შაბათს, მოსკოვის "დინამოში" კევინ კურანის დებიუტი შედგა. გელზენკირხენის "შალკედან" რუსეთის დედაქალაქში...

შაბათს, მოსკოვის "დინამოში" კევინ კურანის დებიუტი შედგა. გელზენკირხენის "შალკედან" რუსეთის დედაქალაქში უფასოდ გადასულმა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, "დინამოს" ფორმა ოფიციალურ მატჩში პირველად აუტსაიდერ "კრილია სოვეტოვთან" მოირგო. გერმანელი ფეხბურთელის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: "დინამომ" სამარულ კლუბთან 1:1 ითამაშა და საჭირო ქულები დაკარგა. კურანიმ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და თავდასხმაში უკრაინელ ანდრეი ვორონინთან ერთად თამაშობდა, მაგრამ ვერც კევინმა და ვერც ვორონინმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. ამ ფრის შემდეგ, "დინამო" მერვე ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" უკვე 20 ქულით ჩამორჩება.

შესაბამისად, კურანის პერსპექტივებზე საუბარი საჭირო აღარც არის. ფაქტობრივად სასწაული უნდა მოხდეს, რომ "დინამომ" თუნდაც ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს. სამაგიეროდ, კევინი სიამოვნებით საუბრობს ყოფილი კლუბის, "შალკეს" პერსპექტივებზე. მას მოსკოვში "ბილდის" ჟურნალისტი ესტუმრა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

- ჰერ კურანი, თქვენ მოსკოვში ხართ, თქვენმა ყოფილმა კლუბმა "შალკემ" კი ახალი თავდამსხმელი გადაიბირა. ახალწვეული, არც მეტი, არც ნაკლები, რაულ გონსალეს ბლანკოა. როგორ ფიქრობთ, ფელიქს მაგათმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თქვენს შემცვლელად ვეტერანი ესპანელი გადაიბირა?

- რა თქმა უნდა! მიუხედავად იმისა, რომ რაული უკვე 33 წლისაა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ბევრ გოლს გაიტანს, რადგან არ არის ისეთი ფეხბურთელი, ვისთვისაც ასაკს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. თანაც, რაული არც ისე დიდი ასაკისაა - 33 წელი არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის თამაში აღარ შეგიძლია. პირიქით: ინტერვიუები წავიკითხე და ვხვდები, რომ რაული ძალიან მონდომებულია. ეს კი ყველაზე მთავარია. მოკლედ, "შალკემ" ცოცხალი ლეგენდა გადაიბირა.

- გული არ გწყდებათ, რომ თქვენ ახლა მოსკოვის "დინამოში" ხართ და ევროტურნირებზეც არ ითამაშებთ?

- არა, რატომ? გადაწყვეტილება მე მივიღე და "დინამოში" გადმოვედი, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზოგადად, თავდამსხმელები ბოლომდე 28 წლის ზემოთ იხსნებიან ხოლმე და ასე რომ, კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა შეუძლია "შალკეს" რაულთან ერთად?

- ვფიქრობ, "შალკესთვის" გერმანიის ჩემპიონობა სავსებით რეალურია. "ვერცხლის სინის" მოგება გასულ სეზონშიც შეგვეძლო... "შალკე" ახლა უფრო ძლიერია და ცხადია, ჩემპიონობის შანსიც უკეთესი აქვს. გელზენკირხენში 5 წელი გავატარე და სამწუხაროდ, ამ მიზანს ვერ მივაღწიე - "შალკესთან" ერთად გერმანიის ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ... თუმცა, საერთო ჯამში, "შალკეში" გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ. იყო ჩავარდნებიც, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და გელზენკირხენში გატარებული წლები ყოველთვის დადებითად გამახსენდება.

- მოსკოვურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ და ამ სამი წლის განმავლობაში 18 მილიონ ევროს ევროს მიიღებთ. პირდაპირ გკითხავთ: ღირს თუ არა ეს იმად, რომ თქვენ ამ ტრანსფერით კარიერა გაიფუჭეთ?

- ერთი წუთით! ჯერ ერთი, თქვენს მიერ დასახელებული თანხა სპეკულაციაა. ოფიციალურად არავის უთქვამს, რამდენი მაქვს ხელფასი. ესეც რომ არ იყოს, სული ნამდვილად არ გამიყიდია და თანაც, სხვა პლანეტაზე არ გადავსულვარ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ჩემპიონატში დაბალი დონეა, ძალიან ცდება. შევეცდები, ბევრი გოლი გავიტანო და გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისთვის ვიბრძოლო.

- ჰო, მაგრამ ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი შანსები ნულს უტოლდება...

- ის ფაქტი, რომ იოგიმ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო. გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ დღემდე ვფიქრობ, რომ მეც ვიყავი სამხრეთ აფრიკაში წაყვანის ღირსი. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ არ ვნებდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბუნდესნაკრებში დავბრუნდე. ვიცი, რომ ამისათვის კონკურენტებზე გაცილებით მეტი უნდა გავაკეთო, მაგრამ არა უშავს, ბოლომდე ვიბრძოლებ.

- მოსკოვს შეეჩვიეთ?

- ნელ-ნელა ვეჩვევი, ხომ იცით, სრულფასოვან ადაპტაციას დრო სჭირდება. მოსკოვი ულამაზესი ქალაქია, აქ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი. უკვე არაერთ ბრწყინვალე რესტორანში ვივახშმე და ძალიან მომწონს მოსკოვის შოპინგ ცენტრი. ისე, მოსკოვში ყველაფერი ძალიან ძვირია.

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა