქ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც დაკვირვების ქვეშ ვიყავით. მსაჯი მოედანს მიღმაც გუნდის წევრი უნდა იყოს, სულ იღიმოდეს, მონატრებას არ იმჩნევდეს, მხოლოდ რაგბზე არ უნდა იყოს ორიენტირებული დაგანტვირთვაც სათანადოდ უნდა ეხერხებოდეს“.

უმაღლესი შეფასება

ამაშუკელი პირველი ქართველია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ექვსი ერის კარი შეაღო და ინგლისი-იტალიის მატჩი იმსაჯა, ახლა კი თამასა კიდევ უფრო აწია და მართალია აქაც ჯერ 20-წლამდელებში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯა:

„ინგლისის ნაკრები აქაც და ექვს ერზეც ძალიან კარგი, დისციპლინირებული გუნდი იყო. მათ არგენტინაში 5-იდან 4 თამაში მოიგეს, მაგრამ მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ. ინგლისელებმა მიცნეს და გულთბილი შეხვედრა გვქონდა, მოიკითხეს ჩემი გახეული წარბი. ინგლისის მწვრთნელი უელსთან თამაშის შემდეგ ჟოელ ჟუშთან მივიდა და უთხრა - ეს ბიჭი ექვს ერზეც მომეწონა და ახლაც. გაკვირვებული ვარ, რადგან ქართველია და ამ დონეზე შეუძლია თამაშის წარმართვაო“.

„ყველამ ვიცოდით, რომ ჯგუფურ ეტაპზე 2-2 თამაშის მსაჯობა მოგვიწევდა და იმის მიხედვით, ვინ როგორ გავართმევდით თავს, მოხდებოდა დანიშვნა ფლეი ოფებზე. პირველ ტურში საფრანგეთი-ფიჯი ვიმსაჯე, სადაც დებიუტანტი ფიჯი ჩემპიონთან ძალიან კარგად წარსდგა. ვინც უყურა თამაშებს დამეთანხმება, რომ ფიჯის ძალიან ძლიერი ნაკრები ყავდა. მერე იყო ახალი ზელანდია-შოტლანდია და ბოლოს ბრიტანული დერბი - ინგლისი-უელსი, პრინციპული დაპირისპირება და ეს იყო დიდი ნდობა ქართველი მსაჯის მიმართ. პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემგან ასეთი მაღალი ხარისხის მსაჯობას არ ელოდნენ და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ძალიან გაიზარდა“.

„ყველა თამაში კარგად წავიდა და დამკვირვებლებისგან, რომლებიც არგენტინაში მრავლად იყვნენ, უმაღლესი შეფასებები მივიღე. იქ იყო სამხრეთ ნახევარსფეროს მსაჯთა უფროსი, ეპსრ-ის მსაჯთა ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა ალან როლანი და სხვები. მსაჯთა დამკვირვებლებმა რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და ვიცე-პრეზიდენტ გიორგი გორგასლიძეს მადლობა გადაუხადეს - მაღალი დონის მსაჯის მივლინებისთვის. ისინი აკონტროლებდნენ თითოეულ მოძრაობას, სიტყვას, ტონს, გამოხედვას და ა.შ. სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ მესამე სათამაშო დღის შემდეგ მოგვთხოვეს გასართობად წასვლა და ერთი დღით რაგბის დავიწყება. აღმოჩნდა, რომ ესეც ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია“.

„ამ ტურნირმა ნათელი სურათი დამიხატა და ახლა უკვე ზუსტად ვიცი რაზე უნდა ვიმუშაო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

4 თამაში ჩელენჯ ქაფზე და პრო 14-ის პერსპექტივა

ასეთმა მიდგომამ და უმაღლესმა შეფასებებმა ნიკა ამაშუკელს კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებისა და თამაშებისკენ გზა გაუხსნა. ის ქართველ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად, უკვე მიწვეულია ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩზე, იმ პირობით, რომ რთულ თამაშებს მოემსახურება:

„არგენტინაში პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელთან მქონდა საუბარი. მსაჯების უფროსი ენტონი ბუქინენი ძალიან კმაყოფილი იყო; ალან როლანმა მითხრა, რომ წინა წლებთან შედარებით დიდი პროგრესი მაქვს; ბოლო თამაში პირადად ჟოელ ჟუშმა გამირჩია და მისი დასრულების შემდეგ გადამეხვია. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ექვსი თამაშიდან 4-ს მომცემს, მათ შორის ‘ტულონის’, ‘ბეიონის’, ‘ლონდონ აირიშისა’ და სხვა მაღალი დონის გუნდების თამაშებს. ეს უდიდესი წარმატებაა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მამუკა გორგოძის თამაშის მსაჯობა მომიწევს. ჟუშმა ისიც მითხრა, რომ დამნიშნავს ისეთ თამაშებზე, სადაც მაყურებლიდან ძალიან დიდი წნეხი მოდის და დააკვირდება ჩემს ფსიქოლოგიას. მომილოცა კარგი ტურნირის ჩატარება და გამაფრთხილა, რომ ჩელენჯ ქაფზე აუცილებელი იქნება ძლიერი გვერდითი მსაჯების ყოლა“.

„გარდა ამისა, გაისადაც მელოდებიან 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რათა პროგრესი კიდევ ერთხელ გაზომონ და ეს იქნება მორიგი გამოცდილება. უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოში ძალიან კარგი სამსაჯო სკოლაა. მესაუბრა შოტლანდიელი დამკვირვებელი და ჩემთან პრო 14-ში მსაჯობის შესაძლებლობა განიხილა. თუ ეს გამართლდა, უკვე სერიოზული განაცხადი იქნება“.

მადლობა ქართველ ხალხს!

არგენტინაში ყოფნისა და მუშაობისას, ამაშუკელი მუდამ გრძნობდა ქართველი ხალხის თანადგომას, რისთვისაც ის გულშემატკივრებს განსაკუთრებით ემადლიერება:

„საერთაშორისო დონეზე მსაჯობისას უდიდესი კონკურენციაა და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა ქართული სამსაჯო სკოლა უმაღლეს დონეზე წარვადგინოთ. მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს და სამსაჯო კომიტეტს, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომლისგანაც უდიდეს სითბოს ვგრძნობდი. მსაჯისთვის მხარდაჭერა ისეთივე აუცილებელია, როგორც მოთამაშისთვის და მე მათი თანადგომა ნამდვილად არ მაკლდა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში