ამ დილით ახალგაზრდული ნაკრები გერმანულ პლაუენში გაფრინდა, სადაც 27-28 მაისს თანატოლთა მსოფლიოს თასზე იჭიდავებს
ამ დილით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები გერმანულ პლაუენში გაფრინდა, სადაც 27-28 მაისს თანატოლთა მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გერმანიაში ლევან როჭიკაშვილი (50), ლაშა ლომთაძე (55), ზურაბ იაკობაშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), ალექსანდრე ამინაშვილი (84), ომარ გუსოშვილი (96) და გიორგი ასლანიშვილი (120) წაიყვანა.

ეს ტურნირი ადრეც იმართებოდა, მერე კარგა ხანს შეწყვეტილი იყო, ახლა კი საერთაშორისო ფედერაციამ ისევ აღადგინა. ის ზუსტად იმავე ფორმატით ტარდება, როგორითაც - უფროსების ანალოგიური შეჯიბრება - ესეც გუნდური პრინციპისაა ანუ "გუნდი-გუნდზე"იმართება, მონაწილეთა რაოდენობა კი აქაც ლიმიტირებულია. თუმცა ჩვენებს უახლოეს თვენახევარში კიდევ ორი საპასუხისმგებლო შეჯიბრება ელოდებათ და ამიტომ სხირელს სათადარიგო მონაწილე არც მიჰყავს.

უფროსთა დარად, ამ ტურნირის მონაწილენიც მსოფლიოს შარშანდელი ახალგაზრდული პირველობის შედეგებით შეირჩა, რჩეულთა სიაში კი საქართველოს გარდა აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, თურქეთის, აშშ-ს, იაპონიისა და თავად გერმანიის გუნდები მოხვდნენ. ისინი ორ ჯგუფად გაიყოფიან და 27 მაისს პირველი ეტაპის შეხვედრებსაც გამართავენ, ხოლო დანარჩენს - მეორე დღეს.

ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკვე გაიარა მორიგი შეკრება დუშეთში, თუმცა მისი უმთავრესი მიზანი არა ამ შეჯიბრების, არამედ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის მომზადება იყო. ის ასპარეზობები სულ რაღაც სამკვირიანი ინტერვალით იმართება და მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას არჩევენ. გერმანული ტურნირიც საკადრო შემოწმების ერთ-ერთი ეტაპია. არსებითად, ევროპა-მსოფლიოზე წამსვლელი ფალავნები მწვრთნელს უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ დასახელებას ჯერ არ ჩქარობს. სავარაუდოდ, უმრავლეს წონებში კანდიდატები ერთმანეთს შეცვლიან ანუ ერთი ევროპას იჭიდავებს, მეორე - მსოფლიოს. თუმცა ზოგიერთ წონაში იმდენად მძაფრი კონკურენციაა, ლიდერი აქამდე ვერ გამოიკვეთა. მაგალითად, 66 კილოგრამში დღემდე გრძელდება დავა გალეგაშვილსა და დავით ტლაშაძის პაექრობა ლიდერობისთვის. ორივე გორელია, სხირელის მოსწავლე და მწვრთნელი კარგად იცნობს მათ შესაძლებლობებს. საქართველოს ჩემპიონატზე ტლაშაძემ ფინალში მოუგო გალეგაშვილს, მაგრამ სხირელი იმთავითვე ამბობდა, რომ ისინი დაახლოებით თანაბარი დონის მოჭიდავეები არიან და იმ შეხვედრაში უპირატესობა არც ერთს არ ჰქონია, რის გამოც ორივეს გამოცდიდა საერთაშორისო ტურნირებში. დრომ მისი სიტყვები დაადასტურა - უცხოურ შეჯიბრებებში ისინი მართლაც დაახლოებით ერთნაირ შედეგებს აჩვენებდნენ. რაც მთავარია, ყოველთვის მოწინავეთა შორის იყვნენ ანუ კარგ მომზადებას ავლენდნენ. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, სხირელი თუ ევროპა-მსოფლიოზე ორივეს გამოიყენებს. ნაკრებში არის წონითი კატეგორიები, სადაც სამი სრულფასოვანი კანდიდატიცაა. ასეთ შემთხვევებში ტურნირები უფრო თანაბრად გადანაწილდება - ერთი ამ თასზე გამოვა გერმანიაში, ის ორი კი ევროპა-მსოფლიოს "გაიყოფს~. სხირელი ამგვარად ცდილობს კადრების ისე გადანაწილებას, პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე თავის გამოჩენის შანსი ყველას მისცეს.

მოგეხსენებათ, წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია - გუნდიდან წავიდა ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი გიორგი საკანდელიძე (120), მათი შემცვლელებით კი მწვრთნელი მთლად კმაყოფილი ვერაა. განსაკუთრებით - მძიმე წონაში, სადაც რამდენიმე კანდიდატი გამოსცადა. არადა, ეს წონა შარშან მისთვის ნამდვილი ჯოკერი იყო - საკანდელიძის გარდა, აქ ლევან ბერიანიძეც ჰყავდა, რომელსაც, მართალია, ახალგაზრდულში არ მოუწია ჭიდაობა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, უფროსებში მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა. თან ისეთი გამოცდილი ფალავანი დაემარცხებინა, როგორიც ირანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფარიდ მასოუმ ვალადია. წლეულს ბერიანიძემაც დაამთავრა გამოსვლა ამ გუნდში და უფროსებში გადავიდა. ახლა ეროვნულ ნაკრებში ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ მძიმე წონაშია, მაგრამ ეს ახალგაზრდულის პრობლემებს ვერაფერს შველის.

სხირელისთვის დამაიმედებელია ის გარემოება, რომ გუნდში კვლავაც რჩებიან ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და ამავე ასაკში ევროპის 2009 წლის ვიცე-ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84). ორივე ფალავანმა წარმატებით დაიწყო წლევანდელი სეზონი - ევროპის პირველობის ვერცხლის მედალოსნები უკვე უფროსებში გახდნენ. ეჭვი არაა, მათი სახით სხირელს კვლავაც მოეპოვება ჯოკერები. მით უფრო, რომ სამწვრთნელო შტაბმაც მონახა კონსესუსი და ეს ბიჭები ახალგაზრდულ გუნდსაც დაეხმარებიან. საქმე ისაა, რომ მათი სამსახური ეროვნულ ნაკრებშიც სჭირდება ზაზა თურმანიძეს, რადგან ისინი თავიანთი წონების ლიდერებად იქცნენ, იქაც უნდა იჭიდაონ მსოფლიოს პირველობაზე, თუმცა მანამდე მოსამზადებელი ეტაპებიც უნდა გაევლოთ. აი, აქ იქმნებოდა საშიშროება, რომ ერთბაშად ორ ნაკრებში გამოსვლა სპორტსმენებს გადაღლიდა, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ისე, აქ ერთსაც შევნიშნავთ - გვესმის, რომ სპორტსმენი მანქანა არაა და შეიძლება, მართლაც გადაიღალოს, მაგრამ ეს საფრთხე ასე მწვავედ არ დგას უცხოელთა წინაშე. მაგალითად, აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგეროვიც ხინჩეგაშვილის თანატოლია და შარშან ორივე ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ის ბიჭი ზედიზედ ორი წელიწადია, შეუსვენებლად ჭიდაობს უფროსებშიც და ახალგაზრდებშიც. ამ პერიოდში ერთი ტურნირიც კი არ ჩაუგდია და თან თითქმის ყველგან შედეგი გააკეთა. მხოლოდ წლეულს დამარცხდა ევროპის პირველობაზე, თუმცა იქ ახალ წონაში იჭიდავა - 60-ში გადავიდა. სხვათა შორის, ის პლაუენშიც იქნება და კვლავაც 60-ში გამოვა.

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია