ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია
როგორც მოსალოდნელი იყო, რიგით 94-ე ჯირო დ'იტალია თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლის ალბერტო კონტადორის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ესპანელმა კარიერაში მეექვსე გრანდ-ტური მოიგო. სხვათა შორის ალბერტო 2007 წლის შემდეგ არ მარცხდება არც ერთი პრესტიჟულ ველორბოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიუღია.

ჯიროს დაწყების წინ კონტადორი არც ისე სახარბიელო სიტუციაში იმყოფებოდა - დოპინგსკანდალი, ურთულესი სამთო მარშრუტი და არც ისე დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო ტურ დე ფრანსზე. ეს ნაწილია იმ მიზეზებისა, რის გამოც ეჭვი ეპარებოდათ ესპანელის ფავორიტობაში.

შარშანდელი დოპინგსკანდალი რომ არა, შესაძლოა, ვერ გვეხილა ამ ჯიროზე ესპანელის ასეთი ფანტასტიკური გამოსვლა. როგორც ჩანს, ალბერტო ძალიან გაუბრაზდა ველოსპორტის სამყაროს და გადაწყვიტა მაქსიმალურად ეფექტურად დაემტკიცებინა თავისი პირველობა ტრასაზე. ბოლოს გრანდ-ტურის გენერალურ კლასიფიკაციაში ექვსწუთიანი უპირატესობა ივან ბასომ დააფიქსირა 2006 წლის ჯიროზე. სწორედ იმ წელს დაიწყო შედეგიანი ბრძოლა ერითოპოეტინის მასიური მოხმარების წინააღმდეგ.

ბოლო დროს გრანდ-ტურებზე მოდაშია ფრთხილი ტაქტიკა, როცა ფავორიტები არ ცდილობენ ყოველ ეტაპზე შეტევას, ერთმანეთის შეტევებს დარაჯებენ და გენერალური კლასიფიკაციის ძვირფას წამებს ითვლიან. ამის მაგალითი გახდა 2010 წლის ტურ დე ფრანსი, როცა კონტადორი და ლუქსემბურგელი ანდი შლეკი მთელი ველომარათონი გვერდიგვერდ მიდიოდნენ და საბოლოოდ მათ შორის სხვაობამ წუთზე ნაკლები შეადგინა - ზუსტად იმდენი, რამდენიც შლეკმა ერთ-ერთ ეტაპზე ველოსიპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგა.

წლევანდელ ჯიროზე ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა და სწორედ აქ ვიხილეთ ის კონტადორი, რომელმაც ორი წლის წინ დაამსხვრია ლეგენდარული ლენს არმსტრონგის უძლეველობის მითი. შესაძლოა, წლევანდელი კონტადორი მაშინდელზე უკეთესიც იყო. ესპანელმა მორიგი ტრიუმფისკენ სვლა არასამთო ეტაპზე მოულოდნელი და გაუგებარი შეტევით დაიწყო და ვულკან ეტნაზე დამცინავ სტილში გამარჯვებით გააგრძელა. გუნდის მხრიდან არც ისე ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად, ის ყოველი ეტაპის მსვლელობას აკონტროლებდა, ტემპს უმატებდა ისეთ სიტუაციებშიც, როცა მეტოქეები ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე იყვნენ. ალბერტო კეთილშობილურ ჟესტებსაც მიმართავდა. მაგალითად, მასთან ერთად გაქცეულ ხოსე რუხანოს მოაგებინა ეტაპი გროსგლოკნერზე, მე-19 ეტაპზე კი დიდი ხნის ოცნება აასრულებინა ძველ მეგობარ პაოლო ტირალონგოს. ბოლო ეტაპზეც კი (დროზე ინდივიდუალური რბოლა) ესპანელმა ყველა კონკურენტი დაამარცხა, არადა ფინიშამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა და ნახევარი ძალით მოძრაობდა.

კონტადორის ბრწყინვალე ფონზე დაიკარგა ჯიროს კიდევ ერთი გმირი მიკელე სკარპონი, ერთადერთი ადამიანი პელოტონში, რომელმაც მთებში ბრძოლა გამოუცხადა ესპანელს. მართალია, ამ კონტრშეტევამ იტალიელს ცუდი სამსახური გაუწია, მან მაინც მიაღწია კარიერაში საუკეთესო შედეგს, როცა გენერალური კლასიფიკაციის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. სკარპონისგან განსხვავებით, ვინჩენცო ნიბალიმ ვერ გაამართლა იმედები და ისევე როგორც შარშან, ჯირო მესამე ადგილზე დაასრულა. არადა, იტალიელი წელს პირველად მოგვევლინა გუნდის ლიდერად. შარშანდელი ჯიროსგან განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ვინჩენცო პრეტენზიას არ აცხადებდა პოდიუმზე და ივან ბასოს დამხმარე იყო, ახლა კი ბოლო კვირამდე გამარჯვების იმედი ჰქონდა.

ნამდვილ სენსაციად უნდა მოინათლოს ჯონ გარდეს მეოთხე ადგილი. ფრანგმა საკმაოდ გვიან, 25 წლის ასაკში მიიღო პროფესიული მრბოლელის სტატუსი და ბოლო წლებში ახლოსაც არ ყოფილა ფავორიტებთან, ამჯერად კი თითქმის სამი კვირის განმავლობაში ტოლსწორად ებრძოლა ლიდერებს. უნდა აღვნიშნოთ ვენესუელელი ხოსე რუხანო - მან ეტაპი მოიგო და მთებში რამდენიმე ბრწყინვალე შეტევა განახორციელა, რომელსაც გაჭირვებით უძლებდა კონტადორი.

წლევანდელ ჯიროზე ბევრ ბრწყინვალე მომენტს ხაზი გადაუსვა 9 მაისს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა დაშვებისას დაიღუპა ლუქსემბურგული "ლეოპარდის" ბელგიელი წევრი ვოუტერ ვეილანდტი. ეს ტრაგედია სიგნალი იყო რბოლის ორგანიზატორებისთვის, რომლებიც სანახაობრივი მხარის ამაღლების გამო, ხშირად ყოველგვარ საღ აზრს უგულვებელყოფენ. საბედნიეროდ, მე-14 ეტაპზე გააუქმეს მთა კროსტისიდან მეტად სახიფათო დაშვება, ხოლო დაღუპული ვეილანდტის 108-ე ნომერი სამუდამოდ ამოიღეს ხმარებიდან.

XXI ეტაპი

1. მილარი (ბრიტ, Garmin) - 30,13; 2. რასმუსენი (დან, Saxo Bank) - +0,07; 3. კონტადორი (ესპ, Saxo Bank) - +0,36; 4. პორტი (ავსტრა, Saxo Bank) - +0,43; 5. პოპოვიჩი (უკრ, RadioShack) - +0,55; 6. ვან ემდენი (ჰოლ, Rabobank) - +1,02...

საერთო ჩათვლა

1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 84:05.14; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +6.10; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +6.56; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - +10.04; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +11.05; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - +11.28...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ