პრანდელიმ “აძურა” ესპანეთის ნაკრებს შეადარა: “როგორც ხედავთ, იტალიის ნაკრებს შეტევაშიც შეუძლია თამაში და თანაც, შედეგიანად"
ესტონეთთან მატჩამდე ჩეზარე პრანდელიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევ, ტექნიკურ ფეხბურთზე გააკეთებდა აქცენტს. ჩეზარე ყველანაირად ცდილობს სტერეოტიპი დაამსხვრიოს და დაამტკიცოს, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში შეუძლია. რაც შეეხება უშუალოდ ესტონეთთან დაპირისპირებას, პრანდელიმ თამაშამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მეტოქეს ორი მსუბუქი ფორვარდით: ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის ტანდემით შეუტევდა. მიზეზი გასაგებია, ბალტიისპირელები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ორგანიზებულად იცავენ თავს და ძლიერები არიან საჰაერო ორთაბრძოლებში - ამიტომ, აქცენტი ტანმორჩილ, მაგრამ ტექნიკურ თავდამსხმელებზე გაკეთდა, რომელთა სწრაფ და არაორდინალურ ქმედებებს დისონანსი უნდა შეეტანათ ესტონელთა დაცვით ფაზაში. ასე აგიხდეთ ყველაფერი - პრანდელის სტრატეგიამ გაჭრა, კასანომ და როსიმ საკმაოდ ადვილად აუღეს ალღო ამოცანას, გოლებიც გაიტანეს და მთლიანობაში, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს.

შეხვედრის 21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანტონიო კასანომ სტუმართა მცველს მოპარა ბურთი, კარგად შენიშნა საჯარიმოში შეჭრილი ჯუზეპე როსი და დროული გადაცემა გაუკეთა - ამ უკანასკნელმა ერთ უკანახაზელს მოხდენილად აუარა გვერდი და მარცხენა ფეხით, მახვილი კუთხიდან ესტონელთა კიპერს უზუსტესად დაუტყა, 1:0. ტაიმის დასრულებამდე ხუთ წუთზე ცოტა მეტი რჩებოდა, როდესაც უკვე კასანომ მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ტანით ჩამოიცილა ერთი მეურვე და მანაც მარცხენა ფეხით გადაგზავნა ბურთი ბალტიისპერელთა კარის ჩარჩოში, 2:0.

როგორც არ უნდა ეცადოს პრანდელი, რომ იტალიისგან ზეშემტევი გუნდი დააყენოს, ვფიქრობთ, რომ ბოლომდე მიზნის მიღწევა გაუჭირდება, რადგან მენტალიტეტი მაინც მენტალიტეტია - მეორე ნახევარში, იტალიელებმა თამაშის ტემპი დააგდეს და მშვიდად დაიწყეს ბურთის გორება. არადა, იმდენად დიდი იყო მასპინძელთა უპირატესობა, რომ კიდევ არაერთი გოლის გატანა შეიძლებოდა ესტონელთა კარში - თუმცა, ეს იტალიაა და არა მაგალითად გერმანია, რომელიც ასეთი ტიპის შეხვედრებში ექვს და შვიდ გოლსაც არ ჯერდება. აპენინელებმა ბურთის კონტროლს მიჰყვეს ხელი და უნდა ითქვას, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამოუვიდათ. მეორე ნახევარში ანტონიო კასანო ჯამპაოლო პაცინიმ შეცვალა, ჯუზეპე როსი კი სებასტიან ჯოვინკომ. თუმცა, ამ უკანასკნელს მხოლოდ 10-12 წუთი მიეცა თავის გამოსაჩენად და განსაკუთრებული ვერაფერი შეძლო. აი პაცინიმ კი გაიტანა ერთი გოლი და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. პაცოს გოლში რიკარდო მონტოლივომ დაიდო ლომის წილი, მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, აწია თავი და რბილი გადაცემით “ინტერის” ფორვარდი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში, 3:0. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, იტალიამ საკმაოდ იოლად მოუგო ესტონეთს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, შესარჩევ ჯგუფში აუცილებლად პირველ ადგილს დაიკავებს.

ნამატჩევს, პრანდელიმ “აძურა” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეადარა: “როგორც ხედავთ, იტალიის ნაკრებს შეტევაშიც შეუძლია თამაში და თანაც, შედეგიანად. მეტსაც გეტყვით, ძალიან ძლიერი თავდასხმის ხაზი გვყავს და ამ კომპონენტში ცოტა თუ შეგვედრება. აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ და ესეც საკმაოდ კარგად გამოგვივიდა - დაახლოებით ისე ვიასპარეზეთ, რომ როგორც ესპანეთის ეროვნული გუნდი თამაშობს. პირინეელებს დაყენებული გუნდი ჰყავთ, ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შესაბამისად, ჯერ წინ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დავეწევით”.

კომენტარი გააკეთა ჯუზეპე როსიმაც და განაცხადა, რომ ანტონიო კასანოს მხარდამხარ თამაში ძალიან მოეწონა: “კასანო რომ დიდი ფეხბურთელია, ისედაც ვიცოდი, თუმცა ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა მის გვერდით თამაში, არ მეგონა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ წლებია ერთად ვასპარეზობთ და ურთიერთგაგების თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ გვაქვს. ეს მართლაც ასეა, არც ერთხელ არ დამიგვიანა გადაცემა და პირველი გოლიც ამის შედეგი გახლდათ. ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ გუნდზე მეთამაშა და ნაკლები მეფიქრა საკუთარ თავზე - თუმცა, ისე მოხდა, რომ გოლიც გავიტანე და ეს კიდევ უფრო ბედნიერს მხდის”.

ესპანელებს გაეტოლა ანდრეა პირლოც და შემდეგი განაცხადა: “მთელი თამაშის განმავლობაში, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და შეხვედრაც სასურველი რეზულტატით დავასრულეთ. ესტონელებმა ტალინში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა პრანდელიმ სწორი დასკვნები გამოიტანა იმ თამაშისგან, რამაც მიზნის მიღწევა ბევრად უფრო გაგვიადვილა. ნათელია, რომ ვპროგრესირებთ და შედეგიც კარგი გვაქვს - რაც შეეხება თამაშის მანერას, ახლოს ვართ ესპანეთის ნაკრების სტილთან და ეს ძალიან კარგია, რადგან პირენეელებმა ბოლო ოთხ წელიწადში ყველაფერი მოიგეს”.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს