როგორ აფასებს ხორვატია-საქართველოს მატჩს ხორვატიული პრესა
"კონცენტრაცია ორჯერ დავკარგეთ, რაც ორ გოლად დაგვიჯდა. ჩემი გუნდით ამაყი ვარ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, ხორვატია ყველა ასპექტით ჩვენზე უკეთესი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვფიქრობ, ხორვატია ჯგუფში პირველ ადგილს არავის დაუთმობს. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან დავმარცხდით", - თქვა ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ.

სლავენ ბილიჩი კი საქართველოს თამაშის სტილით დარჩა უკმაყოფილო. "ყველა გუნდს აქვს უფლება, ისე ითამაშოს, როგორც სურს, მაგრამ ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ნაკრებთან ბრძოლას ისევ საფრანგეთთან თამაში მირჩევნია. უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, მეტოქის გატეხვა ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მატჩის დასკვნით ნაწილში სამართლიანობამ იზეიმა და დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ", - განაცხადა ხორვატთა დამრიგებელმა.

მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სპლიტელ გულშემატკივრებს ენერგიული ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის იმედი გამოთქვა, საქართველოს ნაკრების დამარცხებაში გადამწყვეტ ფაქტორად კი ეფექტური შეცვლები დაასახელა.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ აფასებს მატჩს ხორვატიული პრესა. იქაური მედია გამარჯვებით, ბუნებრივია, კმაყოფილია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბილიჩს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, რაც მეტწილად საქართველოს ნაკრების დამსახურებაა - ბუნებრივია, საქართველო-ხორვატიის თბილისურ შეხვედრას ვგულისხმობთ. თუმცა არც ჩვენი გუნდით არიან აღფრთოვანებულები.

ხორვატთა განწყობას კარგად ასახავს hrsport.net-ის მიმომხილველ ტომისლავ პაჩაკის წერილი, რომელსაც მცირე შემოკლებით შემოგთავაზებთ.

"ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. ორმა ეფექტურმა კომბინაციამ ხორვატიის ნაკრებს დათარსულ სპლიტში მოაგებინა მეტოქესთან, რომელსაც ამ მატჩში სასიკეთო არაფერი დაუმსახურებია. კარგია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაღები მოუძებნა ისეთ მოთამაშე მეტოქეს, როგორიც უკვე დიდი ხანია აღარ შეგვხვედრია. ვინ იცის, ეს ჩაბარებული გამოცდა როდის გამოგვადგება.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და უსიამოვნო მატჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში. თამაშის უდიდესმა ნაწილმა საოცარი შიშის თანხლებით ჩაიარა - ნუთუ ამ შეზღუდულ გუნდთან მეორედაც უნდა დავმარცხებულიყავით?

ძნელია, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში გუნდს საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოსთხოვო. ძალიან ვცდილობ, ობიექტურობა შევინარჩუნო, მაგრამ მაინც მიჭირს. ვალდებული ვარ, ფაქტებს ანგარიში გავუწიო. ფაქტი კი ის არის, რომ მეტოქის უკიდურესად უხერხული მანერის მიუხედავად, ხორვატიის ნაკრებმა არაფრით გამორჩეულ გუნდთან გამარჯვებას უდიდესი ნერვებისწყვეტის ფასად მიაღწია. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, არადა, ვერაფრით წარმომიდგენია, კონტინენტის საუკეთესო ნაკრებებმა საქართველოს წვალებას წერტილი ასე გაჭირვებით დაუსვან.

ფეხბურთი სხვა სათამაშო სახეობებისგან იმით განსხვავდება, რომ გაქვს უფლება, შეტევაზე არ იფიქრო და დაცვით შემოიფარგლო. კალათბურთში, ხელბურთსა თუ წყალბურთში ეს გამორიცხულია. ფეხბურთი ამ სახეობებს იმით სჯობია, რომ სუსტ გუნდს ძლიერთან მეტ შანსს უტოვებს, მაგრამ ხორვატია-საქართველომ დამაეჭვა, არის კი ფეხბურთი ხელბურთზე საინტერესო? ხორვატიის სახელბურთო ნაკრები ბრაზილიისას ასიდან ას მატჩს მოუგებს, ქართველმა ფეხბურთელებმა კი ხორვატებს კინაღამ ორიდან ორი მოუგეს. არის ეს სამართლიანი? არამც და არამც."

აქვე მოკლედ სხვა გამოცემების გამოხმაურებებსაც გაგაცნობთ.

"კარგი იქნებოდა, საქმე ამხელა ნერვიულობამდე არ მიგვეყვანა, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები უკვე წარსულშია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ვაგრძელებთ", - წერს ინტერნეტ-პორტალი jutarnji.hr.

vecernji.hr: "ეს არ იყო ხორვატიის ნაკრების საუკეთესო თამაში, მაგრამ რევანში მაინც შედგა, მომდევნო მატჩებში კი უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება და თამაშის ხარისხიც შესაბამისი გვჭირდება."

glas-slavonije.hr: "ყველას გვეგონა, რომ ხორვატიის ნაკრები ახლა მაინც დაამტკიცებდა, რომ საქართველოზე უკეთესი გუნდია. ეს შევძელით, მაგრამ არცთუ დამაჯერებლად. იმედია, ბილიჩი სათანადო დასკვნებს გამოიტანს, კარგი იქნება, თუ შემდეგ მატჩებს ოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარებთ და მიზანს დამაჯერებლად მივაღწევთ."

aleksandre
უკვე შეზღუდულიც გვიწოდეს, იმედი მაქვს საქართველოს ნაკრები დაამტკიცებს რომ ზემოთ თქმული შეპასება დაუმსახურებელია,ქეცბაია ჭკვიანი მწვრთნელია და ვფიქრობ ძლიერ ნაკრებს დააყენებს უბრალოდ როა საჭირო. შუა ხაზი საერთოდ არ გვაქვს, რაც ძალიან დასანანია
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა