მარია შარაპოვას ანდრეა პეტკოვიჩთან ავსტრალიის ღია პირველობაზე განცდილი მარცისთვის სასტიკი შურისძიება გამოუვიდა
გუშინ, საფრანგეთის ღია პირველობაზე ქალებმაც დაასრულეს მეოთხედფინალში ურთიერთობის გარკვევა. მოულოდნელად ყველაფერმა ძალიან მარტივად ჩაიარა.

მარია შარაპოვას ანდრეა პეტკოვიჩთან რევანშისთვის უნდა ეზრუნა. ეს ჩოგბურთელები წელს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანელმა სამ სეტში მოუგო რუს ვარსკვლავს. გუშინ შარაპოვას სასტიკი შურისძიება გამოუვიდა.

სასტარტო გეიმშივე პეტკოვიჩის მოწოდებაზე დიდი ბრძოლა გაიმართა და მარიამ მესამე ცდაზე შეძლო ბრეიკის აღება, შემდეგ თავისი მოწოდებაც დამაჯერებლად მოიგო - 2:0. მესამე გეიმის ბოლოსთვის პეტკოვიჩს უკვე 11 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. შესაბამისად, რუსმა მეტოქის მოწოდებაზე "მშრალი" ანგარიშით მოიგო და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა - 3:0. ანდრეამ ვერც მესამე ცდაზე მოახერხა საკუთარი გეიმის აღება, შემდეგ ბრეიკ-პოინტიც ვერ გამოიყენა და პარტია 0:6 წააგო. აღსანიშნავია, რომ ამ სეტში შარაპოვა 77-პროცენტიანი სიზუსტით აწვდიდა საკუთარ გეიმებში, მიღებაზე კი ქულების 67 პროცენტი მოიგო.

მეორე სეტის პირველი გეიმი გერმანელის მოწოდებაზე 13 წუთი გაგრძელდა. მარიამ რისკს უკლო, მისი დარტყმები ხაზზე იშვიათად ეცემოდა და ამ ტაქტიკამ გაამართლა - პეტკოვიჩის მორიგი უნებლიე შეცდომის წყალობით შარაპოვამ მატჩში მეოთხე ბრეიკი მიითვალა. ეს იყო რუსის მიერ ზედიზედ მეშვიდე მოგებული გეიმი.

თუმცა ამჯერად გერმანელი ასე იოლად არ დანებდა და გაბრძოლება მოახერხა. მეოთხე გეიმისთვის ანგარიში გათანაბრდა - 2:2. შემდეგ მარიამ დაძაბულ ბრძოლაში მიღებაზე კარგად გამოიყენა გერმანელის შეცდომები და მორიგი ბრეიკი აიღო - 3:2. იქვე ჩოგბურთელებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოწოდებები, მერვე გეიმში კი რუსმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო საკუთარი გეიმი, 5:3-ზე კი მატჩში რიგით მეშვიდე ბრეიკი მიითვალა და ნახევარფინალში გავიდა.

"ამჯერად ჩემი მოწოდება ისეთი ვერ იყო, როგორც წინა მატჩებში, ამიტომაც მან დიდი უპირატესობა მიიღო", - ასე ახსნა საკუთარი მოწოდების შვიდჯერ წაგება პეტკოვიჩმა.

შარაპოვასთვის როლან გაროსი ყოველთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. ამ მხრივ აღსანიშნავია ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი - აქამდე რუსს 14-ჯერ ეთამაშა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალებში, მოგებული ჰქონდა 11 მატჩი და სამჯერ დამარცხებულმა დატოვა კორტი. სამივე შემთხვევაში შარაპოვამ სწორედ საფრანგეთის ღია პირველობაზე წააგო. მან 2007 წელს ერთადერთხელ ითამაშა აქ ნახევარფინალში და სერბ ანა ივანოვიჩთან დამარცხდა.

შარაპოვას ორი ნაბიჯი დარჩა როლან გაროსის მოგებამდე და თუ ეს მოახერხა, მეათე ქალი ჩოგბურთელი გახდება ისტორიაში, ვისაც კარიერული "დიდი სლემი" ექნება მოგებული. ჯერჯერობით მარიას კოლექციაშია თითო ტიტული ავსტრალიისა და ამერიკის ღიაზე და უიმბლდონზე.

მარიას მეტოქე ჩინელი ნა ლისა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკას შეხვედრაში ირკვეოდა. ბოლო დროს აზიელმა შეგვაჩვია წარმატებებს - იანვარში ის პირველი ჩინელი მოთამაშე გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში გააღწია. მაშინ ლიმ ავსტრალიის ღიაზე გადამწყვეტი მატჩი წააგო ბელგიელ კიმ კლაისტერსთან. ახლა ჩინელს ერთი მოგება აკლია მეორე ფინალამდე - გუშინ მან ასევე ორ სეტში დაამარცხა აზარენკა, რომელსაც ტურნირზე შემორჩენილ ჩოგბურთელებს შორის განთესვის ყველაზე მაღალი ნომერი ჰქონდა.

ავსტრალიის ღია შემდეგ ლის ჩავარდნა ჰქონდა - ზედიზედ ოთხი ტურნირის პირველ წრეში წააგო, მაგრამ გრუნტის სეზონისთვის ისევ შევიდა ფორმაში და როლან გაროსამდე მადრიდისა და რომის სუპერტურნირებში ნახევარფინალამდე გააღწია. ახლა იგივე პარიზში გაიმეორა.

აზარენკას კი აშკარად "დიდი სლემის" ტურნირების კომპლექსი შეეყარა. ბელარუსმა მეოთხედ ითამაშა ამ დონის ჩემპიონატების მეოთხედფინალში და მეოთხედ დამარცხდა. გუშინ ვიქტორიამ ვერაფერი მოუხერხა ჩინელის მოწოდებებს. მთელი მატჩის განმავლობაში მას მხოლოდ ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მართალია, აქედან სამი გამოიყენა, მაგრამ ნა ლიმ, თავის მხრივ ხუთი ბრეიკი მიითვალა და ამის ხარჯზე მოიგო - 7:5, 6:2.

ქალები

1/4 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 6)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4) 7:5, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 7)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15) 6:0, 6:3.

1/2 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5); ნა ლი (ჩინ, 6)-მარია შარაპოვა (რუს, 7).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"