შვეიცარიელი "როლან გაროსზე" გუშინდელი მოგებით ზედიზედ 28-ედ (!) გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში
როლან გაროსის მეშვიდე დღის მთავარი სენსაცია ის იყო, რომ სენსაცია არ მომხდარა. წინა ორ დღეს კიმ კლაისტერსის, კაროლინ ვოზნიაცკისა და სამანტა სტოსურის გავარდნის შემდეგ მესამე წრე შედარებით მშვიდ ვითარებაში დასრულდა.

მართალია, სამი განთესილი ჩოგბურთელი დამარცხდა, მაგრამ მარდი ფიშის, ფერნანდო ვერდასკოსა და კაია კანეპის წაგებებს სენსაციათა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ. ფიშმა ვერაფერი მოუხერხა ჟილ სიმონს. ფრანგს ამ მატჩში საკუთარი გულშემატკივარი ეხმარებოდა, თან ჟილი ამერიკელზე უკეთ თამაშობს გრუნტზე. საბოლოოდ, სიმონმა მხოლოდ ცხრა გეიმი წააგო და მერვედფინალში რობინ სიოდერლინგზე გავიდა. შვედმა უპრობლემოდ დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი - 6:1, 6:4, 6:3. სკანდინავიელს მხოლოდ მატჩის ბოლოს გაუჭირდა, როცა მეტოქემ ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მაგრამ რობინმა თავი ხელში აიყვანა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

რაც შეეხება ვერდასკოს, მას უბრალოდ არ გამოსდის თამაში მიმდინარე სეზონში. არც ერთ მასტერსზე ესპანელს ერთზე მეტი მატჩი არ მოუგია, რომში კი იმით გამოიჩინა თავი, რომ სიოდერლინგთან სამმაგი მატჩბოლი გაანიავა და დამარცხებულმა დატოვა კორტი. ფერნანდოს მეტოქე ივან ლუბიჩიჩი კი პირიქით, კარგ ფორმაში შეხვდა როლან გაროსს და საბოლოოდ სამ სეტში გაიმარჯვა. სხვათა შორის, ხორვატი 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში.

შაბათს მამაკაცთა ბადეში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრამ. ეს იყო წინა დღიდან გადმოტანილი მატჩი, რომელიც პარასკევს ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. ჩოგბურთელებს თითო სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 ჰქონდათ მოგებული, რაც დაძაბული ბრძოლის მოლოდინს წარმოშობდა. მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა - ძირითადად არგენტინელის მხრიდან უამრავი უნებლიე შეცდომის გამო. გარდა ამისა, ნოვაკმა სწორი ტაქტიკა აირჩია - ბევრს არბენინებდა მეტოქეს, ცვლიდა დარტყმების სტილსა და სიგრძეს და საბოლოოდ თავისას იოლად მიაღწია - 6:3, 3:6, 6:3, 6:2. აღსანიშნავია ერთი საინტერესო სტატისტიკური მომენტი. კერძოდ, ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მეოთხე შეხვედრა და დელ პოტრომ სერბს პირველად მოუგო ერთი სეტი.

რაფაელ ნადალმა და ენდი მიურეიმაც იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები, თუმცა მეტოქეებიც დაბალი დონისა ჰყავდათ - ანტონიო ვეიჩი და მიხაელ ბერერი. მაგრამ ამასთან, ბრიტანელმა მეორე სეტში ფეხი გადაიბრუნა, რის შემდეგაც ექიმები დიდი ხანი მკურნალობდნენ ენდის. თავად მიურეიმ ამ დაზიანებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "გამიჭირდა კორტზე დაბრუნება, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და მატჩი ბოლომდე მივიყვანე. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა სრულად მომდევნო წრისთვის გამოჯანმრთელებას. ისიც არ ვიცი, საერთოდ მოვახერხებ თუ არა კორტზე გასვლას. სავარაუდოდ, უნდა შევძლო ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ თამაში".

ჯოკოვიჩს ზედიზედ მესამე დღე მოუწია კორტზე გასვლა. გუშინ ის მერვედფინალში ჩაება და ძალიან იოლად დაამარცხა მე-13 ნომრად განთესილი ფრანგი რიშარ გასკე - 6:4, 6:4, 6:2.

ნოვაკმა პირველ ორ პარტიაში თითო ბრეიკის ხარჯზე გაიმარჯვა, მესამე პარტიაში კი ორჯერ აიღო მასპინძლის მოწოდებაზე გეიმი, თანაც ისე, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. ჯოკოვიჩის ანგარიშზე იყო 34 "ვინერსი, მან მიღებაზე ქულების 42 პროცენტი მოიგო, რითაც საათსა და 47 წუთში გაიფორმა გამარჯვება.

ახლა სერბს სამი მოგება სჭირდება გილერმო ვილასის რეკორდის გასამეორებლად. ლეგენდარულ არგენტინელს ზედიზედ 46 მოგება ჰქონდა, ნოვაკი კი ჯერჯერობით 43 მოგებაზეა გაჩერებული. წესით, "ჯოკერს" არ უნდა გაუჭირდეს მეოთხედფინალში იტალიელი ფაბიო ფონინის ძლევა, რომელმაც გუშინ ესპანელი ალბერტო მონტანიელის წინააღმდეგ ხუთსეტიანი მარათონი გადაიტანა. ბოლო სეტის ანგარიში 11:9 იყო.

სანამ ჯოკოვიჩი ვილასის რეკორდის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, დიადმა როჯერ ფედერერმა მორიგი რეკორდი დაამყარა - შვეიცარიელი გუშინდელი მოგებით ზედიზედ 28-ედ (!) გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. აქამდე ის რეკორდს იყოფდა ამერიკელ ჯიმი კონორსთან.

როგორც ყოველთვის, ფედერერმა იოლად მოუგო თავის თანამემამულე სტანისლას ვავრინკას. ეს ჩოგბურთელები მეათედ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშია 9:1 როჯერის სასარგებლოდ. ამჯერად თამაში საათი და 46 წუთი გაგრძელდა და ფედერერს მხოლოდ ბოლო სეტში გაუჭირდა, როცა 1:4-დან გადაარჩინა პარტია. აღსანიშნავია, რომ როჯერმა ოთხი ისე გაიარა, რომ სეტი არ წაუგია.

კაცები

1/16 ფინალი

რაფაელ ნადალი (1)-ანტონიო ვეიჩი (ხორ) 6:1, 6:3, 6:0; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 16) 6:3, 7:6, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 18)-მარდი ფიში (აშშ, 10) 6:3, 6:4, 6:2; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:1, 6:4, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მაიკლ ბერერი (გერ) 6:2, 6:3, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21) 6:4, 3:6, 6:3, 6:4; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:7, 6:4, 7:5, 6:4; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:2, 6:4, 3:6, 7:6; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 25) 6:3, 3:6, 6:3, 6:2.

1/8 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-გაელ მონფილსი (საფ, 9) 4:6, 6:2, 5:7, 2:0 გადაიდო; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14) 6:3, 6:2, 7:5; ფაბიო ფონინი (იტა)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 4:6, 6:4, 3:6, 6:3, 11:9; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-რიშარ გასკე (საფ, 13) 6:4, 6:4, 6:2.

პირველად მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში არ ითამაშებს პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი.

კლაისტერსისა და ვოზნიაცკის შემდეგ როლან გაროსი დატოვა მესამე ჩოგანმა ვერა ზვონარევამ. რუსმა თავის 19 წლის თანამემამულესთან ანასტასია პავლიუჩენკოვასთან ორსაათნახევრიან ბრძოლაში სამ სეტში წააგო - 6:7, 6:2, 2:6.

პავლიუჩენკოვასთვის მეოთხედფინალში გასვლა საუკეთესო შედეგია "დიდი სლემის" ტურნირებზე. ანასტასია ერთ დროს ყველაზე იმედისმომცემ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა - 2006-07 წლებში მან იუნიორთა შორის ორჯერ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა და ერთხელ ავსტრალიის ღია, გარდა ამისა, როლან გაროსის ფინალში ითამაშა. მაგრამ მოზრდილებს შორის დღემდე სერიოზული პროგრესისთვის არ მიუღწევია და, შესაძლოა, ეს როლან გაროსი გახდეს მისი კარიერაში ერთგვარი გარღვევა.

თანდათან უახლოვდება როლან გაროსზე ზედიზედ მეორე ტიტულს იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე. აპენინელს რთული მატჩი ჰქონდა სერბ ელენა იანკოვიჩთან. თამაში სამი სეტი გაგრძელდა, თუმცა სკიავონეს შეეძლო ორ სეტშიც ჩატეულიყო, მაგრამ 20 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ხუთი გამოიყენა. ელენას სამი ბრეიკი ჰქონდა და სამივე მეორე სეტში. საბოლოოდ, მესამე პარტიაში 5:4-ზე ფრანჩესკამ მეხუთე ბრეიკი გააკეთა და ორი საათისა და 37 წუთის შემდეგ გამარჯვება გაიფორმა.

ქალები

1/16 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 6)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:2, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-კაია კანეპი (ესტ, 16) 6:4, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-რობერტა ვინჩი (იტა, 30) 6:3, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 7)-იუნ იან ჩანი (ტაივ) 6:2, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 21) 6:4, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 24) 6:2, 4:6, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 25)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:1, 6:1.

1/8 ფინალი

სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28) 6:7, 6:3, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ხისელა დულკო (არგ) 7:5, 1:0; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-ვერა ზვონარევა (რუს, 3) 7:6, 2:6, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 10) 6:3, 2:6, 6:4.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...