პლეო-ოფის მატჩში ცხინვალის "სპარტაკმა" საჩხერეს "ჩიხურას" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს ჩემპიონატი. პლეი-ოფის მატჩი

სპარტაკი-ჩიხურა 2:1

29.05. თბილისი. ეროვნული. 5000 მაყურებელი

1:0 მეტრეველი (8, მამუჩიშვილის პასით), 2:0 ბუზალაძე (26), 2:1 გვეტაძე (61).

90-ე წუთზე მგელაძემ (სპარტაკი) ვერ გამოიყენა პენალტი.

სპარტაკი (4-3-2-1) ჩიხურა (4-2-3-1)

ნ. დაუშვილი ბეგაშვილი

ჭაფოძე მაჭარაშვილი

მგელაძე ლ. ჩაგელიშვილი

ბოიომო გვეტაძე

მანჩხავა ზივზივაძე

მამუჩიშვილი ზაბახიძე

თ. შონია ქიმაძე

კილასონია ა. ალავიძე

ბუზალაძე ქამუშაძე

დეკანოიძე ივანიშვილი

ზ. მეტრეველი დ. ჩაგელიშვილი

მწვრთნელი: ბ. კვარაცხელია მწვრთნელი: ს. ფრუიძე

სპარტაკი

49. ბუზალაძე-კლოვისი

73. კილასონია-გ. ალავიძე

85. შონია-მ. ჯიშკარიანი

სათადარიგოები: ხომერიკი, ბურძენაძე, კაკაშვილი, ზერეკიძე.

ჩიხურა

46. ა. ალავიძე-მუმლაძე

79. მაჭარაშვილი-თ. მეტრეველი

81. ივანიშვილი-დემეტრაშვილი

სათადარიგოები: დოღაძე, გიორგობიანი, გიორბელიძე.

გაფრთხილება: მეტრეველი (10), ქამუშაძე (75), კლოვისი (85), ჯიშკარიანი (89), გ. ალავიძე (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

2010-11 წლების საფეხბურთო სეზონის ბოლოსწინა მატჩი ისეთი გამოდგა, პლეი-ოფის შეხვედრა როგორიც უნდა ყოფილიყო - უაღრესად დაძაბული, ნერვული და საინტერესო; ერთის მხრივ, ამაში გასაკვირვი არაფერი უნდა ყოფილიყო: ამ მატჩში გამარჯვებული ხომ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი ხდებოდა!

რაღა თქმა უნდა, უფრო მეტი შანსი უმაღლესლიგელ "სპარტაკს" ჰქონდა, თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვიყავით, პირველი ლიგის "ჩიხურა" რომ ყველა ღონეს იხმარდა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც ეასპარეზა უმაღლეს ლიგაში. საბოლოოდ, რანგით მაღალი ლიგის წარმომადგენელმა ურთულეს ბრძოლაში შეძლო გამარჯვება, თუმცა ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ქომაგები გულგრილნი ნამდვილად ვერ დარჩებოდნენ საჩხერელთა თავგანწირული და მონდომებული თამაშის შემხედვარე.

მოკლედ, ის შემთხვევაა, დამარცხებულ გუნდზე აუგს რომ ვერავინ იტყვის, - ეგ კი არა, გამოცდილი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის შეგირდებს, ერთი-ორ ეპიზოდში უფრო მეტი საშემსრულებლო ოსტატობა რომ გამოეჩინათ, არავინ იცის, ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში "სპარტაკი" იასპარეზებდა თუ "ჩიხურა"...

გუშინდელი მეტოქეები ამ უპრინციპულეს დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ: "სპარტაკს" ორი გამოცდილი მოთამაშე (სოსო გრიშიკაშვილი, ლაშა ჯაკობია) და გამთამაშებელი ვალერი ბოლქვაძე აკლდა, "ჩიხურამ" კი ისევ ტრავმირებულების გამო 18-კაციანი განაცხადი სრულად ვერ შეავსო.

მატჩის საწყისი წუთები "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა და უმეტესწილად ცხინვალელთა მარცხენა გარემარბის, ბესიკ დეკანოიძის აქტიურობით იყო განპირობებული; მალე კი შეხვედრის პირველი გოლიც ვიხილეთ, რომელიც "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელებმა "შექმნეს": გიორგი მამუჩიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ზვიად მეტრეველმა ყველას დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ამ გოლს "ჩიხურას" ფეხბურთელებზე დამთრგუნველად არ უმოქმედია და ორიოდ წუთში ორი მწვავე შეტევაც განახორციელეს: დავით ჩაგელიშვილის დარტყმული ბურთი "სპარტაკის" მეკარემ ნიკა დაუშვილმა მოიგერია, აი, ალექსანდრე ივანიშვილმა კი ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა. "სპარტაკმა" ყოველივე ამას თეიმურაზ შონიას სახიფათო დარტყმით უპასუხა - "ჩიხურა" გიორგი ბეგაშვილის საიმედო თამაშმა გადაარჩინა.

საჩხერელთა გუნდის მეკარემ კიდევ ერთ ეპიზოდში იყოჩაღა, როცა ზვიად მეტრეველის ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ილია ბუზალაძემ დაასწრო და, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ზუსტი დარტყმა არც გასჭირვებია. ტაიმის ბოლომდე "ჩიხურამ" კიდევ ერთხელ სცადა ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ ირაკლი ზაბახიძის შორეული დარტყმა დაუშვილმა მოიგერია.

ორბურთიანი უპირატესობა სერიოზული ჰანდიკაპია და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, შესვენების შემდეგ "ჩიხურა" ასეთ აქტიურ თამაშს თუ მოახვევდა მეტოქეს. პირველი "სიგნალი" მეორე ტაიმის დასაწყისშივე იყო, როცა ირაკლი გვეტაძე "მოჭრილი" დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთი მიზანს მცირედით აცდა. ამის შემდეგ დავით ჩაგელიშვილს ზედიზედ ორი მომენტი შეექმნა, მაგრამ კვლავ - უშედეგოდ; სამაგიეროდ, ზუსტი აღმოჩნდა ირაკლი გვეტაძის დარტყმა და საერთოდაც, "ჩიხურას" ცენტრალურმა მცველმა მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა: ლამის საკუთარი საჯარიმოდან წამოიწყო რეიდი და შემდეგ, 25 მეტრიდან ისე "გაისროლა", "სპარტაკის" მეკარეს შანსი რომ არ დაუტოვა!..

ამ გოლმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, "ჩიხურას" ქომაგებიც (მეტოქის გულშემატკივრებს აშკარად რომ ჭარბობდენ) ენერგიულად ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს და ყველა დაძაბული ბოლო წუთების მოლოდინში ვიყავით. "სპარტაკი" ვერაფერს უპირისპირებდა აღმაფრენით მოთამაშე მეტოქეს და ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის გამოსწორება. თუმცა, ერთ ეპიზოდში "ჩიხურამ" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან: შეცვლაზე შემოსული თორნიკე მუმლაძე მეტოქის მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მეტისმეტად სუსტად დაარტყა და დაუშვილსაც ამ ბურთის აღება არ გასჭირვებია

თუმცა, შეხვედრის კულმინაცია წინ გველოდა: 90-ე წუთი იყო, ტიერი-ანს კლოვისმა მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში რომ განახორციელა და მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, სადაც "ჩიხურას" მცველთან ორთაბრძოლისას წაიქცა. ტრიბუნიდან ძნელია იმის მტკიცება, იყო თუ არა პენალტი 100-პროცენტიანი, მაგრამ ფაქტია, რომ "სპარტაკს" ანგარიშის გაზრდის მშვენიერი შანსი მიეცა; თუმცა, ნიკა მგელაძისა და გიორგი ბეგაშვილის "დუელი" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა და "ჩიხურაც" ბოლო შტურმზე გადავიდა.

და აი, მაშინ, მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთი რომ იწურებოდა, "სპარტაკი" აშკარა ხიფათს გადარჩა - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ლევან ჩაგელიშვილმა ყველას დაასწრო, მაგრამ "ჩიხურას" ცენტრალური მცველის თავური დარტყმა მიზანს სულ მცირე მანძილით აცდა. არადა, ეს გოლი რომ გასულიყო, ვერავინ იტყოდა, "ჩიხურამ" ძირითად დროში საყაიმო შედეგს დაუმსახურებლად მიაღწიაო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა