გელზენკირხენელებს კარგი შანსი აქვთ, თასის მოგებით, ევროპის ლიგის საგზური მოიპოვონ

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“ 22:00

"დუისბურგი"-"შალკე"

სავარაუდო შემადგენლობები

დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი, რაიხე, ბაჟიჩი, ვეინაუ - ბანოვიჩი, სუკალო - ილმაზი, გრლიჩი, შაჰანი - შეფლერი.

შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - პაპადოპულოსი, კლუგე - ფარფანი, რაული, ხურადო - ჰუნტელაარი.

არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

დღეს ბერლინში გერმანიის თასის ფინალი გაიმართება. „შალკეს“, რომელმაც ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად იასპარეზა, შესანიშნავი შანსი აქვს, თასის მოგებით, ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს. მეტიც, გელზენკირხენული კლუბი ფაქტობრივად ვალდებულია, დღევანდელი ფინალი მოიგოს, რადგან მეტოქე ჰყავს ისეთი, მარცხი ძალიან დიდი სირცხვილი იქნება. თავად ის ფაქტი, რომ მეორებუნდესლიგელმა „დუისბურგმა“ თასის ფინალში გააღწია, სენსაცია და ამ გუნდისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. „შალკესთვის“ კი ამ მატჩის ვერმოგება სრული კატასტროფა იქნება. გელზენკირხენული კლუბის თავკაც რალფ რანგნიკს კატასტროფის არ ეშინია, თუმცა მეტოქეს სერიოზულად უყურებს. „პროფესორ რალფს“ სერიოზული საკადრო პრობლემები არ აწუხებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „დუისბურგის“ თავკაც მილან სასიჩზე.

დააკლდება დუისბურგს ლიდერი?

საქმე იმაშია, რომ „დუისბურგის“ ლიდერი ივიცა გრლიჩი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და დღეს მისი თამაში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. გუშინ გამართულ წინასაფინალო პრესკონფერენციაზე 35 წლის შემტევი ნახევარმცველი მაინც გამოცხადდა და ქომაგებს დაპირდა, მინიმალური შანსიც რომ მქონდეს, რისკს არ შევუშინდები და აუცილებლად ვითამაშებო. შეძლებს თუ არა გრლიჩი მოედანზე გასვლას, ეს დღეს ნაშუადღევს გადაწყდება.

უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ივიცა არ არის „დუისბურგის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფინალს გამოაკლდება - ტრავმები აწუხებთ შტეფან მაიერჰოფერსა და ბენიამინ კერნსაც. „სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ისტორიული მატჩის წინ დაგვიშავდა წამყვანი ფეხბურთელები, - აცხადებს დუისბურგის ხორვატი დამრიგებელი სასიჩი, - შაბათს დილას ყველაფერს გავაანალიზებთ, სიტუაციას შევაფასებთ და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.“ მისი განცხადებით, გუნდის სამედიცინო შტაბი განსაკუთრებით გრლიჩზე მუშაობს, რადგან ეს უკანასკნელი MSV-ს უმთავრესი მოთამაშეა.

საკადრო პრობლემები ამითაც არ ამოწურულა: „ლელოს“ მკითხველი „დუისბურგის“ შესახებ ინფორმირებული არ იქნება და ამიტომაც უნდა დავწეროთ, რომ სასიჩს კაპიტანი სრდიან ბალიაკი და უნიჭიერესი იულიან კოხი დიდი ხანია ლაზარეთში ჰყავს. დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ „დუისბურგმა“ ფინალში სენსაცია მოახდინოს. მიუხედავად ამისა, „ზებრები“ არ წუწუნებენ.

„თამაში 90 წუთს გრძელდება და შესაძლოა, 120 წუთიც გასტანოს. რაკი „შალკეს“ ყველა უპირობო ფავორიტად მიიჩნევს, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად ვითამაშოთ,“ - ეს გრლიჩის სიტყვებია.

„საკადრო პრობლემები მოტივაციას არ დაგვიგდებს, ამ თამაშის მოგება ძალიან გვინდა. თითოეულმა მოთამაშემ თავი უნდა დადოს. ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ!“ - ეს კი სასიჩის განცხადებაა.

რანგნიკი: ჩვენ ვიცით, რა და როგორ...

პრესკონფერენციაზე რანგნიკს აშკარა ფავორიტის სტატუსის გაპროტესტება არც უცდია და „შალკეს“ 53 წლის დამრიგებელი ფინალის წაგებაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს: „არავის და არაფრის გვეშინია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თამაშს მოვიგებთ, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ ნორმალურად ვითამაშოთ,“ - თუმცა „პროფესორმა“ ისიც თქვა, მეტოქეს პატივს ვცემთ, გერმანიის თასის ფინალში შემთხვევით ვერავინ გადის, „ზებრებმა“ „კიოლნისა“ (2:1) და „კაიზერსლაუტერნის“ (2:0) სახით პირველი ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი დაამარცხეს, რაც სერიოზული მიღწევააო.

რანგნიკს ხელს არც ის ფაქტი უშლის, რომ მისმა შეგირდებმა ბოლო ექვსი ოფიციალური მატჩი წააგეს. „ჩემი აზრით, ამ შეხვედრებშიც კარგად ვითამაშეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. მე მხოლოდ „კიოლნთან“ (1:2) პირველი ტაიმით დავრჩი უკმაყოფილო,“ - თქვა რალფმა, რომელსაც ფინალში ყველაზე მეტად გამოცდილი ესპანელი გოლეადორის, რაულის ეიმედება: „ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასე იყო ნახევარფინალში, „ბაიერნთან“ შეხვედრაშიც და იმედია, ასე იქნება ფინალშიც.“

კითხვები რომ გამოელიათ, სანამ ჟურნალისტები რამეს მოიფიქრებდნენ, „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდმა დაასწრო და თქვა, ახლა არ მკითხოთ, გუნდი მესამე ფორმით რომ თამაშობს, ეს ბიჭებზე ცუდად ხომ არ იმოქმედებსო. „სანერვიულო არაფერია, ჩვენი ფანები ფეხბურთელებს ნამდვილად იცნობენ. „დუისბურგის“ ფერებიც ლურჯი და თეთრია, ჩვენ კი სტუმრის სტატუსი გვაქვს, რის გამოც იძულებულები გავხდით, მესამე ფორმა ჩავიცვათ,“ - თქვა ჰელდტმა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „შალკეს“ ამ სეზონში ამ ფორმით არ უთამაშია. გელზენკირხენული კლუბის მესამე ფორმის ფერს ოფიციალურად „ულტრა ბეაუტყ“ ჰქვია...

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე