ინგლისში ჭორი დადის, რომ გაისად, ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე, კაპელოს სწორედ რედნაპი შეცვლის
2009 წლის იანვარში, როდესაც დარენ ბენტმა „ტოტენჰემისა“ და „პორტსმუთის“ შეხვედრაში მეტად ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა, „სფურზის“ გაბრაზებულმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თქვა, ამ გოლს ჩემი ცოლიც კი გაიტანდაო.

დღეს, ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრის წინ კი ბრიტანული პრესა წერს, რომ საეჭვოა ჰარი რედნაპის ცოლს (შესაბამისად ჯეიმი რედნაპის დედასა და ფრენკ ლემპარდის დეიდას) გასულ სეზონში 20 გოლი გაეტანა და ფაბიო კაპელოს მისი თამაში ისე მოსწონებოდა, რომ ნაკრებში გამოეძახებინა.

რედნაპის ირონიული კომენტარი დღეს უკვე „ასტონ ვილას“ 27 წლის ფორვარდისთვის შესაძლოა გადაულახავ ფსიქოლოგიურ ბარიერად ქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ბენტი კი არ დაითრგუნა, გაბრაზდა და გადაწყვიტა ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა კი „სფურზის“ თავკაცისთვის დაემტკიცებინა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

შარშან ის „ტოტენჰემს“ „სანდერლენდში“ გაექცა. მაშინ მართლა ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ფორვარდის კარიერა დაღმავლობის გზაზე იდგა და თუ რამე არ შეიცვლებოდა, ბენტი თვალსაწიერიდან თანდათანობით გაქრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. თავდამსხმელს მშველელად „ასტონ ვილა“ მოევლინა. ოთხი თვის წინ ბირმინგემელებმა ის 24 მილიონ ფუნტად იყიდეს (ამ ამბავმა „შავი კატების“ თავკაცი სტივ ბრუსი აღაშფოთა, რადგან ბენტის ტრანსფერი ფეხბურთელის გაქცევად აღიქვა) და, აი, დღეს, კაპელო, რომელმაც ფორვარდი 2010-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა, მას დისკვალიფიცირებული უეინ რუნის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს.

ბენტი მწვრთნელებისა და გულშემატკივრების ნდობას გოლებით პასუხობს. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში მან სამჯერ გაიტანა და ამბობს, რომ 2009 წლის შემდეგ რედნაპის ცინიზმს უკვე ბევრჯერ გასცა საკადრისი პასუხი.

„ჰარის სიტყვებმა ვერ წამახდინა. მას მერე ძალიან ბევრი გოლი გავიტანე. ვიცი, ჰარი ბევრს უყვარს და მის ნათქვამს ყურს უგდებენ. ამიტომაც მაშინ მართლაც ცუდ დღეში ვიყავი. „ტოტენჰემიდან“ რომ წავედი, ერთი სული მქონდა ფანებისთვის დამემტკივებინა, რომ სინამდვილეში ძლიერი თავდამსხმელი ვიყავი.

საბედნიეროდ, „სანდერლენდში“ მართლაც დავიწყე გოლის გოლზე გატანა. იმ პერიოდში, საღამოობით წამოვწვებოდი ხოლმე და ვფიქრობდი: მორჩა, უკვე დავამტკიცე, რომ გოლების გატანა შემიძლია. ამიერიდან ჰარიმ რაც უნდა ის თქვას, მნიშვნელობა აღარ ექნება“.

ინგლისში კი ჭორი დადის, რომ გაისად, ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე, კაპელოს სწორედ რედნაპი შეცვლის. ამაზე ბენტს ეცინება:

„კი, როგორ არა, ეს ამბავი მეც გავიგე. რა გითხრათ. მე ჩემი კლუბისთვის, ჩვეულებისამებრ, ყველაფერს გავიღებ და თუ ამ დროს ნაკრების მწვრთნელი მართლა ჰარი იქნება, წარმატებას ვუსურვებ. თუ კარგად ვითამაშებ, ის კი მაინც არ ამიყვანს, ესე იგი რაღაც სხვა მიზეზი აქვს. თუმცა, ამიყვანს თუ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაკრებს თავის ხელს დაატყობს. მოკლედ, წინასწარ ლაპარაკი არ არის საჭირო, დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება“.

ბენტს ეროვნულ გუნდში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დებიუტი 2006 წელს ჰქონდა, მაგრამ პირველი გოლი შარშან სექტემბრამდე ვერ გაიტანა. თამაში, რომელშიც მან მეტოქეს ბურთი გაუტანა ხვალინდელ მეტოქესთან, შვეიცარიასთან იყო და ინგლისმა 3:1 მოიგო.

შვეიცარიელთა კარში გოლის გატანამ ბენტს შვება მოჰგვარა, რადგან მანამდე მას 2008 წელს, ხორვატიის ნაკრების კარში შესანიშნავი მომენტიდან გოლის ვერ გატანას ახსენებდნენ. რომ გაეტანა ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდებოდა და არც სტივ მაკლარენს მოხსნიდნენ. ბენტი დასძენს:

„ხორვატიასთან გადამწყვეტი თამაში იყო და ამიტომაც, ხელმოცარვა ორმაგად მტკივნეული გახლდათ. ის ეპიზოდი გულზე მძიმედ დამაწვა. საბედნიეროდ, ბოლო დროს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დავიწყება ვისწავლე და ცხოვრებაც უფრო გაიოლდა. ახლა მხოლოდ შემდეგ გოლზე ვფიქრობ, წარსულს კი აღარ ვიხსენებ... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და ამას ადრინდელზე უფრო ვახერხებ. შვეიცარიის ნაკრების კარში გატანილმა გოლმა მხრებიდან სიმძიმე ჩამომხსნა. მას მერე საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მომემატა.

მე თავდამსხმელი ვარ და ყოველთვის გოლებით მაფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, როგორ ვითამაშებ ნაკრებში. დღეს თავს უკვე ეროვნული გუნდის წევრად ვთვლი, თუმც ვერ ვიტყვი, რომ ნაკრების მთავარი ცენტრფორვარდი ვარ — ინგლისში ხომ ბევრი უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ასეა თუ ისე, თუკი ბოლო თვეებში ჩემს შესახებ ხალხს შეხედულება შევაცვლევინე, ბედნიერი ვიქნები. სანამ შვეიცარიას გოლს გავუტანდი ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ მე გოლების გატანა არ შემეძლო, სექტემბრის შემდეგ კი მათ აზრი შეიცვალეს“.

პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის სახელი კი ბენტმა „არსენალის“ კარში გატანილი ორი გოლით დაიმკვიდრა. ეს შეხვედრა მაისში გაიმართა და „ასტონ ვილამ“ 2:1 მოიგო. განსაკუთრებით ლამაზი პირველი გოლი იყო. თავად ბენტი იმ ეპიზოდს ასე იგონებს:

„ჩემთვის, როგორც „არსენალის“ ფანისთვის ეს, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი იქნება. მთელი კომბინაცია დიდებული იყო. კაილი უოქერმა შესანიშნავი პასი მომაწოდა. ბურთი მეც კარგად მივიღე და კარშიც შევაგდე. აკი მოგახსენეთ, რომ დღეს საკუთარ თავში გაცილებით დარწმუნებული ვარ. ვგრძნობ, რომ კარგად ვთამაშობ და იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებ“.

რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
[VIDEO] ParisTeam: "კვარა" ბრუნდება, რათა ყველა გაანადგუროს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება