ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა გამოჩხრიკა, ყველაზე საინტერესო დებიუტები - ფეხბურთელებს ხომ არასოდეს ავიწყდებათ პირველი მატჩები კლუბისა თუ ნაკრების მაისურით
ძველი ანდაზა გვეუბნება, რომ ცხოვრებაში არასოდეს მოგეცემა მეორე შანსი მოახდინო პირველი შთაბეჭდილება. არსად ისე არ ამართლებს ეს ფრაზა, როგორც ფეხბურთში. პირველმა თამაშმა შეიძლება, ფეხბურთელს ბრწყინვალე პლატფორმა შეუქმნას, ან კიდევ წარუმატებელი კარიერისთვის გაწიროს. ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა გამოჩხრიკა, ყველაზე საინტერესო დებიუტები - ფეხბურთელებს ხომ არასოდეს ავიწყდებათ პირველი მატჩები კლუბისა თუ ნაკრების მაისურით.

დავიწყოთ მათით, ვინც წარუშლელი კვალი დატოვეს ფეხბურთში, რომელთა დიდებული კარიერის გამეორება ერთეულებს თუ ძალუძთ - ავიღოთ, ზინედინ ზიდანი. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "ლე ბლეს" შემადგენლობაში პირველად 1994 წლის აგვისტოში მიიწვიეს, მაშინ "ზიზუ" "ბორდოს" ახალბედა და ახალგაზრდა ნახევარმცველი იყო. ფრანგებმა ეს მატჩი ჩეხებთან 2:2 ითამაშეს, ხოლო ზიდანი შეცლაზე შევიდა 0:2-ზე და თამაშის გმირიც გახდა, თუმცა თავიდან...

"დავიწყე საშინლად - საჯარიმო დარტყმა შევასრულე და ძალიან არაზუსტად. მერე ორი-სამი ისეთი არაზუსტი პასი გავაკეთე, რომ 22 წლის ბიჭს კი არა, 80 წლის ბაბუას არ გაუჭირდებოდა სწორად გაეკეთებინა", - იხსენებს ფრანგი. შემდეგ კი დებიუტანტმა გმირობა ჩაიდინა - პირველი გოლი ცაციათი გაიტანა, მეორე კი - თავურით.

საოცარი დებიუტი ჰქონდა 1984 წლის თებერვალში "რეალის" რიგებში ემილიო ბუტრაგენიოს. 20 წლის ფეხბურთელში დიდი მომავალი ალფრედო დი სტეფანომ შენიშნა. როცა ბუტრაგენიო მოედანზე გავიდა "რეალი" "კადისთან" 0:2-ს აგებდა. თამაში "სამეფო კლუბმა" 3:2 მოიგო - დებიუტანტის ანგარიშზე ორი გოლი და საგოლე პასი იყო!

უეინ რუნის დებიუტს "მანჩესტერ იუნაიტედში" კი საოცარზე მეტი ეთქმის - 18 წლის ფორვარდმა პირველად ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშა "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გახდა, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა - "მანჩესტერმა" ის თამაში 6:2 მოიგო.

დებიუტანტი რუნი ხავიერ სავიოლასთან შედარებით ვეტერანი გამოდის - ხავიერს "რივერ პლეიტში" 1998 წლის ოქტომბერში ჰქონდა დებიუტი, როცა ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. აქამდე "ელ კონეხოს" სულ რამდენჯერმე ევარჯიშა "რივერის" ძირითად გუნდთან ერთად, სულ ეს იყო. როცა "ბაჭიას" უთხრეს, რომ სათადარიგო იქნებოდა, ყურებს არ უჯერებდა, თუმცა შევიდა და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა: "სკამზე ჯდომაც კი საოცრება იყო. სამჯერ გადავამოწმე, რომ მართლა შემიყვანეს თუ არა მატჩის ოქმში. იმ დღეს სახლში დავაგვიანე და შინ ინერვიულეს. არავინ ელოდა, რომ თამაში მომიწევდა, მაგრამ რომ გამოვჩნდი ყველას დიდებული ამბავი მოვუყევი და მთელი ოჯახი სიხარულისგან ვტიროდით".

თუკი სავიოლას გამოჩენას არავინ ელოდა, "ევერტონელი" ტონი კოტის დებიუტი ყველას აინტერესებდა - 1988 წელს ის ბრიტანეთის ყველაზე ძვირადნაყიდი ფეხბურთელი იყო (ლივერპულელებმა მასში 2 მილიონი ფუნტი გადაიხადეს). დღეს კოტი სატელევიზიო საფეხბურთო მიმომხილველია - იცით, რა ქნა კოტიმ პირველივე მატჩში? "ნიუკასლს" 34-ე წამზე (!) გაუტანა, ის თამაში "ევერტონმა" 4:0 მოიგო, კოტიმ კი ჰეთ თრიკი შეასრულა!

სულ ახალი ამბავიც გავიხსენოთ - ჯამპაოლო პაცინის სანაცვლოდ ამ სეზონში "ინტერმა" 12 მილიონი გადაიხადა და პაცინიმ ტრანსფერიდან მეორე დღესვე დაიწყო ამ თანხის ანაზღაურება - "პალერმოსთან" თამაშში ახლადგამომცხვარმა ინტერისტამ 2 გოლი გაიტანა და თამაშის მიწურულს პენალტი მოუპოვა გუნდს: "ასეთ დებიუტზე არც კი მიოცნებია", - თქვა მან.

მაგრამ ვერავინ ვერასდროს გაიმეორებს 1934 წლის მუნდიალის მონაწილე ისიდრო ლანგარას დებიუტს. ესპანელი, რომელიც 1939 წელს სამოქალაქო ომს გაექცა და არგენტინაში წავიდა ემიგრაციაში - საბრალო სამშობლოდან ნავით გაიქცა და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოუწია ოკეანის გადალახვა. მას ხეირიანად მყარ მიწაზე არ ჰქონდა ფეხი დადგმული, რომ "სან ლორენსოს" წარმომადგენლები მივიდნენ და დაიყოლიეს "რივერ პლეიტის" წინააღმდეგ მათ გუნდში ეთამაშა... იმავე საღამოს! ლანგარამ 28 წუთის განმავლობაში "სან ლორენსოს" ოთხივე გოლი გაიტანა, გუნდმა კი ეს მატჩი 4:2 მოიგო!

ზოგიერთი ფეხბურთელი ვერასდროს დაივიწყებს თავის დებიუტს არა კარგი თამაშის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზით - მარკო ვან ბასტენმა "აიაქსში" იოჰან კრუიფი შეცვალა. ეიდურ გუდიონსენმა კი ისლანდიის ნაკრებში მამა - არნორ გუდიონსენი.

სხვა საინტერესო დებიუტებიც გავიხსენოთ: ჯიმი გრივსს "ჩელსიში", "ტოტენჰემში", "მილანში", "ვესტ ჰემში" და ინგლისის ნაკრებში უთამაშია და ყველა სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. ალან შირერმა "საუთჰემპტონში" სადებიუტო მატჩში (ოღონდ, სასტარტო შემადგენლობაში) ჰეთ თრიკი შეასრულა და ინგლისურ ფეხბურთში ჰეთ თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა (სხვათა შორის, გრივსის რეკორდი დაამხო). მანვე გაიტანა სადებიუტო მატჩებში, როგორც "ბლექბერნში" ასევე - ინგლისის ნაკრებში.

თუმცა ყველა საოცარ დებიუტს კარგი გაგრძელება არ მოჰყოლია - იტალიელმა ფაბრიციო რავანელიმ "მილდსბროს" რიგებში დებიუტი "ლივერპულის" კარში ჰეთ თრიკით აღნიშნა, მაგრამ იმ სეზონში "ბორო" გავარდა, იტალიელი კი გუნდიდან გაუშვეს. ურუგვაელმა ალვარო რეკობამ "ინტერში" სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და "ბრეშიასთან" მოაგებინა თავის ახალ გუნდს. ამის შემდეგ კარგა ხანს ელოდნენ რეკობას გაბრწყინებას მილანში, ამაოდ...

საოცნებოდან კოშმარულ დებიუტებზე გადავიდეთ, ისეთებზე, რომელთა შემდეგაც კარიერის გამოსწორება ძნელია. თითქმის ერთი წელი ელოდა ტრავმების გამო გატანჯული ჯონათან ვუდგეიტი დებიუტს "სამეფო კლუბში" და პირველივე მატჩში თავი ავტოგოლითა და წითელი ბარათით "გამოიჩინა". მიშელ პლატინის "შემცვლელად" აღიარებულმა ალექსანდრ ზავაროვმა "იუვენტუსის" მაისურით პირველ მატჩში ავტოგოლი შეაგდო, შემდეგ საკუთარ დრიბლინგში აიხლართა და თავი სერიოზულად დაიშავა.

ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება გაუფუჭოს ფეხბურთელს კარიერა სადებიუტო კოშმარმა - 32 წლის ჯეისონ ქროუს ახლა ბევრი ვერ გაიხსენებს, ის რანგით მესამე ლიგის "ლეიტონ ორიენტში" თამაშობს. არადა, მას ინგილისის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მარჯვენა მცველად მიიჩნევდნენ. "არსენალში" მის პოზიციაზე ლი დიქსონი თამაშობდა, რის გამოც ახალგაზრდას დებიუტის საშუალება კარგა ხანს ვერ მიეცა და აი, 1997 წელს მას ლიგის თასზე "ბირმინგემ სიტის" წინააღმდეგ უხმეს სათადარიგოთა სკამიდან - ქროუ შევიდა და 33 წამში სერიოზული ტრავმა მიაყენა მარტინ ოკონორს. ჯეისონი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მალე გაძევებული დებიუტანტი გახდა და ალბათ ამ "ტიტულს" მას ვერავინ ჩამოართმევს. ამის შემდეგ ქროუს "არსენალის" ორ შეხვედრაში კიდევ გააგორებინეს ბურთი. ახლა სად არის ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტი, უკვე მოგახსენეთ.

ახლა კიდევ უარეს ისტორიას მოვყვებით: როცა ახალგაზრდა მეკარე პირველად თამაშობს, ბუნებრივია, ის კარის მშრალად შენახვაზე ოცნებობს. ასეთი ოცნებით გავიდა 1934 წელს "ჰალიფაქსის" გოლკიპერი სენტლი მილტონიც მოედანზე და... "სტოკპორტთან" მატჩში 13 გოლი გაუშვა. 0:13 ახლაც ითვლება ინგლისური საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდ მარცხად. სხვათა შორის, მილტონს პირველ ტაიმში არა უშავდა, მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, მერედამერე დაიწყო კოშმარული ამბები მის კართან...

საბედნიეროდ, დებიუტი მნიშვნელოვანია, თუმცა არა განმსაზღვრელი ფეხბურთელის კარიერისთვის. ბევრი ისეთი შემთხვევაც გვახსოვს, როცა ცუდმა დებიუტმა ამა თუ იმ ფეხბურთელს ხელი ვერ შეუშალა ბრწყინვალე კარიერაში. ფრანგი პატრის ევრა პირველად მანჩესტერულ დერბიში საოცრად დაჩაგრა "სიტის" ტრევორ სინკლერმა, თუმცა შემდეგში ევრამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი "იუნაიტედის" დაცვის მარცხენა ფრთაზე. ცუდად დაიწყო "სელტიკში" კარიერა შვედმა ჰენრიკ ლარსონმაც, "ჰიბერნიანის" ფეხბურთელს გაატანინა და გლაზგოურმა კლუბმა წააგო. მაგრამ შემდეგი 7 სეზონი ლარსონმა ისე ითამაშა, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.

სასაცილო რამ დამართეს ახალგაზრდა ლილიან ტურამს, როცა ის პირველად თამაშობდა "მონაკოს" რიგებში - "მეკარეს, მეკარეს მიეცი", - ჩაესმა ტურამს და მანაც უკან დააბრუნა ბურთი, რომელიც "მეცის" ფორვარდმა ფრანსუა კალდერარომ ჩაჭრა და გაიტანა. თურმე ტურამს სწორედ კალდერარო უყვიროდა.

დიად ფეხბურთელებსაც ჰქონიათ საშინელი დებიუტები: გავიხსენოთ იოჰან კრუიფის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში - "მფრინავი ჰოლანდიელი" გააძევეს. ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურა მოირგო და... 40 წამში უნგრელ ვალმოშ ვანჩაკს სახეში იდაყვი მოსცხო, რისთვისაც "ლა პულგამ" თვალწინ წითელი ბარათი იხილა. "ეს ის თამაში არ არის, რომელზეც ვოცნებობდი", - იძახდა მესი მატჩის შემდეგ. თუმცა მესიმ და კრუიფმა დაამტკიცეს, რომ პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ მცდარია..

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე