ინტერვიუ "უდინეზეს" 33 წლის თავდამსხმელთან, ანტონიო დი ნატალესთან
გასულ ზაფხულს, ანტონიო დი ნატალემ ტურინის "იუვენტუსისგან" მიიღო შეთავაზება და ყველასათვის გასაკვირად, უდინეში დარჩენა გადაწყვიტა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა თუ ტოტო არა მარტო პირადული, პროფესიული თვალსაზრისითაც მოგებული დარჩებოდა.

დიახ, სეზონის მიწურულია და "უდინეზეს" შესანიშნავი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, "იუვე" კი ლამის ცხრილის შუაგულშია გაჭედილი და კიდევ მინიმუმ ერთი წელი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ასპარეზობა არ უწერია.

დი ნატალე უკვე 33 წლისაა, თუმცა თამაშს არა თუ უკლო, უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მიმდინარე სეზონში ბომბარდირის სტატუსს არავის დაუთმობს. ტოტოს 28 გოლი აქვს გატანილი და უახლოეს მდევარ ედინსონ კავანის ორი ბურთით უსწრებს. ანტონიო დი ნატალეს საინტერესო ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- გასულ ზაფხულს "იუვენტუსში" გადასვლის შანსი გქონდა, რატომ დარჩით "უდინეზეში"?

- 20 წლის რომ ვყოფილიყავი, ალბათ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ 33 წლის ასაკში სულ სხვა პრიორიტეტები აქვს ადამიანს. უდინეში საოცარი ადამიანების გარემოცვაში ვარ, მათთან ურთიერთობა კი ჩემთვის შეუფასებელია. ამასთან, "უდინეზე" ამბიციური გუნდია, სერიოზული მიზნებით და დიდ ხანს არ მიფიქრია, ისე მოვაწერე ხელი ახალ ხელშეკრულებას. საბედნიეროდ, შედეგებიც ისეთი გვაქვს, ერთხელაც არ მინანია, რომ ასე მოვიქეცი.

- დღეს რას ეტყოდით ჯუზეპე მაროტას, რომელმაც პირადად შემოგთავაზათ "იუვეში' გადასვლა...

- კიდევ ერთხელ ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რომ ასეთ დიდ კლუბში გადასვლა შემომთავაზა. "იუვენტუსი" იტალიური ფეხბურთის ფლაგმანია, გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მისი მადლიერი ვარ, მაგრამ შეთავაზებაზე დღესაც უარს ვიტყოდი, რადგან უდინეში ნამდვილად მაქვს ყველაფერი, რაც სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას მაძლევს. ასე რომ, მე პატარა ზებრების ერთგული ვარ.

- შენი გადაწყვეტილება ყოველმხრივ სწორი გამოდგა, რადგან "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ძალიან ახლოს არის, "იუვემ" კი სეზონი ჩააგდო...

- "იუვენტუსში" რომ გადავსულიყავი, "უდინეზეს" ვერ ექნებოდა ამდენი ქულა, ასე რომ, არც მთლად მასეა საქმე... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი, ჩემი არჩევანი მართლაც ყოველმხრივ სწორი გამოდგა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "უდინეზე" დღეს ჯობია "იუვენტუსს" და სრულიად დამსახურებულად იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. გაცილებით რთულ ვითარებაში ვიყავით, როდესაც ვთქვი, რომ სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით ლიგაში გასვლას და მადლობა ღმერთს, ბოლო ტურის წინ ყველაფერი თავის ადგილზეა.

- რა შეცვალა ფრანჩესკო გვიდოლინმა გუნდში და რამდენად დიდია მისი დამსახურება მიმდინარე სეზონის წარმატებებში?

- სამი წლის განმავლობაში გუნდს პასკუალე მარინო წვრთნიდა და მთლიანობაში, ძალიან დიდი და კარგი სამუშაო გასწია. "უდინეზე" ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელსაც ნებისმიერი რანგის მეტოქესთან შეეძლო ტოლსწორად თამაში. თუმცა, დაახლოებით ერთნაირი სეზონების შემდეგ, რა დასამალია და მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა. ამ დროს მოვიდა გვიდოლინი და ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა. მისი მთავარი ღირსება სამართლიანობაა, ერთნაირად ეპყრობა ანტონიო დი ნატალესა და რიგით ახალგაზრდა ფეხბურთელს პრიმავერადან. სწორედ ამით შეძლო ატმოსფეროს გაჯანსაღება და გუნდის ერთ მუშტად შეკვრა.

- გვიდოლინს ეყო გამბედაობა ეღიარებინა, რომ სეზონის სტარტზე შეცდომა დაუშვა, როდესაც რამდენიმე შეხვედრაში გარემარბად გაგამწესათ...

- გვიდოლინს გარკვეული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ფეხბურთელების შესაძლებლობებში მაქსიმალურად გარკვეულიყო და დასკვნები გამოეტანა. თავიდან მარცხენა გარემარბად გამამწესა, რაც ძალიან არ მომეწონა და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. თუმცა, არ იფიქროთ ჩვენ შორის რაიმე გაუგებრობა მომხდარიყოს, საუბარმა მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. უბრალოდ ავუხსენი, რომ ასაკი აღარ მაძლევდა საშუალებას ფლანგზე გაუჩერებლად მერბინა და ნახევარდაცვას დავხმარებოდი.

ყველაზე უკეთ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვგრძნობ თავს, ეს ის ამპლუაა, სადაც ნაკლებად იღლები და გადამწყვეტ მომენტში საკმარისი ძალა გაქვს. როდესაც ამის შესახებ გვიდოლინთან ვისაუბრე, ფორვარდის პოზიციაზე ფლორო ფლორესს და დენისს სურდათ ასპარეზობა - მათ მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არჩევანის ჩემზე შეჩერებით გვიდოლინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- ანუ, თქვენში ფორვარდისთვის დამახასიათებელმა ეგოიზმმა გაიღვიძა. ალექსის სანჩესთან თუ გაქვთ ამ საკითხზე ნალაპარაკები, ალბათ მასაც სურს წინა ხაზზე თამაში...

- ხშირად ორი გამოკვეთილი ფორვარდით ვთამაშობთ და ასეთ შემთხვევაში ჩემი მეწყვილე სწორედ სანჩესია, თუმცა თუ გგვიდოლინმა მხოლოდ მე წამწია წინ, მაშინ ურიგვაელს სიღრმიდან ასპარეზობა ევალება. ალექსისი საოცარი ფეხბურთელია და დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია, თუმცა ხშირად ზედმეტად ერთობა თამაშისას და იმის მაგივრად რომ კარში დაარტყას, ფინტების კასკადს აწყობს. ერთხელ მაგრადაც ვუყვირე, არავის სჭირდება შენი ფინტი, მთავარი ტაბლოა და გოლებითქო - უნდა გენახათ მისი სახე, გაუკვირდა, რადგან ზოგადად ასე არ ვიქცევი. თუმცა, ხანდახან საჭიროა შეუძახო თანაგუნდელს, რომ ხარვეზი გამოასწოროს. თანაც, ვგრძნობ, რომ დადგა დრო, სხვებსაც ვასწავლო.

- როგორ ხედავთ მის მომავალს?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საოცარი შესაძლებლობების ფეხბურთელია და მომავალში მწვერვალების დაპყრობა ძალუძს. სერია A ყველაზე რთული ჩემპიონატია მთელ მსოფლიოში და რადგან აქ ახერხებს თავის წარმოჩენას, სხვაგან სამჯერ მეტს გააკეთებს. თუ ასე გააგრძელა პროგრესირება, ორ-სამ წელიწადში ლიონელ მესის სიმაღლეს მიაღწევს. ხშირად ამბობენ, რომ სანჩესი და მე ერთი სტილის ფეხბურთელები ვართ, რასაც მთლიანობაში ვეთანხმები კიდეც. ისიც მაღალ სისწრაფეებზე ირჯება, ჩემსავით უყვარს კედლის გათამაშება და მოულოდნელად კარში დარტყმა. ძალიან ვგულშემატკივრობ და მჯერა, რომ გაამართლებს იმედებს.

- ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გეგმის ნაწილია თუ თქვენთვისაც მოულოდნელობა?

- დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, ვიცი საკუთარი თავის და საკუთარი გუნდის ფასი, ასე რომ, ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ფანტასტიკის სფერო ნამდვილად არ ყოფილა. მაშინაც ვგრძნობდით გუნდურ ძალას, როდესაც მიჯრით ვაგებდით შეხვედრებს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე ვიყავით. გახსოვთ ალბათ, სეზონი კოშმარულად დავიწყეთ და ბევრმა ჩამოგვწერა კიდეც. თუმცა, ვიპოვეთ ჩვენი თამაში და დღეს უკვე სულ სხვა ვითარებაა. ლიგის საგზურზე რა გითხრათ და აი, ერთი პერიოდი მართლაც გაოცებული ვიყავი - ეს ის დრო გახლდათ, სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდთა შორის რომ გავერიეთ და მილანურ გრანდებს ჩავუდექით კუდში.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ფეხბურთის თამაშს?

- "უდინეზესთან" სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, ამოვწურავ ბოლომდე და კარიერასაც დავასრულებ. სამი წელი ჯერ წინ მაქვს და ვეცდები, კიდევ ბევრი სარგებელი მოვუტანო ჩემს გუნდს. მსურს კარიერის დასრულების შემდეგაც უდინეში დავრჩე საცხოვრებლად და ამისთვის სერიოზული საფუძველი ჩავყარე - ერთ-ეთი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა შევიძინე და ვეცდები ჩემი გამოცდილება პატარებს გავუზიარო.

- ხშირად ამბობთ რომ ნამდვილი ნეაპოლელი ხართ, არადა, ერთხელაც არ მოგირგიათ "ნაპოლის" ამუნიცია...

- "ნაპოლიში" გადასვლასთან ყველაზე ახლოს სამი წლის წინ ვიყავი, მაგრამ მაშინ უარი განვაცხადე და იმავე მოტივებით, რაც "იუვენტუსის" შემთხვევაში. თუნდაც აქედან გამომდინარე იქნებოდა არასწორი, რომ ტურინელთა წინადადებას დავთანხმებულიყავი, როდესაც მშობლიური ქალაქის გუნდს უარი შევუთვალე. "ნაპოლის" ბავშობიდან ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალგაზრდულ ასაკში ამ გუნდში ასპარეზობის შანსი არ მომეცა, შემდეგ კი...

- სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებში გაქვთ არაერთი თამაში ჩატარებული, თუმცა ისეთი წარმატებით ვერ დაიკვეხნით, როგორც საკლუბო დონეზე.

- ყველაზე დიდი ემოციები მაშინ განვიცადე, როდესაც პირველად შევდგი ფეხი კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე და კედელზე "სკუადრა აძურას" სხვადასხვა დროის ფოტოები ვიხილე. უცებ მივხვდი, რომ ამ დიადი ისტორიის ნაწილი ვიყავი და სიამაყის გრძნობამ შემიპყრო. მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახი განვიცადეთ, რისი ახსნაც მიჭირს, აი 2008 წლის ევროფორუმზე კი ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაკრები გვყავდა. მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში წავაგეთ მომავალ ჩემპიონებთან და თამაშსაც თუ გავიხსენებთ, მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ესპასნელებმა შემდეგ მუნდიალიც მოიგეს და დღემდე საუკეთესოები არიან პლანეტაზე. ძალიან მინდა კიდევ მომეცეს ნაკრებში ასპარეზობის საშუალება და ზედმეტი თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ბოლო ორ სეზონში ხუთი ათეული გოლის გამტანი ფორვარდი ამას იმსახურებს.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს