საქართველოს ჩემპიონატი. XXXIV ტურის მიმოხილვა
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: მორიგი წარმატებული მატჩი და "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა! თანაც, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ "ზესტაფონის" ტრიუმფი სრულიად დამსახურებული და კანონზომიერი იყო: გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ამ სტატუსს ამართლებდა კიდეც;

რა თქმა უნდა, სეზონის დამთავრების შემდეგ ბევრად უფრო ვრცლად ვისაუბრებთ "ზესტაფონის" მიღწევაზე, მანამდე კი კლუბის ხელმძღვანელებს, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს, თითოეულ ფეხბურთელსა და, რაც მთავარია, გუნდის ერთგულ ქომაგებს კიდევ ერთხელ გვინდა ეს წარმატება მივულოცოთ! ასე და ამრიგად, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის "ვიტ ჯორჯიას", ბოლნისის "სიონისა" და რუსთავის "ოლიმპის" შემდეგ "ზესტაფონი" მეექვსე გუნდი გახდა, სეზონი პირველ ადგილზე რომ დაასრულა.

"ზესტაფონმა" საჩემპიონო ტიტული იმერულ "დერბიში" გაიფორმა და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი სწორედ ამ ტურში გამოვლინდებოდა; სამწუხაროდ, ასევე ყველადარწმუნებული ვიყავით იმაშიც, რომ სწორედ ამ ტურსა და სწორედ ამ მატჩში გაირკვეოდა ერთ-ერთი იმ გუნდის ვინაობაც, უმაღლეს ლიგას რომ დაემშვიდობებოდა.

ასეც მოხდა: მომავალ სეზონს "სამტრედია" პირველ ლიგაში დაიწყებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს უძლიერესთა შორის დაბრუნებას. აი, მეორე უიღბლო გუნდის ვინაობას კი, ალბათ, ბოლო ტური გაარკვევს (შესაძლოა, მანამდეც), - ყოველ შემთხვევაში, "სპარტაკს" გადარჩენის თეორიული შანსი კვლავაც დარჩა. სამაგიეროდ, ყველაზე დიდი ინტრიგა VIII ადგილს უკავშირდება: ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ დარჩენილ ორ ტურში განსაკუთრებულზე-განსაკუთრებულ ინტერესს "კოლხეთისა" და "სიონის" მონაწილეობით ჩატარებული მატჩები იწვევს (ანუ, ამ ორიდან ერთ-ერთ გუნდს მოუწევს პლეი-ოფის მატჩის ჩატარება პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან); დანარჩენი კი ყველაფერი გარკვეულია და, ფაქტობრივად, თითქმის ყველა დანარჩენ შეხვედრას უმოტივაციო ხასიათი ექნება (ერთადერთი, მხოლოდ "ბაიას" სჭირდება კინკილა ქულა, პლეი-ოფი თავიდან რომ აიცილოს)...

საჩემპიონო შედეგი

ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა 34 მატჩი ჩაატარა და ამ გუნდის ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარში 68 გოლი გაიტანეს; ანუ, "ზესტაფონს" ყოველ მატჩში საშუალოდ 2 გოლი გაქონდა, რაც, დაგვეთანხმებით, რომ მართლაც მშვენიერი შედეგია. აღარაფერს ვამბობთ ამ გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ რგოლზე - ამ 68 გოლიდან 42 თავდამსხმელებმა გაიტანეს!

ახლაც, საჩემპიონო მატჩში სამივე ფორვარდმა თავი გამოიჩინა და საკუთარ "მონაგარს" თითო-თითო გოლიც მიუმატა: 25 წლის ნიკოლოზ გელაშვილმა სეზონში მე-17 ბურთი გაიტანა, 26 წლის ჯაბა დვალმა - მე-12, ხოლო რატი წინამძღვრიშვილმა - მე-13; აღსანიშნავია, რომ წინამძღვრიშვილმა ამ შემთხვევაშიც შეცვლაზე შემოსულმა იხეირა, - მსგავსი შემთხვევა ჩვენთან კი არა, საერთოდ სადმე მომხდარიყოს, ვერაფრით გაგვიხსენებია.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ნიკოლოზ გელაშვილი ლიდერობს და იმედია, სხვა კონკურენტები არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ სეზონის ნომერ პირველი გოლიადორის წოდებას სწორედ ეს თავდამსხმელი იმსახურებს.

დაბოლოს, "ზესტაფონის" კიდევ ერთ მიღწევაზეც: გია გეგუჩაძის გუნდი ექვსი თვეა დაუმარცხებლად ასპარეზობს ჩემპიონატში და ეს ოცმატჩიანი წაუგებელი სერიაც ნამდვილად არ არის პატარა ამბავი...

სენსაცია თუ კანონზომიერება?

ერთი შეხედვით, მართლაც ძნელია ზუსტი შეფასება მოვუძებნოთ "კოლხეთის" სტუმრად გამარჯვებას - ბოლოს და ბოლოს, ფოთელებმა გასვლით შეხვედრაში ხომ ქვეყნის ექს-ჩემპიონს მოუგეს! ისე, ამ სეზონში "კოლხეთმა" მართლაც რომ გაამწარა "ოლიმპი": პირველ წრეში დიდი ანგარიშით (5:1) მოუგო, მესამე წრეში შინ ფრედ ეთამაშა (0:0) და მხოლოდ ერთხელ, მეორე წრეში დამარცხდა (0:2). ანუ, "კოლხეთმა" ოთხ შეხვედრაში 7 ქულა აართვა წინა სეზონის ტრუმფატორს და ყოვლივე ეს პატარა ამბავი არ უნდა იყოს.

ისე, როგორც "ოლიმპის" ქრონიკული წაგებებია უჩვეულო და უცნაური: გასაგებია, რომ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი ვერ ეხმარება, მაგრამ სეზონში ათი წაგება მაინც მეტისმეტად მიგვაჩნია. ცნობისთვის: წინა ოთხი ჩემპიონატის განმავლობაში რუსთავული კლუბი 15-ჯერ დამარცხდა, ახლა კი, ერთი სეზონის განმავლობაში - ათჯერ...

სოსო ფილია უმაღლეს ლიგაში მომუშავე მწვრთნელებს შორის ყველაზე გამოცდილია და უმაღლეს ლიგაში გარკვეული წლების შემდეგ დაბრუნებულმა სპეციალისტმა მშობლიურ გუნდს გადარჩენის შანსი დაუტოვა. სხვათა შორის, - სამწვრთნელო საქმეს დაბრუნებულმა ფილიამ პირველი მატჩი სწორედ "ოლიმპთან" ჩაატარა (16 მარტს) და მაშინ ქულა მოაპოვებინა "კოლხეთს"; ახლა კი როგორც ხედავთ, უფრო მეტსაც მიაღწია და ფოთელებმა საჭიროზე-საჭირო გამარჯვებით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგეს.

ისე, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი, ოპტიმალური შემადგენლობით ეასპარეზა, ან კიდევ მასპინძლებს ჩემპიონატში "მცირეოდენი" მოტივაცია მაინც რომ ჰქონოდათ დარჩენილი...

დასამახსოვრებელი ფაქტები

ზედიზედ მეორე ტურია, თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლები გააქვს დიმიტრი ტატანაშვილს - "დინამოს" 27 წლის ახალწვეულმა, ისე როგორც წინა მატჩში ("სამტრედიასთან"), ახლაც შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა თავი. თუმცა, რატომ გვიკვირს - სამი წლის წინ, როცა ტატანაშვილი "ამერში" თამაშობდა და ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ, 13 გოლიდან 9 შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა!

ახალწვეულები ვახსენეთ და ლევან მდივნიშვილზეც უნდა ვთქვათ, - 28 წლის შემტევი "კოლხეთში" მეორე ეტაპის დასაწყისიდან გამოჩნდა და ოთხი გოლით ფოთელთა გუნდის საუკეთესო ბომბადირიცაა; გამოცდილება არც ლაშა ჯაკობიას დაეწუნება: "სპარტაკის" 30 წლის ახალწვეულმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ჯაკობიასა და მისი ახალგაზრდა პარტნიორების, 20 წლის თეიმურაზ შონიასა და 19 წლის ბესიკ დეკანოიძის მონდომებით, "სპარტაკმა" უსიამოვნო სერია შეწყვიტა: გუნდს 3 მარტის მერე არ ჰქონდა მოგებული.

დაბოლოს, რამდენიმე ახალგაზრდაზეც: უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა 19 წლის აკაკი დვალიშვილმა ("სამტრედია"); ამას გარდა, არცთუ "ჩვეულებრივ" ამბად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ 16 წლის ბიჭებიც ნელ-ნელა უშინაურდებიან უმაღლეს ლიგას: გურამ სამუშია, ავთანდილ ენდელაძე ("ორივე-"ბაია") და გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი").

მამუკა
ორი დღის უკან სამთავროში ვიყავი და გოდერძის საფლავზე ამოხეთქილ კრავს მოვეფერე. ისიც კრავი იყო,უანგარო სიყვარულისა და სიკეთისათვის შეწირული კრავი...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა