მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 21 წლის გარემარბი მარკო როისი გაისად 18 მილიონი ეღირება...

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ 21 წლის გარემარბი მარკო როისი ამ სეზონის ერთერთი უმთავრესი აღმოჩენაა - მის ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე პასია. უსწრაფესმა და ძალიან ტექნიკურმა ფლანგის ნახევარმცველმა მთელი სეზონის განმავლობაში იმდენად კარგად ითამაშა, რომ არაერთ გრანდს გაუჩნდა მისი ყიდვის სურვილი. „ბოხუმთან“ პირველი სარელეგაციო მატჩის წინ, რომელიც დღეს გაიმართება და რომელშიც ბუნდესლიგის საგზური დევს სასწორზე, მარკომ თქვა, რომ მომდევნო სეზონსაც აუცილებლად „გლადბახში“ გაატარებს - მნიშვნელობა არ აქვს, დარჩება თუ არა გუნდი პირველ ბუნდესლიგაში. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მომავალი ზაფხულისთვის როისის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მარკოს ყიდვა მხოლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

„მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება „ბოხუმთან“ პლეი ოფის შეხვედრები, „გლადბახში“ ვრჩები. მეორე ბუნდესლიგაშიც რომ აღმოვჩნდეთ, აქედან მაინც არ წავალ,“ - ამბობს როისი „შპორტ-ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ბილდის“ ცნობით, მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ზაფხულში, მარკოს მსურველმა კლუბმა „გლადბახს“ 18 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 2013 წელს, ეს თანხა 15 მილიონამდე შემცირდება, 2014 წელს კი 12-მდე. ამ ზაფხულისთვის კი, მიონხენგლადბახელებსა და როისს ხელშეკრულებაში არანაირი პუნქტი არ აქვთ ჩადებული. „გლადბახის“ მენეჯერ მაქს ებერლის თქმით, ამ ზაფხულს როისის გაყიდვა კატეგორიულად გამორიცხულია.

დორტმუნდმა ლომი იყიდა!

გერმანიის ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერთ-ერთი უმთავრესი საკადრო პრობლემა მოაგვარა: მას მერე, რაც გაირკვა, რომ ბრაზილიელი დედე გუნდს დატოვებდა, ცხადი გახდა, რომ BVB-ს მომავალი სეზონისთვის აუცილებლად დასჭირდებოდა ახალი მარცხენა მცველი, რადგან იურგენ კლოპის განკარგულებაში, ამ პოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი (მარსელ შმელცერი) რჩებოდა. ახლა კი პრობლემა უკვე მოგვარებულია: გუშინ „ბორუსიამ“ რეგიონალლიგის წარმომადგენელი „ხემნიტცის“ ახალგაზრდა მარცხენა გარემარბ კრის ლიოვეს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

22 წლის ლიოვე (Loewe ქართულად ლომს ნიშნავს) ყველასათვის უცნობი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ირკვევა, კლოპი მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და დარწმუნდა, რომ ეს უკანასკნელი „ბორუსიაში“ თამაშის ღირსია. ლიოვეს მარცხენა ფლანგზე ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეუძლია - მარცხენა მცველობაც ეხერხება და ნახევარმცველობაც. კლუბებს სატრანსფერო თანხა არ გაუხმაურებიათ, თუმცა ფაქტია, რომ დორტმუნდი ყველასათვის უცნობ მოთამაშეში დიდ თანხას არ გადაიხდიდა.

მორიტც ლაიტნერის (მიუნხენ 1860-დან) და ილქაი გიუნდოგანის (ნიურნბერგიდან) შემდეგ, კრის ლიოვე გერმანიის ჩემპიონის რიგით მესამე ახალწვეულია.

შვაინის გარეშე?

დიდი შანსია, რომ უახლოეს მატჩებში გერმანიის ნაკრებს ერთერთი უმთავრესი მოთამაშე, ბასტიან შვაინშტაიგერი ვერ დაეხმაროს. როგორც იცით, 29 მაისს ბუნდესგუნდი ურუგვაისთან ტესტ-მატჩს ატარებს, 3 და 7 ივნისს კი, ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები აქვს.

„ბაიერნის“ სამედიცინო შტაბმა მხოლოდ ახლა გაახმაურა, რომ 26 წლის შვაინშტაიგერს ბუნდესლიგის 31-ე ტურში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიუღია, ბოლო ტურებში კი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა. „ბასტიანის ტრავმის შესახებ განგებ არაფერი ვთქვით, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ მასთან სპეციალურად ეუხეშათ და ტრავმა უფრო დამძიმებულიყო,“ - ეს მიუნხენური კლუბის პრესმდივნის, მარკუს ჰიორვიკის განცხადებაა.

ვერდერმა ექიჩი გაიფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრემენის „ვერდერმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი მეჰმეთ ექიჩი გადაიბირა. თურქეთის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში რეკორდმაისტერიდან „ნიურნბერგში“ იყო განათხოვრებული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა (32 მატჩი, 3 გოლი). მიუხედავად ამისა, „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის პერსპექტივა არ ჰქონდა, რის გამოც, ბავარიელებმა მისი საბოლოოდ გასხვისება გადაწყვიტეს და ნიჭიერი ნახევარმცველი „ვერდერს“ დაუთმეს. ექიჩიმ ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერს“ მეჰმეთი ხუთი მილიონი ევრო დაუჯდა.

ჩუპო-მოტინგი მაინცელია!

ევროპის ლიგის საგზურის განაღდებისა და სეზონის ძალიან წარმატებით დამთავრების შემდეგ, „მაინცმა“ მომავალი სეზონისთვის ზრუნვა დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა. კარნავალელებმა „ჰამბურგიდან“ თავდამსხმელი ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი გადაიბირეს. აღსანიშნავია, რომ „მაინცმა“ კამერუნის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო (ჰამბურგთან კონტრაქტი დაუმთავრდა) - ჩუპო-მოტინგმა თომას ტუხელის გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„ერიკი ძალიან კარგი, ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება და შეგვეფერება. მას წინა ხაზზე ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის,“ - ეს „მაინცის“ თავკაც ტუხელის სიტყვებია.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"