ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ფინალი: ხვალ იწყება ჰოკეის ეროვნული ლიგის ფინალური სერია, რომელშიც "ვანკუვერი" და "ბოსტონი" ხვდებიან ერთმანეთს
ხვალ იწყება ჰოკეის ეროვნული ლიგის ფინალური სერია, რომელშიც "ვანკუვერი" და "ბოსტონი" ხვდებიან ერთმანეთს. ორივე გუნდს დიდი ხანია არ უთამაშია ამ დონეზე - "კენაქსისთვის" ეს არის პირველი ფინალი ბოლო 17 წლის განმავლობაში, "ბოსტონი" კი 21 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს გადამწყვეტ სერიას. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ "ვანკუვერს" საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

1994 წელს "რეინჯერსთან" წაგებული ფინალის შემდეგ "ვანკუვერს" პლეი ოფის მეორე წრეზე შორს არ გაუღწევია, მაგრამ წელს ეს გუნდი მზად არის არსებობის ისტორიაში პირველი თასის მოსაპოვებლად, რაც მან დაამტკიცა კიდეც პირველ წრეში მოქმედი ჩემპიონის "ჩიკაგოს" დამარცხებით.

შემდეგ იყო გამარჯვებები "ნეშვილთან" და "სან ხოსესთან". საინტერესოა, რომ ყოველ მომდევნო წრეში "ვანკუვერს" სულ უფრო ნაკლები მატჩი სჭირდებოდა სერიის მოსაგებად: "ჩიკაგოსთან" შვიდი თამაში (თუმცა "კენაქსი" 3:0-ს იგებდა სერიას), "ნეშვილთან" - ექვსი და "სან ხოსესთან" - ხუთი. თუმცა ფინალურ სერიაში "მშრალი" ანგარიშით მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

"ბოსტონმა" სტენლის თასის ფინალში ბოლოს 1990 წელს ითამაშა და ხუთ მატჩში წააგო ლეგენდარული მარკ მესიეს "ედმონტონთან". საპატიო პრიზი კი "დათვებმა" ბოლოს 1972 წელს მოიგეს, როცა მათ შემადგენლობაში ბობი ორი და ფილ ესპოზიტო ბრწყინავდნენ.

"ბოსტონს" უფრო რთული გზა ჰქონდა ფინალამდე. პირველ და მესამე წრეში, შესაბამისად "მონრეალთან" და "ტამპა ბეისთან" მას შვიდი მატჩის ჩატარება მოუწია, სამაგიეროდ, მეოთხედფინალში 4:0 გაანადგურა "ფილადელფია".

"ბრუინზის" კოზირია ძლიერი დაცვა და მეკარე ტიმ ტომასის ბრწყინვალე თამაში. თუმცა "ტამპასთან" სერიაში "ბოსტონმა" დაამტკიცა, რომ შეტევაშიც ყველაფერი წესრიგში აქვს - შვიდ მატჩში 21 შაიბა.

საინტერესოა, რომ "ვანკუვერსა" და "ბოსტონს" აქამდე პლეი ოფში ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. წლევანდელ რეგულარულში ისინი ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ვანკუვერში გამარჯვება "ბოსტონს" დარჩა - 3:1. ბოლო მატჩების შედეგებს თუ გადავხედავთ, "ბრუინზმა" მოიგო ბოლო ოთხიდან სამი და ბოლო ექვსიდან ოთხი შეხვედრა. ამ სტატისტიკით "დათვები" ფავორიტები არიან.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ვანკუვერი" წელს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რითაც საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა. მიმდინარე პლეი ოფში "კენაქსმა" ათი საშინაო მატჩიდან შვიდი მოიგო. "ბოსტონმა" რვაჯერ ითამაშა სტუმრად და ხუთჯერ გაიმარჯვა.

თუმცა ოკეანის გაღმა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სერია შვიდი მატჩი არ გაგრძელდება. ფავორიტად მათ "ვანკუვერი" მიაჩნიათ, რომელიც ექვს შეხვედრაში გაიმარჯვებს.

ფინალი ციფრებში

0 - 1970 წლიდან მოყოლებული "ვანკუვერს" არასოდეს მოუგია სტენლის თასი. სწორედ ამ წელს დაარსდა ეს კანადური კლუბი. ასეთივე ისტორია აქვს "ბაფალო სეირბზს" - ასევე 41 წლის წინ ჩამოყალიბდა და მასაც არ მოუპოვებია სტენლის თასი.

1 - "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასს კარიერაში სამჯერ უთამაშია "ვანკუვერის" წინააღმდეგ და ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული - 26 თებერვალს 3:1 მოგებულ მატჩში.

ტომასი და "ვანკუვერის" მეკარე რობერტო ლუონგო პლეი ოფის ლიდერები არიან - ისინი საშუალოდ მატჩში 2.29 შაიბას უშვებენ.

4 - "ბოსტონმა" ამ პლეი ოფში ოთხი მატჩი მოიგო ოვერტაიმში. "დათვებს" დამატებით დროში წაგება არ აქვთ. "ვანკუვერს" ოვერტაიმებში 3 მოგება და 2 წაგება აქვს.

5 - ზედიზედ ხუთი ფინალური სერია აქვს წაგებული "ბოსტონს": 1974 წელს "ფილადელფიასთან", 1977 და 1978 წლებში "მონრეალთან" და 1982 და 1990 წლებში "ედმონტონთან". ორი ფინალი წააგო "ვანკუვერმა": 1982 წელს "აილენდერსთან" და 1994 წელს "რეინჯერსთან".

6 - ამ პლეი ოფში "კენაქსსა" და "ბრუინზს" 6-6 წაგება აქვთ. "ვანკუვერმა" სამი მატჩი დათმო "ჩიკაგოსთან", ორი - "ნეშვილთან" და ერთიც "სან ხოსესთან". "ბოსტონი" სამ-სამჯერ დამარცხდა "მონრეალთან" და "ტამპა ბეისთან" და "მშრალი" ანგარიშით მოუგო სერია "ფილადელფიას".

7 - ბოლო სამი წლის განმავლობაში "ვანკუვერი" ზედიზედ შვიდ სერიაში იგებს გახსნის მატჩს.

8 - ამდენი გოლი გაიტანა ბოსტონელმა ნათან ჰორტონმა მიმდინარე პლეი ოფში. ამისთვის მას შვიდ მატჩში მონაწილეობა დასჭირდა და "ბრუინზმა" შვიდივე შეხვედრა მოიგო. ჰორტონის ანგარიშზე სამი გამარჯვების შაიბაა. ორჯერ ოვერტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი და ორჯერ სერიის მეშვიდე მატჩში.

9 - რეგულარულ სეზონში ცხრა შათაუტი შეასრულა ტომასმა, რაც რეინჯერსელი ჰენრიკ ლუნდკვისტის შემდეგ მეორე შედეგია. ლუონგომ ოთხი "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

10 - "ბოსტონის" ფორვარდი დავიდ კრეისი "ტამპას" ფორვარდ მარტინ სენტ ლუისთან ერთად ათი გოლით ლიდერობს სნაიპერთა დავას. "ვანკუვერში" ყველაზე მეტი გოლი დანიელ სედინს აქვს გატანილი - რვა.

12 - ამდენი საგოლე პასი შეასრულა "ვანკუვერის" კაპიტანმა ჰენრიკ სედინმა "სან ხოსესთან" ხუთმატჩიან სერიაში. შვედი პლეი ოფის ლიდერია ქულების (21) და შედეგიანი გადაცემების (19) რაოდენობით.

14 - რეგულარულში ამ გუნდების მონაგარს შორის სხვაობა 14 ქულა იყო - "ვანკუვერს" 117 ქულა ჰქონდა, "ბოსტონს" - 103. პირველად ფინალურ სერიაში "კენაქსს" საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. კანადურმა კლუბმა წელს პირველად მოიგო რეგულარული ჩემპიონატი. წინ ორ ფინალურ სერიაში "ვანკუვერი" რეგულარულის ჩემპიონს ხვდებოდა.

22 - ბოლოს 22 წლის წინ მოიგო გუნდმა სტენლის თასი, როცა შემადგენლობაში არ ჰყავდა თასის არც ერთი მფლობელი. ეს გუნდი იყო "კალგარი ფლეიმზი". "ვანკუვერისა" და "ბოსტონის" შემადგენლობაში ასეთი თითო მოთამაშეა - მიკაელ სამუელსონი და მარკ რეკი. სამუელსონს "დეტროიტში" აქვს მოგებული სტენლის თასი, რეკის "პიტსბურგსა" (1991) და "კაროლინაში" (2006).

25 - ეს გუნდები 108-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს რეგულარულში (პლეი ოფში პირველად ხვდებიან) და "ვანკუვერს" 25 მოგება აქვს. ასე ცოტა მოგება "კენაქსს" არც ერთ სხვა გუნდთან არ აქვს.

39 - ბოლოს სწორედ 39 წლის წინ მოიგო "ბოსტონმა" სტენლის თასი. მაშინ "ვანკუვერი" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

182 - რეკი ერთადერთი ჰოკეისტია ორივე გუნდის შემადგენლობაში, ვისაც პლეი ოფში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში